არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა)  |  იანვარი 2017

მათ მზადყოფნა გამოავლინეს

მათ მზადყოფნა გამოავლინეს

ბევრი დაუქორწინებელი და არის იმ გულანთებულ მოწმეთა შორის, რომლებიც ისეთ ქვეყნებში მსახურობენ, სადაც სამეფოს მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილებაა. ზოგი მათგანი უკვე ათწლეულებია, საზღვარგარეთ მსახურობს. რა დაეხმარა მათ წლების წინ, რომ უცხო ქვეყანაში გადასულიყვნენ? რა ასწავლა მათ საზღვარგარეთ მსახურებამ? რას ფიქრობენ ისინი თავიანთ ცხოვრებაზე? ჩვენ ინტერვიუ ავიღეთ რამდენიმე დისგან, რომელთაც საზღვარგარეთ მსახურების გამოცდილება აქვთ. თუ დაუქორწინებელი და ხართ და მთელი გულით გსურთ, მონაწილეობა მიიღოთ უდიდესი კმაყოფილების მომტან საქმეში, დარწმუნებული ვართ, რომ ამ დების გამოცდილება წაგადგებათ. მათ მაგალითზე დაფიქრება ღვთის ყველა მსახურისთვის იქნება სასარგებლო.

ეჭვების დაძლევა

ანიტა

შესაძლოა დარწმუნებული არა ხართ, რომ გაქვთ ისეთი თვისებები, რომლებიც აუცილებელია უცხო ქვეყანაში პიონერად მსახურებისთვის. ანიტას, რომელიც 75 წლისაა, ეჭვი ეპარებოდა საკუთარ შესაძლებლობებში. ის ინგლისში გაიზარდა და პიონერად მსახურება 18 წლის ასაკში დაიწყო. ანიტა ამბობს: «მომწონდა სხვებისთვის იეჰოვას შესახებ სწავლება, თუმცა ვერ წარმოვიდგენდი, რომ საზღვარგარეთ მსახურებას შევძლებდი. მანამდე არასდროს მისწავლია უცხო ენა და დარწმუნებული ვიყავი, რომ ვერც ვისწავლიდი. ამიტომ გავოგნდი, როცა სკოლა „გალაადში“ მიმიწვიეს. ვერ ვიჯერებდი, რომ ჩემნაირმა უმნიშვნელო ადამიანმა ასეთი მოწვევა მიიღო. მაგრამ ჩემს თავს ვეუბნებოდი: „თუ იეჰოვა თვლის, რომ შევძლებ, ესე იგი უნდა ვცადო“. ეს 50 წელზე მეტი ხნის წინათ იყო. მას შემდეგ იაპონიაში მისიონერად ვმსახურობ. ზოგჯერ ახალგაზრდა დებს ვეუბნები: „თუ საინტერესო თავგადასავლები გინდათ, მოიკიდეთ თქვენი ზურგჩანთა და შემომიერთდით!“. მიხარია, რომ ბევრი ასეც მოიქცა».

გაბედულების მოკრება

ბევრ დას, ვისაც საზღვარგარეთ მსახურების გამოცდილება აქვს, თავიდან ეშინოდა უცხო ქვეყანაში გადასვლის. რა დაეხმარა მათ გაბედულების მოკრებაში?

