წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) ივლისი 2016

რატომ უნდა ვიფხიზლოთ?

რატომ უნდა ვიფხიზლოთ?

„არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი“ (მათ. 24:42).

სიმღერები: 136, 129

1. მაგალითის მეშვეობით ახსენით, რატომ არის მნიშვნელოვანი ვიცოდეთ, რა დროა და რა ხდება ჩვენ გარშემო? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე)

ხუთი, ოთხი, სამი, ორი, ერთი! ილევა წამები, ირთვება მუსიკა და და-ძმები ხვდებიან, რომ დროა, დასხდნენ თავიანთ ადგილებზე და ყურადღებით მოუსმინონ „საგუშაგო კოშკის“ ორკესტრის მიერ შესრულებულ ლამაზ მუსიკას, რომლითაც იწყება კონგრესის პროგრამა. ეს საშუალებას აძლევს მათ, რომ გული და გონება მოამზადონ მოხსენებების მოსასმენად. რის თქმა შეიძლება მათზე, ვინც ამ დროს დარბაზში დადის ან მეგობრებთან საუბრითაა გართული და ვერ ხვდება, რომ პროგრამა იწყება? აშკარაა, მათ მოადუნეს ყურადღება და ვერ შენიშნეს, რომ პროგრამის თავმჯდომარე სცენაზეა, მუსიკა ჩართულია და კონგრესის სხვა დელეგატები თავიანთ ადგილებზე სხედან. ეს მაგალითი გვეხმარება იმის გათვითცნობიერებაში, რომ გაცილებით მნიშვნელოვანი მოვლენა ეს-ესაა დაიწყება და მომზადებულები უნდა შევხვდეთ მას. რა მოვლენაზეა საუბარი?

2. რატომ მოუწოდა იესომ თავის მოწაფეებს, რომ ეფხიზლათ?

2 „ქვეყნიერების აღსასრულზე“ საუბრისას იესომ თავის მოწაფეებს მოუწოდა: „ფრთხილად იყავით და იფხიზლეთ, რადგან არ იცით, როდის დადგება დანიშნული დრო“, შემდეგ კი არაერთხელ გაუმეორა: „იფხიზლეთ“! (მათ. 24:3; წაიკითხეთ მარკოზის 13:32—37). როგორც მათეს სახარებაში მოყვანილი  პარალელური მუხლებიდან ჩანს, იესომ გააფრთხილა თავისი მიმდევრები: „იფხიზლეთ, რადგან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი . . . მზად იყავით, რადგან რომელ საათზეც არ ფიქრობთ, სწორედ მაშინ მოვა კაცის ძე . . . იფხიზლეთ, რადგან არც დღე იცით და არც საათი“ (მათ. 24:42—44; 25:13).

3. რატომ ვეკიდებით სერიოზულად იესოს გაფრთხილებას?

3 იეჰოვას მოწმეები სერიოზულად ვეკიდებით იესოს გაფრთხილებას. ჩვენ გვესმის, რომ ვცხოვრობთ ბოლო დღეების მიწურულს და „დიდი გასაჭირის“ დადგომამდე ბევრი დრო აღარ დარჩა! (დან. 12:4; მათ. 24:21). მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში საშინელი ომები მიმდინარეობს, უზნეობა და უკანონობა ფართო მასშტაბებს იძენს, რელიგიები თავგზას უბნევენ ადამიანებს, ბევრი იტანჯება საკვების უკმარისობის, ეპიდემიებისა თუ მიწისძვრების გამო და ეს ყველაფერი ჩვენ თვალწინ ხდება. ჩვენ იმასაც ვხედავთ, როგორ სრულდება მთელ მსოფლიოში იეჰოვას ხალხის მიერ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგების საქმე (მათ. 24:7, 11, 12, 14; ლუკ. 21:11). მთელი გულით გვწადია, გავხდეთ უფლის მოსვლის მოწმენი და ვიხილოთ, როგორ შეუწყობს ეს მოვლენა ხელს ღვთის განზრახვის განხორციელებას (მარ. 13:26, 27).

დროის ათვლა დაიწყო

4. ა) რატომ გვჯერა, რომ იესომ უკვე იცის არმაგედონის დაწყების დრო? ბ) თუმცა ჩვენთვის უცნობია დიდი გასაჭირის დაწყების დრო, რაში შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული?

