არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა)  |  სექტემბერი 2016

განადიდებთ ღმერთს თქვენი ჩაცმულობით?

განადიდებთ ღმერთს თქვენი ჩაცმულობით?

„ყველაფერი ღვთის სადიდებლად აკეთეთ“ (1 კორ. 10:31).

სიმღერები: 34, 61

1, 2. რატომ ვიცავთ იეჰოვას მოწმეები ჩაცმულობის მაღალ სტანდარტს? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე)

ერთი ჰოლანდიური გაზეთი ეკლესიის წინამძღოლების შეხვედრის შესახებ იუწყებოდა: „ბევრს თავისუფლად ეცვა, რადგან ცხელოდა“. იმავე გაზეთში აღნიშნული იყო, რომ ამის საპირისპიროდ იეჰოვას მოწმეთა კონგრესზე ბიჭები და მამაკაცები პიჯაკებში იყვნენ გამოწყობილი და ჰალსტუხები ეკეთათ, გოგონებსა და ქალებს კი მოკრძალებული, თუმცა თანამედროვე ქვედაბოლოები ან კაბები ეცვათ. ფაქტია, იეჰოვას მოწმეებს ხშირად აქებენ იმისთვის, რომ აცვიათ „მოკრძალებითა და საღი აზროვნებით შერჩეული მოხდენილი ტანსაცმელი, ისე, როგორც შეეფერებათ [მათ], რომლებიც ამბობენ, რომ ღვთისმოშიშები არიან“ (1 ტიმ. 2:9, 10). ამ მუხლებში პავლე მოციქული უშუალოდ ქალებზე საუბრობდა, თუმცა იგივე პრინციპი ქრისტიან მამაკაცებზეც ვრცელდება.

2 ჩვენთვის, იეჰოვას ხალხისთვის მნიშვნელოვანია, ვიცავდეთ ჩაცმულობის მაღალ სტანდარტს, რადგან ღმერთს, რომელსაც თაყვანს ვცემთ, ეს მნიშვნელოვნად მიაჩნია (დაბ. 3:21). ის, რაც ბიბლიაში წერია ჩაცმულობასა და გარეგნობაზე, ცხადყოფს, რომ სამყაროს უზენაეს ღმერთს თავისი თაყვანისმცემლებისთვის დადგენილი აქვს გონივრული სტანდარტები. ამიტომ ამ საკითხში არჩევანი მხოლოდ საკუთარი გემოვნების მიხედვით არ უნდა გავაკეთოთ. მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ უზენაესი უფლის, იეჰოვას თვალსაზრისი.

3. რას ვიგებთ ჩაცმულობაზე ღვთის მიერ ისრაელებისთვის მიცემული კანონიდან?

 3 მაგალითად, ღვთის კანონში ჩაწერილი მითითებები ისრაელებს გარშემო მცხოვრები აღვირახსნილი ხალხების გავლენისგან იცავდა. კანონში იეჰოვა გმობდა ისეთ ჩაცმულობას, რომელიც აშკარად არ აკეთებდა განსხვავებას მამაკაცსა და ქალს შორის. ჩაცმულობის ასეთი სტილი დღესაც გავრცელებულია (წაიკითხეთ კანონის 22:5). ღვთის მიერ ჩაცმასთან დაკავშირებული ნათელი მითითებებიდან ჩანს, რომ იეჰოვა არ იწონებს ისეთ ჩაცმულობას, რომელიც მამაკაცს ქალურ იერს სძენს, ქალებს კი მამაკაცს ამსგავსებს ან მათ შორის განსხვავებას აბუნდოვნებს.

4. რა დაეხმარება ქრისტიანებს, რომ ჩაცმასთან დაკავშირებით ბრძნული გადაწყვეტილებები მიიღონ?

4 ღვთის სიტყვაში ჩაწერილი პრინციპები ქრისტიანებს ეხმარება, რომ საცხოვრებელი ადგილის, კლიმატური პირობებისა თუ კულტურის მიუხედავად ჩაცმულობასთან დაკავშირებით ბრძნული გადაწყვეტილებები მიიღონ. ჩვენ არ გვჭირდება დაწვრილებითი მითითებები იმის გასარკვევად, როგორი სტილი ითვლება მისაღებად ან მიუღებლად. ნაცვლად ამისა, ჩვენ ვხელმძღვანელობთ ბიბლიური პრინციპებით, რომლებიც საკუთარი გემოვნების გათვალისწინების საშუალებასაც გვაძლევს. განვიხილოთ ზოგიერთი ბიბლიური პრინციპი, რომლებიც გვეხმარება, გავარკვიოთ, „რა არის ღვთის ნება — კარგი, მოსაწონი და სრულყოფილი“, როცა საქმე ჩაცმას ეხება (რომ. 12:1, 2).

