არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა)  |  ოქტომბერი 2016

 ბიოგრაფია

ვცდილობდი, კარგი მაგალითებისთვის მიმებაძა

ვცდილობდი, კარგი მაგალითებისთვის მიმებაძა

— იცი, რამდენი წლისა ვარ? — ვკითხე ძმა ისაკ მარეის, რომელმაც პატერსონიდან დამირეკა კოლორადოში. — ზუსტად ვიცი, რამდენი წლისაც ხარ, — მომიგო მან. ქვემოთ გიამბობთ, რა უძღოდა ამ საუბარს წინ.

დავიბადე 1936 წლის 10 დეკემბერს კანზასის ქალაქ უიჩიტოში. ოთხ დედმამიშვილს შორის უფროსი ვიყავი. ჩემი მშობლები, უილიამი და ჯინი, იეჰოვას ერთგული მსახურები იყვნენ. მამაჩემი ჯგუფის მსახური იყო. ასე უწოდებდნენ იმ დროს კრების ხელმძღვანელს. დედაჩემს ჭეშმარიტება დედამისმა, ემა ვაგნერმა ასწავლა. ემა ბევრს დაეხმარა ჭეშმარიტების გაგებაში, მათ შორის გერტრუდ სტილს, რომელიც წლების მანძილზე მისიონერად მსახურობდა პუერტო-რიკოში. * ასე რომ, მისაბაძი მაგალითი ბევრმა მომცა.

კარგი მაგალითების გახსენება

მამაჩემი ქუჩის კუთხეში ჟურნალებს სთავაზობს გამვლელებს

ხუთი წლისა ვიყავი, როცა ერთ შაბათ საღამოს მამასთან ერთად ქუჩაში „საგუშაგო კოშკსა“ და „ნუგეშს“ (ამჟამად ეწოდება „გამოიღვიძეთ!“) ვთავაზობდი გამვლელებს. იმ დროს ქვეყანა მეორე მსოფლიო ომში იყო ჩაბმული. ჩვენთან ნასვამი ექიმი მოვიდა და ქრისტიანული ნეიტრალიტეტის გამო მამას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა — უყვიროდა, რომ ლაჩარი იყო და ომში წასვლას თავს არიდებდა. სახე ახლოს მიუტანა და ჰკითხა: „რატომ არ მირტყამ, შე მხდალო?“. ძალიან შემეშინდა, თუმცა მამაჩემით აღტაცებული დავრჩი. თითქოს არაფერი მომხდარიყო, მან ჟურნალები შესთავაზა გარშემო თავმოყრილ ხალხს. ექიმმა იქვე მიმავალ ჯარისკაცს დაუძახა: „ჭკუა ასწავლე ამ მხდალს!“. ჯარისკაცი მიხვდა, რომ ექიმი მთვრალი იყო და უთხრა: „წადი სახლში, დაიძინე!“. შემდეგ ორივენი წავიდნენ. როცა ამ შემთხვევას ვიხსენებ, მადლობას ვუხდი იეჰოვას, რომ მაშინ მამაჩემს გამბედაობა შემატა. უიჩიტოში მამას ორი საპარიკმახერო ჰქონდა და ექიმი მისი კლიენტი იყო!

მშობლებთან ერთად მივემგზავრები კონგრესზე ვიჩიტოში, 1940-იანი წლები

რვა წლისა ვიყავი, როცა მშობლებმა ჩვენი სახლი და საპარიკმახეროები გაყიდეს და პატარა საცხოვრებელი ავტოფურგონი ააწყვეს, რომლითაც კოლორადოში წავედით, სადაც მქადაგებლების დიდი საჭიროება იყო. დავსახლდით გრანდ-ჯანქშენთან ახლოს, სადაც მშობლები პიონერად მსახურობდნენ და დროდადრო ფერმებსა და რანჩოებში მუშაობდნენ. იეჰოვას კურთხევისა და მათი გულმოდგინე შრომის შედეგად, იქ კრება ჩამოყალიბდა. 1948 წლის 20 ივნისს მე და სხვა დაინტერესებულები მამამ მთის მდინარეში  მოგვნათლა. ჩვენთან ერთად მოინათლნენ ბილ ნიკოლზი და მისი ცოლი. მოგვიანებით მათ სარაიონო მსახურება დაიწყეს. მათმა ვაჟმა და რძალმაც მათ მაგალითს მიჰბაძეს.

