წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) ნოემბერი 2016

 ჩვენი არქივიდან

„გამოფხიზლდით, სამეფოს მაუწყებლებო!“

„გამოფხიზლდით, სამეფოს მაუწყებლებო!“

1937 წლის დეკემბრის „ინფორმატორი“ * (ლონდონის გამოცემა) ბრიტანელ მაუწყებლებს მოუწოდებდა: „გამოფხიზლდით, სამეფოს მაუწყებლებო!“. სათაურის ქვემოთ მოდიოდა დამაფიქრებელი ქვესათაური: „უმნიშვნელო ზრდა ბოლო ათი წლის მანძილზე“. ამ აზრს ადასტურებდა 1928—1937 წლების სამსახურებრივი ანგარიში, რომელიც პირველ გვერდზე იყო განთავსებული.

მართლა საჭიროზე მეტი პიონერი იყო?

რამ გამოიწვია ბრიტანეთში სამქადაგებლო საქმიანობის შეფერხება? აშკარა იყო, კრებებს ენთუზიაზმი აკლდა და წლების წინ გატკეპნილ ბილიკს მიუყვებოდნენ. ისინი არ ცდილობდნენ მსახურების გაფართოებას. ამასთან, ფილიალმა მიიჩნია, რომ მათი ტერიტორია მხოლოდ 200 პიონერისთვის იქნებოდა საკმარისი, რომლებიც დაშორებულ ტერიტორიებზე იმსახურებდნენ და არა კრებებში. ამიტომ პიონერობის მსურველებს ეუბნებოდნენ, რომ ბრიტანეთში მეტი პიონერი აღარ იყო საჭირო და მოუწოდებდნენ, ევროპის სხვა ქვეყნებში გადასულიყვნენ. შესაქები იყო ის, რომ პიონერები უწყვეტ ნაკადად გადიოდნენ ბრიტანეთიდან საფრანგეთსა თუ სხვა ქვეყნებში მიუხედავად იმისა, რომ ენა ცუდად იცოდნენ ან საერთოდ არ იცოდნენ.

მოქმედებისკენ აღმძვრელი მოწოდება

ზემოხსენებულ სტატიაში დასახული იყო არცთუ ისე ადვილი მიზანი — 1938 წელს ბრიტანეთში მაუწყებლებს ერთი მილიონი საათი უნდა ექადაგათ! ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელი იქნებოდა, თუ თითოეული მაუწყებელი თვეში 15 საათს იქადაგებდა, პიონერი კი —110 საათს. კრებებს მიეცათ რჩევები, რომ ორგანიზება გაეწიათ მსახურების ჯგუფებისთვის, რომლებიც ხუთი საათით გავიდოდნენ მსახურებაში, მეტი ყურადღება მიექციათ განმეორებითი მონახულებებისთვის და დაინტერესებულები შუა კვირაში საღამოობით მოენახულებინათ.

გულმოდგინე პიონერები მთელი ენთუზიაზმით ქადაგებენ

მსახურებაში ასეთი სიახლის შეტანამ ბევრი გაახარა. „ეს იყო მოქმედებისკენ აღმძვრელი მოწოდება მთავარი სამმართველოდან. ამას ბევრი ჩვენგანი ელოდა და მას შესანიშნავი შედეგები მოჰყვა“, — გაიხსენა ჰილდა პაჯეტმა *. და უოლისმა დაწერა: „ხუთსაათიანი მსახურების შემოთავაზება შესანიშნავი იყო. რა მოგვიტანდა იმაზე დიდ სიხარულს, ვიდრე მთელი დღით უფლის საქმის შესრულება?! . მართალია, უკან დაღლილები ვბრუნდებოდით, მაგრამ ძალიან ბედნიერები ვიყავით!“. ახალგაზრდა სტივენ მილერი მიხვდა, რომ ეს საქმე გადაუდებელი იყო და გამოეხმაურა მოწოდებას. ვიდრე ახალგაზრდა იყო და შეეძლო, უნდოდა ეს საქმე ეკეთებინა! მას კარგად ახსოვდა, როგორ მსახურობდნენ მთელი დღე ჯგუფურად ველოსიპედებით, ზაფხულში საღამოობით კი ხალხს მოხსენებების ჩანაწერებს ასმენინებდნენ. ისინი მთელი მონდომებით მონაწილეობდნენ პლაკატებით საინფორმაციო მსვლელობებში და ქუჩაში ავრცელებდნენ ჟურნალებს.

