წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) მარტი 2016

როგორ შევუწყოთ ხელი ქრისტიანულ ერთობას?

როგორ შევუწყოთ ხელი ქრისტიანულ ერთობას?

„მისგან მთელი სხეული, თანაზომიერად [არის] შეერთებული და თანამშრომლობისკენ აღძრული“ (ეფეს. 4:16).

სიმღერები: 53, 107

1. რით გამოირჩეოდა შემოქმედების პროცესი თავიდანვე?

იეჰოვა და მისი ძე, იესო, შემოქმედების დასაწყისიდანვე თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან. გაპიროვნებულმა სიბრძნემ, ღვთის პირველმა ქმნილებამ, თქვა: „მაშინ მე მის [იეჰოვას] გვერდით ვიყავი, როგორც ოსტატი. ყოველთვის განსაკუთრებით ვუყვარდი“ (იგავ. 8:30). სწორედ მამისა და ძის თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა სიცოცხლის მრავალგვარი ფორმა. თანამშრომლობას მოითხოვდა ღვთის მიერ თავის მსახურთათვის დავალებული საქმეების შესრულებაც, მაგალითად: ნოეს კიდობნის შენება, უდაბნოში კარვის აგება, დაშლა და ტარება, აგრეთვე საკრავებზე დაკვრა და გალობა იეჰოვას ტაძარში მის განსადიდებლად (დაბ. 6:14—16, 22; რიცხ. 4:4—32; 1 მატ. 25:1—8).

2. ა) რით გამოირჩეოდა პირველი ქრისტიანული კრება? ბ) რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

2 ურთიერთთანამშრომლობით გამოირჩეოდა პირველი ქრისტიანული კრებაც, რომლის თავიც იესო ქრისტე იყო. პავლე მოციქულის სიტყვების თანახმად, ცხებული ქრისტიანები ერთ სხეულს ქმნიდნენ, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვაგვარი იყო მათი „ძღვენიც . . . მსახურებაც . . . მოქმედებაც“ (წაიკითხეთ 1 კორინთელების 12:4—6, 12). მოდი, ახლა განვიხილოთ, ჩვენ როგორ ვითანამშრომლოთ  სამქადაგებლო საქმეში, კრებასა თუ ოჯახში.

თანამშრომლობა სამქადაგებლო საქმეში

3. რა ნახა ხილვაში მოციქულმა იოანემ?

3 ახ. წ. I საუკუნის ბოლოს მოციქულმა იოანემ ხილვაში ნახა შვიდი ანგელოზი, რომელთაც საყვირები ეჭირათ. როდესაც მეხუთე ანგელოზმა საყვირს ჩაჰბერა, იოანემ დაინახა დედამიწაზე ჩამოვარდნილი ვარსკვლავი. მას მიეცა გასაღები, რომლითაც უფსკრულის ნაპრალი გააღო. იქიდან კვამლი ამოვიდა, კვამლიდან კალიები გამოვიდნენ. ისინი ბალახეულს კი არ შეესივნენ, არამედ იმ ადამიანებს, რომელთაც ღვთის ბეჭედი არ ჰქონდათ შუბლზე დასმული (გამოცხ. 9:1—4). ცხადია, იოანეს ეცოდინებოდა, თუ რა გამანადგურებელი შედეგი მოაქვს კალიების შემოსევას. კალიები არ იყვნენ, მოსეს დროს ეგვიპტეს რომ შეესივნენ?! (გამ. 10:12—15). იოანეს მიერ ნანახი კალიები განასახიერებენ ცხებულ ქრისტიანებს, რომლებიც იეჰოვას განაჩენს აცხადებენ. მათ მხარს უჭერს მიწიერი იმედის მქონე მილიონობით ღვთის მსახური. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ სამქადაგებლო საქმე ასუსტებს სატანის ძალაუფლებას, რომელსაც ის ცრუ რელიგიის მსოფლიო მპყრობლის მეშვეობით ახორციელებს.

4. რა საქმე ავალია ღვთის ხალხს და მხოლოდ რა შემთხვევაში შეასრულებენ ამ საქმეს წარმატებით?

