არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა)  |  ნოემბერი 2016

სიბნელიდან სინათლეში

სიბნელიდან სინათლეში

იეჰოვამ „სიბნელიდან თავის საოცარ სინათლეში გამოგიხმოთ“ (1 პეტ. 2:9).

სიმღერები: 95, 74

1. რა მოხდა იერუსალიმის განადგურების დროს?

ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორ II-ის მრავალრიცხოვანი ჯარი ძვ. წ. 607 წელს იერუსალიმში შეიჭრა, რასაც დიდი ხოცვა-ჟლეტა მოჰყვა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „[ნაბუქოდონოსორმა] მახვილით დაუხოცა მათ ჭაბუკები მათი საწმინდრის სახლში, და არ შეჰბრალებია მას არც ჭაბუკი, არც ქალწული, არც მოხუცებული და არც ღრმად მოხუცებული . . . გადაწვა ჭეშმარიტი ღვთის სახლი და დაანგრია იერუსალიმის გალავანი; ცეცხლს მისცა მისი საცხოვრებელი კოშკები და ყოველივე, რაც ძვირფასი იყო“ (2 მატ. 36:17, 19).

2. რის შესახებ აფრთხილებდა იეჰოვა იერუსალიმის მკვიდრთ და რა დაემართებოდათ იუდეველებს?

2 იერუსალიმის განადგურება მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო მის მკვიდრთათვის. მრავალი წლის მანძილზე ღმერთი წინასწარმეტყველების მეშვეობით აფრთხილებდა იუდეველებს, რომ, თუ კვლავაც ჯიუტად დაარღვევდნენ მის კანონს, მათ ბაბილონელების ხელში ჩაყრიდა. ბევრი მახვილით დაიხოცებოდა, სიკვდილს გადარჩენილები კი, ალბათ, სიცოცხლის ბოლომდე ბაბილონში იქნებოდნენ გადასახლებულები (იერ. 15:2). როგორი ცხოვრება ექნებოდათ გადასახლებულებს? არსებობს მსგავსება ბაბილონის ტყვეობასა და ქრისტიანულ ეპოქაში განვითარებულ მოვლენებს შორის? თუ არსებობს, ქრისტიანული ეპოქის რომელ მონაკვეთს ეხება ის?

 გადასახლებულთა ცხოვრება

3. რით განსხვავდებოდა ისრაელთა ბაბილონში გადასახლება ეგვიპტეში მონობისგან?

3 ღვთის მიერ წინასწარმეტყველთა პირით ნათქვამი სიტყვები შესრულდა. მათ, ვისაც მოგვიანებით გადაასახლებდნენ, იეჰოვამ იერემიას მეშვეობით ურჩია, შეგუებოდნენ ახალ ვითარებას და საუკეთესოდ გამოეყენებინათ ის. „აიშენეთ სახლები [ბაბილონში] და იცხოვრეთ იქ, გააშენეთ ბაღები და ჭამეთ მათი ნაყოფი. მშვიდობა ეძებეთ იმ ქალაქში, სადაც გადაგასახლეთ და ლოცვით შეავედრეთ იეჰოვას ის, რადგან მისი მშვიდობა თქვენი მშვიდობა იქნება“ (იერ. 29:5, 7). ვინც დაემორჩილა ღვთის ნებას, შედარებით უზრუნველად ცხოვრობდა ბაბილონში. გადასახლებულ იუდეველებს გარკვეულწილად შეეძლოთ თავიანთი საქმეების მართვა და ქვეყანაში თავისუფლად გადაადგილების უფლებაც ჰქონდათ. ძველ მსოფლიოში ბაბილონი ვაჭრობის ცენტრი იყო. აღმოჩენილი დოკუმენტებიდან ჩანს, რომ მრავალი იუდეველი კარგად დაეუფლა სავაჭრო საქმეს, ზოგი კი კარგი ხელოსანი გახდა; ზოგი იუდეველი გამდიდრდა კიდეც. გადასახლებულთა მდგომარეობა ძალიან განსხვავდებოდა საუკუნეებით ადრე ეგვიპტეში მონობისგან (წაიკითხეთ გამოსვლის 2:23—25).

4. ურჩი იუდეველების გარდა, კიდევ ვინ აღმოჩნდა ბაბილონის ტყვეობაში და რატომ ვერ სცემდნენ ღმერთს ისინი თაყვანს სათანადოდ?

