წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) ოქტომბერი 2016

მოქმედებთ ბრძნულად?

მოქმედებთ ბრძნულად?

ლეგენდის თანახმად, ერთ მიყრუებულ სოფელში ცხოვრობდა ერთი ღარიბი ბიჭი. მეზობლებს ეგონათ, რომ ბიჭი ჭკუასუსტი იყო და დასცინოდნენ. როცა სოფელში ვინმე ჩავიდოდა, იქაურები სტუმრების თვალწინ ამასხარავებდნენ მას. ისინი ჯიბიდან იღებდნენ ერთ დიდ ვერცხლის მონეტას და ერთ პატარა ოქროს მონეტას, რომელიც ვერცხლის მონეტაზე ორჯერ ძვირი იყო. „აირჩიე, რომელიც გინდა“, — ეუბნებოდნენ ისინი ბიჭს. ბიჭი ხელს სტაცებდა ვერცხლის მონეტას და გარბოდა.

ერთ დღესაც სტუმარმა ჰკითხა ბიჭს: „არ იცი, რომ ოქროს მონეტა ვერცხლის მონეტაზე ორჯერ ძვირია?!“. ბიჭს გაეღიმა და უთხრა: „ვიცი“. „მერე რატომ იღებ ვერცხლის ფულს? — ჰკითხა სტუმარმა. — თუ ოქროს მონეტას აიღებ, ორჯერ მეტი ფული გექნება!“. „კი, მაგრამ, თუ ოქროს ფულს ავიღებ, აღარავის მოუნდება ჩემთვის ფულის მოცემა. იცი, რამდენი ვერცხლის მონეტა შევაგროვე?!“ — მიუგო ბიჭმა. უფროსებსაც შეგვიძლია ვისწავლოთ რაღაც ამ პატარა ბიჭის ბრძნული საქციელიდან.

ბიბლია ამბობს: „შეინარჩუნე სიბრძნე და ჭკუა. მაშინ უსაფრთხოდ ივლი შენს გზაზე და ფეხსაც კი არაფერს წამოჰკრავ“ (იგავ. 3:21, 23). იმის ცოდნა, თუ რა არის სიბრძნე და როგორ შეიძლება მისი პრაქტიკულად გამოყენება, ჩვენს კეთილდღეობას მოემსახურება. ის დაგვიცავს სულიერად წაბორძიკებისგან და დაგვეხმარება, რომ მყარად ვიდგეთ ჩვენს გზაზე.

რა არის სიბრძნე?

სიბრძნე განსხვავდება ცოდნისგან და გაგების უნარისგან. ადამიანი, რომელსაც ცოდნა აქვს, ფლობს ინფორმაციას, ანუ ფაქტებს. ვისაც გაგების უნარი აქვს, შეუძლია დაინახოს, როგორ უკავშირდება ფაქტები ერთმანეთს. მას კი, ვინც სიბრძნეს ფლობს, შეუძლია პრაქტიკულად გამოიყენოს ცოდნა და გაგების უნარი.

მაგალითად, შეიძლება ვინმეს დიდი დრო არ დასჭირდეს წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ წასაკითხად და გასაგებად. ბიბლიის შესწავლის დროს მან შეიძლება კითხვებზე სწორი პასუხები გასცეს; შეიძლება კრების შეხვედრებზე დასწრება დაიწყოს და კარგი კომენტარებიც გააკეთოს. ყოველივე ეს შეიძლება მის სულიერ წინსვლაზე მიანიშნებდეს, თუმცა ნიშნავს ეს იმას, რომ მან სიბრძნე შეიძინა? მაინცდამაინც არა. ის შეიძლება უბრალოდ სწრაფად ითვისებს. მაგრამ, როცა ჭეშმარიტების თანახმად იქცევა და ცოდნასა და გაგების უნარს სათანადოდ იყენებს, ის ბრძენდება. თუ მისი გადაწყვეტილებები წინასწარ აწონ-დაწონის გამო კარგი შედეგით სრულდება, აშკარა ხდება, რომ ის ბრძნულად იქცევა.

მათეს 7:24—27-ში იესომ მაგალითი მოიყვანა ორი კაცის შესახებ, რომლებმაც სახლები აიშენეს. ერთ კაცზე ნათქვამია, რომ გონიერი იყო. მან წინასწარ გათვალა, რა შეიძლებოდა მომხდარიყო, ამიტომ სახლი კლდოვან ადგილზე აიშენა. ეს კაცი შორსმჭვრეტელი და პრაქტიკული ადამიანი იყო. მას არ უფიქრია, რომ ქვიშაზე უფრო სწრაფად და იაფად აიშენებდა სახლს. ის ჭკვიანი იყო და თავისი საქციელის ხანგრძლივ შედეგებზე ფიქრობდა. ამიტომ ქარიშხალმა მისი სახლი ვერ დაანგრია. ისმის კითხვა: ჩვენ როგორ შეგვიძლია ამ ძვირფასი თვისების შეძენა და პრაქტიკაში გამოყენება?