4 ჩვენ ვიცით, რომ კონგრესის პროგრამის დაწყების დრო წინასწარ არის განსაზღვრული. მაგრამ როგორც არ უნდა ვეცადოთ დიდი გასაჭირის დაწყების წლის განსაზღვრას, მაინც ვერ შევძლებთ, რომ აღარაფერი ვთქვათ დღისა და საათის განსაზღვრაზე. დედამიწაზე ყოფნისას იესომ თქვა: „იმ დღესა და საათზე მამის გარდა არავინ იცის: არც ზეციერმა ანგელოზებმა და არც ძემ“ (მათ. 24:36). თუმცა ზეცად ამაღლებულ ქრისტეს მიეცა უფლება, რომ სატანის ქვეყნიერების წინააღმდეგ გაილაშქროს (გამოცხ. 19:11—16). ამიტომ გონივრულია, დავასკვნათ, რომ მან უკვე იცის არმაგედონის დაწყების დრო. მაგრამ ეს ჩვენთვის უცნობია, ამიტომ უაღრესად მნიშვნელოვანია, დიდი გასაჭირის დადგომამდე ვიფხიზლოთ. აღსანიშნავია, რომ ამ მოვლენის დაწყების დრო იეჰოვამ ყოველთვის იცოდა. მან ზუსტად დაადგინა აღსასრულის დადგომის დრო. დიდი გასაჭირის დასაწყებად დროის ათვლა დაიწყო; მას „არ დააგვიანდება“ (წაიკითხეთ აბაკუმის 2:1—3). რატომ ვართ ამაში დარწმუნებული?

5. საიდან ვიცით, რომ იეჰოვას წინასწარმეტყველებები ზუსტად დანიშნულ დროს სრულდება? მოიყვანეთ მაგალითი.

5 იეჰოვას წინასწარმეტყველებები ყოველთვის დანიშნულ დროს სრულდებოდა! მაგალითად, მან წინასწარ ზუსტად განსაზღვრა ეგვიპტიდან ისრაელების გათავისუფლების თარიღი. მოსეს ძვ. წ. 1513 წლის 14 ნისანი ჰქონდა მხედველობაში, როცა თქვა: „ოთხას ოცდაათი წლის ბოლოს, სწორედ იმ დღეს, იეჰოვას მთელი ლაშქარი გამოვიდა ეგვიპტის მიწიდან“ (გამ. 12:40—42). 430 წლის ათვლა ძვ. წ. 1943 წელს დაიწყო, როცა იეჰოვას მიერ აბრაამთან დადებული შეთანხმება შევიდა ძალაში (გალ. 3:17, 18). მოგვიანებით იეჰოვამ უთხრა აბრაამს: „შენი შთამომავლობა ხიზნად იცხოვრებს სხვების მიწაზე და მათი მსახურები გახდებიან; ოთხას წელიწადს დაჩაგრავენ მათ“ (დაბ. 15:13; საქ. 7:6). 400-წლიანი ჩაგვრა ძვ. წ. 1913 წელს დაიწყო, როცა ისმაელი დასცინოდა ისაკს, და ძვ. წ. 1513 წელს ეგვიპტიდან ისრაელების გამოსვლის დროს დასრულდა (დაბ. 21:8—10; გალ. 4:22—29). როგორც დავინახეთ, იეჰოვამ თავისი ხალხის გათავისუფლების  ზუსტი დრო ოთხი საუკუნით ადრე დაადგინა.

6. რატომ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებულები, რომ იეჰოვა დაიხსნის თავის ხალხს?

6 იესო ნავეს ძემ, რომელიც ეგვიპტიდან გათავისუფლებულთა შორის იყო, ისრაელ ერს შეახსენა: „კარგად იცით თქვენი გულითა და სულით, რომ არ გამტყუნებულა არც ერთი სასიკეთო სიტყვა, რომელიც იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა გითხრათ, ყველა შეგისრულდათ, არც ერთი არ გამტყუნებულა“ (იეს. 23:2, 14). ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ დიდი გასაჭირის დროს ჩვენი ხსნის შესახებ იეჰოვას დაპირებაც არ გამტყუნდება. მაგრამ, თუ გვინდა, რომ ქვეყნიერების განადგურებას გადავურჩეთ, უნდა ვიფხიზლოთ.

