წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) მარტი 2016

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

როდის დაატყვევა დიდმა ბაბილონმა ღვთის ხალხი?

სულიერი ტყვეობა ახ. წ. II საუკუნიდან 1919 წლამდე გაგრძელდა. რას ეფუძნება ეს ახლებური გაგება?

ყველა ფაქტი იმაზე მიუთითებს, რომ სულიერი ტყვეობა 1919 წელს დასრულდა, როცა ცხებული ქრისტიანების შეკრება დაიწყო აღდგენილ ქრისტიანულ კრებაში. ღვთის ხალხი 1914 წლიდან, ზეციერი სამეფოს დამყარებიდან, რამდენიმე წლის განმავლობაში იცდებოდა და იწმინდებოდა * (მალ. 3:1—4). შემდეგ, 1919 წელს, იესომ დანიშნა „ერთგული და გონიერი მონა“, რათა ღვთის განწმენდილი ხალხისთვის დროულად მიეცა სულიერი საზრდო (მათ. 24:45—47). ამავე წელს მათ ღვთისგან ბოძებულ სულიერ სამოთხეში დაბრუნება დაიწყეს. სწორედ ამ პერიოდში გათავისუფლდნენ ისინი დიდი ბაბილონის ტყვეობიდან (გამოცხ. 18:4). მოდი, დაწვრილებით ვიმსჯელოთ, თუ როდის ჩაიგდო ღვთის ხალხი ტყვედ დიდმა ბაბილონმა?

წლების განმავლობაში ვამბობდით, რომ ღვთის ხალხი სულიერ ტყვეობაში 1918 წელს ჩავარდა და ისინი დიდ ბაბილონს მცირე ხნით ჰყავდა დატყვევებული. 1992 წლის 15 მარტის „საგუშაგო კოშკში“ ეწერა: „როგორც ძველად ღვთის ხალხი აღმოჩნდა ბაბილონის ტყვეობაში გარკვეული ხნით, ისე 1918 წელს იეჰოვას მსახურები აღმოჩნდნენ დიდი ბაბილონის ტყვეობაში რაღაც პერიოდის განმავლობაში“. თუმცა ამ საკითხის სიღრმისეულმა გამოკვლევამ დაგვანახვა, რომ ტყვეობა 1918 წელზე გაცილებით ადრე დაიწყო.

განვიხილოთ წინასწარმეტყველება, რომელიც ღვთის ხალხის ტყვეობასა და გათავისუფლებას ეხება. ეს წინასწარმეტყველება ჩაწერილია ეზეკიელის 37:1—14-ში. ეზეკიელმა ძვლებით სავსე ველი იხილა. იეჰოვამ მას აუხსნა, რომ ეს ძვლები „ისრაელის მთელ სახლს“ განასახიერებდა. ფართო მასშტაბით ეს წინასწარმეტყველება „ღვთის ისრაელზე“ შესრულდა (გალ. 6:16; საქ. 3:21). შემდეგ ეზეკიელმა დაინახა, როგორ გაცოცხლდა ძვლები და როგორ იქცა „დიდძალ ლაშქრად“. ეს ხილვა მართლაც საუკეთესოდ აღწერს ღვთის ხალხის სულიერ გაცოცხლებას, რამაც თავის კულმინაციას 1919 წელს მიაღწია. მაგრამ საინტერესოა, რას გვიმჟღავნებს ეს ხილვა ტყვეობის ხანგრძლივობის შესახებ?

დავიწყოთ იმით, რომ ხილვაში ნანახი ძვლები გამხმარი და ძალიან გამომშრალი იყო (ეზეკ. 37:2, 11). ეს იმაზე მიუთითებს, რომ ის ადამიანები,  რომელთაც ეს ძვლები ეკუთვნოდათ, დიდი ხნის გარდაცვლილები უნდა ყოფილიყვნენ. გარდა ამისა, ხილვაში გაცოცხლება ხდება თანდათანობით და არა ერთბაშად. თავიდან „ჩხარუნის ხმა“ გაისმა და „ძვლებმა ერთმანეთთან მიახლოება დაიწყეს“. შემდეგ „ძარღვები და ხორცი შეესხა მათ და კანმა დაფარა ისინი“. ბოლოს „სუნთქვა შევიდა მათში და გაცოცხლდნენ“. იეჰოვამ გაცოცხლებულები თავიანთ მიწაზე დაასახლა. ცხადია, ამ ყველაფერს დრო დასჭირდებოდა (ეზეკ. 37:7—10, 14).

