არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა)  |  მარტი 2016

ეცადე, გაიგო, რა სახის დახმარება ესაჭიროება თანაქრისტიანს — პრაქტიკული, ემოციური თუ სულიერი

შეგიძლია დაეხმარო შენს კრებას?

შეგიძლია დაეხმარო შენს კრებას?

იესო ქრისტემ ზეცად ამაღლებამდე თავის მოწაფეებს უთხრა: „იქნებით ჩემი მოწმეები . . . დედამიწის კიდით კიდემდე“ (საქ. 1:8). ისმის კითხვა: როგორ შეძლებდნენ პირველი ქრისტიანები, ყველასთვის ექადაგათ სასიხარულო ცნობა?

ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი მარტინ გუდმენი აღნიშნავს, რომ იმდროინდელ რომის იმპერიაში მისიონერული სულისკვეთება ქრისტიანებს სხვა რელიგიური ჯგუფებისგან გამოარჩევდა, მათ შორის იუდეველებისგან. იესო სხვადასხვა მხარეში აუწყებდა სასიხარულო ცნობას. პირველ ქრისტიანებს მისთვის უნდა მიებაძათ და „სასიხარულო ცნობა ღვთის სამეფოს შესახებ“ ჭეშმარიტებასმოწყურებული ადამიანებისთვის უნდა ექადაგათ (ლუკ. 4:43). სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ იყვნენ პირველი საუკუნის კრებაში „მოციქულები“. მოციქული სიტყვასიტყვით ნიშნავს წარგზავნილს, დესპანს (მარ. 3:14). იესომ თავის მიმდევრებს მოუწოდა: „ამიტომ წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან“ (მათ. 28:18—20).

მართალია, იესოს 12 მოციქულიდან დღეს ჩვენთან ერთად არც ერთი არ მსახურობს, მაგრამ იეჰოვას ბევრი მსახური ავლენს მსგავს მისიონერულ სულისკვეთებას. მოწვევას, იმსახურონ იქ, სადაც მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილებაა, შემდეგი სიტყვებით ეხმიანებიან: „მე წავალ! მე გამგზავნე!“ (ეს. 6:8). მაგალითად, სკოლა „გალაადის“ ათასობით კურსდამთავრებული მსახურების მიზნით სხვა ქვეყანაში გადავიდა. ზოგმა თავიანთი ქვეყნის სხვადასხვა მხარეში მოსინჯა ძალები. მრავალმა და-ძმამ უცხო ენა შეისწავლა, რათა იმ კრებასა თუ ჯგუფში ემსახურა, რომლის წევრებიც ამა თუ იმ უცხო ენაზე მოსაუბრე ადამიანებთან ქადაგებენ. და-ძმებს, რომლებიც მსახურების მიზნით სხვა ქვეყანაში გადადიან ან რომლებიც  უცხო ენას სწავლობენ, შესაძლოა არახელსაყრელ პირობებში მოუწიოთ მსახურება, რაც ნამდვილად არ არის ადვილი. მათ თავგანწირული სულისკვეთება სჭირდებათ, რომ იეჰოვასა და მოყვასს სიყვარული დაუმტკიცონ. მათ ხარჯების წინასწარ გამოთვლა ეხმარება, რომ საქადაგებლად იქ გადავიდნენ, სადაც ამის საჭიროებაა (ლუკ. 14:28—30). ასეთი და-ძმები მართლაც რომ ღირებულ საქმეს ასრულებენ!

თუმცა ღვთის მსახურთა მდგომარეობა განსხვავებულია. ყველას არ შეუძლია უცხო ენის შესწავლა ან იქ გადასვლა, სადაც მეტი მაუწყებელია საჭირო. იბადება კითხვა: შესაძლებელია თუ არა, რომ მისიონერული სულისკვეთება ჩვენს კრებაში გამოვავლინოთ?

გამოავლინე მისიონერული სულისკვეთება შენს კრებაში

რაც შეგიძლია, ყველაფერი გააკეთე იმისთვის, რომ . . .

პირველი საუკუნის ქრისტიანებს ნამდვილად ჰქონდათ მისიონერული სულისკვეთება, თუმცა, როგორც ჩანს, უმეტესი მათგანი თავის ქალაქში მსახურობდა. პავლე მოციქულის მიერ ტიმოთესთვის მიცემული რჩევა, „აკეთე მახარობლის საქმე და ყოველმხრივ შეასრულე შენი მსახურება“, ეხებოდა პირველი საუკუნის ქრისტიანებს; თუმცა მისი გათვალისწინება დღეს ჩვენც მოგვეთხოვება (2 ტიმ. 4:5). სამეფოს შესახებ ცნობის ქადაგება და მოწაფეების მომზადება ღვთის ყველა მსახურს გვმართებს. უფრო მეტიც, ჩვენ შეგვიძლია მისიონერული სულისკვეთების გამოვლენა ჩვენს კრებებში.

მაგალითად, მისიონერი, რომელიც სხვა ქვეყანაში მსახურობს, შეიძლება ბევრი სიახლის პირისპირ აღმოჩნდეს; ამიტომ ახალ გარემოსთან შეგუებაში მას საზრიანობა დაეხმარება. მაგრამ როგორ მოვიქცეთ, თუ არ შეგვიძლია მსახურების მიზნით სხვა ქვეყანაში გადასვლა? ხომ არ ვფიქრობთ, რომ ჩვენი კრების ტერიტორიაზე ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო? თუ ვცდილობთ, მოვსინჯოთ ქადაგების სხვა გზები? მაგალითად, 1940 წელს და-ძმებს მოუწოდეს, რომ კვირაში ერთი დღე ქუჩაში მსახურებისთვის გამოეყოთ. შეგიძლია შენც იმსახურო ქუჩაში? ან შეგიძლია საკუთარი ძალები სტენდით ქადაგებაში მოსინჯო? სასიხარულო ცნობის ასეთი მეთოდებით ქადაგება შენთვის შეიძლება სიახლე იყოს.