ჩვენ ახლო და სულიერად გამამხნევებელი ურთიერთობა გვქონდა მათთან, ვინც სრულად იყო ჩაბმული სამეფოს საქმეში, განსაკუთრებით სტილების ოჯახთან — დონსა და ერლინთან, დეივსა და ჯულიასთან და საისა და მართასთან, რომლებმაც დიდი გავლენა მოახდინეს ჩემს ცხოვრებაზე. მათგან ვისწავლე, რომ სამეფოს პირველ ადგილზე დაყენება ცხოვრებას აზრიანს ხდის და სიხარულით ავსებს.

ახალ ადგილზე გადასვლა

19 წლისა ვიყავი, როცა ჩვენი ოჯახის მეგობარმა, ბად ჰეისტიმ, შემომთავაზა, მასთან ერთად პიონერად მემსახურა შეერთებული შტატების სამხრეთ ნაწილში. სარაიონო ზედამხედველმა გვთხოვა, რომ რასტონში (ლუიზიანა) გადავსულიყავით, სადაც მოწმეებიდან ზოგი არააქტიური იყო. გვითხრეს, რომ დამსწრეთა რაოდენობის მიუხედავად, კრების ყველა შეხვედრა უნდა ჩაგვეტარებინა. ვიპოვეთ კრების ჩასატარებლად შესაფერისი ადგილი და სათანადოდ მოვაწყვეთ. ყველა შეხვედრას ვატარებდით, თუმცა გარკვეული ხნის მანძილზე ჩვენ გარდა არავინ ესწრებოდა მათ. დავალებებით მონაცვლეობით გამოვდიოდით. ერთი თუ დავალებით გამოდიოდა, მეორე კითხვებს პასუხობდა. ინსცენირებების დროს ორივენი სცენაზე ავდიოდით, აუდიტორიაში კი არავინ რჩებოდა. ბოლოს ერთმა ხანდაზმულმა დამ დაიწყო კრებებზე სიარული. მოგვიანებით ზოგი ბიბლიის შემსწავლელი და არააქტიური მაუწყებელიც შემოგვიერთდა და ცოტა ხანში ჩვენი კრება საკმაოდ მოძლიერდა.

ერთხელ მე და ბადს ქრისტეს ეკლესიის მსახური შეგვხვდა. ის გველაპარაკა ისეთ ბიბლიურ მუხლებზე, რომლებიც კარგად არ მესმოდა. ამან, ცოტა არ იყოს, ამაფორიაქა და დამაფიქრა ჩემს რწმენაზე. მთელი კვირა შუაღამემდე ვიკვლევდი მის მიერ წამოჭრილ საკითხებს. ეს დამეხმარა, გამეთავისებინა ჭეშმარიტება. ამის შემდეგ ერთი სული მქონდა, რომელიმე მსახურს შევხვედროდი.

არცთუ ისე დიდი ხნის შემდეგ სარაიონო ზედამხედველმა მთხოვა, ელ-დორადოში (არკანზასი) გადავსულიყავი კრების დასახმარებლად. იქიდან ხშირად მიწევდა კოლორადოში ჩამოსვლა, რათა გამწვევი კომისიის წინაშე გამოვცხადებულიყავი. ერთ-ერთი ასეთი მგზავრობის დროს რამდენიმე პიონერთან ერთად ტეხასში ავარიაში მოვყევი და მანქანა დავამტვრიე. დავურეკეთ ერთ ძმას, რომელმაც მოგვაკითხა და თავის სახლში წაგვიყვანა. შემდეგ კრების შეხვედრასაც დავესწარით. შეხვედრაზე გამოაცხადეს, რომ ავარია შეგვემთხვა. კრების წევრებმა სიკეთე გამოავლინეს და გარკვეული თანხა გვაჩუქეს, იმ ძმამ კი ჩემი მანქანა 25 დოლარად გაყიდა.