როგორც ბიბლიიდან ვიცით, ისრაელმა ერმა ტყვეობაში საკმაოდ დიდი ხანი დაჰყო. ტყვეობა ძვ. წ. 740 წელს დაიწყო, როცა ათტომიანი სამეფო დაეცა და მრავალი ტყვედ ჩავარდა. შემდეგ, ძვ. წ. 607 წელს იერუსალიმი მიწასთან გაასწორეს და იუდას სამეფოს მცხოვრებნიც ტყვედ წაასხეს. ეს ტყვეობა ძვ. წ. 537 წელს დასრულდა, როდესაც იუდეველების ნაწილი იერუსალიმში ტაძრისა და წმინდა თაყვანისმცემლობის აღსადგენად დაბრუნდა.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით ცხადი ხდება, რომ ღვთის ხალხი დიდ ბაბილონს ტყვეობაში 1918 წლიდან 1919 წლამდე კი არა, გაცილებით მეტხანს უნდა ჰყოლოდა. ტყვეობის პერიოდი ზუსტად ემთხვევა იმ პერიოდს, როცა სარეველასა და ხორბალს ანუ „სამეფოს ძეებს“ ერთად უნდა ეზარდათ (მათ. 13:36—43). ზრდის ამ პერიოდში განდგომილები რიცხობრივად ბევრად აღემატებოდნენ ჭეშმარიტ ქრისტიანებს. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ამ დროს ქრისტიანული კრება დიდი ბაბილონის ტყვეობაში იყო მოქცეული. ტყვეობა ახ. წ. II საუკუნეში დაიწყო და ბოლო დღეებში სულიერი ტაძრის განწმენდით დასრულდა (საქ. 20:29, 30; 2 თეს. 2:3, 6; 1 იოან. 2:18, 19).

სულიერი ტყვეობის ამ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სამღვდელოებას ხალხი საკუთარ გავლენაში რომ ჰყოლოდა და ძალაუფლება შეენარჩუნებინა, მათ ღვთის სიტყვას უმალავდა; სასულიერო პირებს ამაში ხელისუფალნიც უჭერდნენ მხარს. იყო დრო, როცა ადამიანს მისთვის გასაგებს ენაზე ბიბლიის კითხვა დანაშაულად ეთვლებოდა. ზოგს ღვთის სიტყვის წაკითხვის გამო კოცონზეც კი წვავდნენ. ვინც სამღვდელოების სწავლების საწინააღმდეგო აზრს გამოთქვამდა, მას სასტიკად უსწორდებოდნენ; ფაქტობრივად, სასულიერო პირები ნებისმიერ მცდელობას ახშობდნენ, რათა ჭეშმარიტების სინათლეს არ ენათებინა.

მოდი, ახლა იმაზეც ვისაუბროთ, თუ როდის და როგორ განხორციელდა სულიერი აღდგენის პროცესი. ეს მოხდა ეტაპობრივად. მას თან ახლდა „ჩხარუნის ხმა“, რომელიც ბოლო დღეების დაწყებამდე საუკუნეების განმავლობაში გრძელდებოდა. მართალია, ამ დროის მანძილზე ხალხი ცრუ რელიგიური სწავლებების გავლენაში იყო მოქცეული, მაგრამ თითო-ოროლა ადამიანი ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის  სადარაჯოზე მაინც დგებოდა. ზოგი მათგანი თავს არ ზოგავდა ხალხისთვის გასაგებ ენებზე ბიბლიის გამოსაცემად, ზოგი კი მთელი გულმოდგინებით აცხადებდა ღვთის სიტყვაში მიკვლეულ ჭეშმარიტებას.

XIX საუკუნის მეორე ნახევარში ჩარლზ ტეიზ რასელი და მისი თანამოაზრეები ძალ-ღონეს არ იშურებდნენ იმისათვის, რომ ბიბლიურ ჭეშმარიტებას კვლავ მოჰფენოდა ნათელი. ისე მოხდა, თითქოს სიმბოლურ ჩონჩხს ნელ-ნელა ხორცი შეესხა და კანით დაიფარა. „სიონის საგუშაგო კოშკმა“ და სხვა პუბლიკაციებმა ალალ-მართალ ადამიანებს ჭეშმარიტება გააგებინა. მოგვიანებით, 1914 წელს გამოსულმა „შემოქმედების ფოტოდრამამ“ და 1917 წელს გამოცემულმა წიგნმა „დასრულებული საიდუმლო“ ღვთის ხალხს ძალა შემატა. საბოლოოდ, 1919 წელს, ღვთის ხალხი, ასე ვთქვათ, გაცოცხლდა და სულიერ მიწაზე დასახლდა. დროთა განმავლობაში ცხებულებს მიწიერი იმედის მქონე ადამიანები შეუერთდნენ და ისინი „დიდძალ ლაშქრად“ გადაიქცნენ (ეზეკ. 37:10; ზაქ. 8:20—23). *

ზემოთ მოყვანილი არგუმენტების საფუძველზე აშკარად გამოჩნდა, რომ ღვთის ხალხი ბაბილონის ტყვეობაში ახ. წ. II საუკუნეში ჩავარდა, როცა განდგომილებამ იჩინა თავი. ეს იყო შავბნელი პერიოდი, იმ პერიოდის მსგავსი, როცა ისრაელები ბაბილონის ტყვეობაში იმყოფებოდნენ. რა ბედნიერები ვართ, რომ ჩვენ, ღვთის ხალხმა, მრავალსაუკუნოვან ჩაგვრას თავი დავაღწიეთ და ვცხოვრობთ იმ დროში, როცა „სინათლესავით გაანათებენ წვდომის უნარიანნი“ და „მრავალი განიწმინდება . . . გამოიბრძმედება“ (დან. 12:3, 10).

