არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) მაისი 2016

როგორ იღებთ გადაწყვეტილებებს?

როგორ იღებთ გადაწყვეტილებებს?

„ჩასწვდით, რა არის იეჰოვას ნება“ (ეფეს. 5:17).

სიმღერები: 69, 57

1. მოიხსენიეთ ზოგიერთი ბიბლიური მითითება და აღნიშნეთ, რა სიკეთე მოაქვს მათ დაცვას.

თავისი სიტყვის მეშვეობით იეჰოვა არაერთ კონკრეტულ მითითებას გვაძლევს. მაგალითად, ის კრძალავს უზნეობას, კერპთაყვანისმცემლობას, ქურდობასა და ლოთობას (1 კორ. 6:9, 10). ღვთის ძემ, იესო ქრისტემაც მისცა თავის მიმდევრებს მითითება: „წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან, მონათლეთ ისინი მამის, ძისა და წმინდა სულის სახელით, ასწავლეთ მათ ყველაფრის დაცვა, რაც მცნებად დაგიდეთ. და აი, მე ყოველდღე თქვენთან ვარ ქვეყნიერების აღსასრულამდე“ (მათ. 28:19, 20). ალბათ, თითოეულს გვიგრძნია ღვთის კანონებისა და მითითებების დამცავი ძალა! ამ კანონებისა და მითითებების მორჩილებამ პირადი ღირსების გრძნობა აგვიმაღლა და ხელი შეუწყო ჩვენს ჯანმრთელობასა და ოჯახურ ბედნიერებას. რაც უფრო მნიშვნელოვანია, გვაქვს იეჰოვას მოწონება და კურთხევა, რადგან ერთგულად ვიცავთ მის მითითებებს, მათ შორის მითითებას სამქადაგებლო საქმიანობაში მონაწილეობის შესახებ.

2, 3. ა) რატომ არ გვიდგენს ბიბლია კანონებს ყველაფერზე? ბ) რომელ კითხვებს გაეცემა პასუხი ამ სტატიაში? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე)

2 არსებობს ისეთი სიტუაციებიც, რომლებზეც ბიბლია პირდაპირ მითითებებს არ შეიცავს. მაგალითად, ბიბლიაში დაკონკრეტებული არ არის, როგორი ტანსაცმელი უნდა ეცვათ ქრისტიანებს. როგორ მოწმობს ეს იეჰოვას სიბრძნეზე? ჩაცმულობის სტილზე გავლენას ახდენს არა მხოლოდ ადგილობრივი  წეს-ჩვეულებები, არამედ დროის სვლაც. თუ ბიბლიაში დაწვრილებით იქნებოდა აღწერილი მისაღები ჩაცმულობის სტილი და გარეგნობა, დღეს ეს ინფორმაცია გამოუსადეგარი გახდებოდა. ამავე მიზეზის გამო ღვთის შთაგონებული სიტყვა არ შეიცავს უამრავ წესს, რომლებიც უკარნახებდა ქრისტიანს, სად ემუშავა, როგორ ეზრუნა ჯანმრთელობაზე და გართობის რა სახეობა აერჩია. ამიტომ ოჯახის თავებსა თუ ცალკეულ ქრისტიანებს შეუძლიათ თავად მიიღონ გადაწყვეტილებები ამ საკითხებში.

3 ნიშნავს ეს იმას, რომ იეჰოვასთვის სულერთია ჩვენი არჩევანი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დროს, რომელთაგან ზოგმა შეიძლება უდიდესი გავლენა მოახდინოს ჩვენს ცხოვრებაზე? მოიწონებს ჩვენი ზეციერი მამა ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომლითაც არ ირღვევა ბიბლიური კანონი? კონკრეტული კანონის არარსებობის შემთხვევაში როგორ უნდა გავიგოთ, რას იწონებს იეჰოვა?

აქვს მნიშვნელობა, რა გადაწყვეტილებებს ვიღებთ?

4, 5. როგორ შეიძლება იმოქმედოს ჩვენმა გადაწყვეტილებებმა ჩვენზეც და სხვებზეც?

4 ზოგი ფიქრობს, რომ დიდი მნიშვნელობა არა აქვს, რა გადაწყვეტილებებს ვიღებთ. მაგრამ იეჰოვას მოსაწონი, ბრძნული გადაწყვეტილებების მისაღებად უნდა გავითვალისწინოთ მის სიტყვაში ჩაწერილი კანონები და პრინციპები და მათ თანახმად ვიმოქმედოთ. მაგალითად, უნდა დავიცვათ სისხლის შესახებ ღვთის კანონი, რათა მისი მოწონება დავიმსახუროთ (დაბ. 9:4; საქ. 15:28, 29). ლოცვა დაგვეხმარება, რომ ჩვენი გადაწყვეტილებები ბიბლიურ პრინციპებთან და კანონებთან იყოს შეთანხმებული.