სიფხიზლე აუცილებელია გადასარჩენად

7, 8. ა) რა ევალებოდა ძველად გუშაგს და რას გვასწავლის ეს? ბ) რა შეიძლებოდა მომხდარიყო, თუ გუშაგს ჩაეძინებოდა?

7 განვიხილოთ მაგალითი, რომელიც სიფხიზლის აუცილებლობას დაგვანახვებს. ძველად ბევრ დიდ ქალაქს, მაგალითად იერუსალიმს, მაღალი გალავანი ერტყა. ის იცავდა ქალაქს თავდამსხმელებისგან და იქიდან კარგად ჩანდა ქალაქის მიმდებარე ტერიტორიები. გუშაგები დღედაღამ იდგნენ გალავანზე და კარიბჭეებთან. მათ ნებისმიერი მოახლოებული საფრთხის შესახებ უნდა გაეფრთხილებინათ ქალაქის მცხოვრებნი (ეს. 62:6). გუშაგობისას სიფხიზლის შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო (ეზეკ. 33:6).

8 როგორც ებრაელი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი წერს, ახ. წ. 70 წელს რომის ჯარმა აიღო იერუსალიმის გალავანზე მიშენებული ანტონიუსის კოშკი, რადგან კარიბჭეების მცველებს ჩაეძინათ. რომაელები შეიჭრნენ ტაძარში და ის ცეცხლს მისცეს. შედეგად, დიდმა გასაჭირმა თავის კულმინაციას მიაღწია, რომლის მსგავსიც იერუსალიმსა და ებრაელ ხალხს მანამდე არ უნახავს.

9. რა არის უცნობი დღეს ბევრისთვის?

9 დღეს სახელმწიფოების უმეტესობას ჰყავს საკუთარი „გუშაგები“ სასაზღვრო პოლიციისა და მაღალტექნოლოგიური სადაზვერვო სისტემების სახით. მათი დანიშნულებაა, დააფიქსირონ ტერიტორიაზე უკანონოდ შეჭრილები და მტრები, რომლებიც საშიშროებას უქმნიან ეროვნულ უსაფრთხოებას. მათთვის მხოლოდ სხვა სახელმწიფოებისა თუ ცალკეული ადამიანებისგან მომდინარე საშიშროების ამოცნობაა შესაძლებელი, მაგრამ შეუმჩნეველია ღვთის ზეციერი სამეფოს საქმიანობა, რომელსაც ქრისტე უდგას სათავეში, და უცნობია, თუ როგორ გაასამართლებს მალე ის ყველა ერს (ეს. 9:6, 7; 56:10; დან. 2:44). მეორე მხრივ, თუ სულიერ სიფხიზლეს შევინარჩუნებთ, სასამართლო დღის დადგომა ჩვენთვის მოულოდნელი არ იქნება (ფსალმ. 130:6).

ნუ დაკარგავთ სიფხიზლეს!

10, 11. ა) რა არ უნდა დავკარგოთ და რატომ? ბ) რა გარწმუნებთ, რომ ხალხი ეშმაკის გავლენის გამო არაფრად აგდებს ბიბლიურ წინასწარმეტყველებებს?

10 წარმოიდგინეთ გუშაგი, რომელიც თავის სადარაჯოზე მთელი ღამე ფხიზლობდა, გუშაგობის დასასრულს კი დაღლილ-დაქანცულს ძილი მოერია. მსგავს მდგომარეობაში ვართ ჩვენც. ამ ქვეყნიერების აღსასრულის მოახლოებისას უფრო და უფრო რთული ხდება სიფხიზლის შენარჩუნება. სიფხიზლის დაკარგვა შეიძლება ძალიან ძვირად დაგვიჯდეს! განვიხილოთ სამი ფაქტორი, რომლებიც ხელს შეგვიშლის სიფხიზლის შენარჩუნებაში, თუ ყურადღებით არ ვიქნებით.