როგორ შევიძინოთ სიბრძნე?

თავდაპირველად, საყურადღებოა მიქას 6:9-ში ჩაწერილი სიტყვები: „ბრძენს შეეშინდება შენი [ანუ ღვთის] სახელის“. იეჰოვას სახელის შიში ღვთისადმი  პატივისცემას გულისხმობს. მასში იგულისხმება ჯანსაღი შიში იმის მიმართ, რაც მისი სახელით არის წარმოდგენილი, მათ შორის მისი ნორმების მიმართ. ვინმეს რომ პატივი ვცეთ, ჯერ უნდა ვიცოდეთ, რას ფიქრობს ის ამა თუ იმ საკითხზე. მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ, მივენდოთ მას, მივბაძოთ და ვისწავლოთ მისგან. თუ ვფიქრობთ, როგორ იმოქმედებს ჩვენი საქციელი საბოლოოდ იეჰოვასთან ჩვენს ურთიერთობაზე და გადაწყვეტილებების მიღებისას მის ნორმებს ვითვალისწინებთ, ცხადვყოფთ, რომ ვბრძენდებით.

გარდა ამისა, ყურად უნდა ვიღოთ იგავების 18:1-ში ჩაწერილი სიტყვები: „განმარტოებული კაცი თავისი გულისთქმის შესრულებას ცდილობს; იგი ყოველგვარი სიბრძნის წინააღმდეგ მიდის“. თუ ფრთხილად არ ვიქნებით, შეიძლება ჩამოვშორდეთ იეჰოვასა და მის ხალხს. ეს რომ არ მოხდეს, დრო უნდა დავუთმოთ მათ, ვინც პატივს სცემს ღვთის სახელსა და მის ნორმებს. თუ შესაძლებელია, უნდა დავესწროთ კრების შეხვედრებს სამეფო დარბაზში, რაც კრების წევრებთან რეგულარულად ურთიერთობის საშუალებას მოგვცემს. ამ შეხვედრებზე საშუალება უნდა მივცეთ მოსმენილს, რომ ჩვენს გულსა და გონებაზე იმოქმედოს.

ამასთან, თუ გულს გადავუშლით იეჰოვას, უფრო დავუახლოვდებით მას (იგავ. 3:5, 6). თუ ბიბლიასა და იეჰოვას ორგანიზაციის მიერ მოწოდებულ ლიტერატურას ვკითხულობთ და საშუალებას ვაძლევთ, ჩვენს გულსა და გონებაზე იმოქმედოს, მივხვდებით, რა შედეგები მოჰყვება ჩვენს საქციელს და შესაბამისად ვიმოქმედებთ. აგრეთვე გულთან ახლოს უნდა მივიტანოთ რჩევები, რომლებსაც მოწიფული ძმები  გვაძლევენ (იგავ. 19:20). ასე მოქცევით სიბრძნის წინააღმდეგ კი არ წავალთ, არამედ მეტ სიბრძნეს შევიძენთ.

როგორ დაეხმარება სიბრძნე თქვენს ოჯახს?

სიბრძნე ოჯახის სიმტკიცეს უწყობს ხელს. მაგალითად, ბიბლია მოუწოდებს ცოლებს, დიდი პატივისცემა გამოავლინონ ქმრების მიმართ (ეფეს. 5:33). როგორ შეუძლია ქმარს ასეთი პატივისცემის დამსახურება? თუ ის ამას დაჟინებით ითხოვს, ცოლი შეიძლება იძულებული გახდეს, კამათის თავიდან ასარიდებლად მისი თანდასწრებით გარკვეული პატივისცემა გამოავლინოს. მაგრამ გამოავლენს ის პატივისცემას მაშინაც, როცა ქმარი გვერდით არ ეყოლება? ხშირ შემთხვევაში ეს ასე არ ხდება. ამიტომ ქმარმა უნდა იფიქროს, როგორ დაიმსახუროს ნამდვილი პატივისცემა. თუ ის გამოავლენს სულის ნაყოფს, იქნება მოსიყვარულე და კეთილი, ცოლი ღრმა პატივისცემით განიმსჭვალება მის მიმართ. რა თქმა უნდა, ქრისტიანი ცოლი პატივისცემით უნდა მოეპყროს ქმარს, მიუხედავად იმისა, იმსახურებს თუ არა ის ამას (გალ. 5:22, 23).

ბიბლიაში აგრეთვე ნათქვამია, რომ ქმრებს უნდა უყვარდეთ თავიანთი ცოლები (ეფეს. 5:28, 33). ქმრის სიყვარული რომ არ დაკარგოს, ცოლმა შეიძლება დამალოს ისეთი უსიამოვნო ფაქტები, რომლებიც ქმარმა უნდა იცოდეს. მაგრამ იმოქმედებს ცოლი ასეთ შემთხვევაში ბრძნულად? რა მოხდება, როცა ქმარი მოგვიანებით სიმართლეს გაიგებს? უფრო შეიყვარებს თავის ცოლს? საეჭვოა. მაგრამ, თუ ცოლი შესაფერის დროს მშვიდად აუხსნის ქმარს ყველაფერს, დიდი ალბათობაა, რომ ის დააფასებს ცოლის გულწრფელობას და უფრო შეიყვარებს.