5 სერიოზულმა გადაწყვეტილებებმა შეიძლება დიდი გავლენა მოახდინოს ჩვენს სულიერ კეთილდღეობაზე. ჩვენი ნებისმიერი არჩევანი შეიძლება იეჰოვასთან ჩვენს ურთიერთობაზე აისახოს. სწორი გადაწყვეტილებებით განვამტკიცებთ ამ ურთიერთობას, არასწორი გადაწყვეტილებებით კი ბზარს ვუჩენთ მას. ამასთან, არასწორი გადაწყვეტილებით შეიძლება სულიერი ზიანი მივაყენოთ სხვებს — შინაგანი სიმშვიდე დავუკარგოთ, დავაბრკოლოთ ისინი ან კრების ერთობა დავარღვიოთ. ასე რომ, დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ გადაწყვეტილებებს ვიღებთ (წაიკითხეთ რომაელების 14:19; გალატელების 6:7).

6. რით უნდა ვიხელმძღვანელოთ გადაწყვეტილებების მიღებისას?

6 როგორ უნდა მოვიქცეთ მაშინ, როცა პირდაპირი ბიბლიური მითითება არა გვაქვს? ასეთ შემთხვევებში ჩვენი პასუხისმგებლობაა, საფუძვლიანად გამოვიკვლიოთ საკითხი და გადაწყვეტილება მივიღოთ არა იმის მიხედვით, ჩვენ რას ვანიჭებთ უპირატესობას, არამედ იმის მიხედვით, იეჰოვა რას მოიწონებს და აკურთხებს (წაიკითხეთ ფსალმუნის 37:5).

ჩასწვდით იეჰოვას ნებას

7. ბიბლიური კანონის არარსებობის შემთხვევაში, როგორ შეგვიძლია გავიგოთ იეჰოვას ნება?

7 შეიძლება იკითხოთ: „როგორ გავიგო, რას იწონებს იეჰოვა, თუ მის სიტყვაში კონკრეტული მითითება არ არის?“. ეფესოელების 5:17-ში ნათქვამია: „ჩასწვდით, რა არის იეჰოვას ნება“. როდესაც არ არსებობს პირდაპირი ბიბლიური კანონი, როგორ შეგვიძლია ჩავწვდეთ იეჰოვას ნებას? საჭიროა, ვილოცოთ და მივყვეთ წმინდა სულის ხელმძღვანელობას.

8. როგორ ჩასწვდა იესო იეჰოვას ნებას? მოიყვანეთ მაგალითი.

8 განვიხილოთ იესოს მაგალითი და ვნახოთ, როგორ ჩასწვდა იესო მამის ნებას. ბიბლიაში ჩაწერილია ორი შემთხვევა, როცა მან ილოცა და შემდეგ სასწაულებრივად დააპურა დიდძალი ხალხი (მათ. 14:17—20; 15:34—37). მაგრამ იესომ უარი  თქვა ქვების პურებად ქცევაზე, როცა მშიერი იყო და ეშმაკი სცდიდა უდაბნოში (წაიკითხეთ მათეს 4:2—4). ის კარგად იცნობდა მამას, ამიტომ იცოდა, რომ ქვები პურებად არ უნდა ექცია. მას ესმოდა, რომ ღმერთს არ მოეწონებოდა, თუ ძალას თავის სასარგებლოდ გამოიყენებდა. იესომ თავისი მოქმედებით აჩვენა, რომ ენდობოდა იეჰოვას და დარწმუნებული იყო, რომ ის იზრუნებდა მასზე.

9, 10. რა დაგვეხმარება, რომ ბრძნული გადაწყვეტილებები მივიღოთ? მოიყვანეთ მაგალითი.

