წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) მარტი 2016

ეზეკიელი მზად იყო, ეთამაშა იერუსალიმის ალყის სცენა

გამოავლინე თავგანწირვის სული წინასწარმეტყველთა მსგავსად

გამოავლინე თავგანწირვის სული წინასწარმეტყველთა მსგავსად

გიფიქრია, რა მსგავსება შეიძლება იყოს შენსა და ძველი დროის წინასწარმეტყველებს შორის? „წმინდა წერილების საკვლევ ცნობარში“ აღნიშნულია, რომ წინასწარმეტყველი არის „ადამიანი, ვისი მეშვეობითაც ცხადდება ღვთის ნება და განზრახვა . . . და ვინც ღვთისგან მომდინარედ მიჩნეულ ცნობებს აცხადებს“. ეს ცნობა შეიძლება იყოს როგორც იეჰოვას წინასწარმეტყველება, ისე მისი სწავლება, ბრძანება ან განაჩენი. მართალია, წინასწარმეტყველი არ ხარ, მაგრამ ღვთის ცნობას შენც გადასცემ, რადგან აცხადებ იმას, რაც მის სიტყვაშია ჩაწერილი (მათ. 24:14).

ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ჩვენი ღვთის, იეჰოვას შესახებ ვესაუბრებით სხვებს და ვამცნობთ, რა აქვს მას განზრახული ადამიანებისთვის. ჩვენ ამ საქმეში ვმონაწილეობთ იმ ანგელოზთან ერთად, რომელიც გამოცხადების 14:6-ის თანახმად ცაში დაფრინავს და რომელსაც „მარადიული სასიხარულო ცნობა აქვს“. თუმცა გარკვეულმა სირთულეებმა შეიძლება დაგვავიწყოს, რა პატივი გვარგუნა იეჰოვამ. რა სირთულეები შეიძლება იყოს ეს? მაგალითად, დაღლილობა, გულგატეხილობა ან თუნდაც უღირსობის გრძნობა. ამ სირთულეებს ძველი დროის ერთგული წინასწარმეტყველებიც ხვდებოდნენ, თუმცა მაინც განაგრძობდნენ მსახურებას. დაკისრებული დავალებების შესრულებაში მათ იეჰოვა ეხმარებოდა. განვიხილოთ ზოგიერთი წინასწარმეტყველის მაგალითი და ვნახოთ, რაში შეგვიძლია მივბაძოთ მათ.

ისინი თავს არ ზოგავდნენ

ყოველდღიური საქმეებით შეიძლება ისე დავიქანცოთ, რომ მსახურების სურვილი გაგვინელდეს. ფაქტია, დასვენება ყველას გვჭირდება; იესო და მისი მოციქულებიც ისვენებდნენ ხოლმე (მარ. 6:31). მოდი, გავიხსენოთ ერთი ეპიზოდი ეზეკიელის ცხოვრებიდან. ეზეკიელი ბაბილონში იერუსალიმიდან ტყვედ წაყვანილ ებრაელებს შორის იყო; მას იეჰოვამ უბრძანა, რომ აეღო აგური და  ზედ იერუსალიმი ამოეკვეთა. შემდეგ იგი ამოკვეთილი ქალაქის ერთ მხარეს უნდა დაწოლილიყო მარცხენა გვერდზე 390 დღის განმავლობაში, ხოლო 40 დღის განმავლობაში — მარჯვენა გვერდზე ქალაქის მეორე მხარეს. ამ მოქმედებას სიმბოლური ალყის მნიშვნელობა ექნებოდა. იეჰოვამ ეზეკიელს უთხრა: „აი, თოკებით შეგკრავ, რომ ერთი გვერდიდან მეორეზე არ გადაბრუნდე, სანამ არ გაასრულებ შენი ალყის დღეებს“ (ეზეკ. 4:1—8). ეს მოქმედება გადასახლებულ ისრაელთა ყურადღებას მიიპყრობდა. ამ დამქანცველი დავალების შესასრულებლად ეზეკიელს ერთ წელზე მეტი ხანი დასჭირდებოდა. როგორ შეძლებდა წინასწარმეტყველი ამ დავალების შესრულებას?

ეზეკიელს კარგად ესმოდა, თუ რატომ დაავალა მას იეჰოვამ წინასწარმეტყველება. ღმერთმა მას უთხრა: „გინდ მოგისმინონ [ისრაელებმა], გინდ არა . . . იმას მაინც გაიგებენ, რომ წინასწარმეტყველი იყო მათ შორის“ (ეზეკ. 2:5). ეზეკიელს გაცნობიერებული ჰქონდა, რატომ დაეკისრა ეს დავალება. ამიტომ მან უყოყმანოდ შეასრულა იეჰოვას მითითება. ეზეკიელმა და მასთან ერთად გადასახლებულმა ისრაელებმა შემდეგი ცნობა მიიღეს: „დაეცაო ქალაქი!“. ამით დამტკიცდა, რომ ეზეკიელი ჭეშმარიტი წინასწარმეტყველი იყო; გარდა ამისა, ისრაელებმა დაინახეს, რომ „წინასწარმეტყველი იყო მათ შორის“ (ეზეკ. 33:21, 33).