4 ბაბილონში გადასახლებული იუდეველების მატერიალური მოთხოვნილებები დაკმაყოფილებული იყო. მაგრამ შეიძლებოდა იმავეს თქმა მათ სულიერ მოთხოვნილებებზეც? იეჰოვას ტაძარი და სამსხვერპლო განადგურებული იყო და სამღვდელოება მეტად ვეღარ ასრულებდა მსახურებას ორგანიზებულად. გადასახლებულთა შორის იყვნენ ღვთის ერთგული მსახურებიც, რომელთაც არაფერი დაუშავებიათ, მაგრამ სხვებთან ერთად გადაასახლეს. მიუხედავად ამისა, ისინი შეძლებისდაგვარად ცდილობდნენ ღვთის კანონის დაცვას. მაგალითად, დანიელმა და მისმა სამმა მეგობარმა — შადრაქმა, მეშაქმა და აბედნეგომ, უარი თქვეს იუდეველებისთვის აკრძალულ საკვებზე. ბიბლიიდან ჩანს, რომ დანიელი გამუდმებით მიმართავდა ღმერთს ლოცვით (დან. 1:8; 6:10). მაგრამ ამ წარმართულ სახელმწიფოში ღვთისმოშიშ იუდეველებს არ შეეძლოთ, რომ ზედმიწევნით დაეცვათ კანონი.

5. რას დაჰპირდა იეჰოვა თავის ხალხს და რატომ იყო ეს აღსანიშნავი?

5 ექნებოდათ ოდესმე ისრაელებს იმის საშუალება, რომ სათანადოდ ეცათ ღვთისთვის თაყვანი? იმ დროს ეს თითქმის შეუძლებელი ჩანდა, რადგან ბაბილონელები არასდროს ათავისუფლებდნენ ტყვეებს. მაგრამ ამას იეჰოვა გააკეთებდა. ის დაჰპირდა თავის ხალხს, რომ გაათავისუფლებდა, და ასეც მოიქცა. ღვთის დაპირებები არასდროს რჩება შეუსრულებელი! (ეს. 55:11).

მოხდა ჩვენს დროშიც მსგავსი რამ?

6, 7. რატომ გახდა საჭირო, ნათელი მოჰფენოდა ბაბილონის ტყვეობის საკითხს?

6 აღმოჩენილან ქრისტიანები ოდესმე ისრაელთა მსგავსად ტყვეობაში? წლების განმავლობაში ამ ჟურნალში იწერებოდა, რომ ღვთის მსახურები 1918 წელს აღმოჩნდნენ ბაბილონის ტყვეობაში, ტყვეობიდან მათი გათავისუფლება კი 1919 წელს მოხდა. თუმცა იმ მიზეზების გამო, რომლებიც განიხილება ამ და მომდევნო სტატიაში, საჭირო გახდა ამ საკითხის გადახედვა.

7 როგორც ვიცით, დიდ ბაბილონში ცრურელიგიური სამყარო იგულისხმება. მოხდა 1918 წელს ისეთი რამ, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ ღვთის ხალხი დიდი ბაბილონის ტყვეობაში ამ წელს აღმოჩნდა? მსგავსი არაფერი მომხდარა. ფაქტები ცხადყოფს, რომ პირველ მსოფლიო ომამდე რამდენიმე ათწლეულის მანძილზე ღვთის ცხებული მსახურები კი არ ექცეოდნენ დიდი ბაბილონის გავლენაში, არამედ თავისუფლდებოდნენ მისი მარწუხებისგან.  მართალია, ცხებულები პირველი მსოფლიო ომის დროს იდევნებოდნენ, მაგრამ, ძირითადად, მათ ხელისუფლება ავიწროებდა და არა დიდი ბაბილონი. ამგვარად, არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ იეჰოვას ხალხი დიდი ბაბილონის ტყვეობაში 1918 წელს აღმოჩნდა.

როდის აღმოჩნდნენ ქრისტიანები ბაბილონის ტყვეობაში?

8. როგორ გაირყვნა ჭეშმარიტი ქრისტიანული კრება? ახსენით (იხილეთ სურათი 21-ე გვერდზე).