„ინფორმატორის“ იმავე ნომერში იყო სხვა მოწოდებაც: „საჭიროა 1 000 პიონერი“. ტერიტორიების დასამუშავებლად შემოღებული ახალი წესის თანახმად, პიონერები აღარ უნდა ყოფილიყვნენ კრებას მოწყვეტილნი. მათ კრებასთან ერთად უნდა ემსახურათ, მხარი დაეჭირათ მისთვის და გაეძლიერებინათ. „ბევრი ძმა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პიონერად უნდა  ემსახურათ, — იხსენებს ჯოის ელისი. — მიუხედავად იმისა, რომ მაშინ მხოლოდ 13 წლისა ვიყავი, ძალიან მინდოდა პიონერად მსახურება“. მან მიაღწია თავის მიზანს და პიონერად მსახურება 1940 წლის ივლისში, 15 წლის ასაკში დაიწყო. პიტერი, რომელმაც მოგვიანებით ცოლად მოიყვანა ჯოისი, ამ მოწოდებამ აღძრა, „პიონერულ მსახურებაზე დაეწყო ფიქრი“. 1940 წლის ივნისში 17 წლის პიტერმა სკარბორომდე 105 კილომეტრი გაიარა ველოსიპედით, რათა იქ პიონერად ემსახურა.

ახალი პიონერებისთვის ჩვეული თავგანწირვა გამოავლინეს სირილ და კიტი ჯონსონებმა. სრული დროით მსახურების ხარჯების დასაფარავად მათ გაყიდეს თავიანთი სახლი და სხვა ქონება. სირილმა თავი დაანება სამსახურს და ერთ თვეში ორივენი მზად იყვნენ პიონერობის დასაწყებად. მან გაიხსენა: „სრულიად დარწმუნებულები ვიყავით, რომ ყველაფერი გამოგვივიდოდა. მსახურებას ნებაყოფლობით და ხალისით შევუდექით“.

პიონერთა სახლები

ვინაიდან პიონერთა რიცხვი სწრაფად იზრდებოდა, პასუხისმგებელმა ძმებმა დაიწყეს ფიქრი, როგორ დახმარებოდნენ მათ პრაქტიკულად. ჯიმ კერიმ, რომელიც 1938 წლისთვის სამხარეო მსახური იყო (ასე ეწოდებოდათ ადრე სარაიონო ზედამხედველებს), გაითვალისწინა ფილიალის რჩევა, ქალაქებში პიონერთა სახლები გაეხსნათ. პიონერთა ჯგუფებს მოუწოდებდნენ, ხარჯების შემცირების მიზნით ერთად ეცხოვრათ და ერთად ემსახურათ. შეფილდში დაიქირავეს დიდი სახლი, რომელსაც პასუხისმგებელი ძმა მეთვალყურეობდა. ადგილობრივმა კრებამ პიონერებს თანხა შესწირა და ავეჯი აჩუქა. „ამ საქმეში ყველამ შეიტანა თავისი წვლილი“, — თქვა ჯიმმა. ამ სახლში ათი პიონერი ცხოვრობდა და კარგ სულიერ განრიგს მიჰყვებოდა. „დილაობით საუზმის დროს განიხილავდნენ [ყოველდღიურ] მუხლს“. „პიონერები ყოველდღე გადიოდნენ თავიანთ უბნებზე ქალაქის სხვადასხვა ნაწილში“.

ბრიტანეთი აივსო ახალი პიონერებით

ზემოხსენებულ მოწოდებას მაუწყებლებიც გამოეხმაურნენ და პიონერებიც და 1938 წელს მათ ერთი მილიონი საათი იქადაგეს. სამქადაგებლო მსახურების ანგარიშებიდან ჩანს, რომ წარმატებას მათ მსახურების ყველა სფეროში მიაღწიეს. ხუთ წელიწადში ბრიტანეთში მაუწყებლების რიცხვი თითქმის გასამმაგდა. სამეფოს საქმისადმი ამ განახლებულმა ენთუზიაზმმა გააძლიერა იეჰოვას ხალხი იმ სირთულეების გადასატანად, რომლებიც ომის წლებში წინ ელოდათ.

დღეს, როცა ღვთის ომი, არმაგედონი კარსაა მომდგარი, ბრიტანეთში პიონერთა რიცხვი კვლავ იზრდება. ბოლო ათი წლის მანძილზე არაერთხელ დაფიქსირდა პიონერთა უმაღლესი რიცხვი. 2015 წლის ოქტომბრისთვის ბრიტანეთში 13 224 პიონერი მსახურობდა. მათ ესმით, რომ პიონერად მსახურება ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა.

^ აბზ. 3 მოგვიანებით ეწოდა „ჩვენი სამეფო მსახურება“.

^ აბზ. 8 ჰილდა პაჯეტის ბიოგრაფია დაიბეჭდა 1995 წლის 1 ოქტომბრის „საგუშაგო კოშკში“, გვ. 19—24 (რუს.).