„ვშუამდგომლობთ საკუთარ თავს“, როგორც ღვთის მსახურები

5, 6. როგორ უნდა იმოქმედოს სხვებზე ჩვენმა ჩაცმულობამ?

5 ღვთივშთაგონებით პავლე მოციქულმა ხაზი გაუსვა მნიშვნელოვან პრინციპს, რომელიც ჩაწერილია 2 კორინთელების 6:4-ში (წაიკითხეთ). ჩვენი გარეგნობა მრავლისმეტყველია. ის, თუ რა წარმოდგენა ექნებათ სხვებს ჩვენზე, ხშირად დამოკიდებულია იმაზე, „რასაც თვალი ხედავს“ (1 სამ. 16:7). ამიტომ ღვთის მსახურებს გვესმის, რომ მხოლოდ იმაზე არ უნდა ვიფიქროთ, თუ რა მოგვწონს და რომელ ტანსაცმელში ვგრძნობთ თავს კომფორტულად. ღვთის სიტყვაში მოყვანილი პრინციპების ცოდნამ უნდა აღგვძრას, არ ჩავიცვათ მოტკეცილი, მეტისმეტად ღია ან გამომწვევი ტანსაცმელი. ეს გამორიცხავს ისეთი ტანსაცმლის ჩაცმას, რომელიც გამოკვეთს ჩვენი სხეულის ინტიმურ ნაწილებს. ჩვენმა ჩაცმულობამ არ უნდა შეუქმნას სხვას უხერხულობა ან არ უნდა აიძულოს, რომ თვალი მოგვარიდოს.

6 დიდი ალბათობაა, რომ ადამიანები პატივისცემით მოგვეპყრობიან, როგორც უზენაესი უფლის, იეჰოვას მსახურებს, თუ სუფთად, კოხტად, მოწესრიგებულად და მოკრძალებულად გვაცვია. ამან შეიძლება მათ ღმერთთან დაახლოების სურვილი გაუჩინოს. ამასთან, თუ ღირსეულად გვაცვია, ეს კარგ წარმოდგენას შეუქმნის ხალხს ჩვენს ორგანიზაციაზე. შედეგად, მათ შეიძლება მოგვისმინონ, როცა სიცოცხლის გადამრჩენ ცნობას ვუზიარებთ.

7, 8. განსაკუთრებით როდის უნდა გვეცვას ღირსეულად და წესიერად?

7 ჩვენ ვალდებული ვართ ჩვენი წმინდა ღმერთის, ჩვენი სულიერი და-ძმებისა და ჩვენს ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების წინაშე, რომ გვეცვას ისეთი ტანსაცმელი, რომელიც ღირსეულად წარმოაჩენს ჩვენს ცნობას და განადიდებს იეჰოვას (რომ. 13:8—10). ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქრისტიანულ საქმეებში მონაწილეობისას, მაგალითად, კრების შეხვედრებზე დასწრებისა თუ ქადაგების დროს. ჩვენ უნდა გვეცვას „ისე, როგორც შეეფერებათ [ადამიანებს], რომლებიც ამბობენ, რომ ღვთისმოშიშები არიან“ (1 ტიმ. 2:10). ცხადია, ტანსაცმელი, რომელიც ერთგან მისაღებად ითვლება, შეიძლება სხვაგან მიუღებლად ჩაითვალოს. ამიტომ დედამიწის სხვადასხვა ნაწილში მცხოვრები იეჰოვას მსახურები ითვალისწინებენ ადგილობრივ წესებს, რადგან არ სურთ, ვინმე შეურაცხყონ.

იწვევს თქვენი ჩაცმულობა სხვებში ღვთისადმი პატივისცემას? (იხილეთ აბზაცები 7, 8)

 8 წაიკითხეთ 1 კორინთელების 10:31. როცა კონგრესს ვესწრებით, ღირსეულად და მოკრძალებულად უნდა გვეცვას. ჩვენ უნდა მოვერიდოთ ჩაცმულობის ამა თუ იმ ექსტრავაგანტურ სტილს, რომელიც შეიძლება ქვეყნიერებაში იყოს გავრცელებული. უნდა ვეცადოთ, რომ ღამის გასათევ ადგილზეც კი ან იქ, სადაც კონგრესის დაწყებამდე ან კონგრესის შემდეგ ვისვენებთ, მეტისმეტად თავისუფლად არ გვეცვას ან მოუწესრიგებელი არ ვიყოთ. ასეთ შემთხვევაში არ შეგვრცხვება იმის თქმა, რომ იეჰოვას მოწმეები ვართ და, თუ შესაძლებლობა მოგვეცემა, თამამად გავუზიარებთ სხვებს ბიბლიურ ცნობას.

