წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) იანვარი 2017

მიანდეთ პასუხისმგებლობები ერთგულ მამაკაცებს!

მიანდეთ პასუხისმგებლობები ერთგულ მამაკაცებს!

„ის, რაც ჩემგან მოისმინე . . . მიანდე ერთგულ მამაკაცებს, რომლებიც გამოსადეგნი იქნებიან იმისთვის, რომ სხვებს ასწავლონ“ (2 ტიმ. 2:2).

სიმღერები: 103, 101

1, 2. როგორ უყურებს ბევრი ადამიანი თავის სამუშაოს?

ხშირად ადამიანები საკუთარ თავს იმის მიხედვით აფასებენ, თუ რა სამუშაოს ასრულებენ. ბევრის აზრით, ადამიანის პირადი ღირსების გრძნობას სამუშაო ან თანამდებობა განსაზღვრავს. ზოგ კულტურაში ადამიანს გაცნობისთანავე ეკითხებიან: „სად მუშაობ?“.

2 ზოგჯერ ბიბლიაში სახელთან ერთად ადამიანის პროფესიაც არის მოხსენიებული, მაგალითად, „გადასახადების ამკრეფი მათე“, „მეტყავე სიმონი“ და „საყვარელი ექიმი ლუკა“ (მათ. 10:3; საქ. 10:6; კოლ. 4:14). ამასთან, ზოგიერთი ადამიანის სახელთან ერთად მისი თეოკრატიული დავალება ან პასუხისმგებლობაც მოიხსენიება, მაგალითად, მეფე დავითი, წინასწარმეტყველი ელია და მოციქული პავლე. ეს მამაკაცები აფასებდნენ ღვთისგან მიცემულ დავალებას. თუ გვაკისრია რაიმე თეოკრატიული პასუხისმგებლობა, ჩვენც უნდა დავაფასოთ ის.

3. რატომ უნდა ასწავლონ ხანში შესულმა ძმებმა ახალგაზრდებს? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე)

3 ბევრს გვიყვარს ჩვენი თეოკრატიული დავალებების შესრულება და გვინდა, რომ მუდმივად ვაკეთოთ ისინი. თუმცა სამწუხაროდ, ადამის დროიდან მოყოლებული „თაობა მიდის, თაობა მოდის“ (ეკლ. 1:4). ბოლო პერიოდში ასეთმა ცვლილებამ  ახალი სირთულეები შეუქმნა ღვთის მსახურებს. იეჰოვას ხალხის საქმიანობა უფრო მასშტაბური და მრავლისმომცველი გახდა. ახალ პროექტებთან შეჭიდებისას ინერგება ახალი მეთოდები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიების გამოყენებას გულისხმობს. ხანში შესულთაგან ზოგისთვის რთულია ასეთი ცვლილებებისთვის ფეხის აწყობა (ლუკ. 5:39). ასეც რომ არ იყოს, ასაკოვნებთან შედარებით ახალგაზრდებს მეტი ძალა და ენერგია აქვთ (იგავ. 20:29). ამიტომ ხანში შესული ძმები პრაქტიკულად იქცევიან და სიყვარულს ავლენენ, როცა ახალგაზრდებს მეტი პასუხისმგებლობის ასაღებად ამზადებენ (წაიკითხეთ ფსალმუნის 71:18).

4. რატომ უჭირს ზოგს პასუხისმგებლობის სხვისთვის გადაბარება? (იხილეთ ჩარჩო „ რატომ არ სურს ზოგს პასუხისმგებლობის სხვისთვის გადაცემა“)

4 პასუხისმგებელი ძმებისთვის შეიძლება ადვილი არ იყოს თავიანთი საქმის ახალგაზრდებისთვის გადაბარება. ზოგს ეშინია იმის დაკარგვის, რაც მისთვის ძვირფასია, ზოგი კი დარწმუნებულია, რომ ახალგაზრდები მათსავით კარგად ვერ შეასრულებენ საქმეს, ამიტომ უნდათ ყველაფერი თვითონ აკონტროლონ. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ვინმეს მოსამზადებლად დრო არა აქვს. თავის მხრივ, ახალგაზრდებმა მოთმინება არ უნდა დაკარგონ, როცა მეტ პასუხისმგებლობას არ ანდობენ.

5. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

5 მოდი ამ საკითხს ორი მხრიდან შევხედოთ. პირველი, როგორ შეუძლიათ ხანში შესულებს დაეხმარონ ახალგაზრდებს მეტი პასუხისმგებლობის აღებაში და რატომ არის ამის კეთება მნიშვნელოვანი (2 ტიმ. 2:2). მეორე, რატომ უნდა ჰქონდეთ ახალგაზრდებს სწორი დამოკიდებულება, როცა გამოცდილ ძმებს ეხმარებიან და სწავლობენ მათგან. თავიდან განვიხილოთ, როგორ მოამზადა მეფე დავითმა სოლომონი მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობისთვის.

მომზადება და მხარდაჭერა

6. რის გაკეთება სურდა მეფე დავითს და რა მითითება მისცა იეჰოვამ?

6 წლების მანძილზე დევნილი დავითი მეფე გახდა და კეთილმოწყობილ სახლში ცხოვრობდა. ის წუხდა, რომ იეჰოვასთვის მიძღვნილი ტაძარი არ არსებობდა, ამიტომ სურდა მისი აგება. მან წინასწარმეტყველ  ნათანს უთხრა: „მე კედრის სახლში ვცხოვრობ, იეჰოვას შეთანხმების კიდობანი კი კარავშია“. ნათანმა მიუგო: „გააკეთე, რაც გულში გაქვს, რადგან შენთანაა ჭეშმარიტი ღმერთი“. მაგრამ იეჰოვამ სხვა მითითება მისცა დავითს და ნათანის პირით შეუთვალა: „შენ არ ამიშენებ სახლს სამკვიდროდ“. იეჰოვამ დაარწმუნა დავითი, რომ კურთხევას არ მოაკლებდა, თუმცა ისიც უთხრა, რომ ტაძარს დავითის ვაჟი სოლომონი ააშენებდა. როგორი რეაქცია ჰქონდა დავითს? (1 მატ. 17:1—4, 8, 11, 12; 29:1).

7. როგორი რეაქცია ჰქონდა დავითს იეჰოვას მითითებაზე?

7 დავითს უარი არ უთქვამს სოლომონის მხარდაჭერაზე და არც იმაზე უდარდია, რომ ტაძრის აგება მას არ გაუთქვამდა სახელს. მართლაც, ეს ნაგებობა სოლომონის ტაძრის სახელით გახდა ცნობილი. თუმცა დავითს შეიძლება გული დასწყდა, რომ ვერ შეძლო იმის გაკეთება, რაც გულით სურდა, მან ამ პროექტს სრული მხარდაჭერა აღმოუჩინა. ის დიდი გულმოდგინებით შეუდგა სამუშაო ჯგუფების ორგანიზებასა და რკინის, სპილენძისა და ოქრო-ვერცხლის მომარაგებას. ამასთან, მან გაამხნევა სოლომონი: „ახლა კი, ჩემო შვილო, იეჰოვა იყოს შენთან, ხელი მოგემართება და ააშენებ შენი ღვთის, იეჰოვას სახლს, როგორც მას აქვს ნათქვამი შენზე“ (1 მატ. 22:11, 14—16).

8. რატომ შეიძლებოდა დავითს ეფიქრა, რომ სოლომონს გამოცდილება აკლდა და როგორ მოიქცა ის?

8 წაიკითხეთ 1 მატიანის 22:5. დავითი შეიძლება ფიქრობდა, რომ სოლომონს საკმარისი გამოცდილება არ ჰქონდა ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის წამოსაწყებად. ტაძარი „ყველაზე დიდებული“ ნაგებობა უნდა ყოფილიყო, სოლომონი კი ჯერ კიდევ „ახალგაზრდა და გამოუცდელი“ იყო. მიუხედავად ამისა, დავითმა იცოდა, რომ იეჰოვას წყალობით სოლომონი გაართმევდა თავს მისთვის დაკისრებულ საქმეს. ამიტომ მან მთელი ყურადღება იმაზე გადაიტანა, თუ რის გაკეთებას შეძლებდა სოლომონის მხარდასაჭერად და დიდი რაოდენობით სამშენებლო მასალა მოუმარაგა.