9 იესოს მსგავსად ბრძნული გადაწყვეტილებების მისაღებად ხელმძღვანელობისთვის იეჰოვას უნდა მივმართოთ. უნდა მოვიქცეთ შემდეგი ბრძნული მითითების თანახმად: „მიენდე იეჰოვას მთელი გულით და საკუთარ გონებას ნუ დაეყრდნობი. გახსოვდეს იგი ყველა შენს გზაზე და ის გაგისწორებს სავალს. ნუ იქნები ბრძენი საკუთარ თვალში. იეჰოვასი გეშინოდეს და ზურგი აქციე ბოროტებას“ (იგავ. 3:5—7). ბიბლიის შესწავლის შედეგად ვეცნობით იეჰოვას აზროვნებას და ვხვდებით, კონკრეტულ სიტუაციაში როგორ საქციელს მოგვიწონებდა. რაც მეტად ვეცნობით იეჰოვას, მით მეტად მორჩილი ხდება ჩვენი გული მისი ხელმძღვანელობის მიმართ (ეზეკ. 11:19).

10 მოვიყვანოთ მაგალითი: წარმოიდგინეთ, რომ დაქორწინებულ ქალბატონს მაღაზიაში მოეწონა ძვირადღირებული ფეხსაცმელი. ის ფიქრობს: „მოეწონება ჩემს ქმარს, თუ ფეხსაცმელში ამდენ ფულს დავხარჯავ?“. თუმცა ქმარი გვერდით არა ჰყავს, ალბათ, მან უკვე იცის პასუხი. ის კარგად იცნობს თავის ქმარს და იცის, მისი აზრით, როგორ უნდა გაანაწილონ თავიანთი მცირე შემოსავალი. შედეგად, ის ხვდება, რას იფიქრებს მისი ქმარი ასეთ შენაძენზე. მსგავსად, რაც უკეთ გავეცნობით იეჰოვას აზროვნებას, მით უკეთ ჩავწვდებით, როგორი საქციელი მოეწონება მას ამა თუ იმ სიტუაციაში.

როგორ გავიგოთ იეჰოვას თვალსაზრისი?

11. რა კითხვები უნდა დავუსვათ საკუთარ თავს ბიბლიის კითხვისა თუ პირადი შესწავლის დროს? (იხილეთ ჩარჩო „ ღვთის სიტყვის შესწავლისას ჰკითხე საკუთარ თავს“)

11 იეჰოვას აზროვნებას რომ გავეცნოთ, საჭიროა, სერიოზულად მოვეკიდოთ პირად შესწავლას. ღვთის სიტყვის კითხვისას და შესწავლისას უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს: „რას ვიგებ აქედან იეჰოვას, მისი სამართლიანი ქმედებებისა და მისი აზროვნების შესახებ?“. ჩვენ ფსალმუნმომღერალი დავითის მსგავსი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს, რომელიც ამბობდა: „მაუწყე შენი გზები, იეჰოვა, მასწავლე შენი ბილიკები! მატარე შენი ჭეშმარიტებით და მასწავლე, რადგან შენა ხარ ჩემი ხსნის ღმერთი. მთელი დღე შენზე ვარ დაიმედებული“ (ფსალმ. 25:4, 5). ბიბლიურ მონაკვეთზე ფიქრისას ჰკითხეთ საკუთარ თავს: „როგორ შემიძლია ამ ინფორმაციის ცხოვრებაში გამოყენება? შემიძლია გამოვიყენო ის ოჯახში, სამსახურში, სკოლაში და მსახურების დროს?“. როცა განვსაზღვრავთ, სად გამოვიყენებთ წაკითხულს, ადვილად მივხვდებით, როგორ გავაკეთოთ ეს.

12. როგორ გვეხმარება ჩვენი პუბლიკაციები და შეხვედრები, გავიგოთ იეჰოვას თვალსაზრისი ამა თუ იმ საკითხზე?

12 იეჰოვას აზროვნების გაცნობაში დაგვეხმარება ისიც, თუ გულისყურით მოვეკიდებით მისი ორგანიზაციის მიერ გაწეულ ხელმძღვანელობას, რომელიც ბიბლიას ეფუძნება. მაგალითად, „საგუშაგო კოშკის პუბლიკაციების საძიებელი“ და „იეჰოვას მოწმეების საკვლევი სახელმძღვანელო“ გვეხმარება, გავიგოთ, რას ფიქრობს იეჰოვა იმ უამრავ სიტუაციასთან მიმართებით, რომლებშიც პირადად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები. დიდ დახმარებას გვიწევს აგრეთვე კრების შეხვედრების ყურადღებით მოსმენა და მათში მონაწილეობა. იქ ნასწავლზე ფიქრი დაგვეხმარება,  გავეცნოთ იეჰოვას აზროვნებას და ისეთივე შეხედულებები გვქონდეს საკითხებზე, როგორიც მას აქვს. თუ ყურადღებით მოვეკიდებით ღონისძიებებს, რომელთა მეშვეობითაც იეჰოვა სულიერად გვკვებავს, თანდათანობით გავიგებთ, რას იწონებს ის. შედეგად გაგვიადვილდება ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელთაც ჩვენი მოსიყვარულე ღმერთი აკურთხებს.

გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინეთ იეჰოვას ნება

13. მაგალითით აჩვენეთ, როგორ დაგვეხმარება ღვთის თვალსაზრისის ცოდნა, მივიღოთ ბრძნული გადაწყვეტილებები.

13 მაგალითის მეშვეობით ვნახოთ, როგორ დაგვეხმარება იეჰოვას აზროვნების ცოდნა, რომ ბრძნული გადაწყვეტილებები მივიღოთ. ჩვენ, როგორც სასიხარულო ცნობის მაუწყებლებმა, შეიძლება პიონერად მსახურება გადავწყვიტოთ. ამისთვის ვიწყებთ ცხოვრების გამარტივებას. ამავე დროს, შეიძლება გვაფიქრებს, ვიქნებით თუ არა მცირე შემოსავლით ბედნიერები. რა თქმა უნდა, ბიბლიაში არ არის მითითება, რომ პიონერი უნდა გავხდეთ; შეგვიძლია კვლავაც მაუწყებლად ვიმსახუროთ. თუმცა იესო გვარწმუნებს, რომ მათ, ვინც სამეფოსთვის მსხვერპლს გაიღებენ, კურთხევები არ მოაკლდებათ (წაიკითხეთ ლუკას 18:29, 30). უფრო მეტიც, წმინდა წერილებიდან ვიგებთ, რომ იეჰოვას სიამოვნებს მისთვის „ბაგეებით აღვლენილი ნებაყოფლობითი შესაწირავი“. მას უხარია, როცა შეძლებისდაგვარად ყველაფერს სიხარულით ვაკეთებთ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარდასაჭერად (ფსალმ. 119:108; 2 კორ. 9:7). თუ ამ მუხლებზე ვიფიქრებთ და იეჰოვას ლოცვით ვთხოვთ ხელმძღვანელობას, ჩავწვდებით იეჰოვას ნებას და შევძლებთ ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც ჩვენი მდგომარეობიდან გამომდინარე სწორი იქნება და რომელსაც ჩვენი ზეციერი მამა აკურთხებს.

14. როგორ გავიგოთ იეჰოვას თვალსაზრისი ჩაცმულობის ამა თუ იმ სტილზე?

14 განვიხილოთ სხვა მაგალითი. დავუშვათ, მოგწონთ ჩაცმულობის ისეთი სტილი, რომელიც კრების წევრებს აღიზიანებს. მაგრამ იცით, რომ ბიბლიაში ასეთი ჩაცმულობის ამკრძალავი კანონი არ არსებობს. როგორ უნდა გაიგოთ, რა თვალსაზრისი აქვს იეჰოვას ამ საკითხზე? მოციქულმა პავლემ ღვთივშთაგონებით გვირჩია: „ქალების მშვენება იყოს არა თმის განსაკუთრებულად დაწვნაში, ოქროში, მარგალიტებსა თუ ძვირფას სამოსელში, არამედ მოკრძალებითა და საღი აზროვნებით შერჩეულ მოხდენილ ტანსაცმელში, ისე, როგორც შეეფერებათ ქალებს, რომლებიც ამბობენ, რომ ღვთისმოშიშები არიან, კერძოდ, კარგი  საქმეებით“ (1 ტიმ. 2:9, 10). ამ რჩევაში ჩადებული პრინციპი ქრისტიან კაცებსაც ეხება. როგორც იეჰოვას ერთგული მსახურები, მხოლოდ იმით კი არა ვართ დაინტერესებული, ჩვენ რა მოგვწონს, არამედ იმითაც, თუ რა გავლენას მოახდენს ჩვენი ჩაცმულობა და გარეგნობა სხვებზე. მოკრძალება და სიყვარული აღგვძრავს, მხედველობაში მივიღოთ თანამორწმუნეების შეხედულებები, რათა არ გავაღიზიანოთ ისინი და უპატივცემულობა არ გამოვხატოთ (1 კორ. 10:23, 24; ფილ. 3:17). თუ გვემახსოვრება, რას ამბობს ბიბლია ამის შესახებ, ჩავწვდებით იეჰოვას თვალსაზრისს და მის მოსაწონ გადაწყვეტილებებს მივიღებთ.