დღეს ჩვენ ხალხს სატანის ქვეყნიერების მოახლოებული განადგურების შესახებ ვაფრთხილებთ. შეიძლება დაღლილები ვართ, მაგრამ მაინც ვქადაგებთ ღვთის სიტყვას, ვაკეთებთ განმეორებით მონახულებებს და ვატარებთ ბიბლიის შესწავლებს. როდესაც ვხედავთ, თუ როგორ სრულდება წინასწარმეტყველებები ამ ქვეყნიერების აღსასრულის შესახებ, კმაყოფილების გრძნობა გვეუფლება, რადგან ჩვენი მეშვეობით „ცხადდება ღვთის ნება და განზრახვა“.

ისინი უმკლავდებოდნენ გულგატეხილობას

ღვთის წმინდა სული ძალებს გვაძლევს, რომ თავი არ დავზოგოთ. თუმცა ზოგჯერ შეიძლება გული გაგვიტყდეს იმის გამო, რომ ხალხი დადებითად არ ეხმაურება ჩვენს ცნობას. გულგატეხილობას რომ გავუმკლავდეთ, ამაში წინასწარმეტყველ იერემიას მაგალითი დაგვეხმარება. ისრაელები მას დასცინოდნენ, მასხრად იგდებდნენ და შეურაცხყოფდნენ იმის გამო, რომ ღვთის ცნობას უცხადებდა მათ. ერთხელ იერემიას აღმოხდა კიდეც: „აღარ ვახსენებ მას და მისი სახელით აღარ ვილაპარაკებ“. იგი ჩვენნაირი ადამიანი იყო, თუმცა მაინც განაგრძობდა ღვთის ცნობის გაცხადებას. რატომ? წინასწარმეტყველი დასძენს: „ძვლებში დამწყვდეული ცეცხლივით ამიგიზგიზდა ის გულში; დავიღალე მისი დაოკებით და ვეღარ მოვითმინე“ (იერ. 20:7—9).

შეიძლება გული ჩვენც გაგვიტყდეს იმის გამო, რომ ხალხი ჩვენ მიერ გაცხადებულ ცნობას არ ეხმაურება. გულგატეხილობა რომ დავძლიოთ, ვიფიქროთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვან ცნობას ვაცხადებთ, და შედეგად, ეს ცნობა „ძვლებში დამწყვდეული ცეცხლივით“ აგვიგიზგიზდება. ბიბლიის ყოველდღიური კითხვა კი ამ აგიზგიზებულ ცეცხლს განელების საშუალებას არ მისცემს.

ისინი უღირსობის გრძნობას ებრძოდნენ

ზოგ ქრისტიანს ახალი დავალება გაურკვევლობაში აგდებს — ბოლომდე არ ესმის, რატომ მისცეს ეს დავალება ან არ იცის, როგორ გაართვას მან ამ დავალებას თავი. ალბათ, წინასწარმეტყველი ოსიაც მსგავს მდგომარეობაში იყო. იეჰოვამ მას უთხრა: „წადი, მოიყვანე ცოლი, რომელიც გაირყვნება, და იყოლიე შვილები, რომლებსაც გარყვნილებით გააჩენს“ (ოს. 1:2). პირადად შენ როგორ იგრძნობდი თავს, დაოჯახებას რომ აპირებდე და იეჰოვამ გითხრას, ცოლად მეძავი მოიყვანეო? ოსიამ ეს დავალება შეასრულა. მან ცოლად შეირთო გომერი, რომელმაც ვაჟი გაუჩინა. მოგვიანებით გომერს ქალ-ვაჟი შეეძინა, სავარაუდოდ, მეძაობის შედეგად. იეჰოვას ოსიასთვის ნათქვამი ჰქონდა, რომ მისი ცოლი „ვნებიან საყვარლებს“ გაეკიდებოდა. აღსანიშნავია, რომ აქ სიტყვა „საყვარელი“ მრავლობით რიცხვში დგას. შემდეგ გომერი კვლავ ოსიასთან დაბრუნებას მოისურვებდა. შენ რომ წინასწარმეტყველი ყოფილიყავი, მიიღებდი ასეთ ცოლს? იეჰოვამ სწორედ ეს მოსთხოვა ოსიას. მან შეასრულა იეჰოვას მოთხოვნა და თავისი ცოლი სოლიდურ ფასადაც კი გამოისყიდა (ოს. 2:7; 3:1—5).

