წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) მაისი 2016

„წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან“

„წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან“

„წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან, მონათლეთ ისინი . . . ასწავლეთ მათ ყველაფრის დაცვა, რაც მცნებად დაგიდეთ“ (მათ. 28:19, 20).

სიმღერები: 141, 97

1, 2. რა კითხვებს ბადებს იესოს სიტყვები, რომლებიც მათეს 24:14-შია ჩაწერილი?

ჩვენი მომხრენი თუ მოწინააღმდეგენი ერთხმად აღიარებენ, რომ იეჰოვას მოწმეები ქადაგებით ვართ ცნობილი. შესაძლოა თქვენც შეხვედრიხართ მსახურებაში ისეთ ადამიანებს, რომლებიც მართალია, არ გვეთანხმებიან, მაგრამ პატივს გვცემენ ჩვენი საქმიანობის გამო. როგორც ვიცით, იესოს წინასწარმეტყველების თანახმად, სასიხარულო ცნობა სამეფოს შესახებ მთელ მსოფლიოში უნდა ყოფილიყო ნაქადაგები (მათ. 24:14). მაგრამ საიდან ვიცით, რომ ჩვენი საქმიანობით იესოს წინასწარმეტყველება სრულდება? გადაჭარბება ხომ არ იქნება იმის თქმა, რომ სწორედ ჩვენ ვასრულებთ ამ საქმეს?

2 მრავალი რელიგიური ორგანიზაცია აცხადებს, რომ სახარებას ანუ სასიხარულო ცნობას ქადაგებს. თუმცაღა მათი ქადაგება მხოლოდ ღვთის გაცნობის პირადი ისტორიების მოყოლით, საეკლესიო ღვთისმსახურებით ან ტელე- თუ ინტერნეტმაუწყებლობით შემოიფარგლება. ზოგი საქველმოქმედო საქმიანობაზე და სამედიცინო თუ საგანმანათლებლო სფეროში შეტანილ წვლილზე საუბრობს. მაგრამ ისმის კითხვა: ამის გაკეთება დაავალა იესომ მოწაფეებს?

3. რა მოეთხოვებათ იესოს მიმდევრებს მათეს 28:19, 20-ის თანახმად?

 3 უბრალოდ უნდა დალოდებოდნენ იესოს მოწაფეები, როდის მივიდოდა ხალხი მათთან? რა თქმა უნდა, არა. მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იესომ ასობით მოწაფეს შემდეგი დავალება მისცა: „ამიტომ წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან, მონათლეთ ისინი . . . ასწავლეთ მათ ყველაფრის დაცვა, რაც მცნებად დაგიდეთ“ (მათ. 28:19, 20). ამ მითითების თანახმად ოთხი რამ მოგვეთხოვება. ჩვენ უნდა მოვიმოწაფოთ ხალხი, მოვნათლოთ ისინი და ვასწავლოთ მათ. მაგრამ, რა უნდა გავაკეთოთ თავდაპირველად? ქრისტემ თქვა: „წადით!“. ერთი ბიბლეისტი იესოს ამ მითითების შესახებ ამბობს: „თითოეული მორწმუნის ვალია, რომ წავიდეს, გინდ ქუჩის გადაღმა, გინდ ოკეანის გადაღმა“ (მათ. 10:7; ლუკ. 10:3).

4. რას ნიშნავს, იყო ადამიანთა მებადური?

4 ის იგულისხმა იესომ, რომ მის მიმდევრებს ცალ-ცალკე ექადაგათ სასიხარულო ცნობა თუ ერთობლივად და ორგანიზებულად უნდა შეესრულებინათ ეს საქმე? ვინაიდან ცალკეული მოწაფე ვერ შეძლებდა „ყველა ერის“ ხალხთან ქადაგებას, ეს საქმე მრავლის ერთობლივი ძალისხმევით უნდა შესრულებულიყო. სწორედ ამას გულისხმობდა იესო, როცა თავის მოწაფეებს „ადამიანთა მებადურებად“ გახდომა შესთავაზა (წაიკითხეთ მათეს 4:18—22). იესოს მიერ მოხსენიებული მებადური არ ჰგავდა მეთევზეს, რომელიც ანკესს ისვრის და უქმად ელოდება, როდის წამოეგება თევზი. მებადური ბადეებით თევზაობდა, რაც შრომატევადი საქმე იყო და ზოგ შემთხვევაში მრავალი ადამიანის შეთანხმებულ მოქმედებას მოითხოვდა (ლუკ. 5:1—11).

