წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) ივნისი 2016

ნუ დაგაბრკოლებთ სხვისი შეცდომები!

ნუ დაგაბრკოლებთ სხვისი შეცდომები!

„მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს“ (კოლ. 3:13).

სიმღერები: 121, 75

1, 2. რა იყო ნაწინასწარმეტყველები ბიბლიაში იეჰოვას ხალხის ზრდის შესახებ?

დედამიწაზე იეჰოვას ერთგული მსახურები, მისი მოწმეები, გაერთიანებულები არიან ორგანიზაციაში, რომელსაც ბადალი არა ჰყავს. არასრულყოფილებისა და შეცდომების მიუხედავად, ღვთის წმინდა სულის დახმარებით ქრისტიანული კრება მთელ მსოფლიოში იზრდება და წინ მიიწევს. განვიხილოთ ზოგიერთი მაგალითი იმისა, თუ რას მიაღწიეს ამ გულანთებულმა, თუმცა არასრულყოფილმა ადამიანებმა იეჰოვას კურთხევით.

2 ამ ქვეყნიერების ბოლო დღეების დასაწყისში, 1914 წელს, დედამიწაზე ღვთის მსახურები ცოტანი იყვნენ. მიუხედავად ამისა, იეჰოვამ აკურთხა მათი სამქადაგებლო საქმე — რამდენიმე ათწლეულში მილიონებმა გაიგეს ბიბლიური ჭეშმარიტება და იეჰოვას მოწმეთა რიგებს შეუერთდნენ. იეჰოვამ იწინასწარმეტყველა ამ არნახული ზრდის შესახებ: „მცირე ათასად გადაიქცევა, პატარა — ძლიერ ხალხად. მე, იეჰოვა, თავის დროზე დავაჩქარებ ამას“ (ეს. 60:22). ამ ბოლო დღეებში ეს წინასწარმეტყველური სიტყვები ზუსტად სრულდება. დღეს ღვთის ხალხის რიცხვი ცალ-ცალკე აღებული მრავალი ქვეყნის მოსახლეობაზე მეტია.

3. როგორ გამოვლინდა ღვთის მსახურების სიყვარული ბოლო დღეებში?

 3 ჩვენს დღეებში იეჰოვა აგრეთვე ეხმარება თავის ხალხს, უფრო სრულად გამოავლინონ მისი უმთავრესი თვისება, სიყვარული (1 იოან. 4:8). იესომ, რომელიც მამის მსგავსად ავლენდა სიყვარულს, თავის მიმდევრებს უთხრა: „ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი . . . ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, რომ ერთმანეთი გეყვარებათ“ (იოან. 13:34, 35). ასეთი სიყვარულის გამოვლენა განსაკუთრებით აუცილებელი გახდა გასულ საუკუნეში, როცა ერები სისხლისმღვრელ ომებში ჩაებნენ. მაგალითად, მხოლოდ მეორე მსოფლიო ომმა თითქმის 55 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა. მაგრამ იეჰოვას მოწმეებს მონაწილეობა არ მიუღიათ ამ მსოფლიო მასშტაბის ხოცვა-ჟლეტაში (წაიკითხეთ მიქას 4:1, 3). შედეგად ისინი სუფთანი არიან „ყველას სისხლისაგან“ (საქ. 20:26).

4. რატომ არის აღსანიშნავი იეჰოვას ხალხის რიცხობრივი ზრდა?

4 ღვთის ხალხი რიცხობრივად იზრდება მიუხედავად იმისა, რომ ისინი „ამ ქვეყნიერების ღვთის“, სატანის მიერ მართულ მტრულად განწყობილ მსოფლიოში ცხოვრობენ (2 კორ. 4:4). ის კულისებიდან მართავს პოლიტიკურ სისტემასა თუ მასმედიას, მაგრამ ვერ აჩერებს სასიხარულო ცნობის ქადაგებას. მან კარგად იცის, რომ დრო ცოტაღა დარჩა, ამიტომ არაერთ ხრიკს მიმართავს, რომ ხალხი ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას ჩამოაშოროს (გამოცხ. 12:12).