11 ეშმაკი სულიერად აძინებს ადამიანებს. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე იესომ „ქვეყნიერების მმართველის“ შესახებ სამჯერ გააფრთხილა თავისი მოწაფეები  (იოან. 12:31; 14:30; 16:11). მან იცოდა, რომ ეშმაკი გონებას დაუბრმავებდა ხალხს და გადაუდებლობის განცდას დააკარგვინებდა. ამიტომ დღეს ბევრი არაფრად აგდებს ბიბლიურ წინასწარმეტყველებებს, რომლებიც ცხადყოფს, რომ ამ ქვეყნიერების აღსასრული ახლოსაა (სოფ. 1:14). ადამიანთა გონების დასაბრმავებლად სატანა ცრუ რელიგიას იყენებს. ამჩნევთ ხალხთან საუბრისას, რომ ეშმაკმა უკვე დაუბრმავა ურწმუნოებს გონება, რის გამოც ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ ამ ქვეყნიერების აღსასრული კარსაა მომდგარი და ქრისტე უკვე ღვთის სამეფოს მეფეა? (2 კორ. 4:3—6). რამდენად ხშირად გესმით ფრაზა: „არ მაინტერესებს“? უმეტეს შემთხვევაში გულგრილობას მაშინ ვხვდებით, როცა ვცდილობთ, ხალხს გავაგებინოთ, საით მიექანება ეს ქვეყნიერება.

12. რატომ არ უნდა დავუშვათ, რომ ეშმაკმა შეცდომაში შეგვიყვანოს?

12 გულს ნუ გაიტეხთ სხვისი გულგრილობის გამო და სიფხიზლეს ნუ დაკარგავთ. თქვენ იცით სიმართლე! თანამორწმუნეებს პავლე სწერდა: „თქვენ თვითონაც კარგად იცით, რომ იეჰოვას დღე ზუსტად ისე მოვა, როგორც ღამე ქურდი“ (წაიკითხეთ 1 თესალონიკელების 5:1—6). იესოც გვაფრთხილებს: „მზად იყავით, რადგან რომელ საათზეც არ ფიქრობთ, სწორედ მაშინ მოვა კაცის ძე“ (ლუკ. 12:39, 40). მალე სატანა ხალხს დააჯერებს, თითქოს „მშვიდობამ და უსაფრთხოებამ“ უკვე დაისადგურა. ის შეცდომაში შეიყვანს მათ და აფიქრებინებს, რომ მთელ მსოფლიოში ყველაფერი კარგადაა. მაგრამ რას ვიტყვით ჩვენზე? თუ გვეღვიძება და ვიფხიზლებთ, სასამართლო დღე არ მოგვისწრებს, როგორც ქურდებს. სწორედ ამიტომ უნდა ვიკითხოთ ღვთის სიტყვა ყოველდღე და დავფიქრდეთ, რის თქმა სურს იეჰოვას ჩვენთვის.

13. როგორ მოქმედებს ქვეყნიერების სული ადამიანებზე და როგორ შეიძლება მისგან თავის დაცვა?

13 ქვეყნიერების სული ადამიანებს სულიერად აძინებს. ბევრი ისეა გადაყოლილი ყოველდღიურ საქმეებს, რომ სულიერ წყურვილს ვეღარ გრძნობს (მათ. 5:3). ისინი გაბმულნი არიან მატერიალიზმის მახეში, რომელიც „ხორცის სურვილსა“ და „თვალთა სურვილს“ აღვივებს მათში (1 იოან. 2:16). გართობის ინდუსტრია სიამოვნებათა სიყვარულით აბრუებს ადამიანებს და წლიდან  წლამდე მისი საცდურებისგან თავის დაღწევა უფრო და უფრო რთულდება (2 ტიმ. 3:4). სწორედ ამ მიზეზის გამო გააფრთხილა პავლემ ქრისტიანები: „ნუ შეადგენთ გეგმებს, როგორ დაიკმაყოფილოთ ხორცის სურვილები“. ასეთი სურვილები ადამიანს სულიერად აძინებს (რომ. 13:11—14).

14. რა გაფრთხილებას შეიცავს ლუკას 21:34, 35?