4 იეჰოვას ხალხს გრანდიოზული საქმე ავალია; მათ სასიხარულო ცნობა ქვეყნიერების აღსასრულამდე მთელ მსოფლიოში უნდა იქადაგონ (მათ. 24:14; 28:19, 20). ღვთის ხალხმა უნდა მოიწვიოს სულიერად მწყურვალი ადამიანები, რათა მათ უსასყიდლოდ აიღონ სიცოცხლის წყალი (გამოცხ. 22:17). ისინი, როგორც ქრისტიანული კრების წევრები, ამ დავალებას წარმატებით მხოლოდ იმ შემთხვევაში შეასრულებენ, თუ „თანაზომიერად შეერთებული და თანამშრომლობისკენ“ აღძრულნი იქნებიან (ეფეს. 4:16).

5, 6. როგორ გვაერთიანებს სასიხარულო ცნობის ქადაგება?

5 სამეფოს შესახებ ცნობა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა რომ მოისმინოს, საჭიროა ორგანიზებულად ქადაგება. ამიტომ და-ძმები მთელი მსოფლიო მასშტაბით კრებების მეშვეობით იღებენ მითითებებს, რათა ერთობლივი ძალებით იქადაგონ. სამქადაგებლო მსახურების შეხვედრის შემდეგ ისინი ერთად მიდიან სამეფოს შესახებ ცნობის გასაცხადებლად და ბაგეებითა თუ მილიონობით ბიბლიური პუბლიკაციის მეშვეობით ამ ცნობას ავრცელებენ. როცა სპეციალური სამქადაგებლო კამპანია იწყება, იღებთ მასში მონაწილეობას? თუ დიახ, თქვენ იმ მილიონობით და-ძმის გვერდით დგახართ, რომლებიც გაერთიანებული ძალებით აცხადებენ სასიხარულო ცნობას. ეს ცნობა გამოცხადების 14:6-ის თანახმად ანგელოზს აქვს, რომელიც ცაში დაფრინავს.

6 რა სასიამოვნოა, როცა „იეჰოვას მოწმეების წელიწდეულში“ ვეცნობით სამქადაგებლო საქმიანობის შედეგებს, რომლებიც ერთობლივი ძალით მიიღწევა. დაფიქრდით იმაზეც, თუ როგორ გვაერთიანებს რეგიონული, სპეციალური და საერთაშორისო კონგრესების მოსაწვევების გავრცელება. ამ კონგრესებზე ვისმენთ გამამხნევებელ ბიბლიურ მოხსენებებს, ვუყურებთ წარმოდგენილ დრამებსა თუ ინსცენირებებს, რომელთა მეშვეობითაც იეჰოვა სიყვარულით მოგვიწოდებს, რომ მისთვის საუკეთესო გავიღოთ. ჩვენ იესო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს აღნიშვნაც გვაერთიანებს. ღვთის წყალობისთვის მადლიერებით აღძრულნი ამ მოვლენის აღსანიშნავად ყოველწლიურად, 14 ნისანს, მზის ჩასვლის შემდეგ ვიკრიბებით, რითაც იესოს მითითებას ვასრულებთ (1 კორ. 11:23—26). ამ ღონისძიებას იეჰოვას მოწმეების გარდა სხვებიც ესწრებიან. გახსენების საღამოს აღნიშვნამდე რამდენიმე კვირით ადრე ვიწყებთ  სპეციალურ კამპანიას და ვცდილობთ, ჩვენი კრების ტერიტორიაზე მცხოვრები რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოვიწვიოთ ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე.

7. რის მიღწევა შეგვიძლია ერთობლივი ძალებით?

7 ერთი კალია ბევრს ვერაფერს გააკეთებს. მარტონი ვერც ჩვენ შევძლებთ ბევრის კეთებას. მაგრამ ერთობლივი ძალებით შეგვიძლია მილიონობით ადამიანს გავაცნოთ იეჰოვა, რომელიც ქებას და დიდებას იმსახურებს. თუმცა ღვთის ხალხის ერთობას მხოლოდ სამქადაგებლო საქმეში თანამშრომლობა როდი უწყობს ხელს.

თანამშრომლობა კრებაში

8, 9. ა) რა მაგალითი მოიყვანა პავლემ ქრისტიანებისთვის ერთობის აუცილებლობის დასანახვებლად? ბ) როგორ ვითანამშრომლოთ კრებაში?