 ჩვენ შევძელით უიჩიტოში ჩასვლა, სადაც ჩვენი ოჯახის მეგობარი ძმა მაკარტნი, მეტსახელად „დოკი“, პიონერად მსახურობდა. მისი ტყუპი ბიჭები, ფრენკი და ფრანსისი, დღემდე ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან. მათ ჰყავდათ ძველი მანქანა, რომელიც 25 დოლარად მომყიდეს, ზუსტად იმ ფასად, რაც დამტვრეულ მანქანაში მომცეს. მაშინ პირველად დავინახე ნათლად, რომ იეჰოვამ იზრუნა ჩემს საჭიროებაზე, რადგან სამეფოს ინტერესებს პირველ ადგილზე ვაყენებდი. მათთან ყოფნის დროს მაკარტნებმა გამაცნეს ერთი მშვენიერი და — ბეთელ კრეინი, რომელსაც სულიერი მიზნები ჰქონდა. დედამისი რუთი, რომელიც უელინგტონში (კანზასი) ცხოვრობდა, იეჰოვას გულმოდგინე და გულანთებული მსახური იყო. ის 90 წლისაც კი პიონერად მსახურობდა! ამ შეხვედრიდან თითქმის ერთ წელიწადში, 1958 წელს, მე და ბეთელი დავქორწინდით. ის პიონერულ მსახურებაში შემომიერთდა ელ-დორადოში.

ორი სასიხარულო მოწვევა

ჩვენ ხშირად ვფიქრობდით იმ კარგ მაგალითებზე, რომლებსაც ბავშვობაში გვაძლევდნენ. ამიტომ გადავწყვიტეთ, არაფერზე გვეთქვა უარი, რასაც იეჰოვას ორგანიზაცია დაგვავალებდა. თავიდან სპეციალურ პიონერებად დავინიშნეთ ვოლნათ-რიჯში (არკანზასი). მოგვიანებით, 1962 წელს, უსაზღვროდ ბედნიერები ვიყავით, რადგან სკოლა „გალაადის“ 37-ე კლასში მიგვიწვიეს. ძალიან გაგვიხარდა, როცა გავიგეთ, რომ დონ სტილიც ჩვენთან ერთად ისწავლიდა. სკოლა „გალაადის“ დამთავრების შემდეგ მე და ჩემი მეუღლე ნაირობიში (კენია) დაგვნიშნეს მისიონერებად. როცა ნაირობის აეროპორტში ძმები დავინახეთ, ნიუ-იორკის დატოვების დროს შემოწოლილი სევდა სადღაც გაქრა.

მერი და კრის კანაიებთან ერთად მსახურების დროს, ნაირობი

მალე შეგვიყვარდა კენია და იქ მსახურება. ბიბლიის შესწავლას ვატარებდით კრის და მერი კანაიებთან, რომლებმაც პირველებმა წაიწიეს წინ სულიერად. ისინი დღემდე ერთგულად მსახურობენ კენიაში სრული დროით. მომდევნო წელს ძმებმა გვთხოვეს, კამპალაში (უგანდა) გადავსულიყავით, სადაც მისიონერები მანამდე არასდროს ყოფილან. ეს ძალიან საინტერესო დრო იყო, რადგან ბევრს სურდა ბიბლიური ჭეშმარიტების გაგება და ჩვენი თანამორწმუნეც ბევრი გახდა. აფრიკაში სამწელიწადნახევრიანი მსახურების შემდეგ შეერთებულ შტატებში დავბრუნდით. აფრიკის დატოვება ნიუ-იორკის დატოვებაზე რთული აღმოჩნდა. ჩვენ ძალიან შეგვიყვარდა აფრიკელი ხალხი და იმედი გვქონდა, რომ ერთ დღესაც იქ ისევ დავბრუნდებოდით.