დღეს როგორც აღზრდით შვილს, მომავალშიც ისეთი ურთიერთობა გექნებათ

შვილები უნდა დაემორჩილონ მშობლებს, მშობლებმა კი ისინი იეჰოვას მოსაწონად უნდა აღზარდონ (ეფეს. 6:1, 4). ნიშნავს ეს იმას, რომ მშობლებმა უამრავი წესი უნდა დაუდგინონ შვილებს? შვილებისთვის გაცილებით მეტია საჭირო, ვიდრე მხოლოდ იმის ცოდნა, თუ რა წესები აქვთ ოჯახში დადგენილი და როგორ დაისჯებიან მათი დარღვევის შემთხვევაში. ბრძენი მშობელი ეხმარება შვილს, გაიგოს, რატომ არის საჭირო მორჩილება.

დავუშვათ, შვილი უპატივცემულოდ ელაპარაკება მშობელს. მშობლის უკმეხმა პასუხმა ან ცხელ გულზე დასჯამ შეიძლება ბავშვი დაამციროს ან გააჩუმოს. მაგრამ მან შეიძლება გულში ჩაიტოვოს წყენა, რაც საბოლოოდ შეიძლება მშობლებთან გაუცხოების მიზეზი გახდეს.

ბრძენი მშობლები ფიქრობენ თავიანთი აღზრდის მეთოდებსა და შედეგებზე. ისინი სწრაფად არ უნდა რეაგირებდნენ უბრალოდ უხერხულობის თავიდან ასარიდებლად. როცა მარტონი იქნებიან, მათ შეუძლიათ მშვიდად დაანახვონ ბავშვს, რა იყო ცუდი მის საქციელში და აუხსნან, რომ იეჰოვა მისივე მარადიული კეთილდღეობისთვის მოელის მისგან მშობლების პატივისცემას; როცა ის პატივისცემას ავლენს მშობლების მიმართ, ამით იეჰოვასაც სცემს პატივს (ეფეს. 6:2, 3). ასეთი მიდგომა შეიძლება შეეხოს ბავშვის გულს. ის იგრძნობს, რომ მშობლები გულწრფელად ზრუნავენ მასზე, ამიტომ მეტი პატივისცემით განეწყობა მათ მიმართ. ამგვარად, მშობლები საუკეთესო პირობებს უქმნიან შვილს, რომ მოგვიანებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების დროს მათ მიმართოს დახმარებისთვის.

ზოგ მშობელს ეცოდება შვილი და თავს იკავებს დასჯისგან, რადგან არ სურს, აწყენინოს. მაგრამ, რა მოხდება, როცა შვილი გაიზრდება? ექნება იეჰოვას შიში და დაინახავს, რომ ღვთის ნორმებით ცხოვრება გონივრულია? ექნება სურვილი, რომ იეჰოვამ მის გულსა და გონებაზე იმოქმედოს თუ სულიერი საკითხებისგან თავს შორს დაიჭერს? (იგავ. 13:1; 29:21).

დახელოვნებული მოქანდაკე წინასწარ გეგმავს, რას გამოაქანდაკებს. ის არ იწყებს ქვის თლას უბრალოდ იმ იმედით, რომ კარგი ნამუშევარი გამოვა. ბრძენი მშობლები დიდ დროს უთმობენ ღვთის ნორმების შესწავლას და მათ პრაქტიკაში გამოყენებას, რითაც ცხადყოფენ, რომ ეშინიათ მისი სახელის. ვინაიდან ისინი არ ცდილობენ იეჰოვასა და მისი ორგანიზაციისგან განმარტოებას, დაბრძენდებიან და შეძენილ სიბრძნეს თავიანთი ოჯახის დასახმარებლად გამოიყენებენ.

ჩვენ ყოველდღიურად ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რომლებმაც შეიძლება წლების მანძილზე მოახდინოს გავლენა ჩვენს ცხოვრებაზე. ნაცვლად იმისა, რომ სწრაფად მოვძებნოთ გამოსავალი და ნაჩქარევად მივიღოთ გადაწყვეტილება, ალბათ, ჯობია, კარგად დავფიქრდეთ და ავწონ-დავწონოთ, რა შედეგები მოჰყვება ჩვენს გადაწყვეტილებას. ხელმძღვანელობისთვის იეჰოვას და მის ორგანიზაციას უნდა მივმართოთ და ღვთის სიბრძნით ვიმოქმედოთ. ამგვარად შევინარჩუნებთ სიბრძნეს, რაც, თავის მხრივ, სიცოცხლეს შეგვინარჩუნებს (იგავ. 3:21, 22).