8 ღმერთმა ათასობით იუდეველი და პროზელიტი წმინდა სულით სცხო ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე. ამ ახალმოქცეულ ქრისტიანებს ეწოდა „რჩეული მოდგმა . . . სამეფო სამღვდელოება, წმინდა ერი, ღვთისთვის გამორჩეული საკუთრება“ (წაიკითხეთ 1 პეტრეს 2:9, 10). მოციქულები სიცოცხლის ბოლომდე ფხიზლობდნენ ღვთის ხალხის კრებებზე. თუმცა გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებიც უკუღმართად ლაპარაკობდნენ, რათა თან გაეყოლებინათ მოწაფეები. ასეთი ხალხი განსაკუთრებით მოციქულების სიკვდილის შემდეგ გააქტიურდა (საქ. 20:30; 2 თეს. 2:6—8). ბევრ მათგანს კრებაში პასუხისმგებლობები ეკისრა. ისინი მსახურობდნენ ზედამხედველებად, მოგვიანებით კი, როცა სამღვდელო კლასმა დაიწყო ჩამოყალიბება მათ „ეპისკოპოსები“ ეწოდათ. თუმცა იესოს თავისი მიმდევრებისთვის ნათქვამი ჰქონდა: „ყველანი ძმები ხართ“ (მათ. 23:8). არისტოტელესა და პლატონის ფილოსოფიით გატაცებულმა გამოჩენილმა მამაკაცებმა კრებაში შეიტანეს ცრურელიგიური მოძღვრებები, რომლებმაც თანდათანობით ჩაანაცვლა ღვთის სიტყვის წმინდა სწავლებები.

9. როგორ დაუჭირა რომმა მხარი განდგომილ ქრისტიანობას და რა მოჰყვა ამას შედეგად?

9 რომის წარმართმა იმპერატორმა კონსტანტინემ ახ. წ. 313 წელს განდგომილი ქრისტიანობა კანონიერად აღიარა. იმ დროიდან ეკლესია და სახელმწიფო ერთმანეთთან მჭიდროდ თანამშრომლობდა. მაგალითად, ნიკეის კრების შემდეგ კონსტანტინემ, რომელიც ესწრებოდა ამ შეხვედრას, ბრძანა, გადაესახლებინათ მღვდელი არიოზი, რადგან იესო ღმერთად არ აღიარა. მოგვიანებით, იმპერატორ თეოდოსიუს I-ის დროს (ახ. წ. 379—395), ქრისტიანობის წაბილწული ფორმა, რომელიც კათოლიციზმის სახელით გახდა ცნობილი, რომის იმპერიის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადდა. ისტორიკოსები ამბობენ, რომ წარმართული რომი მეოთხე საუკუნეში „გაქრისტიანდა“. ფაქტია, რომ ამ დროისთვის განდგომილი ქრისტიანობა უკვე რომის იმპერიის წარმართულ რელიგიებთან ერთად დიდი ბაბილონის ნაწილი იყო. მიუხედავად ამისა, მცირერიცხოვანი ცხებული ქრისტიანები, რომლებიც იესომ ხორბალს შეადარა, შეძლებისდაგვარად ცდილობდნენ, ღვთისთვის ეცათ თაყვანი, თუმცა მოწინააღმდეგეები მათ ხმას ახშობდნენ (წაიკითხეთ მათეს 13:24, 25, 37—39). ისინი მართლაც ბაბილონის ტყვეობაში იყვნენ!

10. რის საფუძველზე შეიტანეს გულმართალმა ადამიანებმა ეკლესიის სწავლებებში ეჭვი ახ. წ. პირველი რამდენიმე საუკუნის განმავლობაში?

10 მიუხედავად ამისა, ახ. წ. პირველი რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ბევრს შეეძლო, ბერძნულ ან ლათინურ ენებზე წაეკითხა ბიბლია. მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, ღვთის სიტყვის სწავლებები ეკლესიის მოძღვრებებისთვის შეედარებინათ. ბიბლიაში წაკითხულის საფუძველზე ზოგმა უარყო ეკლესიის არაბიბლიური სწავლებები. მაგრამ ამის ხმამაღლა თქმა ძალიან საშიში იყო და ზოგს სიცოცხლის ფასად დაუჯდა.

11. რატომ აღმოჩნდა ბიბლია მხოლოდ სამღვდელოების ხელში?