ახალი პასუხისმგებლობა

ჩვენ დავსახლდით კოლორადოს დასავლეთ ნაწილში, სადაც ჩემი მშობლები ცხოვრობდნენ. მალე ჩვენი პირველი ქალიშვილი კიმბერლი დაიბადა. მისი დაბადებიდან დაახლოებით წელიწად-ნახევრის შემდეგ სტეფანი შეგვეძინა. მშობლის პასუხისმგებლობას სერიოზულად ვეკიდებოდით და ვცდილობდით, ჭეშმარიტება ჩვენი მშვენიერი გოგონების გულებში ჩაგვენერგა. გვინდოდა, მიგვებაძა იმ შესანიშნავი მაგალითებისთვის, რომლებიც სხვებმა დაგვიტოვეს. მიუხედავად იმისა, რომ კარგ მაგალითს დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია ბავშვებზე, ჩვენ გააზრებული გვქონდა, რომ იეჰოვას მსახურად გახდომისთვის მხოლოდ ეს ვერ იქნებოდა საკმარისი. ჩემმა უმცროსმა და-ძმამ დატოვა ჭეშმარიტება. თუმცა იმედი მაქვს, რომ ისინი ისევ მოისურვებენ იმ კარგი მაგალითების მიბაძვას, რომლებიც მათაც მისცეს.

დიდ სიხარულს გვანიჭებდა ქალიშვილების აღზრდა. ყოველთვის ვცდილობდით, მათთან ერთად გვეკეთებინა სხვადასხვა საქმე. ვინაიდან ასპენთან (კოლორადო) ახლოს ვცხოვრობდით, ყველამ ვისწავლეთ თხილამურებით სრიალი, რათა დროდადრო ერთად გვესრიალა. საბაგიროთი ასვლის დროს ქალიშვილებთან სასაუბროდ ვიყენებდით. ერთად სალაშქროდაც მივდიოდით და კოცონის ირგვლივ მსხდომნი  სასიამოვნოდ ვატარებდით დროს. მიუხედავად იმისა, რომ გოგონები პატარები იყვნენ, ვმსჯელობდით, რას გააკეთებდნენ, როცა გაიზრდებოდნენ და როგორი მეუღლეები უნდა აერჩიათ. ვცდილობდით, მათ გულსა და გონებაში სულიერი ფასეულობები ჩაგვენერგა. გვინდოდა, მიზნად დაესახათ სრული დროით მსახურება და ვეუბნებოდით, რომ ერთადერთი ბრძნული არჩევანი მსგავსი მიზნის მქონე ადამიანზე დაქორწინება იქნებოდა. ვცდილობდით, დაგვენახვებინა, რომ ადრეულ ასაკში დაქორწინება გონივრული არ იქნებოდა. მოვიგონეთ დევიზიც: „ნუ დაოჯახდები, ვიდრე 23-ის არ გახდები!“.

ჩვენი მშობლების მსგავსად, ძალისხმევას არ ვაკლებდით, რომ კრების შეხვედრებს მთელი ოჯახი დავსწრებოდით და სამქადაგებლო მსახურებაშიც ერთად მიგვეღო მონაწილეობა. სრული დროით მსახურებს სახლში ვეპატიჟებოდით ღამისთევით. ამასთან, ხშირად დიდი სითბოთი ვიხსენებდით მისიონერულ მსახურებაში გატარებულ დროს. იმედს ვიტოვებდით, რომ ერთ მშვენიერ დღეს ოთხივე ვესტუმრებოდით აფრიკას, რაც ჩვენს ქალიშვილებსაც ძალიან უნდოდათ.

რეგულარულად ვატარებდით ოჯახურ შესწავლას. შესწავლის დროს ვდგამდით იმ სიტუაციების სცენებს, რომლებიც შეიძლებოდა ჩვენს შვილებს სკოლაში ჰქონოდათ. ისინი იეჰოვას მოწმის როლს თამაშობდნენ, ჩვენ კი კითხვებს ვუსვამდით. სწავლების ეს მეთოდი მათთვის სახალისო იყო და მეტ დაჯერებულობას მატებდა მათ. როცა წამოიზარდნენ, ზოგჯერ ოჯახურ შესწავლაზე დასწრება ეზარებოდათ. ერთხელ სასოწარკვეთილმა ვუთხარი, თავიანთ ოთახებში წასულიყვნენ, რადგან იმ დღეს ოჯახური შესწავლა აღარ გვექნებოდა. ისინი არ მოელოდნენ ამას, ტირილი დაიწყეს და მითხრეს, რომ უნდოდათ ოჯახური შესწავლა ჩაგვეტარებინა. მაშინ მივხვდით, რომ შევძელით მათ გულებში სულიერი საკითხების მიმართ სიყვარულის ჩანერგვა. მათ შეიყვარეს ოჯახური შესწავლა, რომლის დროსაც საშუალება ეძლეოდათ, საკუთარი აზრები თავისუფლად გამოეხატათ. თუმცა ზოგჯერ ადვილი არ იყო იმის მოსმენა, რომ ისინი არ იზიარებდნენ ამა თუ იმ საკითხზე ბიბლიის თვალსაზრისს. მაგრამ ამის წყალობით ვიგებდით, რა ჰქონდათ გულში. მსჯელობის შემდეგ ისინი ეთანხმებოდნენ იეჰოვას თვალსაზრისს.