5. რომელ ოთხ კითხვას უნდა გავცეთ პასუხი და რატომ?

5 იმის დასადგენად, თუ ვინ ქადაგებს დღეს სასიხარულო ცნობას იესოს წინასწარმეტყველებისამებრ, შემდეგ ოთხ კითხვას უნდა გავცეთ პასუხი:

  • რა უნდა იყოს ქადაგების თემა?

  • რა უნდა იყოს ქადაგების მოტივი?

  • როგორ უნდა სრულდებოდეს სამქადაგებლო საქმე?

  • რა მასშტაბითა და ხანგრძლივობით უნდა მიმდინარეობდეს სამქადაგებლო საქმე?

ამ კითხვებზე პასუხები არა მარტო იმის დადგენაში დაგვეხმარება, თუ ვინ ასრულებს ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმეს, არამედ ამ საქმის გულმოდგინედ გაგრძელების სურვილსაც განგვიმტკიცებს (1 ტიმ. 4:16).

რა უნდა იყოს ქადაგების თემა?

6. რა გვარწმუნებს იმაში, რომ იეჰოვას მოწმეები ქადაგებენ იმ ცნობას, რომლის ქადაგებაც იესომ თავის მიმდევრებს დაავალა?

6 წაიკითხეთ ლუკას 4:43. იესო ქადაგებდა „სასიხარულო ცნობას ღვთის სამეფოს შესახებ“ და ის იმავეს მოელის თავისი მოწაფეებისგან. ვინ უქადაგებს დღეს ამ ცნობას ყველა ხალხს? პასუხი ნათელია — მხოლოდ იეჰოვას მოწმეები. ამას ზოგიერთი მოწინააღმდეგეც კი აღიარებს. მაგალითად, ერთმა მისიონერმა მღვდელმა ერთ იეჰოვას მოწმეს უთხრა, რომ მრავალ ქვეყანაში უცხოვრია და ყველგან უკითხავს იეჰოვას მოწმეებისთვის, რას ქადაგებდნენ. რა უპასუხეს მათ? მღვდელმა აღნიშნა: «ყველა სულელურად ერთსა და იმავეს მპასუხობდა: „სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ“». სინამდვილეში, მათ სულელური არაფერი უთქვამთ. პირიქით, ამით გამოჩნდა, რომ მოწმეებს ერთი აზრი ჰქონდათ, რაც ასეც უნდა იყოს ჭეშმარიტი ქრისტიანების შემთხვევაში (1 კორ. 1:10). მათი სიტყვები ეხმიანებოდა იმ ცნობას, რომელსაც ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“ შეიცავს, კერძოდ, ცნობას იეჰოვას სამეფოს შესახებ. ეს ჟურნალი 254 ენაზე გამოიცემა და მისი ყოველი ნომრის საშუალო ტირაჟი  59 მილიონს აღწევს, რის გამოც ის ყველაზე გავრცელებული ჟურნალია მთელ მსოფლიოში.

7. საიდან ვიცით, რომ ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოება არ ქადაგებს იმ ცნობას, რომლის ქადაგებაც იესომ თავის მიმდევრებს დაავალა?

7 ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოება ღვთის სამეფოს შესახებ ცნობას არ ქადაგებს. ისინი თვლიან, რომ სამეფო, რომელსაც სუფევას უწოდებენ, უბრალოდ ქრისტიანის გულში სუფევს (ლუკ. 17:21). ისინი ხალხს არც იმას ასწავლიან, რომ ღვთის სამეფო ზეციერი ხელისუფლებაა, რომელსაც სათავეში იესო ქრისტე უდგას, და არც იმას, რომ ეს სამეფო გადაჭრის კაცობრიობის ყველა პრობლემას და მალე დედამიწაზე მოსპობს ყოველგვარ ბოროტებას (გამოცხ. 19:11—21). მათ იესო მხოლოდ შობისა და აღდგომის დღესასწაულებზე ახსენდებათ. სამღვდელოებას წარმოდგენაც კი არა აქვს, რას გააკეთებს იესო, როგორც დედამიწის მომავალი მმართველი. ვინაიდან მათთვის უცხოა სასიხარულო ცნობის მთავარი თემა, რა გასაკვირია, რომ ქადაგების მოტივიც არა აქვთ?!

რა უნდა იყოს ქადაგების მოტივი?

8. რა მოტივი არ უნდა ედოს საფუძვლად სამქადაგებლო საქმიანობას?