მორინი

„მოზარდობის წლებში ვოცნებობდი, აზრით აღსავსე ცხოვრება მქონოდა და სხვებს დავხმარებოდი“, — ამბობს 64 წლის მორინი. როცა 20 წლის გახდა, მორინი კვებეკში (კანადა) გადავიდა, სადაც პიონერებზე დიდი მოთხოვნილება იყო. ის იხსენებს: «მოგვიანებით მიმიწვიეს სკოლა „გალაადში“, მაგრამ ჩემი მეგობრების გარეშე უცხო გარემოში მოხვედრის მეშინოდა. იმაზეც ვდარდობდი, როგორ დამეტოვებინა დედა, რომელიც ავადმყოფ მამას უვლიდა. მრავალი ღამე იეჰოვას ცრემლებით ვემუდარებოდი, რომ დამხმარებოდა. როდესაც ჩემი საწუხარი მშობლებს გავანდე, მათ მირჩიეს, უარი  არ მეთქვა მოწვევაზე. იმასაც ვხედავდი, რომ კრება სიყვარულით ზრუნავდა ჩემს მშობლებზე. იეჰოვას მზრუნველი ხელის დანახვამ დამარწმუნა, რომ ის ჩემზეც იზრუნებდა. მაშინ უკვე მზად ვიყავი „გალაადში“ წასასვლელად!». 1979 წლიდან მორინმა 30 წელზე მეტხანს იმსახურა მისიონერად დასავლეთ აფრიკაში. დღეს ის კანადაში ხანდაზმულ დედას უვლის, თუმცა სპეციალურ პიონერად მსახურებას მაინც ახერხებს. საზღვარგარეთ მსახურების წლებზე მორინი ამბობს: „იეჰოვა ყოველთვის მაძლევდა იმას, რაც მჭირდებოდა და მაშინ, როცა მჭირდებოდა“.

უენდი

უენდიმ, რომელიც ახლა 65 წლისაა, მოზარდობის წლებში დაიწყო პიონერად მსახურება ავსტრალიაში. ის იხსენებს: „უზომოდ მორცხვი ვიყავი და უცხოებთან ლაპარაკი მიჭირდა. პიონერად მსახურებამ ყველანაირ ადამიანთან საუბარი მასწავლა და თვითრწმენა შემმატა. დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ სიმორცხვე დავძლიე. პიონერად მსახურება იეჰოვაზე მინდობას მასწავლიდა. თანდათან დავრწმუნდი, რომ საზღვარგარეთ მსახურებას მეც შევძლებდი. ამასთან, ერთმა დაუქორწინებელმა დამ, რომელიც იაპონიაში 30 წელზე მეტხანს მსახურობდა მისიონერად, შემომთავაზა, რომ სამი თვით ერთად წავსულიყავით იაპონიაში. მასთან მსახურებამ საზღვარგარეთ გადასვლის სურვილი გამიძლიერა“. 1986 წელს უენდი კუნძულ ვანუატუზე გადავიდა, რომელიც ავსტრალიის აღმოსავლეთით 1 770 კმ-ში მდებარეობს.

უენდი ისევ ვანუატუზეა და ამჟამად მთარგმნელობით ოფისში მსახურობს. ის ამბობს: „უდიდესი სიხარული მოაქვს იმის დანახვას, როგორ ყალიბდება ჯგუფები და კრებები დაშორებულ ტერიტორიებზე. სიტყვებით ვერ გადმოვცემ, რამხელა პატივია ჩემთვის ამ კუნძულებზე იეჰოვას საქმეში პატარა წვლილის შეტანა“.

კუმიკო (შუაში)

კუმიკო, რომელიც ახლა 65 წლისაა, პიონერად მსახურობდა იაპონიაში ერთ დასთან ერთად, რომელიც მას ნეპალში გადასვლას სთავაზობდა. კუმიკო ამბობს: „ის ხშირად მელაპარაკებოდა გადასვლაზე, მე კი უარს ვამბობდი. მაშინებდა ის აზრი, რომ ახალი ენის შესწავლა და უცხო გარემოსთან შეგუება მომიწევდა. ამასთან, არცთუ ისე ადვილი იქნებოდა საკმარისი თანხის შეგროვება უცხო ქვეყანაში გადასასვლელად. იმ პერიოდში, როცა გადაწყვეტილების მიღებაზე ვფიქრობდი, მოტოციკლეტით ავარიაში მოვყევი და საავადმყოფოში აღმოვჩნდი. იქ ყოფნის დროს დავფიქრდი: ვინ იცის, კიდევ რა შემემთხვევა? შეიძლება სერიოზულად დავავადდე და საერთოდ ვეღარ შევძლო საზღვარგარეთ მსახურება. ხომ არ ღირს, ერთი წლით მაინც ვიმსახურო საზღვარგარეთ? მხურვალედ ვთხოვდი იეჰოვას, გადაწყვეტილების მიღებაში დამხმარებოდა“. საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ კუმიკო მცირე ხნით ჩავიდა ნეპალში, მოგვიანებით კი მსახურების მიზნით თავის პარტნიორთან ერთად გადავიდა იქ.