პირდაპირი გაგებით წაიყვანა სატანამ იესო ტაძარში საცდუნებლად?

დაბეჯითებით ვერ ვიტყვით, იესო ნამდვილად წაიყვანა სატანამ ტაძარში თუ ეს მხოლოდ ხილვა იყო. თუმცა ჩვენს პუბლიკაციებში ორივე მოსაზრება განიხილებოდა.

თავდაპირველად, ვნახოთ, თუ რას ამბობს ბიბლია. მოციქულმა მათემ ღვთივშთაგონებით თავის სახარებაში დაწერა: „მაშინ ეშმაკმა ის [იესო] წმინდა ქალაქში წაიყვანა, ტაძრის გალავანზე დააყენა“ (მათ. 4:5). ბიბლიის ზოგ თარგმანში ამ მუხლში მოხსენიებული გალავნის ნაცვლად ვხვდებით სიტყვებს: „კიდე“ ან „ქიმი“. ამ შემთხვევას ლუკა თავის სახარებაში ასე აღგვიწერს: „შემდეგ ის იერუსალიმში მიიყვანა, ტაძრის გალავანზე დააყენა“ (ლუკ. 4:9).

უწინ ჩვენს პუბლიკაციებში გამოთქმული იყო ვარაუდი, რომ სატანას იესო ტაძარში პირდაპირი გაგებით არ წაუყვანია. 1961 წლის 1 მარტის „საგუშაგო კოშკში“ ნათქვამი იყო: «ყველაფერი, რაც უდაბნოში იესოს ცდუნების ეპიზოდშია მოხსენიებული, პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ. მაგალითად, არ არსებობს ისეთი მთა, საიდანაც შესაძლებელია „ყველა სამეფოსა და მათი დიდების“ დანახვა. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, დავასკვნათ, რომ სატანას იესო პირდაპირი გაგებით წმინდა ქალაქში არ წაუყვანია და ტაძრის გალავანზე არ დაუყენებია. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სატანის საცდური არარეალური იყო». თუმცა „საგუშაგო კოშკის“ მომდევნო გამოცემებში ის მოსაზრებაც გამოითქმებოდა, რომ, თუ ქრისტე სატანის საცდურს აჰყვებოდა, ეს მისი თვითმკვლელობით დასრულდებოდა.

ზოგი აღნიშნავს, რომ იესოს, როგორც არალევიანს, ტაძარზე დგომის უფლება არ ჰქონდა. ამიტომაც მიაჩნიათ, რომ ტაძარში იესოს წაყვანა შესაძლოა ხილვა  იყო. საუკუნეებით ადრე ეზეკიელის შემთხვევაშიც მსგავსი რამ მოხდა (ეზეკ. 8:3, 7—10; 11:1, 24; 37:1, 2).

თუ ვივარაუდებთ, რომ სატანა იესოს შეცდენას ხილვის მეშვეობით ცდილობდა, წამოიჭრება შემდეგი კითხვები:

  • საცდური რეალური იყო თუ წარმოსახვითი?

  • თუ დანარჩენი ორი საცდური, მაგალითად, ქვების პურებად გადაქცევა და თაყვანისცემის მიზნით სატანის წინაშე დამხობა იესოს მხრიდან ფიზიკურ მოქმედებას მოითხოვდა, რატომ უნდა გამოვრიცხოთ ის, რომ ამ შემთხვევაშიც მისგან ფიზიკური მოქმედება — გადმოხტომა — იყო საჭირო?

მეორე მხრივ, თუ დავუშვებთ, რომ იესო პირდაპირი გაგებით იდგა ტაძარზე, უკვე სხვა კითხვები ჩნდება:

  • ხომ არ დაარღვევდა იესო მოსეს კანონს, თუ ტაძარზე დადგებოდა?

  • როგორ აღმოჩნდა იესო უდაბნოდან იერუსალიმში?

ბოლო ორ კითხვაზე პასუხის მისაღებად მოდი, უფრო ვრცლად მიმოვიხილოთ ეს საკითხი.