ერთგულების გამოცდა

5. რატომ გვტკენენ ხოლმე ზოგჯერ სხვები გულს? (იხილეთ სურათი 21-ე გვერდზე)

5 ქრისტიანულ კრებაში დიდი ყურადღება ექცევა ღვთისა და მოყვასის სიყვარულს. იესომაც გაუსვა ხაზი სიყვარულის აუცილებლობას. როცა მას ჰკითხეს, რომელი იყო უდიდესი მცნება, მან მიუგო: «„გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით და მთელი გონებით“. ეს არის პირველი და უდიდესი მცნება. მეორე ამის მსგავსია: „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“» (მათ. 22:35—39). თუმცა ბიბლიიდან ნათლად ჩანს, რომ ადამის ცოდვის გამო ყველანი არასრულყოფილები ვართ (წაიკითხეთ რომაელების 5:12, 19). შედეგად, კრების წევრებმა შეიძლება ზოგჯერ სიტყვითა თუ საქმით გვაწყენინონ. ამან შეიძლება გამოსცადოს იეჰოვასა და მისი ხალხისადმი ჩვენი სიყვარული. როგორ მოვიქცევით ამ დროს? ძველად მცხოვრები ღვთის მსახურებიც ზოგჯერ აკეთებდნენ ან ამბობდნენ ისეთ რამეს, რითაც გულს სტკენდნენ სხვებს. ვნახოთ, რის სწავლა შეგვიძლია მათი შემთხვევებიდან.

ისრაელში ელისა და მისი ვაჟების დროს რომ გეცხოვრათ, როგორი რეაქცია გექნებოდათ მათ საქციელზე? (იხილეთ აბზაცი 6)

6. რაში გამოვლინდა ელის დაუდევრობა?

6 მღვდელმთავარ ელის ორი ვაჟი ჰყავდა, რომლებიც არაფრად აგდებდნენ იეჰოვას კანონებს. ბიბლიაში მათ შესახებ ვკითხულობთ: „ელის უვარგისი ვაჟები ჰყავდა; არ ცნობდნენ იეჰოვას“ (1 სამ. 2:12). მიუხედავად იმისა, რომ ელის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის დაცვის უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრა, მისი ვაჟები მძიმე ცოდვებს სჩადიოდნენ. თუმცა ელიმ იცოდა ამის შესახებ, ის დაუდევრად მოიქცა და არ დასაჯა ისინი. ამის გამო ღმერთმა ელის სახლეულობას განაჩენი გამოუტანა (1 სამ. 3:10—14). საბოლოოდ მისი შთამომავლები აღარ იმსახურებდნენ მღვდელმთავრებად. ელის დროს რომ გეცხოვრათ, როგორი რეაქცია გექნებოდათ, როცა გაიგებდით, რომ ელი თავისი ვაჟების ცოდვებზე თვალს ხუჭავდა? დაგაბრკოლებდათ ეს და შეწყვეტდით ღვთის მსახურებას?

7. რა მძიმე ცოდვები ჩაიდინა დავითმა და რა მოჰყვა ამას შედეგად?

7 იეჰოვას უყვარდა დავითი და „გულით  სასურველ კაცად“ მიიჩნევდა (1 სამ. 13:13, 14; საქ. 13:22). მაგრამ მოგვიანებით დავითმა ბათ-შებასთან იმრუშა, რის შედეგადაც ბათ-შება დაორსულდა. ამ დროს მისი ქმარი ურია დავითის ლაშქარში იბრძოდა. დავითმა ცოტა ხნით ბრძოლიდან დაბრუნებულ ურიას მოუწოდა სახლში წასულიყო. ის იმედოვნებდა, რომ ურია ცოლთან დაწვებოდა და ბავშვის მამად ჩაითვლებოდა. მაგრამ ურია სახლში არ წავიდა, ამიტომ დავითმა ისე მოაწყო, რომ ის ბრძოლაში მოეკლათ. ეს დანაშაული ძვირად დაუჯდა დავითს — მას და მის სახლეულობას უამრავი უბედურება დაატყდა (2 სამ. 12:9—12). მიუხედავად ამისა, ღმერთმა შეიწყალა დავითი, რომელიც მთლიანობაში სუფთა გულით დადიოდა მის წინაშე (1 მეფ. 9:4). როგორი რეაქცია გექნებოდათ, იმ დროს ღვთის ხალხს შორის რომ გეცხოვრათ? დაგაბრკოლებდათ დავითის არასწორი საქციელი?