8 ეფესოელებისთვის მიწერილ წერილში პავლე მოციქულმა ყურადღება გაამახვილა იმის საჭიროებაზე, რომ კრება ორგანიზებულად ფუნქციონირებდეს, ხოლო ჩვენ, კრების წევრები, „ყველაფერში სიყვარულით ვიზრდებოდეთ“ (წაიკითხეთ ეფესოელების 4:15, 16). რა არის ამისათვის საჭირო? პავლემ ყურადღება გაამახვილა ერთობაზე, რომლის მიღწევაც იესო ქრისტეს, კრების თავის, ხელმძღვანელობის მიყოლითაა შესაძლებელი, და თვალსაჩინოებისთვის ადამიანის სხეულის მაგალითი მოიყვანა. მან აღნიშნა, რომ საჭიროა თანამშრომლობა „სახსრების მეშვეობით“. აქედან გამომდინარე, რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისათვის, რომ თითოეულმა ჩვენგანმა, ახალგაზრდამ თუ ხანდაზმულმა, ჯანმაგარმა თუ დაუძლურებულმა, ხელი შევუწყოთ კრების ერთობასა და სულიერ კეთილდღეობას?

9 ყველაზე მთავარი ის არის, რომ დავემორჩილოთ და პატივი ვცეთ უხუცესებს, მათ, ვისაც იესომ კრების ხელმძღვანელობა დაავალა (ებრ. 13:7, 17). თუმცა ეს შეიძლება ყოველთვის ადვილი არ იყოს. ამ დროს შეგვიძლია ვთხოვოთ ღმერთს, რომ დაგვეხმაროს თავისი ძალით, წმინდა სულით, რათა მთელი გულით დავუჭიროთ მხარი ხელმძღვანელი ძმების გადაწყვეტილებებს. როცა გაგვიჭირდება მათი მითითებების გათვალისწინება, დავფიქრდეთ, როგორ შევუწყობთ ხელს კრების ერთობას თავმდაბლობითა და მათთან თანამშრომლობით. გარდა ამისა, უხუცესებთან თანამშრომლობა დაგვეხმარება, რომ „სიყვარულით გავიზარდოთ“.

10. როგორ უწყობენ ხელს მომსახურეები კრების ერთობას? (იხილეთ სურათი მე-13 გვერდზე)

10 კრების ერთობაში მომსახურეებსაც ფასდაუდებელი წვლილი შეაქვთ. რა ასაკისანიც არ უნდა იყვნენ, ისინი უანგაროდ ასრულებენ დაკისრებულ საქმეს, რასაც ყველასთვის სიკეთე მოაქვს. მაგალითად, ეს ძმები სამქადაგებლო მსახურებისთვის საჭირო პუბლიკაციების მარაგს ავსებენ, რითაც უხუცესებს უდგანან მხარში. მომსახურეები სამეფო დარბაზების დასუფთავებასა და მოვლა-პატრონობაზეც ზრუნავენ. ამასთანავე, ისინი გულთბილად ეგებებიან კრებაზე მოსულ სტუმრებს. თუ ამ ძმებთან ვითანამშრომლებთ, ხელს შევუწყობთ კრების ორგანიზებულად ფუნქციონირებას (შეადარეთ საქმეების 6:3—6).

11. როგორ უწყობენ ხელს ახალგაზრდა ძმები კრების ერთობას?

11 ბევრი მოწიფული ძმა უკვე მრავალი წელია, რაც კრებაში დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებს. თუმცა ასაკის მატების გამო დღეს შეიძლება იმდენს ვეღარ აკეთებენ, რამდენსაც უწინ. ეს გარკვეულ ცვლილებებს მოითხოვს. მათი დახმარება ახალგაზრდა ძმებს შეუძლიათ. მართალია, მათ გამოცდილება აკლიათ, მაგრამ სათანადო მომზადების შედეგად ისინი შეძლებენ დაკისრებული მოვალეობების შესრულებას. რა სასიამოვნოა, როცა მომსახურეები ცდილობენ, დააკმაყოფილონ უხუცესად მსახურების მოთხოვნები (1 ტიმ. 3:1, 10). ზოგმა ახალგაზრდა უხუცესმა ისე წაიწია წინ სულიერად, რომ სარაიონო ზედამხედველად დაინიშნა და ახლა კრებებში და-ძმებს ემსახურება.  ახალგაზრდა ძმების მზადყოფნას ჩვენ ძალიან ვაფასებთ! (წაიკითხეთ ფსალმუნის 110:3; ეკლესიასტეს 12:1).