განიცადეთ სხვების მომზადების სიხარული

სასიამოვნოა იმის დანახვა, რომ ახალგაზრდები მეტ პასუხისმგებლობას იღებენ (იხილეთ აბზაცი 9)

9. რატომ შეიძლება მოუტანოს კმაყოფილება ხანში შესულ ძმებს პასუხისმგებლობის გადაცემამ? მოიყვანეთ მაგალითი.

9 ხანში შესულმა ძმებმა გული არ უნდა გაიტეხონ, როცა ახალგაზრდებისთვის მათი პასუხისმგებლობების გადაცემა გახდება საჭირო. სინამდვილეში, პასუხისმგებლობის ასაღებად ახალგაზრდების მომზადება საქმის საუკეთესოდ შესრულებას ემსახურება. პასუხისმგებელ ძმებს დიდი კმაყოფილება უნდა მიანიჭოს იმის დანახვამ, რომ მათ მიერ მომზადებულმა ახალგაზრდა ძმებმა გამოცდილება შეიძინეს და მზად არიან სხვადასხვა დავალების შესასრულებლად. დაფიქრდით მამისა და შვილის მაგალითზე. როცა შვილი პატარაა, უბრალოდ აკვირდება, როგორ მართავს მამა ავტომობილს. მაგრამ, როცა წამოიზრდება, მამა უხსნის, რას და როგორ აკეთებს. სრულწლოვანების ასაკში შვილი მამის მეთვალყურეობით იწყებს მანქანის ტარებას. თავიდან მათ შეიძლება რიგრიგობით ატარონ ის, თუმცა დროთა განმავლობაში ასაკოვანი მამის  ნაცვლად შეიძლება ძირითადად შვილმა ატაროს. გონიერ მამას უხარია შვილისთვის ამ საქმის მინდობა და არ ფიქრობს, რომ ამით მას რამე დააკლდება. მსგავსად, ხანში შესული ძმები ამაყობენ, რომ ახალგაზრდები თეოკრატიული პასუხისმგებლობების ასაღებად მოამზადეს.

10. რას ფიქრობდა მოსე დიდებასა და ავტორიტეტზე?

10 თუ ხანში შესულები ვართ, თავი უნდა დავიცვათ შურისგან. ყურადღება მიაქციეთ, რა რეაქცია ჰქონდა მოსეს, როცა ისრაელის ბანაკში ზოგმა წინასწარმეტყველება დაიწყო (წაიკითხეთ რიცხვების 11:24—29). მოსეს მსახურ იესო ნავეს ძეს მათი შეჩერება უნდოდა. როგორც ჩანს, ის ფიქრობდა, რომ ისინი ავტორიტეტს შეურყევდნენ მოსეს და დაჩრდილავდნენ. მაგრამ მოსემ უთხრა მას: „ჩემდამი მოშურნეობა ხომ არ გალაპარაკებს? ნეტავ იეჰოვას ხალხიდან ყველა წინასწარმეტყველი იყოს, იეჰოვა თავის სულს მოჰფენდა მათ!“. მოსე ამ საქმეში იეჰოვას ხელს ხედავდა. საკუთარი თავის განდიდების ნაცვლად, მას სურდა, რომ იეჰოვას ყველა მსახურს ჰქონოდა ის სულიერი ძღვენი, რაც მას ჰქონდა. მოსეს მსგავსად, განა არ გვიხარია, როცა სხვები იმ პასუხისმგებლობებს იღებენ, რომლებიც შეიძლებოდა ჩვენ მიგვეღო?!

11. რა თქვა ერთმა ძმამ საკუთარი პასუხისმგებლობის გადაცემის შემდეგ?

11 დღეს არაერთი მაგალითი გვაქვს იმისა, რომ ძმებმა, რომლებიც ათწლეულების მანძილზე გულმოდგინედ მსახურობდნენ, უფრო მეტი პასუხისმგებლობის ასაღებად მოამზადეს სხვა ძმები. მაგალითად, ძმა პიტერი 74 წელზე მეტხანს მსახურობდა სრული დროით. აქედან 35 წელი მან ევროპის ერთ-ერთ ფილიალში იმსახურა. არც ისე დიდი ხნის წინ ის სამსახურებრივი განყოფილების ზედამხედველი იყო. ახლა ამ პასუხისმგებლობას ასრულებს შედარებით ახალგაზრდა ძმა პოლი, რომელიც წლების მანძილზე პიტერის გვერდით მსახურობდა. როდესაც პიტერს ჰკითხეს, რას ფიქრობდა ამ ცვლილებაზე, მან თქვა: „ძალიან მიხარია, რომ გვყავს მეტი პასუხისმგებლობის ასაღებად მომზადებული ძმები, რომლებიც მშვენივრად ართმევენ თავს საქმეს“.