15, 16. ა) როგორ იმოქმედებს იეჰოვაზე, თუ გონებაში სექსუალურ სცენებს წარმოვისახავთ? ბ) გართობის არჩევისას როგორ გავიგოთ, მოიწონებს თუ არა მას იეჰოვა? გ) როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა სერიოზული გადაწყვეტილების წინაშე ვდგავართ?

15 ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვას გულს სტკენს, როცა ადამიანები უკეთურებას სჩადიან და მათი გულის ზრახვები მუდამ ბოროტია (წაიკითხეთ დაბადების 6:5, 6). აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გონებაში სექსუალური სცენების წარმოსახვა არასწორია, რადგან ამას შეუძლია ადამიანი ისეთ სერიოზულ ცოდვამდე მიიყვანოს, რომელიც ღვთის ნების საწინააღმდეგოა და ბიბლიაში იგმობა. მოწაფე იაკობი წერდა: „ზემოდან მომავალი სიბრძნე კი, პირველ ყოვლისა, წმინდაა, მერე მშვიდობიანი, ახასიათებს გონიერება და მზად არის მორჩილებისთვის, სავსეა გულმოწყალებითა და კარგი ნაყოფით, მიუკერძოებელი და უთვალთმაქცოა“ (იაკ. 3:17). ამის ცოდნა აღგვძრავს, მოვერიდოთ ისეთ გართობას, რომელიც უწმინდურ ფიქრებსა და სურვილებს აღვივებს. გამჭრიახი ქრისტიანი არც კი დაფიქრდება, გაერთოს თუ არა ისეთი წიგნით, ფილმით ან თამაშით, რომლებიც იეჰოვასთვის საძულველ აზრებსა თუ ქმედებებს შეიცავს. ღვთის თვალსაზრისი ამ საკითხებზე ნათლად ჩანს მისი სიტყვიდან.

16 ბევრი საკითხი შეიძლება სხვადასხვაგვარად გადაიჭრას და იეჰოვასთვის ყველა მოსაწონი იყოს. მაგრამ სერიოზული გადაწყვეტილების შემთხვევაში ზოგჯერ მიზანშეწონილია, რჩევისთვის უხუცესებს ან სხვა გამოცდილ ქრისტიანებს მივმართოთ (ტიტ. 2:3—5; იაკ. 5:13—15). თუმცა არასწორი იქნებოდა, თუ სხვებს ვთხოვდით, ჩვენ ნაცვლად მიეღოთ გადაწყვეტილება. ქრისტიანებმა უნდა გაწაფონ და გამოიყენონ აღქმის უნარი (ებრ. 5:14). ჩვენ უნდა გვახსოვდეს პავლეს ღვთივშთაგონებული სიტყვები: „თითოეული თავის სატარებელს ატარებს“ (გალ. 6:5).

17. რა სიკეთეს მოგვიტანს იეჰოვას მოსაწონი გადაწყვეტილებები?

17 როცა გადაწყვეტილებების მიღების დროს ვითვალისწინებთ იეჰოვას ნებას, მეტად ვუახლოვდებით მას (იაკ. 4:8). შედეგად იეჰოვა გვიწონებს და კურთხევებს არ იშურებს. ეს კი, თავის მხრივ, ჩვენი ზეციერი მამის მიმართ რწმენას გვიძლიერებს. მოდი ყოველთვის ვიხელმძღვანელოთ ბიბლიაში ჩაწერილი კანონებითა და პრინციპებით, რადგან მათი მეშვეობით ვწვდებით იეჰოვას ნებას სხვადასხვა საკითხზე. რა თქმა უნდა, ყოველთვის იქნება რაღაც ახალი, რასაც იეჰოვას შესახებ ვისწავლით (იობ. 26:14). თუმცა ძალისხმევის შედეგად დღესაც შეგვიძლია შევიძინოთ ბრძნული გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო სიბრძნე, ცოდნა და გამჭრიახობა (იგავ. 2:1—5). არასრულყოფილი ადამიანების აზრები და გეგმები წარმავალია, მაგრამ „იეჰოვას განზრახვა მარადიულია; მისი გულის ზრახვები თაობიდან თაობაში უცვლელია“ (ფსალმ. 33:11). როგორც დავინახეთ, საუკეთესო გადაწყვეტილებებს მაშინ ვიღებთ, როცა ჩვენი ფიქრები და საქციელი შეესაბამება ჩვენი ყოვლადბრძენი ღვთის, იეჰოვას ნებას.