თანამშრომლობა ოჯახში

12, 13. რა დაეხმარება ოჯახის წევრებს ურთიერთთანამშრომლობაში?

12 მოდი, ახლა იმაზეც ვიმსჯელოთ, თუ როგორ შევუწყოთ ხელი ურთიერთთანამშრომლობას ოჯახში. ბევრი დარწმუნდა, რომ კარგი ოჯახური თაყვანისცემის საღამოს ყოველკვირეულად ჩატარება ოჯახის წევრებს ერთმანეთთან აახლოებს. ასეთ სასიამოვნო გარემოში ისინი ყურადღებას სულიერ საკითხებს უთმობენ, რითაც ოჯახში ერთობას უწყობენ ხელს. როდესაც თაყვანისცემის საღამოზე ისინი ქადაგების ინსცენირებებს აწყობენ, უკეთ ემზადებიან მსახურებისთვის; ხოლო როდესაც ერთმანეთს ბიბლიურ აზრებს უზიარებენ, უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს — უფრო უყვარდებათ ღმერთი და მისი ნების შესრულების სურვილიც უძლიერდებათ.

ოჯახური თაყვანისცემის საღამო ახალგაზრდებსა და ხანში შესულებს შორის ურთიერთობას აღრმავებს (იხილეთ მე-12 და მე-15 აბზაცები)

13 როგორ შეძლებს ცოლ-ქმარი ურთიერთთანამშრომლობით იეჰოვას განდიდებას? როცა ცოლიცა და ქმარიც იეჰოვას ერთგული მსახურები არიან, მათ შორის ერთობა სუფევს. აბრაამი და სარა, ისაკი და რებეკა, ელკანა და ხანა სიყვარულს გამოხატავდნენ ერთმანეთის მიმართ. ჩვენ უნდა მივბაძოთ მათ (დაბ. 26:8; 1 სამ. 1:5, 8; 1 პეტ. 3:5, 6). ეს ერთმანეთთანაც დაგვაახლოებს და ზეციერ მამასთანაც (წაიკითხეთ ეკლესიასტეს 4:12).

14. როგორ შეგიძლიათ ოჯახში ერთობას შეუწყოთ ხელი, თუ თქვენი მეუღლე არ ემსახურება იეჰოვას?

14 ქრისტიანები არ უნდა შეებან „უთანასწორო უღელში ურწმუნოებთან“ (2 კორ. 6:14). მაგრამ როგორ უნდა მოიქცნენ ის და-ძმები, რომლებიც რელიგიურად დაყოფილ ოჯახებში ცხოვრობენ? ზოგმა, ვინც იეჰოვას ემსახურება, ჭეშმარიტების გაგებამდე შექმნა ოჯახი და მათი მეუღლეები არ არიან იეჰოვას მოწმეები. თუმცა, თუ ბიბლიური პრინციპებით იხელმძღვანელებენ, ამით ოჯახის ერთობას შეუწყობენ ხელს. ამისათვის მათ თავიანთ მეუღლეებთან თანამშრომლობას მაქსიმალური ძალისხმევა უნდა მოახმარონ, ოღონდ ბიბლიური პრინციპები არ უნდა უგულებელყონ. ეს შეიძლება ადვილი არ იყოს, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ძალისხმევა ფასდება. ბიბლიური პრინციპებით ხელმძღვანელობა შეიძლება მაშინაც რთული იყოს, როცა ერთ-ერთი მეუღლე ტოვებს კრებას. მაგალითად, ერთი ქრისტიანი და, მერი, და მისი მეუღლე, დეივიდი, იეჰოვას ერთად ემსახურებოდნენ. დაახლოებით 25 წლის წინ დეივიდმა შეწყვიტა კრების შეხვედრებზე სიარული. მერი კვლავაც ერთგულად ესწრებოდა კრებებსა და კონგრესებს, ბიბლიური პრინციპებით ხელმძღვანელობდა ოჯახში და თავის ექვს შვილს ღვთის სიყვარულს უნერგავდა. როცა ბავშვები წამოიზარდნენ და თავ-თავიანთი გზა მონახეს, მერიმ მარტოსულად იგრძნო თავი. გარკვეული დროის შემდეგ დეივიდმა ჟურნალების კითხვა დაიწყო, რომლებსაც მერი გამოსაჩენ ადგილას დებდა ხოლმე. დროთა განმავლობაში მან განაახლა სამეფო დარბაზში სიარული. მას თავისი ექვსი წლის შვილიშვილი ადგილს უკავებდა ხოლმე. როცა დეივიდი კრებაზე ვერ მივიდოდა, ბავშვი მოგვიანებით ეტყოდა ხოლმე, ბაბუ, დღეს რატომ არ მოხვედიო. დეივიდი დღეს სიხარულით ემსახურება იეჰოვას, მერი კი უზომოდ ბედნიერია, რომ ისინი კვლავაც ერთად განადიდებენ ღმერთს.