14 ნაცვლად იმისა, რომ ქვეყნიერების სულს დავემორჩილოთ, ღვთის სულს ვაძლევთ საშუალებას, რომ ჩვენს ცხოვრებაზე გავლენა მოახდინოს, რადგან სწორედ მისი მეშვეობით ჩავწვდით მოახლოებული მოვლენების მნიშვნელობას [1] (1 კორ. 2:12). ჩვენ გვესმის, რომ ძალიან ადვილია, ადამიანმა სულიერად ჩათვლიმოს. ეს თავისთავად მოხდება, თუ ყოველდღიური საქმეები სულიერ საქმეებს დაჩრდილავს (წაიკითხეთ ლუკას 21:34, 35). სხვებმა შეიძლება დაგვცინონ იმის გამო, რომ ვფხიზლობთ, თუმცა ამან არ უნდა დაგვაკარგვინოს იმის შეგრძნება, რომ დრო არ ითმენს (2 პეტ. 3:3—7). ამიტომ მნიშვნელოვანია, რეგულარულად გვქონდეს თანაქრისტიანებთან ურთიერთობა კრების შეხვედრებზე, სადაც ღვთის სულია.

აკეთებთ ყველაფერს სულიერი სიფხიზლის შესანარჩუნებლად? (იხილეთ აბზაცები 11—16)

15. რა დაემართა პეტრეს, იაკობსა და იოანეს და როგორ შეიძლება ჩვენც იგივე დაგვემართოს?

15 არასრულყოფილებამ შეიძლება ყურადღება მოგვიდუნოს. იესომ კარგად იცოდა, რომ არასრულყოფილების გამო ადამიანები შეიძლება ადვილად დაჰყოლოდნენ ხორციელ სისუსტეებს. განვიხილოთ, რა მოხდა იესოს სიკვდილის წინა ღამეს. ერთგულების შესანარჩუნებლად იესოს ზეციერი მამისთვის უნდა მიემართა დახმარებისთვის. მან პეტრეს, იაკობსა და იოანეს სთხოვა, ამ დროს ეფხიზლათ. მაგრამ მათ ვერ გააცნობიერეს იმის მნიშვნელობა, რაც მალე მოხდებოდა. ნაცვლად იმისა, რომ თავიანთი ბატონისთვის ეფხიზლათ, ისინი ვეღარ მოერივნენ საკუთარ თავს და ჩაეძინათ. იესოც დაღლილი იყო, მაგრამ სიფხიზლე არ დაუკარგავს და მხურვალედ ლოცულობდა. მისი მოწაფეებიც ასე უნდა მოქცეულიყვნენ (მარ. 14:32—41).

16. ლუკას 21:36-ში ჩაწერილი რჩევის თანახმად, რა უნდა გავაკეთოთ სიფხიზლის შესანარჩუნებლად?

16 სულიერი სიფხიზლის შესანარჩუნებლად მხოლოდ სურვილი არ კმარა. გეთსემანეს ბაღში მომხდარ შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე იესომ იმავე მოწაფეებს მოუწოდა, შევედრებოდნენ იეჰოვას (წაიკითხეთ ლუკას 21:36). აქედან ჩანს, რომ სულიერი სიფხიზლისთვის აუცილებელია ლოცვაში სიფხიზლის შენარჩუნება (1 პეტ. 4:7).

ყოველთვის იფხიზლეთ!

17. რის გაკეთება გვმართებს, რომ მომავალს მომზადებულები შევხვდეთ?

17 იესომ გაგვაფრთხილა, რომ აღსასრული სწორედ მაშინ დადგებოდა, „რომელ საათზეც“ არ ვიფიქრებდით. ამიტომ ახლა ნამდვილად არ არის იმის დრო, რომ სულიერად ჩავთვლიმოთ და ავყვეთ სატანისა და მისი ქვეყნიერების მიერ შექმნილ ილუზიებსა თუ ფანტაზიებს, რომლებიც არასრულყოფილი ადამიანებისთვის მიმზიდველია (მათ. 24:44). ბიბლიის მეშვეობით ღმერთი და იესო ქრისტე გვამცნობენ, რა მოგვიმზადეს ახლო მომავლისთვის და როგორ შეგვიძლია სიფხიზლის შენარჩუნება. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ საკუთარ სულიერობაზე, იეჰოვასთან ჩვენს ურთიერთობასა და სამეფოს ინტერესებზე; უნდა გავაცნობიეროთ, რა დროში ვცხოვრობთ და რა მოვლენების მოწმენი ვართ, რათა მომზადებულები შევხვდეთ მომავალს (გამოცხ. 22:20). ჩვენი სიცოცხლე ამაზეა დამოკიდებული!

^ [1] (აბზაცი 14) იხილეთ წიგნი „ღვთის სამეფო მმართველობს!“, თავი 21.