დონალდ კარსონი, პროფესორი თეოლოგიის დარგში, აღნიშნავს, რომ ბერძნული სიტყვა „ჰიერონ“, რომელიც ორივე სახარებაში ტაძრად ითარგმნა, სავარაუდოდ, მთლიან სატაძრო კომპლექსზე მიუთითებს და არა მხოლოდ ტაძარზე. თუ მხედველობაში მივიღებთ პროფესორ კარსონის მოსაზრებას, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ იესო უშუალოდ ტაძარზე არ დამდგარა. ის შესაძლოა გალავანზე, ტაძრის სამხრეთ-აღმოსავლეთით, დამდგარიყო. ამ ადგილიდან ქვემოთ, კედრონის ხევამდე მანძილი დაახლოებით 137 მეტრს შეადგენდა. გალავნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს ბრტყელი, მოაჯირიანი სახურავი ჰქონდა და გალავნის ეს ნაწილი ყველაზე მაღალ ადგილს წარმოადგენდა. ისტორიკოსის, იოსებ ფლავიუსის, ცნობით, თუ ვინმე აქ დადგებოდა და გადაიხედავდა, თავბრუ დაეხვეოდა. ცხადია, იესოს, რომელიც ლევის ტომს არ მიეკუთვნებოდა, თავისუფლად შეეძლო ამ ადგილას დგომა და შესაბამისად, ეს არავის აღშფოთებას არ გამოიწვევდა.

მაგრამ საინტერესოა, როგორ აღმოჩნდა იესო უდაბნოდან იერუსალიმში? გადაჭრით ვერაფერს ვიტყვით. სახარებებში მოთხრობილი ამ მოკლე მონაკვეთიდან არც ის ჩანს, თუ რამდენ ხანს სცდიდა მას ეშმაკი და არც ის, თუ კონკრეტულად რა ადგილას იმყოფებოდა იგი უდაბნოში. ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ იესო თავად ჩასულიყო უდაბნოდან იერუსალიმში, მიუხედავად იმისა, რომ მგზავრობას შესაძლოა დიდი დრო დასჭირვებოდა. ბიბლიის ამ მონაკვეთში კონკრეტულად არაფერია ნათქვამი იმის თაობაზე, იმყოფებოდა თუ არა იესო უდაბნოში მთელი იმ დროის განმავლობაში, როცა მას ეშმაკი სცდიდა. მასში მხოლოდ ისაა ნათქვამი, რომ იგი ეშმაკმა იერუსალიმში წაიყვანა.

რის თქმა შეიძლება იმ საცდურზე, როცა სატანამ იესოს „მსოფლიოს ყველა სამეფო“ აჩვენა? იესო პირდაპირი გაგებით ყველა სამეფოს ვერ დაინახავდა, ვინაიდან დედამიწის ზურგზე არ არსებობს ისეთი მთა, საიდანაც ყველა სამეფო გამოჩნდება. ამის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ სატანამ იესოს სამეფოები ხილვის მეშვეობით უჩვენა, დაახლოებით ისე, როგორც პროექტორის საშუალებითაა შესაძლებელი ეკრანზე მსოფლიოს ამა თუ იმ ადგილის ჩვენება. ეს შეიძლება ხილვა იყო, მაგრამ იესოს სატანისთვის თაყვანი რეალურად უნდა ეცა (მათ. 4:8, 9). აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ საცდური, გადამხტარიყო იესო ტაძრის გალავნიდან, ფიზიკურ მოქმედებას მოითხოვდა, რომელსაც შესაბამისი შედეგი უსათუოდ მოჰყვებოდა; ეს გაცილებით მეტ სერიოზულობას სძენდა საცდურს, რასაც ხილვაზე ვერ ვიტყვით.

როგორც დასაწყისშიც აღვნიშნეთ, ამ საკითხზე კონკრეტულ დასკვნას ვერ გავაკეთებთ. თუმცა ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ იესო იერუსალიმში პირდაპირი გაგებით ჩასულიყო და ტაძრის გალავანზე დამდგარიყო. ერთი რამ კი დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ: ეშმაკის სამივე საცდური რეალური იყო და სამივე შემთხვევაში იესომ მას დამაჯერებელი პასუხები გასცა.

^ აბზ. 1 როგორც ეზეკიელის 37:1—14-ში, ისე გამოცხადების 11:7—12-ში საუბარია სულიერ აღდგენაზე, რომელიც 1919 წელს მოხდა. ეზეკიელის წინასწარმეტყველება ეხება ხანგრძლივი ტყვეობის შემდეგ ღვთის ხალხის საბოლოო სულიერ აღდგენას, ხოლო „გამოცხადებაში“ ჩაწერილი წინასწარმეტყველება — ცხებული ძმების მცირე ჯგუფის სულიერად ხელახლა დაბადებას, რომლებიც ხანმოკლე იძულებითი უმოქმედობის შემდეგ კვლავ სათავეში ჩაუდგნენ ღვთის ხალხს.