დააფასეთ ხანში შესულები

12. რის სწავლა შეგვიძლია რობოამის მაგალითიდან?

12 სოლომონის სიკვდილის შემდეგ მისი ვაჟი რობოამი გამეფდა. როცა თავისი პასუხისმგებლობის შესასრულებლად რობოამს რჩევა დასჭირდა, მან თავიდან უხუცესებს მიმართა, თუმცა არ გაითვალისწინა მათი რჩევა. მათ ნაცვლად, მან მოუსმინა მასთან ერთად გაზრდილ ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა მისი მრჩევლები იყვნენ. შედეგი სავალალო იყო (2 მატ. 10:6—11, 19). რის სწავლა შეგვიძლია ამ შემთხვევიდან? გონივრულია, რჩევა ხანში შესულებს ვთხოვოთ, რომელთაც დიდი გამოცდილება აქვთ, და კარგად დავუფიქრდეთ მათ ნათქვამს. მართალია, ახალგაზრდებმა თავი შებოჭილად არ უნდა იგრძნონ და ისე არ უნდა აკეთონ ყველაფერი, როგორც ადრე კეთდებოდა, მაგრამ მათ მაშინვე არ უნდა თქვან უარი ხანში შესულების რჩევაზე.

13. როგორ უნდა ითანამშრომლონ ახალგაზრდებმა ხანში შესულებთან?

13 ზოგი ახალგაზრდა ძმა ახლა შეიძლება ზედამხედველობს საქმეს, რომელსაც ხანდაზმული ძმებიც ასრულებენ. თუმცა ამ ახალგაზრდებს ახალი პასუხისმგებლობა აკისრიათ, კარგი იქნება, თუ გადაწყვეტილების მიღებამდე ხანში შესული ძმების სიბრძნითა და გამოცდილებით ისარგებლებენ. ზემოთ მოხსენიებულმა პოლმა, რომელიც პიტერის ნაცვლად ასრულებს ბეთელის ერთ-ერთი განყოფილების ზედამხედველის მოვალეობას, თქვა: „რჩევისთვის ხშირად მივმართავდი პიტერს და განყოფილებაში სხვებსაც მოვუწოდებდი ამისკენ“.

14. რას ვსწავლობთ ტიმოთესა და პავლე მოციქულის თანამშრომლობიდან?

14 ახალგაზრდა ტიმოთე წლების მანძილზე მსახურობდა პავლე მოციქულის გვერდით  (წაიკითხეთ ფილიპელების 2:20—22). პავლე კორინთელებს სწერდა: „გიგზავნით ტიმოთეს, ჩემს საყვარელ და ერთგულ შვილს უფალში. ის გაგახსენებთ, როგორ ვასწავლიდი ქრისტე იესოში, რასაც დღემდე ვაკეთებ ყველგან, ყველა კრებაში“ (1 კორ. 4:17). აქედან ჩანს, რომ პავლე და ტიმოთე მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან. პავლე დროს არ იშურებდა, რომ ტიმოთესთვის ესწავლებინა ყველაფერი, რასაც თავად აკეთებდა. ტიმოთე კარგი მოსწავლე იყო და პავლეს ის ძალიან უყვარდა. მოციქული დარწმუნებული იყო, რომ ტიმოთე კარგად იზრუნებდა კორინთელების სულიერ მოთხოვნილებებზე. რა შესანიშნავი მაგალითია ეს იმ უხუცესებისთვის, რომლებიც დღეს სხვებს ამზადებენ კრებაში პასუხისმგებლობების ასაღებად!

თითოეულს თავისი როლი აკისრია

15. ცვლილებების დროს როგორ დაგვეხმარება პავლეს მიერ რომაელი ქრისტიანებისთვის მიცემული რჩევა?