წაახალისე და-ძმები, „აკეთონ მახარობლის საქმე“

დადებითი განწყობა დაგვეხმარება, რომ გულმოდგინედ და სიხარულით ვიმსახუროთ. ისინი, რომლებიც მსახურების მიზნით სხვა ქვეყნებში გადადიან ან უცხოენოვან ტერიტორიებზე მსახურობენ, ძალიან გამოცდილი მაუწყებლები არიან. ეს მაუწყებლები მრავალთათვის კურთხევას წარმოადგენენ, ვინაიდან სამქადაგებლო საქმეში სამაგალითონი არიან. უფრო მეტიც, ზოგი მათგანი კრების საქმეებს უწევს ხელმძღვანელობას მანამ, სანამ ადგილობრივი ძმები პასუხისმგებლობებს მიიღებენ. თუ მონათლული  ძმა ხარ, ისწრაფვი პასუხისმგებლობების მიღებისკენ? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გსურს, თანაქრისტიანებს მოემსახურო შენს კრებაში? (1 ტიმ. 3:1).

„დამხმარენი და გამაძლიერებელნი“

პრაქტიკულად დაეხმარე თანაქრისტიანებს

გულმოდგინედ მსახურებისა და კრებაში ამა თუ იმ პასუხისმგებლობის შესრულების გარდა, შეგიძლია კრებას სხვა მხრივაც დაეხმარო. ყველას, კაცსა თუ ქალს, ახალგაზრდასა თუ ხანდაზმულს, შეუძლია გახდეს დამხმარე და გამაძლიერებელი იმ და-ძმებისთვის, რომელთაც დახმარება სჭირდებათ (კოლ. 4:11).

თანამორწმუნეებს მხარში რომ დავუდგეთ, კარგად უნდა გავიცნოთ ისინი. ბიბლია მოგვიწოდებს, რომ „ყურადღებიანები ვიყოთ“ ერთმანეთის მიმართ, როდესაც კრების შეხვედრებზე ვიკრიბებით (ებრ. 10:24). სიტყვები „ყურადღებიანები ვიყოთ“ იმას ნიშნავს, რომ კარგად გავიცნოთ ჩვენი და-ძმები, რათა ვიცოდეთ, თუ რა მხრივ ესაჭიროებათ დახმარება; თუმცა მათ საქმეში არ ვერევით. მათ შეიძლება პრაქტიკული, ემოციური ან სულიერი მხარდაჭერა სჭირდებოდეთ. თანაქრისტიანების დახმარება მხოლოდ უხუცესებისა თუ მომსახურეების მოვალეობა როდია. მართალია, ზოგ შემთხვევაში მიზანშეწონილია, რომ ზემოხსენებულმა ძმებმა აღმოუჩინონ დახმარება თანაქრისტიანებს (გალ. 6:1), მაგრამ თითოეულ ჩვენგანს შეუძლია დახმარების ხელი გაუწოდოს ხანში შესულ და-ძმებსა და ოჯახებს, რომლებიც სირთულეებს ხვდებიან.

გაამხნევე ის და-ძმები, რომლებიც ცხოვრებისეულ სირთულეებს ებრძვიან

მაგალითად, ერთ ძმას, სალვატორეს ფინანსური პრობლემების გამო თავისი ბიზნესის, სახლისა და ნივთების გაყიდვა მოუწია. ის ძალიან დარდობდა თავის ოჯახზე. მათი გაჭირვება შეუმჩნეველი არ დარჩენია კრებაში ერთ ოჯახს. მათ სალვატორეს ოჯახს ფინანსური დახმარება აღმოუჩინეს. სალვატორესა და მის მეუღლეს სამსახურის შოვნაშიც კი დაეხმარნენ. გარდა ამისა, ამ ოჯახმა არაერთი საღამო გაატარა მათთან ერთად, რათა გაემხნევებინათ ისინი. ეს ოჯახები ერთმანეთს დაუმეგობრდნენ და მათი მეგობრობა დღემდე გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი რთული პერიოდი გამოიარეს, დღეს ორივე ოჯახი ტკბილად იხსენებს ერთად გატარებულ დროს.

ჭეშმარიტი ქრისტიანები თავიანთ მრწამსს სხვებს არ უმალავენ. იესოს მსგავსად, ყველას უნდა გავაგებინოთ ბიბლიური დაპირებების შესახებ. იმის მიუხედავად, შეგვიძლია თუ არა იქ გადასვლა, სადაც მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილებაა, ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ, რათა „ყველას სიკეთე გავუკეთოთ“. საუკეთესოს გაღება ჩვენს კრებაშიც შეგვიძლია (გალ. 6:10). თუ ამგვარად მოვიქცევით, საკუთარ თავზე გამოვცდით სიხარულს, რაც გაცემას მოაქვს, და შევძლებთ, რომ „ყოველ კარგ საქმეში“ ნაყოფი გამოვიღოთ (კოლ. 1:10; საქ. 20:35).