11 დროთა განმავლობაში ხალხი აღარ იყენებდა იმ ენებს, რომლებზეც ბიბლია იყო ხელმისაწვდომი, ეკლესია კი ყველანაირად ეწინააღმდეგებოდა ღვთის სიტყვის ხალხისთვის გასაგებ ენებზე თარგმნას. შედეგად,  მხოლოდ სამღვდელოებასა და ზოგიერთ განათლებულ ადამიანს შეეძლო ბიბლიის კითხვა. თუმცა სასულიერო პირებიდანაც ყველამ არ იცოდა კარგად წერა-კითხვა. ეკლესიის სწავლებებისგან განსხვავებული აზრის ქონა მკაცრად ისჯებოდა. თუ ღვთის ცხებულ ერთგულ მსახურებს ექნებოდათ შეკრების შესაძლებლობა, მათ პატარ-პატარა ჯგუფებად მოუწევდათ შეკრება, რომ თვალში არავის მოხვედროდნენ. როგორც ძველად, ბაბილონის გადასახლების დროს, ცხებული „სამეფო სამღვდელოება“ ახლაც ვეღარ ასრულებდა მსახურებას ორგანიზებულად. დიდ ბაბილონს ხალხი თავის მარწუხებში ჰყავდა მოქცეული!

გამონათება

12, 13. რომელმა ორმა ფაქტორმა განაპირობა ხალხზე დიდი ბაბილონის გავლენის შესუსტება? ახსენით.

12 შეძლებდნენ ოდესმე ჭეშმარიტი ქრისტიანები ღვთისთვის სათანადოდ და ღიად თაყვანისცემას? რა თქმა უნდა, შეძლებდნენ. ორი მნიშვნელოვანი ფაქტორის წყალობით სულიერი სინათლის პირველმა სხივებმა სიბნელეში გამოანათა. პირველი იყო მე-15 საუკუნის შუა პერიოდში საბეჭდი დაზგის გამოგონება. მანამდე ბიბლიას დიდი სიფრთხილით წერდნენ ხელით, რაც შრომატევადი საქმე იყო. ამიტომ ბიბლიის ასლები ცოტა იყო და ძვირი ღირდა. ამბობენ, რომ დახელოვნებულ გადამწერს ათი თვე სჭირდებოდა ბიბლიის ერთი ხელნაწერი ასლის გასაკეთებლად. გარდა ამისა, საწერი მასალა (ეტრატი ანუ პერგამენტი) ძალიან ძვირი ღირდა. ამისგან განსხვავებით დახელოვნებულ მესტამბეს ქაღალდზე დღეში 1 300 გვერდის დაბეჭდვა შეეძლო, რაც უფრო პრაქტიკული მეთოდი იყო!

საბეჭდი დაზგის გამოგონებისა და ბიბლიის მამაცი მთარგმნელების წყალობით დიდი ბაბილონის გავლენა შესუსტდა (იხილეთ აბზაცები 12, 13)

13 მეორე აღსანიშნავი ფაქტორი ის იყო, რომ მე-16 საუკუნის დასაწყისში რამდენიმე მამაცმა კაცმა გადაწყვიტა, ღვთის სიტყვა ხალხისთვის გასაგებ ენებზე ეთარგმნა. ბევრმა მთარგმნელმა ამის გამო სიცოცხლე  საფრთხეში ჩაიგდო. ეკლესია თავზარდაცემული იყო, რადგან წინამძღოლების აზრით, ღვთისმოშიში ადამიანების ხელში ბიბლია საშიში იარაღი იქნებოდა. როგორც კი ხელმისაწვდომი გახდა, ხალხმა ბიბლიის კითხვა დაიწყო. მისი წაკითხვის შემდეგ გაუჩნდათ კითხვები: სად არის მოხსენიებული ბიბლიაში განსაწმენდელი, მიცვალებულებისთვის წირვა-ლოცვა ან პაპები და კარდინალები? ასეთი კითხვები ეკლესიისთვის შეურაცხმყოფელი იყო. როგორ ბედავდა ხალხი ეკლესიის სწავლებებში ეჭვის შეტანას?! ეკლესია შეტევაზე გადავიდა. კაცებსაც და ქალებსაც ერეტიკოსებად რაცხავდნენ, რადგან ისინი უარყოფდნენ ეკლესიის სწავლებებს, რომელთაგან ზოგი იესო ქრისტემდე მცხოვრები არისტოტელესა და პლატონის წარმართულ ფილოსოფიებს ეფუძნებოდა. ეკლესიას სასიკვდილო განაჩენი გამოჰქონდა, სახელმწიფო კი ამ განაჩენს ასრულებდა. მიზანი ის იყო, რომ ხალხს ბიბლიის კითხვისა და ეკლესიის სწავლებების ეჭვქვეშ დაყენების სურვილი დაჰკარგვოდა. ძირითადად, ეკლესია აღწევდა მიზანს. თუმცა ზოგიერთი გაბედული ადამიანი არ შეუშინდა დიდი ბაბილონის მუქარას. მათ გემო გაუგეს ღვთის სიტყვას და მეტის გაგება სურდათ. ამგვარად მომზადდა ნიადაგი, რომ ჭეშმარიტ ქრისტიანებს მომავალში თავი დაეღწიათ ცრუ რელიგიის მარწუხებისგან.