ოსიას შეიძლება არ ესმოდა, რა აზრი ჰქონდა ამ დავალების შესრულებას, მაგრამ მაინც ერთგულად შეასრულა. მისი ცხოვრების ამ ეპიზოდიდან ვხედავთ, თუ რამხელა ტკივილს განიცდიდა იეჰოვა, როცა ისრაელები მას ღალატობდნენ. საგულისხმოა, რომ ზოგი გულწრფელი ისრაელი დაუბრუნდა იეჰოვას.

დღეს ღმერთი მეძავი ცოლის მოყვანას არავის ავალებს. მიუხედავად ამისა, რის სწავლა შეიძლება ოსიასგან? იმის, რომ გვქონდეს მზადყოფნის სული მაშინაც კი, თუ გვიჭირს სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის  „სახალხოდ და კარდაკარ“ ქადაგება (საქ. 20:20). შესაძლოა მსახურების რომელიმე სფეროში თავს კომფორტულად არ გრძნობ. მაგალითად, ბევრი, ვინც იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიას სწავლობდა, ამბობდა, რომ ბიბლიის შესწავლა მოსწონდათ, მაგრამ კარდაკარ ვერასოდეს იქადაგებდნენ. თუმცა ბევრმა მათგანმა მოგვიანებით სწორედ ის გააკეთა, რაც მანამდე წარმოუდგენლად მიაჩნდათ. ხედავ, როგორი განწყობა უნდა გქონდეს?!

ოსიასგან სხვა რამის სწავლაც შეიძლება. მას შეეძლო უარი ეთქვა იეჰოვას დავალების შესრულებაზე. შეეძლო არც კი დაეწერა ეს შემთხვევა და შესაბამისად, ვერც ვერავინ გაიგებდა, რა დავალება მისცა ღმერთმა მას. შეიძლება ჩვენც აღმოვჩნდეთ ისეთ ვითარებაში, რომ იეჰოვას შესახებ ქადაგების შესაძლებლობა მოგვეცეს და ამის შესახებ არავინ იცოდეს. ასე მოხდა ანას შემთხვევაშიც. იგი შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა და მაღალი კლასის მოსწავლე იყო. მასწავლებელმა მოსწავლეებს დაავალა თემის დაწერა ისეთ საკითხზე, რაშიც თავადაც კარგად იქნებოდნენ გარკვეულები და კლასის დარწმუნებასაც შეძლებდნენ. ანას შეეძლო არ გამოეყენებინა ეს შანსი. თუმცა მან ეს დავალება ღვთისგან მიღებულ შესაძლებლობად ჩათვალა და ის ხელიდან არ გაუშვა. მას მოსალოდნელი რეაქცია აშინებდა, ამიტომ ლოცვით მიმართა იეჰოვას. შედეგად ანას გაუძლიერდა სურვილი, რომ ეს შესაძლებლობა გამოეყენებინა. მან დაწერა თემა სათაურით: „ევოლუცია — რაზე მეტყველებს ფაქტები?“.

ახალგაზრდები წინასწარმეტყველთა მსგავსად თავგანწირვის სულისკვეთებას ავლენენ და იეჰოვას შემოქმედებაზე გაბედულად საუბრობენ

როცა ანა კლასის წინაშე თემით წარდგა, თანაკლასელმა გოგონამ, რომელსაც ევოლუციის სჯეროდა, მას შეკითხვები დააყარა. ანამ ბრწყინვალედ დაიცვა თავისი პოზიცია. მასწავლებელი იმდენად მოიხიბლა მისი გამოსვლით, რომ იგი ყველაზე დამაჯერებელი თემის წარდგენისთვის დააჯილდოვა. ამის შემდეგ ანა იმ გოგონას, რომელმაც შეკითხვები დაუსვა, ღვთის შემოქმედების შესახებ არაერთხელ ესაუბრა. იეჰოვასგან ამ „დავალების“ მიღების შემდეგ მან აღნიშნა: „ახლა უკვე დამაჯერებლად და გაბედულად ვქადაგებ სასიხარულო ცნობას“.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჩვენ წინასწარმეტყველნი არ ვართ, მაგრამ, თუ ეზეკიელის, იერემიასა და ოსიას მსგავსად გამოვავლენთ თავგანწირვის სულს, ღვთისგან მიღებულ დავალებებს ჩვენც წარმატებით გავართმევთ თავს! მოდი, ძველი დროის სხვა წინასწარმეტყველთა ისტორიებსაც გავეცნოთ ოჯახური თაყვანისცემის საღამოზე თუ პირადი შესწავლის დროს და ვიფიქროთ, რაში შეგვიძლია მივბაძოთ მათ.