15. როგორ შეუძლია ხანში შესულ ცოლ-ქმარს ახალგაზრდა წყვილის დახმარება?

15 თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ დღეს სატანას ოჯახები მიზანში ჰყავს ამოღებული, აუცილებელია, მეუღლეებმა ყოველთვის ითანამშრომლონ ერთმანეთთან. თქვენი ქორწინებიდან რამდენი წელიც არ უნდა იყოს გასული, დაფიქრდით იმაზე, თუ რის თქმა ან გაკეთება შეგიძლიათ ოჯახური ურთიერთობების განსამტკიცებლად.  ხანში შესულ ცოლ-ქმარს ამ მხრივ კარგი მაგალითის მიცემა შეუძლია შედარებით ახალგაზრდა ცოლ-ქმრისთვის. მაგალითად, მათ შეუძლიათ თავიანთი ოჯახური თაყვანისცემის საღამოზე დროდადრო მოიპატიჟონ ისინი. ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დაინახავს, რომ რამდენი წელიც არ უნდა იყოს გასული ქორწინებიდან, ოჯახური ბედნიერებისთვის სიყვარული და ერთობა აუცილებელია (ტიტ. 2:3—7).

„მოდით, ავიდეთ იეჰოვას მთაზე!“

16, 17. რას ელიან ღვთის მსახურები?

16 ბიბლიურ დროში ისრაელები იერუსალიმში ჩადიოდნენ ხოლმე, ტაძარში რელიგიურ დღესასწაულს აღნიშნავდნენ და იეჰოვას განადიდებდნენ. ისინი მგზავრობისთვის წინასწარ ემზადებოდნენ, გზაში ერთმანეთზე ზრუნავდნენ და შემდეგ ტაძარში ერთობლივად სცემდნენ ღმერთს თაყვანს. რა თქმა უნდა, ეს ყოველივე თანამშრომლობას მოითხოვდა (ლუკ. 2:41—44). დღეს ჩვენც ვადგავართ გზას, ოღონდ ახალი ქვეყნიერებისკენ მიმავალს, ამიტომ ჩვენც უნდა ვითანამშრომლოთ ერთმანეთთან და ერთობას შევუწყოთ ხელი. ეს კი მუდმივ ძალისხმევას მოითხოვს. დავფიქრდეთ, თითოეული ჩვენგანი უფრო მეტი ყურადღებით ხომ არ უნდა მოვეკიდოთ ამ საკითხს.

17 წარმოიდგინეთ, წინ რამდენი კურთხევა გველის! დღეს აღარც დაქსაქსულები ვართ და აღარც გაურკვევლობაში ვიმყოფებით, რაც ამ ქვეყნიერებისთვის ჩვეული რამაა. ჩვენ ვხედავთ, როგორ სრულდება ესაიასა და მიქას წინასწარმეტყველებები, რომ ღვთის ხალხი ერთად ავიდოდა „იეჰოვას მთაზე“ (ეს. 2:2—4; წაიკითხეთ მიქას 4:2—4). ამ „უკანასკნელ დღეებში“ ჩვენი თაყვანისცემა მართლაც რომ გამორჩეულია! რა ბედნიერები ვიქნებით და როგორ გავიხარებთ, როცა ჩვენ შორის სრული ერთობა იქნება და როცა ყველანი ვითანამშრომლებთ ერთმანეთთან!