8 რა მოტივი უნდა ედოს საფუძვლად სამქადაგებლო საქმიანობას? ფაქტია, მოტივი ფულის შოვნა ან შთამბეჭდავი შენობების აგება არ უნდა იყოს. იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „უსასყიდლოდ გაქვთ მიღებული და უსასყიდლოდვე გაეცით“ (მათ. 10:8). ადამიანებმა ღვთის სიტყვით არ უნდა ივაჭრონ (2 კორ. 2:17). სასიხარულო ცნობის მქადაგებლები ამ საქმისთვის ანაზღაურებას არ უნდა ითხოვდნენ (წაიკითხეთ საქმეების 20:33—35). ამ ნათელი მითითებების მიუხედავად, ეკლესიათა უმრავლესობა ფულადი სახსრების შეგროვებითა და იმაზე ზრუნვით არის დაკავებული, როგორ შეინარჩუნოს ფინანსური სტაბილურობა. ეკლესია ფინანსურად უზრუნველყოფს სამღვდელოებასა და მომსახურე პერსონალს. ამიტომ რა გასაკვირია, რომ ბევრმა რელიგიურმა წინამძღოლმა დიდი სიმდიდრე მოიხვეჭა (გამოცხ. 17:4, 5).

9. რა ცხადყოფს, რომ იეჰოვას მოწმეები სწორი მოტივით ქადაგებენ?

9 როგორი მიდგომა გვაქვს იეჰოვას მოწმეებს ფულადი შესაწირავის მიმართ? ჩვენი საქმიანობა ფინანსდება ნებაყოფლობითი შესაწირავებით (2 კორ. 9:7). ჩვენს სამეფო თუ საკონგრესო დარბაზებში არ ხდება ფულის აგროვება. თუმცა აღსანიშნავია, რომ მარტო გასულ წელს იეჰოვას მოწმეებმა 1, 93 მილიარდი საათი დაუთმეს სასიხარულო ცნობის ქადაგებას; გარდა ამისა, ყოველთვიურად დაახლოებით 9 მილიონ უსასყიდლო ბიბლიის შესწავლას ატარებდნენ. ისინი არათუ უსასყიდლოდ ასრულებენ ამ საქმეს, არამედ სამქადაგებლო ხარჯებს თავად ფარავენ. იეჰოვას მოწმეთა საქმიანობის შესახებ ერთმა მკვლევარმა ასეთი კომენტარი გააკეთა: „მათი მთავარი მიზანი ქადაგება და სწავლებაა . . . მათ არ ჰყავთ სამღვდელოება, რაც ერთიორად ამცირებს ხარჯებს“. მაშ, რა არის ჩვენი ქადაგების მოტივი? მარტივად რომ ვთქვათ, ამ საქმეს ჩვენი სურვილით ვასრულებთ, ვინაიდან გვიყვარს იეჰოვა და მოყვასი. ასეთი მზადყოფნის სულის შესახებ ნაწინასწარმეტყველები იყო ფსალმუნის 110:3-ში (წაიკითხეთ).

როგორ უნდა სრულდებოდეს სამქადაგებლო საქმე?

ჩვენ ყველგან ვქადაგებთ (იხილეთ მე-10 აბზაცი)

10. როგორ ქადაგებდნენ იესო და მისი მოწაფეები?

10 როგორ ქადაგებდნენ იესო და მისი მოწაფეები სასიხარულო ცნობას? ისინი ყველგან ეძებდნენ ადამიანებს, იქნებოდა ეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები თუ მათი სახლები. ისინი ღირსეულებს ეძებდნენ კარდაკარ (მათ. 10:11; ლუკ. 8:1; საქ. 5:42; 20:20). ქადაგებისადმი ასეთი დამოკიდებულება  მიუკერძოებლობის მაჩვენებელი იყო.

11, 12. რა ძალისხმევას ახმარენ სასიხარულო ცნობის ქადაგებას ქრისტიანული ეკლესიები და იეჰოვას მოწმეები?