8. ა) რა გააკეთა პეტრემ? ბ) შეცდომის მიუხედავად, რატომ მისცა იეჰოვამ პეტრეს მსახურების გაგრძელების უფლება?

8 ბიბლიიდან შეგვიძლია პეტრე მოციქულის მაგალითიც გავიხსენოთ. მიუხედავად იმისა, რომ იესომ ის მოციქულად აირჩია, პეტრე ზოგჯერ ისეთ რამეს აკეთებდა ან ამბობდა, რასაც მოგვიანებით ნანობდა. მაგალითად, პეტრეს ნათქვამი ჰქონდა, რომ სხვებს რომც მიეტოვებინათ იესო, ის არასდროს მიატოვებდა (მარ. 14:27—31, 50). მაგრამ ყველაზე მძიმე სიტუაციაში, როცა იესო დააპატიმრეს, ყველა მოციქულმა, მათ შორის პეტრემაც მიატოვა ის. ამასთან, პეტრემ რამდენჯერმე უარყო, რომ იცნობდა იესოს (მარ. 14:53, 54, 66—72). თუმცა პეტრემ გულწრფელად მოინანია, რის გამოც იეჰოვამ საშუალება მისცა მას, მსახურება განეგრძო. იმ დროს რომ იესოს მოწაფე ყოფილიყავით, შეარყევდა პეტრეს საქციელი იეჰოვასადმი თქვენს ერთგულებას?

9. რატომ ხართ დარწმუნებული, რომ ღმერთი ყოველთვის სამართლიანად იქცევა?

9 ჩვენ განვიხილეთ მხოლოდ რამდენიმე მაგალითი იმისა, თუ როგორ ატკინეს გული სხვებს ძველად მცხოვრებმა ღვთის მსახურებმა. თუმცა მსგავსი შემთხვევები ჩვენს დროშიც ხდება. ამ დროს მთავარია,  ჩვენ როგორი რეაქცია გვექნება. დავბრკოლდებით სხვების შეცდომების გამო და ზურგს შევაქცევთ იეჰოვასა და მის ხალხს, მათ შორის ჩვენი კრების წევრებს? გვესმის, რომ იეჰოვამ შეიძლება დრო მისცეს შემცოდველს მოსანანიებლად, საბოლოოდ კი გამოასწორებს მდგომარეობას და სამართლიანობას აღადგენს? გვჯერა, რომ, თუ ვინმე სერიოზულ ცოდვას სჩადის, იეჰოვას წყალობას უგულებელყოფს და არ ინანიებს, იეჰოვა თავის დროზე ზომებს მიიღებს მის წინააღმდეგ და იზრუნებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ის კრებიდან გარიცხონ?

დარჩით ერთგულნი

10. რა დამოკიდებულება ჰქონდა იესოს იუდა ისკარიოტელისა და პეტრეს შეცდომების მიმართ და რა ესმოდა მას?

10 ბიბლიაში ღვთის იმ მსახურების შესახებაც ვკითხულობთ, რომლებმაც სხვების სერიოზული შეცდომების მიუხედავად უერთგულეს იეჰოვას და მის ხალხს. მაგალითად, მას შემდეგ, რაც მთელი ღამე მამასთან ლოცვაში გაატარა, იესომ 12 მოციქული აირჩია, რომელთა შორის იუდა ისკარიოტელიც იყო. მაგრამ მოგვიანებით, როცა იუდამ გასცა, იესომ არ დაუშვა, რომ ეს იეჰოვასთან მის ურთიერთობაზე უარყოფითად ასახულიყო. ის მსგავსად მოიქცა, როცა პეტრემ უარყო (ლუკ. 6:12—16; 22:2—6, 31, 32). მან კარგად იცოდა, რომ მათ შეცდომებში არც იეჰოვას მიუძღოდა ბრალი და არც მის ხალხს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მოწაფე იმედს უცრუებდა, იესო არ წყვეტდა მსახურებას. იეჰოვამ დააჯილდოვა ის ერთგულებისთვის და მკვდრეთით აღადგინა, რათა ზეციერი სამეფოს მეფე გამხდარიყო (მათ. 28:7, 18—20).

