წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) ივნისი 2016

იეჰოვა „ზრუნავს თქვენზე“

იეჰოვა „ზრუნავს თქვენზე“

რატომ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ იეჰოვა ზრუნავს თქვენზე? ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ეს ბიბლიაშია ნათქვამი. 1 პეტრეს 5:7-ში ვკითხულობთ: „ყველა თქვენი საწუხარი მას მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე“. რა მოწმობს იმაზე, რომ იეჰოვასთვის სულერთი არა ვართ?

ღმერთი ზრუნავს ადამიანთა ფიზიკურ საჭიროებებზე

იეჰოვას მაგალითიდან ვხედავთ, რომ ის კეთილი და ხელგაშლილია

უპირველესად, ღმერთს აქვს ისეთი თვისებები, რომელთა დანახვასაც საუკეთესო მეგობრებში ვისურვებდით. ხშირად ახლო მეგობრები ისინი ხდებიან, ვინც ერთმანეთის მიმართ სიკეთესა და გულუხვობას ავლენს. რთული არ არის იმის დანახვა, რომ იეჰოვა ყოველდღიურად ავლენს სიკეთესა და გულუხვობას ადამიანების მიმართ. მაგალითად, „მას მზე ბოროტებისთვისაც ამოჰყავს და კეთილებისთვისაც და წვიმას მართლებსაც უგზავნის და უმართლოებსაც“ (მათ. 5:45). რას ემსახურება მზე და წვიმა? სხვა ყველაფერთან ერთად ღმერთი მათი მეშვეობით საზრდოს გვაძლევს და სიხარულით გვივსებს გულებს (საქ. 14:17). იეჰოვა ზრუნავს, რომ დედამიწამ უხვად წარმოქმნას საკვები. ადამიანებს კი ცოტა რამ თუ გვანიჭებს იმაზე დიდ სიამოვნებას, როგორსაც გემრიელი სადილი.

მაშ, რატომ შიმშილობს ამდენი ადამიანი? იმიტომ რომ პოლიტიკოსები ძალაუფლების მოხვეჭითა და ფინანსური მოგებით უფრო არიან დაკავებულნი, ვიდრე ადამიანთა ცხოვრების  გაუმჯობესებით. იეჰოვა მალე გადაჭრის ამ პრობლემას. ის დღეს არსებულ პოლიტიკურ სისტემას ზეციერი სამეფოთი შეცვლის, რომლის მეფეც მისი ძე, იესო ქრისტეა. იმ დროს აღარავინ იშიმშილებს. მანამდე ღმერთი აკმაყოფილებს მის ერთგულ მსახურთა ფიზიკურ მოთხოვნილებებს (ფსალმ. 37:25). განა ეს მის მზრუნველობაზე არ მოწმობს?!

იეჰოვა არ იშურებს დროს

იეჰოვას მაგალითიდან ვხედავთ, რომ ის არ იშურებს თავის დროს

გულითადი მეგობარი ყოველთვის გამოგიყოფთ დროს. თქვენ შეიძლება საინტერესო საკითხზე საათობით ილაპარაკოთ. კარგი მეგობარი გულისყურით გისმენთ, როცა თქვენს პრობლემებსა თუ საწუხარს უზიარებთ. შეიძლება იმავეს თქმა იეჰოვაზეც? უეჭველია. ის ისმენს ჩვენს ლოცვებს და თავის სიტყვაში მოგვიწოდებს, რომ გამუდმებით ვილოცოთ (რომ. 12:12; 1 თეს. 5:17).

რამდენ დროს გამოყოფს იეჰოვა თქვენი ლოცვების მოსასმენად? პასუხს ბიბლიაში ჩაწერილი ერთი შემთხვევიდან ვიგებთ. ვიდრე თავის მოციქულებს აირჩევდა, იესომ „მთელი ღამე ღვთისადმი ლოცვაში გაატარა“ (ლუკ. 6:12). ამ ლოცვაში, ალბათ, იესო სათითაოდ ჩამოთვლიდა თავის მოწაფეებს სახელებით, მოიხსენიებდა მათ ძლიერ თუ სუსტ მხარეებს და სთხოვდა მამას, მოციქულების არჩევაში დახმარებოდა. მეორე დღის დადგომამდე იესომ უკვე იცოდა, რომ ყველაზე შესაფერისები აირჩია მოციქულებად. „ლოცვების მომსმენ“ იეჰოვას სიამოვნებს გულწრფელი ლოცვების მოსმენა (ფსალმ. 65:2). მაშინაც კი, როცა ადამიანი საათობით ლოცულობს მისთვის მნიშვნელოვან საკითხზე, იეჰოვა დროს არ უყურებს.