11 რის თქმა შეიძლება ქრისტიანულ ეკლესიებზე? მრევლი, ძირითადად, იმითაც კმაყოფილდება, რომ ამ საქმეს ხელფასიანი სამღვდელოება ასრულებს. როგორც ჩანს, მათი მთავარი საზრუნავი შეგროვილი „თევზის“ შენარჩუნებაა და არა „ადამიანთა მებადურობა“. თუმცა ზოგი სასულიერო პირი ცდილობს, რომ სამწყსო სახარების ქადაგებისკენ წაახალისოს. მაგალითად, 2001 წლის დასაწყისში პაპმა იოანე პავლე II-მ თავის ეპისტოლეში განაცხადა: «წლების განმავლობაში ხშირად ვიმეორებდი იმას, რომ ახალ ევანგელიზაციას უნდა მივყოთ ხელი. ახლაც იმავეს ვიმეორებ . . . ჩვენში უნდა გავაღვიძოთ სულისკვეთება, რომლითაც პავლე ღაღადებდა: „ვაი მე, თუ არ ვახარებ სახარებას!“». პაპმა ისიც დასძინა: «ამ მისიას მხოლოდ „სპეციალისტების“ ჯგუფს ვერ მივანდობთ; მასში ღვთის მთელი სამწყსო უნდა იყოს ჩართული». მაგრამ მოჰყვა კი გამოხმაურება პაპის ამ ეპისტოლეს?!

12 იეჰოვას მოწმეებზე რაღას ვიტყვით? მხოლოდ ისინი აცხადებენ, რომ იესო 1914 წლიდან მეფობს. იესოს მითითებისამებრ, იეჰოვას მოწმეები სამქადაგებლო საქმეს უმთავრეს ყურადღებას უთმობენ (მარ. 13:10). ერთ-ერთ წიგნში წერია: „იეჰოვას მოწმეებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ქადაგებაა“. ერთი მოწმის სიტყვებს ავტორი ასეთ კომენტარს უკეთებს: „ისინი ცდილობენ, დაეხმარონ მშიერ, მარტოხელა და დაუძლურებულ ადამიანებს . . . თუმცა ამავე დროს არ ავიწყდებათ, რომ მათი მთავარი ამოცანა ქვეყნიერების აღსასრულისა და ხსნის შესახებ ქადაგებაა“ (Pillars of Faith — American Congregations and Their Partners states). იეჰოვას მოწმეები იესოსა და მისი მოწაფეების მეთოდებით განაგრძობენ სასიხარულო ცნობის ქადაგებას.

რა მასშტაბითა და ხანგრძლივობით უნდა მიმდინარეობდეს სამქადაგებლო საქმე?

13. რა მასშტაბით უნდა მიმდინარეობდეს სამქადაგებლო საქმე?

13 იესო ქრისტემ სამქადაგებლო საქმის მასშტაბის შესახებ თქვა, რომ სასიხარულო ცნობა მთელ მსოფლიოში ყველა ხალხს ექადაგებოდა (მათ. 24:14). ღვთის მსახურებს მოწაფეებად უნდა მოემზადებინათ „ხალხი ყველა ერიდან“ (მათ. 28:19, 20). ფაქტია, რომ ეს საქმე გლობალური მასშტაბით უნდა მიმდინარეობდეს.

14, 15. რა ცხადყოფს, რომ იეჰოვას მოწმეები ასრულებენ იესოს წინასწარმეტყველებას მასშტაბური სამქადაგებლო საქმიანობის შესახებ? (იხილეთ სურათები მე-8 გვერდზე)

14 ქვემოთ განხილული სტატისტიკური მონაცემები დაგვანახვებს, თუ როგორ ასრულებენ იეჰოვას მოწმეები იესოს წინასწარმეტყველებას სამქადაგებლო საქმიანობის მასშტაბთან დაკავშირებით. შეერთებულ შტატებში სხვადასხვა ქრისტიანულ მიმდინარეობას დაახლოებით 600 000 სასულიერო პირი ჰყავს, მოწმეთა რიცხვი კი დაახლოებით 1 200 000-ს შეადგენს. მსოფლიო მასშტაბით რომის კათოლიკურ  ეკლესიაში დაახლოებით 400 000 მღვდელმსახურია, ბიბლიური ცნობის მქადაგებელ იეჰოვას მსახურთა რიცხვი კი მსოფლიოს 240 ქვეყანაში დაახლოებით 8 მილიონს აღწევს. იეჰოვას საქებრად და სადიდებლად მართლაც რომ გრანდიოზული საქმე კეთდება! (ფსალმ. 34:1; 51:15).