11. რა იყო ნაწინასწარმეტყველები ბიბლიაში დღეს მცხოვრები იეჰოვას მსახურების შესახებ?

11 იეჰოვასა და მისი ხალხისადმი იესოს ნდობა არც მაშინ იყო უსაფუძვლო და არც დღეს არის. ის საქმეები, რომელთაც იეჰოვა ამ ბოლო დღეებში თავისი მსახურების მეშვეობით ახორციელებს, გაოცებას იწვევს. სხვა არც ერთი ხალხი არ ქადაგებს ჭეშმარიტებას მთელ დედამიწაზე, რადგან იეჰოვა მხოლოდ თავისი ერთსულოვანი მსახურებისგან შემდგარ კრებას უწევს ხელმძღვანელობას. ესაიას 65:14-ში ის აღწერს თავისი ხალხის სულიერ მდგომარეობას: „აი, ჩემი მსახურები სიხარულით შესძახებენ მხიარული გულის გამო!“.

12. რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს სხვების შეცდომების მიმართ?

12 ღვთის მსახურები ხარობენ იმ კარგი საქმეების გამო, რომლებსაც იეჰოვას ხელმძღვანელობით აკეთებენ, სატანის გავლენაში მყოფი ქვეყნიერება კი გლოვობს ცხოვრების გაუარესების გამო. არც გონივრული იქნებოდა და არც სწორი, თუ ღვთის ერთეული მსახურების შეცდომების გამო იეჰოვას ან მის კრებას დავადანაშაულებდით. ჩვენ უნდა ვუერთგულოთ იეჰოვას, ზუსტად უნდა მივყვეთ მის მითითებებს და სწორი დამოკიდებულება უნდა განვივითაროთ სხვების შეცდომების მიმართ, რათა სწორი რეაგირება მოვახდინოთ მათზე.

როგორ უნდა ვრეაგირებდეთ

13, 14. ა) რატომ უნდა ვიყოთ მომთმენი ერთმანეთის მიმართ? ბ) რა დაპირება უნდა გვახსოვდეს ყოველთვის?

13 როგორ უნდა მოიქცეთ იმ შემთხვევებში, როცა ღვთის რომელიმე მსახური სიტყვითა თუ საქმით გაწყენინებთ? ამ დროს გაითვალისწინეთ შემდეგი ბიბლიური პრინციპი: „ნუ იჩქარის შენი სული განაწყენებას, რადგან განაწყენება სულელთა უბეში ბუდობს“ (ეკლ. 7:9). არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანებმა 6 000 წლის წინ დაკარგეს სრულყოფილება. ამიტომ შეცდომები ადვილად მოგვდის. ჩვენ ბევრს არ უნდა მოველოდეთ თანამორწმუნეებისგან და მათი შეცდომების გამო არ უნდა დავკარგოთ  სიხარული, რომელსაც ამ ბოლო დღეებში ღვთის ხალხს შორის ყოფნა გვანიჭებს. უფრო დიდი შეცდომა იქნება, თუ მათი შეცდომების გამო დავბრკოლდებით და იეჰოვას ორგანიზაციას დავტოვებთ. ასეთ შემთხვევაში არა მხოლოდ ღვთის ნების შესრულების პატივს დავკარგავთ, არამედ ღვთის ახალ ქვეყნიერებაში ცხოვრების შესაძლებლობასაც.

14 სიხარულისა და იმედის შესანარჩუნებლად ყოველთვის უნდა გვახსოვდეს იეჰოვას მანუგეშებელი დაპირება: „აი, ვქმნი ახალ ცასა და ახალ დედამიწას; აღარ გაიხსენებენ წინანდელს და არც გულში გაივლებენ“ (ეს. 65:17; 2 პეტ. 3:13). ნუ დაუშვებთ, რომ ეს კურთხევები სხვების შეცდომების გამო დაკარგოთ!

15. იესოს სიტყვების თანახმად, როგორ უნდა ვრეაგირებდეთ სხვების შეცდომებზე?

