არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა)  |  სექტემბერი 2016

„ღვთის სიტყვა არის ცოცხალი“

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

რა არის „ღვთის სიტყვა“, რომელზეც ებრაელების 4:12 ამბობს, რომ ცოცხალი და მოქმედია?

კონტექსტიდან ჩანს, რომ მოციქული პავლე საუბრობდა ღვთის განზრახვის შესახებ ცნობაზე, რომელიც ბიბლიაშია ჩაწერილი.

ჩვენს პუბლიკაციებში ებრაელების 4:12 ხშირად არის მოყვანილი იმის დასანახვებლად, რომ ბიბლიას ადამიანთა ცხოვრების შეცვლა შეუძლია, რაც სავსებით გამართლებულია. თუმცა კარგი იქნება, თუ ამ მუხლს კონტექსტის მიხედვით განვიხილავთ. პავლემ ებრაელ ქრისტიანებს მოუწოდა, ღვთის განზრახვებისთვის შეეწყოთ ხელი, რომელთაგან ბევრი წმინდა წერილებში ჩაიწერა. მან მოიყვანა ისრაელების მაგალითი, რომლებიც იეჰოვამ ეგვიპტის მონობიდან დაიხსნა. ისრაელებს მიეცათ შესაძლებლობა, შესულიყვნენ აღთქმულ „მიწაზე, სადაც რძე და თაფლი“ მოედინებოდა და სადაც ჭეშმარიტად დაისვენებდნენ (გამ. 3:8; კან. 12:9, 10).

ეს იყო ღვთის მიერ გაცხადებული განზრახვა. მაგრამ ისრაელებმა გული გაიჯიუტეს და ურწმუნოება გამოავლინეს, რის გამოც მათი დიდი ნაწილი ამ დასვენებაში ვერ შევიდა (რიცხ. 14:30; იეს. 14:6—10). მიუხედავად ამისა, პავლეს სიტყვების თანახმად, ისევ რჩებოდა „დანაპირები, რომ მის [ღვთის] დასვენებაში“ შევიდოდნენ (ებრ. 3:16—19; 4:1). აშკარაა, რომ ეს „დანაპირები“ ღვთის მიერ გაცხადებული განზრახვის ნაწილი იყო. ებრაელი ქრისტიანების მსგავსად, ჩვენც შეგვიძლია გავიგოთ ამ განზრახვის შესახებ და ხელი შევუწყოთ მის განხორციელებას. იმის დასადასტურებლად, რომ ამ დანაპირებს წმინდა წერილები ედო საფუძვლად, პავლემ ციტატა მოიყვანა დაბადების 2:2-დან და ფსალმუნის 95:11-დან.

ჩვენს ყურადღებას იმსახურებს სიტყვები, რომელთა თანახმადაც „რჩება დანაპირები, რომ მის [ღვთის] დასვენებაში შევალთ“. ჩვენ გვწამს, რომ ღვთის დასვენებაში შესვლის ბიბლიური იმედი რეალურია და მასში შესასვლელად ჩვენ უკვე გადავდგით ნაბიჯები. თუმცა ეს ნაბიჯები არც მოსეს კანონის დაცვა ყოფილა და არც იეჰოვას მოწონების მისაღებად სხვა საქმეების კეთება. ნაცვლად ამისა, რწმენის მეშვეობით ჩვენ სიხარულით შევუწყვეთ ხელი ღვთის მიერ გაცხადებულ განზრახვას და დღემდე ასე ვიქცევით. ამასთან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მთელ დედამიწაზე ათასობით ადამიანი სწავლობს ბიბლიას და ეცნობა ღვთის განზრახვას. ეს აღძრავს ბევრ მათგანს, შეიცვალოს ცხოვრება, გამოავლინოს რწმენა და მოინათლოს, რაც აშკარად მოწმობს, რომ „ღვთის სიტყვა არის ცოცხალი [და] მოქმედი“. ღვთის განზრახვამ, რომელიც ბიბლიაშია ჩაწერილი, უკვე მოახდინა გავლენა ჩვენს ცხოვრებაზე და ამას მომავალშიც გააკეთებს.