სხვა ცვლილებებთან შეგუება

შვილების აღზრდის პერიოდმა იმაზე სწრაფად გაირბინა, ვიდრე წარმოგვედგინა. ღვთის ორგანიზაციისგან მიღებული დახმარებითა და ხელმძღვანელობით ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ჩვენს შვილებს იეჰოვა ჰყვარებოდათ. მადლიერები ვიყავით იეჰოვასი, რომ საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მათ პიონერად დაიწყეს მსახურება და შეეძლოთ, დამოუკიდებლად ერჩინათ თავი. ისინი ორ დასთან ერთად გადავიდნენ კლივლენდში (ტენესი), სადაც მქადაგებლებზე დიდი მოთხოვნილება იყო. ძალიან გვენატრებოდნენ შვილები, თუმცა გვიხაროდა, რომ თავიანთ ცხოვრებას სრული დროით მსახურებას უძღვნიდნენ. მე და ჩემმა მეუღლემ ისევ დავიწყეთ პიონერად მსახურება, რამაც მსახურების ახალი შესაძლებლობებისკენ გაგვიხსნა გზა — ვმსახურობდით სარაიონო ზედამხედველის დამხმარედ და ვმონაწილეობდით კონგრესთან დაკავშირებულ საქმეებში. ეს დიდ სიხარულს გვანიჭებდა.

ტენესიში გადასვლამდე ჩვენი ქალიშვილები ლონდონის დასათვალიერებლად გაემგზავრნენ და იქაურ ფილიალს ესტუმრნენ. სტეფანიმ, რომელიც მაშინ 19 წლისა იყო, იქ ახალგაზრდა ბეთელელი, პოლ ნორტონი გაიცნო. ერთ-ერთი შემდგომი მოგზაურობის დროს კიმბერლიმ პოლის თანამშრომელი, ბრაიან ლეველინი გაიცნო. პოლი და სტეფანი მხოლოდ მას შემდეგ დაქორწინდნენ, რაც სტეფანი 23 წლისა გახდა. მომდევნო წელს კიმბერლი და ბრაიანი დაქორწინდნენ. კიმბერლი იმ დროს 25 წლისა იყო. ასე რომ, ჩვენი ქალიშვილები 23 წლამდე არ დაოჯახებულან. ჩვენ მთელი გულით გვიხაროდა, რომ მათ კარგი მეუღლეები აირჩიეს.

პოლი, სტეფანი, ჩემი ცოლი, მე, კიმბერლი და ბრაიანი მალავის ფილიალში, 2002 წელი

ქალიშვილებმა გვითხრეს, რომ ჩვენი და პაპა-ბებიების მაგალითი დაეხმარა მათ, მიჰყოლოდნენ იესოს მითითებას და ფინანსური სირთულეების დროსაც კი პირველ ადგილზე ღვთის სამეფო დაეყენებინათ (მათ. 6:33). 1998 წლის აპრილში პოლი და სტეფანი სკოლა „გალაადის“ 105-ე კლასში მიიწვიეს, სწავლის დამთავრების შემდეგ კი მალავიში (აფრიკა) დანიშნეს. დაახლოებით იმავე დროს ბრაიანი და კიმბერლი ლონდონის ბეთელში მიიწვიეს, თუმცა მოგვიანებით მალავის ბეთელში გადანიშნეს. უზომოდ ბედნიერები ვიყავით, რადგან ამაზე უკეთესს ახალგაზრდები ვერაფერს გააკეთებდნენ.