9, 10. რატომ უნდა მოახდინოს გავლენა ფილიპელების 2:4-მა ჩვენს ჩაცმულობაზე?

9 წაიკითხეთ ფილიპელების 2:4. რატომ უნდა იფიქროს ქრისტიანმა იმაზე, თუ რა გავლენას მოახდენს მისი ჩაცმულობა თანაქრისტიანებზე? ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ღვთის მსახურები ყველანაირად ცდილობენ, იმოქმედონ შემდეგი ბიბლიური მითითების თანახმად: „ჩაკალით თქვენი სხეულის მიწიერი ნაწილები: სიძვა, უწმინდურება, ვნება“ (კოლ. 3:2, 5). ჩვენ არ გვსურს, რომ თანაქრისტიანს ჩვენ გამო გაუჭირდეს ამ რჩევის გათვალისწინება. და-ძმებს, რომლებიც ადრე უზნეო ცხოვრებას ეწეოდნენ, შესაძლოა კვლავაც უწევთ ცოდვილი მიდრეკილებების წინააღმდეგ ბრძოლა (1 კორ. 6:9, 10). ალბათ, არ გვსურს, მათ ეს ბრძოლა გავურთულოთ.

10 სულიერ და-ძმებთან ურთიერთობის დროს, იქნება ეს კრების შეხვედრებზე თუ თავისუფალ დროს, გვინდა, ჩვენი ჩაცმულობით ხელი შევუწყოთ ისეთი გარემოს შექმნას, სადაც ყველა დაცულად იგრძნობს თავს ქვეყნიერების უზნეო გავლენისგან. მართალია, უფლება გვაქვს, თავად ავირჩიოთ, რას  ჩავიცვამთ, მაგრამ იმის პასუხისმგებლობაც გვაკისრია, რომ სხვებს გავუადვილოთ ზნეობრივი სიწმინდის შენარჩუნება და ღვთის სიწმინდის ნორმების თანახმად ფიქრი, ლაპარაკი და მოქმედება (1 პეტ. 1:15, 16). ნამდვილი სიყვარული „უწესოდ არ იქცევა, თავისას არ ეძებს“ (1 კორ. 13:4, 5).

დროისა და ადგილის შესაფერისი ჩაცმულობა

11, 12. რაზე დაფიქრებაა გონივრული, როცა ტანსაცმელს ვირჩევთ?

11 ტანსაცმლის არჩევისას ღვთის მსახურები მხედველობაში ვიღებთ იმ ფაქტს, რომ „ყველა საქმეს და ყველანაირ სამუშაოს თავისი დრო აქვს“ (ეკლ. 3:1, 17). ცხადია, კლიმატი, წელიწადის დროები და სხვადასხვა გარემო გავლენას მოახდენს ჩვენს ჩაცმულობაზე. მაგრამ იეჰოვას ნორმები ამინდივით ცვალებადი არ არის (მალ. 3:6).

12 განსაკუთრებით იქ, სადაც შედარებით თბილი კლიმატია, შეიძლება რთული იყოს, ყოველთვის ღირსეულად და წესიერად გვეცვას. თუმცა და-ძმები ძალიან აფასებენ, როცა არ ვიცვამთ ისეთ მოტკეცილ ან განიერ ტანსაცმელს, რომელიც სხეულის სხვადასხვა ნაწილს გამოაჩენდა (იობ. 31:1). მაშინაც კი, როცა პლაჟზე ან საცურაო აუზთან ვართ, ჩვენი საცურაო კოსტიუმი მოკრძალებული უნდა იყოს (იგავ. 11:2, 20). შესაძლოა, ქვეყნიერებაში ბევრს ისეთი საცურაო კოსტიუმი აცვია, რომელიც თითქმის არაფერს ფარავს, მაგრამ იეჰოვას მსახურებს გვსურს, რომ ამ საკითხშიც განვადიდოთ წმინდა ღმერთი, რომელიც გვიყვარს.