15 ჩვენს დროში ბევრი საინტერესო რამ ხდება. იეჰოვას ორგანიზაციის მიწიერი ნაწილი მრავალმხრივ იზრდება, რაც ცვლილებებს იწვევს. როცა ცვლილება პირადად გვეხება, თავმდაბლობა დაგვეხმარება, საკუთარ ინტერესებზე წინ იეჰოვას ინტერესები დავაყენოთ. ეს ხელს შეუწყობს ერთობას. რომში მცხოვრებ ქრისტიანებს პავლემ მისწერა: „ვეუბნები ყოველ თქვენგანს: თქვენს თავზე იმაზე მეტად ნუ იფიქრებთ, ვიდრე უნდა ფიქრობდეთ, არამედ ისე იფიქრეთ, რომ საღი აზროვნება გქონდეთ, თითოეულმა იმ ზომით, რა ზომითაც ღმერთმა გიწილადათ რწმენა. ერთ სხეულში სხეულის ბევრი ნაწილი გვაქვს, მაგრამ ყველა ნაწილს ერთი დანიშნულება არა აქვს. თუმცა ბევრნი ვართ, ჩვენც ერთი სხეული ვართ ქრისტესთან ერთობაში“ (რომ. 12:3—5).

16. როგორ შეუძლიათ ხანში შესულ და ახალგაზრდა ძმებს, აგრეთვე მათ ცოლებს, ხელი შეუწყონ იეჰოვას ორგანიზაციაში მშვიდობასა და ერთიანობას?

16 ჩვენი მდგომარეობის მიუხედავად, მოდი თითოეულმა ვიშრომოთ იეჰოვას დიდებული სამეფოს ინტერესების წინ წასაწევად! ხანში შესულებო, გაუზიარეთ თქვენი ცოდნა ახალგაზრდებს! ახალგაზრდა ძმებო, აიღეთ პასუხისმგებლობები, იყავით თავმდაბლები და პატივისცემით მოექეცით ხანში შესულ ძმებს! ცოლებო, მიჰბაძეთ აკვილას ცოლს, პრისკილას, რომელიც ერთგულად ედგა მხარში აკვილას, როცა მათი მდგომარეობა შეიცვალა! (საქ. 18:2).

17. როგორ ენდობოდა იესო თავის მოწაფეებს და რისთვის მოამზადა ისინი?

17 მეტი პასუხისმგებლობის ასაღებად სხვების მომზადების საუკეთესო მაგალითი იესომ მოგვცა. მან იცოდა, რომ დედამიწაზე მისი მსახურება დასრულდებოდა და მის საქმეს სხვები გააგრძელებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მოწაფეები არასრულყოფილები იყვნენ, ის ენდობოდა მათ. მან უთხრა მოწაფეებს, რომ ისინი მასზე დიდ საქმეებს შეასრულებდნენ (იოან. 14:12). იესომ საგულდაგულოდ მოამზადა ისინი, რის შედეგადაც მათ სასიხარულო ცნობა იმ დროს თითქმის მთელ მსოფლიოში იქადაგეს (კოლ. 1:23).

18. რა გველოდება წინ და რის გაკეთება შეგვიძლია ახლა?

18 საკუთარი სიცოცხლის მსხვერპლად შეწირვის შემდეგ იესო მკვდრეთით აღდგა ზეცაში, სადაც მეტი საქმის შესასრულებლად „ყველა მთავრობაზე, ხელისუფლებაზე, ძალასა [და] ბატონობაზე“ მეტი ძალაუფლება მიეცა (ეფეს. 1:19—21). თუ არმაგედონამდე ერთგული მოვკვდებით, მკვდრეთით აღვდგებით ახალ სამართლიან ქვეყნიერებაში, სადაც კმაყოფილების მომტან არაერთ საქმეს შევასრულებთ. მაგრამ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე, რომელშიც ყველას შეგვიძლია ჩვენი წვლილის შეტანა, არის სასიხარულო ცნობის ქადაგება და მოწაფეების მომზადება. მოდი ყველამ, ახალგაზრდამ თუ ხანში შესულმა, ყოველთვის ბევრი ვიშრომოთ უფლის საქმეში! (1 კორ. 15:58).