15 ჩვენ, იეჰოვას მოწმეებს, გვსურს ამ ქვეყნიერების აღსასრულამდე რაც შეიძლება მეტ ადამიანს ვუქადაგოთ სასიხარულო ცნობა. ამიტომ ბიბლიური ლიტერატურის თარგმნისა თუ გამოცემის მხრივ ბადალი არ მოგვეძებნება. უფასოდ ვავრცელებთ მილიონობით წიგნს, ჟურნალს, ბუკლეტს და კონგრესისა თუ გახსენების საღამოს მოსაწვევებს; 700-ზე მეტ ენაზე გამოვცემთ პუბლიკაციებს. „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ 200 მილიონზე მეტი ეგზემპლარი 130-ზე მეტ ენაზე გამოიცა. მარტო გასულ წელს ბიბლიური ლიტერატურის ტირაჟმა დაახლოებით ოთხმილიარდ-ნახევარს მიაღწია. ჩვენს ვებ-გვერდზე ინფორმაცია ხელმისაწვდომია 750-ზე მეტ ენაზე. გეგულებათ რომელიმე სხვა ჯგუფი, ასეთივე საქმიანობას რომ ეწეოდეს?

16. საიდან ჩანს, რომ იეჰოვას მოწმეებს წმინდა სული აქვთ?

16 რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ნაწინასწარმეტყველები სამქადაგებლო საქმიანობა? იესომ თქვა, რომ სასიხარულო ცნობას აღსასრულამდე იქადაგებდნენ. ამ ქვეყნიერების ბოლო დღეებში, სხვა რომელი რელიგიური ჯგუფი ქადაგებს გამუდმებით სასიხარულო ცნობას? ზოგი, ვისაც მსახურების დროს ვხვდებით, აცხადებს, რომ წმინდა სული აქვთ, თუმცა იმასაც აღიარებს, რომ სამქადაგებლო საქმეს ჩვენ ვასრულებთ. მაგრამ ისმის კითხვა: განა ის ფაქტი, რომ შეუჩერებლად ვქადაგებთ არ ცხადყოფს, რომ წმინდა სული ჩვენ გვაქვს?! (საქ. 1:8; 1 პეტ. 4:14). არაერთ რელიგიურ ჯგუფს უცდია იმის გაკეთება, რასაც იეჰოვას მოწმეები რეგულარულად აკეთებენ, თუმცა მათი მცდელობა კრახით დასრულებულა. ზოგი ეგრეთ წოდებულ მისიონერულ საქმიანობას ეწევა მცირე ხნით, შემდეგ კი ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება. მართალია, ზოგი კარდაკარ ქადაგებას ცდილობს, მაგრამ საინტერესოა, რას ქადაგებენ ისინი? ამ კითხვაზე გაცემული პასუხიდან დავინახავთ, რომ ისინი ქრისტეს წამოწყებულ საქმეს არ ასრულებენ.

ვინ ქადაგებს სინამდვილეში სასიხარულო ცნობას დღეს?

17, 18. ა) რატომ შეგვიძლია სრული დამაჯერებლობით იმის თქმა, რომ მხოლოდ იეჰოვას მოწმეები ქადაგებენ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ? ბ) რა გვეხმარება, რომ ეს საქმე კვლავ გავაგრძელოთ?

17 ვინ ქადაგებს სინამდვილეში სასიხარულო ცნობას დღეს? სრული დამაჯერებლობით შეგვიძლია ვთქვათ: „იეჰოვას მოწმეები“. რატომ ვართ ასე დარწმუნებულნი? იმიტომ რომ ჩვენ ვქადაგებთ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ, რომლის ქადაგებაც იესომ დაგვავალა. ჩვენ ხალხთან მივდივართ, ეს კი ქადაგების სწორი მეთოდია. ჩვენი მოტივიც სწორია, რადგან ქადაგებისკენ სიყვარული გვიბიძგებს და არა ფინანსური გამორჩენა. ჩვენი საქმიანობა გრანდიოზულ მასშტაბს აღწევს — სასიხარულო ცნობას ყველა ერისა თუ ენის ადამიანი ისმენს. ჩვენ წლიდან წლამდე, აღსასრულის მოსვლამდე, დაუღალავად ვიქადაგებთ სასიხარულო ცნობას.

18 ჩვენ ნამდვილად გვაკვირვებს ის, რასაც ღვთის ხალხი დღეს, ამ საოცარ დროში აღწევს. მაგრამ საინტერესოა, როგორ ახერხებენ ისინი ამას? ამ კითხვაზე პასუხს მოციქული პავლე ფილიპელებისთვის მიწერილ წერილში გვცემს: „ღმერთი თავისი ნების გამო მოქმედებს თქვენში, რათა სურვილიც გქონდეთ და მოქმედებდეთ კიდეც“ (ფილ. 2:13). მაშ, მოდი ჩვენი მოსიყვარულე ზეციერი მამის მხარდაჭერაში დარწმუნებულებმა თავი არ დავზოგოთ და ყოველმხრივ შევასრულოთ ჩვენი მსახურება! (2 ტიმ. 4:5).