13. რატომ უნდა მოახდინოს გავლენა ჩვენს არჩევანზე 1 კორინთელების 10:32, 33-ში ჩაწერილმა რჩევამ?

13 კიდევ ერთი ბიბლიური პრინციპი, რომელიც გვეხმარება სათანადო ტანსაცმლის არჩევაში, ეხება სხვების სინდისის გათვალისწინებას, იქნებიან ისინი ჩვენი თანამორწმუნეები თუ სხვები (წაიკითხეთ 1 კორინთელების 10:32, 33). ჩვენ სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ ჩვენს პასუხისმგებლობას, მოვერიდოთ სხვებისთვის შეურაცხმყოფელ ჩაცმულობას. პავლემ დაწერა: „თითოეულმა ჩვენგანმა ასიამოვნოს თავის მოყვასს ყველაფერში, რაც სასიკეთოა მის აღსაშენებლად“. შემდეგ მან ამის მიზეზიც მოიყვანა: „რადგან არც ქრისტე ფიქრობდა საკუთარ სიამოვნებაზე“ (რომ. 15:2, 3). იესომ საკუთარ სიამოვნებაზე წინ სხვების დახმარება დააყენა, რითაც ღვთის ნება შეასრულა. ამიტომ ჩვენც უარს ვამბობთ ისეთ ტანსაცმელზე ან ჩაცმულობის სტილზე, რომელმაც ხალხს შეიძლება ჩვენი მოსმენის სურვილი დააკარგვინოს.

14. როგორ შეუძლიათ მშობლებს, დაეხმარონ შვილებს, რომ თავიანთი ჩაცმულობით განადიდონ ღმერთი?

14 ქრისტიანი მშობლების პასუხისმგებლობაა, შვილებს ბიბლიური პრინციპებით ხელმძღვანელობა ასწავლონ. მათ უნდა იზრუნონ იმაზე, რომ შვილებთან ერთად ღმერთს გული გაუხარონ მოკრძალებული ჩაცმულობითა თუ გარეგნობით (იგავ. 22:6; 27:11). თუ მშობლები კარგ მაგალითს მისცემენ შვილებს და სიყვარულით დაარიგებენ, წმინდა ღვთისადმი ჯანსაღ მოწიწებას ჩაუნერგავენ. კარგი იქნება, თუ ისინი შვილებს ასწავლიან, სად შეიძლება წესიერი ტანსაცმლის ყიდვა და როგორ უნდა აირჩიონ ის. ეს არ ნიშნავს, რომ მათ უბრალოდ ისეთი ტანსაცმელი უნდა აირჩიონ, როგორიც მოსწონთ, არამედ ისეთი უნდა შეარჩიონ, რომლითაც განადიდებენ იეჰოვა ღმერთს.

გონივრულად გამოიყენეთ ნების თავისუფლება

15. რით უნდა ვიხელმძღვანელოთ ტანსაცმლის არჩევის დროს?

15 ღვთის სიტყვაში ჩაწერილი პრაქტიკული მითითებები გვეხმარება, მივიღოთ ბრძნული გადაწყვეტილებები, რომლებიც განადიდებს ღმერთს. თუმცა ჩვენს არჩევანზე ჩვენი გემოვნებაც ახდენს გავლენას. ყველას განსხვავებული გემოვნება და ფინანსური შესაძლებლობა გვაქვს. მიუხედავად  ამისა, ჩვენ ყოველთვის მოწესრიგებულად, სუფთად, მოკრძალებულად, სიტუაციის შესაფერისად და ადგილობრივი ნორმების შესაბამისად უნდა გვეცვას.

16. რატომ ღირს ძალისხმევად ღირსეული ტანსაცმლის მოძებნა?

16 უნდა ვაღიაროთ, რომ ყოველთვის ადვილი არ არის გონივრული გადაწყვეტილების მიღება, რომელშიც ყველა ფაქტორი იქნება გათვალისწინებული. ბევრ მაღაზიაში მხოლოდ მოდური ტანსაცმელი იყიდება, ამიტომ შეიძლება უფრო მეტი დრო და ძალისხმევა დაგვჭირდეს მოკრძალებული ქვედაბოლოს, კაბის, ბლუზის და ისეთი პიჯაკის ან შარვლის საყიდლად, რომელიც მოტმასნილი არ იქნება. თანაქრისტიანები შეამჩნევენ და დააფასებენ, რომ ძალისხმევა არ დავაკელით კოხტა და წესიერი ტანსაცმლის მოძებნას. თუმცა ჩვენი მოსიყვარულე მამის განსადიდებლად გაღებული ნებისმიერი მსხვერპლი არაფერია იმ კმაყოფილებასთან, რომელსაც მის განსადიდებლად გაკეთებული არჩევნის გამო ვგრძნობთ.