ღმერთი მზად არის პატიებისთვის

იეჰოვას მაგალითიდან ვხედავთ, რომ ის მზად არის პატიებისთვის

ხანდახან პატიება კარგ მეგობრებსაც უჭირთ. ზოგჯერ ისინი ხანგრძლივ ურთიერთობასაც კი წყვეტენ ამის გამო. მაგრამ იეჰოვა ასე არ იქცევა. ის თავის სიტყვაში მოუწოდებს ყველა გულწრფელ ადამიანს, ითხოვონ მისგან პატიება, „რადგან ის მრავლის მიმტევებელია“ (ეს. 55:6, 7). რა აღძრავს ღმერთს ამისკენ?

მიზეზი ღვთის შეუდარებელი სიყვარულია. მას იმდენად უყვარს კაცობრიობა, რომ თავისი  ძე, იესო გაიღო გამოსასყიდად, რათა ადამიანები ცოდვისა და მისი სავალალო შედეგებისგან ეხსნა (იოან. 3:16). მაგრამ გამოსასყიდი უფრო მეტსაც ემსახურება. ქრისტეს მსხვერპლის საფუძველზე ღმერთი მთელი გულით პატიობს მათ, ვინც უყვარს. მოციქული იოანე წერდა: „თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, ის გვაპატიებს, . . რადგან ერთგული და მართალია“ (1 იოან. 1:9). სწორედ იეჰოვას მიმტევებლობის წყალობით შეუძლიათ ადამიანებს, მის მეგობრებად დარჩნენ. ამის ცოდნა გულს გვითბობს.

ის მზად არის თქვენ დასახმარებლად

იეჰოვას მაგალითიდან ვხედავთ, რომ ის მზად არის ჩვენ დასახმარებლად

ნამდვილი მეგობრები ყოველთვის მზად არიან ერთმანეთის დასახმარებლად. იეჰოვაც ასე იქცევა. მის სიტყვაში ნათქვამია: „რომც წაიქცეს [ღვთის მსახური], პირქვე არ დაეცემა, რადგან იეჰოვა უდგას მხარში“ (ფსალმ. 37:24). იეჰოვა სხვადასხვანაირად უდგას მხარში თავის მსახურებს. ეს ჩანს კარიბის ზღვის კუნძულ წმ. კროიზე მომხდარი შემთხვევიდან.

ერთ გოგონას თანაკლასელები ავიწროებდნენ, რადგან ის რელიგიური მოსაზრებით სალამს არ აძლევდა დროშას. მან იეჰოვას ლოცვაში სთხოვა დახმარება და გადაწყვიტა, რომ ეს საკითხი მოეგვარებინა. გოგონამ დაწერა თემა დროშისთვის სალმის მიცემაზე და კლასის წინაშე წაიკითხა. მან გამოიყენა წიგნი „ბიბლიური მოთხრობები“ და ახსნა, როგორ იმოქმედა მის გადაწყვეტილებაზე შადრაქის, მეშაქისა და აბედნეგოს შემთხვევამ. მან თქვა: „იეჰოვამ დაიცვა ეს სამი ებრაელი, რადგან მათ თაყვანი არ სცეს კერპს“. შემდეგ გოგონამ წიგნი კლასელებს შესთავაზა, რომელთაგან 11-მა გამოთქვა მისი აღების სურვილი. ის ბედნიერი იყო, რომ იეჰოვას ძალითა და სიბრძნით შეძლო ამ დელიკატურ საკითხზე დამოწმება.

თუ ოდესმე გაგიჩნდებათ ეჭვი, რომ იეჰოვა არ ზრუნავს თქვენზე, იფიქრეთ შემდეგ ბიბლიურ მუხლებზე: ფსალმუნის 34:17—19; 55:22; 145:18, 19. ჰკითხეთ მათ, ვინც დიდი ხანია ემსახურება იეჰოვას, როგორ იზრუნა იეჰოვამ მათზე. როცა ღვთის დახმარება დაგჭირდებათ, ილოცეთ. მალევე დაინახავთ, როგორ იზრუნებს იეჰოვა თქვენზე.