კიდევ ერთი სასიხარულო მოწვევა

შესავალში მოხსენიებული სატელეფონო საუბარი 2001 წლის იანვარში შედგა ჩემსა და ძმა მარეის შორის, რომელიც მთარგმნელთა მომსახურების განყოფილების ზედამხედველი იყო. მან მითხრა, რომ ძმები  მთარგმნელებისთვის ინგლისური ენის კურსების ჩატარებას გეგმავდნენ მთელ მსოფლიოში და მე, 64 წლის კაცი, ერთ-ერთ მასწავლებლად ამირჩიეს. მე და ჩემმა მეუღლემ ვილოცეთ ამ საკითხზე და ჩვენს ხანდაზმულ დედებს რჩევა ვკითხეთ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჩვენი დახმარების გარეშე დარჩებოდნენ, ორივეს უნდოდა, რომ დავალებაზე უარი არ გვეთქვა. გადავურეკე ძმებს და ვუთხარი, რომ დიდი სიხარულით შევუდგებოდით ამ შესანიშნავ საქმეს.

მალევე დედაჩემს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ვუთხარი, რომ დავრჩებოდით და ჩემს დას, ლინდას, დავეხმარებოდით მის მოვლაში, რაზეც დედამ მითხრა: „არავითარ შემთხვევაში! თუ არ წახვალთ, უფრო ცუდად ვიგრძნობ თავს“. ლინდაც იმავე აზრისა იყო. ჩვენ ძალიან მადლიერები ვიყავით მათი თავგანწირული სულისკვეთებისთვის და ადგილობრივი და-ძმების დახმარებისთვის. პატერსონში, „საგუშაგო კოშკის“ საგანმანათლებლო ცენტრში ჩასვლიდან ერთ დღეში ლინდამ დაგვირეკა და გვითხრა, რომ დედა გარდაიცვალა. როგორც დედის სურვილი იყო, ჩვენ მთელი გულით შევუდექით ახალი დავალების შესრულებას.

ჩვენდა გასახარად, პირველად მალავის ფილიალში უნდა წავსულიყავით, სადაც ჩვენი ქალიშვილები მსახურობდნენ ქმრებთან ერთად. ეს იყო დაუვიწყარი შეხვედრა! შემდეგ გადავედით ზიმბაბვესა და ზამბიაში. ინგლისური ენის კურსებს სამწელიწად-ნახევარი ვატარებდით. შემდეგ გვთხოვეს, დავბრუნებულიყავით მალავიში იმ მოწმეების ისტორიების ჩასაწერად, რომლებიც ქრისტიანული ნეიტრალიტეტის გამო დევნის მსხვერპლი გახდნენ. *

მსახურებაში შვილიშვილებთან ერთად

2005 წელს მე და ჩემი ცოლი თვალცრემლიანები დავბრუნდით ჩვენს სახლში, ბაზალტში (კოლორადო), სადაც დღემდე პიონერად ვმსახურობთ. 2006 წელს ჩვენ მეზობლად დასახლდნენ ბრაიანი და კიმბერლი, რომელთაც ორი გოგონა, მაკენზი და ელიზაბეთი შეეძინათ. პოლი და სტეფანი ისევ მალავიში არიან, სადაც პოლი ფილიალის კომიტეტში მსახურობს. ახლა თითქმის 80 წლისა ვარ. დიდ სიხარულს მანიჭებს იმის დანახვა, რომ ახალგაზრდა მამაკაცები, რომლებთანაც წლების მანძილზე ვთანამშრომლობდი, დღეს იმ პასუხისმგებლობებს ასრულებენ, რომლებიც ადრე მე მქონდა. ის სიხარული, რასაც დღეს მე და ჩემი ცოლი ვგრძნობთ, მნიშვნელოვანწილად იმის დამსახურებაა, რომ არაერთი კარგი მაგალითი მოგვცეს და ჩვენც, ჩვენი მხრივ, ვცდილობდით შვილებისა და შვილიშვილებისთვის კარგი მაგალითი მიგვეცა.

^ აბზ. 5 სტილის ოჯახის წევრების მისიონერული მსახურების შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ „საგუშაგო კოშკის“ 1956 წლის 1 მაისისა (გვ. 269—272) და 1971 წლის 15 მარტის (გვ. 186—190) გამოცემებში.

^ აბზ. 30 მაგალითად, იხილეთ ტროფიმ ნსომბას ბიოგრაფია 2015 წლის 15 აპრილის „საგუშაგო კოშკში“, გვ. 14—18.