17. რა უნდა გაითვალისწინოს ძმამ, ვიდრე წვერის მოშვებას გადაწყვეტს?

17 განვიხილოთ, მისაღებია თუ არა ძმებისთვის წვერის ტარება. მოსეს კანონის თანახმად, მამაკაცებს წვერი უნდა ჰქონოდათ. მაგრამ ეს კანონი ქრისტიანებზე არ ვრცელდება და, შესაბამისად, მისი დაცვა მათ არ ევალებათ (ლევ. 19:27; 21:5; გალ. 3:24, 25). ზოგ კულტურაში კოხტად შეკრეჭილი წვერი მისაღებია და არანაირად არ უშლის ხელს სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის მოსმენას. ასეთ ქვეყნებში ზოგი პასუხისმგებელი ძმაც ატარებს წვერს. თუმცა ზოგმა ძმამ შეიძლება გადაწყვიტოს, არ ჰქონდეს წვერი (1 კორ. 8:9, 13; 10:32). ამის საპირისპიროდ, სხვა კულტურებსა თუ ქვეყნებში ან ქვეყნის რომელიმე ნაწილში წვერის ტარება შეიძლება მიღებული არ იყოს და ეს იეჰოვას მსახურებისთვისაც მიუღებელი იქნება. მაგრამ ძმა თუ მაინც გადაწყვეტს წვერის მოშვებას, მან შეიძლება ვერ განადიდოს ღმერთი თავისი ჩაცმულობითა და გარეგნობით და შეიძლება ბრალდაუდებლადაც აღარ ჩაითვალოს (რომ. 15:1—3; 1 ტიმ. 3:2, 7).

18, 19. რა დახმარებას გვიწევს მიქას 6:8, როცა ჩვენი ჩაცმულობით ვცდილობთ ღმერთს ვასიამოვნოთ?

18 მადლიერები ვართ იეჰოვასი, რომ ჩაცმულობასა და გარეგნობასთან დაკავშირებით უამრავ წესს არ გვიდგენს. ნაცვლად ამისა, ნების თავისუფლება გვაქვს გონივრული გადაწყვეტილებების მისაღებად, რომლებიც ბიბლიურ პრინციპებზე იქნება დაფუძნებული. ამგვარად, ჩვენი ჩაცმულობითა და გარეგნობითაც კი შეგვიძლია ცხადვყოთ, რომ გვსურს „მოკრძალებულად სიარული“ ჩვენს ღმერთთან ერთად (მიქ. 6:8).

19 მოკრძალება გულისხმობს იმის თავმდაბლად აღიარებას, რომ ჩვენ ახლოსაც კი ვერ მივალთ იეჰოვას სისპეტაკესა და სიწმინდესთან და სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად მისი ხელმძღვანელობა გვჭირდება. მოკრძალებაში სხვების გრძნობებისა და შეხედულებების გათვალისწინებაც იგულისხმება. ასე რომ, ჩვენ ღმერთთან ერთად მოკრძალებულად დავდივართ, როცა მისი აღმატებული ნორმების თანახმად ვცხოვრობთ და პატივისცემით ვეკიდებით სხვების გრძნობებს.

20. როგორ უნდა იმოქმედოს სხვებზე ჩვენმა ჩაცმულობამ და გარეგნობამ?

20 ჩვენმა ჩაცმულობამ ხალხი უნდა მიახვედროს, რომ იეჰოვას თაყვანისმცემლები ვართ. და-ძმებსაც და სხვებსაც უნდა შეეძლოთ იმის დანახვა, რომ ჩვენს მართალ ღმერთს ღირსეულად წარვადგენთ. მას მაღალი ნორმები აქვს და ჩვენც სიხარულით ვემორჩილებით მათ. ქებას იმსახურებენ ის და-ძმები, რომელთა გარეგნობა და შესანიშნავი ყოფაქცევა სიცოცხლის გადამრჩენი ცნობის მოსასმენად განაწყობს გულმართალ ადამიანებს, განადიდებს იეჰოვას და გულს უხარებს მას. ბრძნულად შერჩეული ტანსაცმლით ჩვენ კვლავაც შევძლებთ „ღირსებითა და სიდიადით“ მოსილი ღვთის განდიდებას (ფსალმ. 104:1, 2).