14. ა) რამ შეუწყო ხელი მე-19 საუკუნის მიწურულს ბიბლიური ჭეშმარიტების უკეთ გაგებას? ბ) როგორ ეძებდა ძმა რასელი ჭეშმარიტებას?

14 ბიბლიურ ჭეშმარიტებას მოწყურებული ბევრი ადამიანი გადაიხვეწა სხვა ქვეყნებში, სადაც ეკლესიას ნაკლები გავლენა ჰქონდა. მათ სურდათ, ეკითხათ ბიბლია და ნასწავლი ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ ისე, რომ არავის ეკარნახა მათთვის, რა უნდა ეფიქრათ და რა არა. ერთ-ერთ ასეთ ქვეყანაში, შეერთებულ შტატებში, მე-19 საუკუნის მიწურულს ჩარლზ ტეიზ რასელმა რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად დაიწყო ბიბლიის სისტემატური შესწავლა. თავიდან ძმა რასელის მიზანი იყო, გაერკვია, რომელი რელიგია ასწავლიდა ჭეშმარიტებას. მან გულდასმით შეადარა ბიბლიას სხვადასხვა რელიგიის სწავლებები, მათ შორის არაქრისტიანული რელიგიების სწავლებებიც. ის მალევე მიხვდა, რომ ღვთის სიტყვას არც ერთი რელიგია არ ეთანხმებოდა ბოლომდე. რასელი შეხვდა სხვადასხვა ეკლესიის სასულიერო პირებს იმ იმედით, რომ ისინიც გაიზიარებდნენ და თავიანთ მრევლსაც ასწავლიდნენ იმ ჭეშმარიტებას, რომელიც მან თავის თანამოაზრეებთან ერთად აღმოაჩინა ბიბლიაში. სასულიერო პირებს დიდი ინტერესი არ გამოუვლენიათ. ბიბლიის მკვლევრები მიხვდნენ, რომ ისინი ვერ ითანამშრომლებდნენ მათთან, ვისაც ცრუ რელიგიაში დარჩენა უნდოდა (წაიკითხეთ 2 კორინთელების 6:14).

15. ა) როდის აღმოჩნდნენ ქრისტიანები დიდი ბაბილონის უღელქვეშ? ბ) რომელ კითხვებს გაეცემა პასუხი შემდეგ სტატიაში?

15 როგორც დავინახეთ, ჭეშმარიტი ქრისტიანები დიდი ბაბილონის ტყვეობაში ბოლო მოციქულის სიკვდილიდან მალევე აღმოჩნდნენ. მაგრამ წამოიჭრება კითხვები: კიდევ რა მოწმობს იმაზე, რომ ცხებულები 1914 წლამდე რამდენიმე ათწლეულის მანძილზე თავისუფლდებოდნენ დიდი ბაბილონის გავლენისგან და ის მეტად ვეღარ დაიმონებდა მათ? სიმართლეა ის, რომ იეჰოვა უკმაყოფილო იყო თავისი მსახურებით, რომლებმაც პირველი მსოფლიო ომის დროს შეანელეს სამქადაგებლო საქმიანობა? დაარღვია ამ პერიოდში ჩვენი ძმებიდან ზოგმა ქრისტიანული ნეიტრალიტეტი და დაკარგეს მათ ამის გამო იეჰოვას კეთილგანწყობა? დაბოლოს, თუ ქრისტიანები ცრუ რელიგიის მონობაში ახ. წ. მეორე საუკუნეში აღმოჩნდნენ, როდის გათავისუფლდნენ ისინი? ამ საინტერესო კითხვებზე პასუხს შემდეგი სტატიიდან გავიგებთ.