15 სანამ ახალი ქვეყნიერება დამყარდება, საჭიროა, გავიგოთ, რის გაკეთებას მოელის ღმერთი ჩვენგან, როცა სხვები სიტყვითა თუ საქმით გვაწყენინებენ. მაგალითად, უნდა გვახსოვდეს იესოს მიერ მოყვანილი პრინციპი: „თუ თქვენ პატიობთ სხვებს მათ შეცოდებებს, თქვენც გაპატიებთ თქვენი ზეციერი მამა, ხოლო თუ თქვენ არ პატიობთ სხვებს მათ შეცოდებებს, არც თქვენ გაპატიებთ თქვენსას ზეციერი მამა“. როცა პეტრემ ჰკითხა იესოს, უნდა ეპატიებინა თუ არა შვიდჯერ, იესომ მიუგო: „გეუბნები, შვიდჯერ კი არა, სამოცდაჩვიდმეტჯერ“. აშკარაა, მას იმის თქმა სურდა, რომ ჩვენ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ პატიებისთვის. პატიების სურვილი ჩვენი ბუნების ნაწილი უნდა იყოს (მათ. 6:14, 15; 18:21, 22).

16. რა მაგალითი მოგვცა იოსებმა?

16 იმის კარგი მაგალითი, თუ როგორ უნდა მოვეკიდოთ სხვების შეცდომებს, მოგვცა იაკობის ცოლის, რახელის პირმშომ, იოსებმა. იოსების ათ ნახევარძმას შურდა მისი, რადგან მამას ის გამორჩეულად უყვარდა. მათ ის მონად გაყიდეს. მრავალი წლის შემდეგ იოსების კარგი საქმეების გამო ეგვიპტის ფარაონმა ის ქვეყანაში მეორე კაცად დანიშნა. როცა შიმშილობა ჩამოვარდა, იოსების ძმები ეგვიპტეში ჩავიდნენ საკვების საყიდლად. მათ ვერ იცნეს ის. იოსებს შეეძლო თავისი ძალაუფლება ძმებზე შურის საძიებლად გამოეყენებინა. ნაცვლად ამისა, მან გამოსცადა ძმები, რომ გაეგო, რა დამოკიდებულება ჰქონდათ თავიანთი არასწორი საქციელის მიმართ და, როცა დარწმუნდა, რომ ისინი ნამდვილად შეიცვალნენ, გაუმჟღავნა თავისი ვინაობა. მოგვიანებით მან ასეთი სიტყვები უთხრა მათ: „ნუ გეშინიათ. მე მოგამარაგებთ საკვებით თქვენც და თქვენს ბავშვებსაც“. ბიბლიაში შემდეგ გრძელდება: „ასე ანუგეშა ისინი და დაამშვიდა“ (დაბ. 50:21).

17. როგორ მოიქცევით, როცა სხვები შეცდომებს დაუშვებენ?

17 ვინაიდან უშეცდომო არავინ არის, კარგია გვახსოვდეს, რომ ჩვენც შეიძლება ზოგჯერ ვაწყენინოთ სხვებს. ბიბლიის თანახმად, როცა მივხვდებით, რომ ვინმეს ვაწყენინეთ, უნდა მივიდეთ მასთან და შევეცადოთ მდგომარეობის გამოსწორებას (წაიკითხეთ მათეს 5:23, 24). მადლიერები ვართ, როცა სხვები ჩვენს შეცდომებს ყურადღებას არ აქცევენ, ამიტომ ჩვენც მსგავსად უნდა მოვიქცეთ. კოლოსელების 3:13 მოგვიწოდებს: „მოუთმინეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს, თუ ვინმეს მიმართ ჩივილის მიზეზი გაქვთ. როგორც იეჰოვამ გაპატიათ მთელი გულით, თქვენც ისე აპატიეთ ერთმანეთს“. 1 კორინთელების 13:5-ის თანახმად, ქრისტიანული სიყვარული „განაწყენებას არ ითვლის“. თუ სხვებს ვაპატიებთ, იეჰოვა ჩვენც გვაპატიებს. ქრისტიანებს მოგვეთხოვება, რომ სხვებს ისევე ვაპატიოთ შეცდომები, როგორც ჩვენი მოწყალე მამა გვპატიობს (წაიკითხეთ ფსალმუნის 103:12—14).