 კუმიკო იხსენებს ნეპალში თითქმის ათწლიან მსახურებას და ამბობს: „იეჰოვამ ისე გადამალახვინა პრობლემები, როგორც ისრაელებს წითელი ზღვა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მსახურების მიზნით გადავედი იქ, სადაც მქადაგებლებზე დიდი მოთხოვნილებაა. ხშირად, როცა ბიბლიურ ცნობას ერთ ოჯახს ვუქადაგებ, 5-6 მეზობელიც მოდის მოსასმენად. პატარა ბავშვებიც მოწიწებით მთხოვენ ბუკლეტებს ბიბლიურ თემებზე. ამ ნაყოფიერ ტერიტორიაზე ქადაგებას უდიდესი სიხარული მოაქვს“.

სიძნელეებთან გამკლავება

რა თქმა უნდა, ეს დები, რომელთაგანაც ინტერვიუ ავიღეთ, სირთულეებსაც ხვდებოდნენ. როგორ უმკლავდებოდნენ ისინი მათ?

დაიანი

62 წლის კანადელი დაიანი, რომელიც 20 წელი მსახურობდა კოტ-დ’ივუარში, ამბობს: «თავიდან ძალიან გამიჭირდა იმის გამო, რომ ოჯახისგან შორს ვიყავი. იეჰოვას ვთხოვდი, დამხმარებოდა, რომ იქაური ხალხი შემყვარებოდა. „გალაადში“ სწავლის დროს ერთმა ინსტრუქტორმა, ჯეკ რედფორდმა გაგვაფრთხილა, რომ თავიდან შეიძლებოდა უცხო ქვეყანაში არსებულ პირობებს შოკში ჩავეგდეთ, განსაკუთრებით უკიდურეს სიღარიბეს. მან გვითხრა: „ნუ უყურებთ სიღატაკეს, უყურეთ ადამიანებს, მათ სახესა და თვალებს. დაუკვირდით, როგორ რეაგირებენ ბიბლიურ ჭეშმარიტებაზე“. ბედნიერი ვარ, რომ სწორედ ასე მოვიქეცი! როცა ადამიანებს სამეფოს შესახებ მანუგეშებელ ცნობას ვუზიარებდი, თვალები უბრწყინდებოდათ!». კიდევ რა ეხმარებოდა დაიანს, შეგუებოდა საზღვარგარეთ მსახურებას? „დავუმეგობრდი ბიბლიის შემსწავლელებს. უდიდეს სიხარულს მანიჭებდა იმის დანახვა, რომ ისინი იეჰოვას ერთგულ მსახურებად ყალიბდებოდნენ. დროთა განმავლობაში იქ თავს უკვე ისე ვგრძნობდი, როგორც საკუთარ სახლში. იესოს დაპირების თანახმად, შევიძინე სულიერი დედები, მამები, დები და ძმები (მარ. 10:29, 30).

ანი, რომელიც 46 წლისაა, აზიის ისეთ ქვეყანაში მსახურობს, სადაც ჩვენი საქმიანობა შეზღუდულია. ის ამბობს: „წლების მანძილზე საზღვარგარეთ სხვადასხვა ადგილას ვმსახურობდი და ვცხოვრობდი დებთან, რომლებიც წარმოშობითა თუ ხასიათით ძალიან განსხვავდებოდნენ ჩემგან. ზოგჯერ ამის გამო ჩვენ შორის გაუგებრობები ხდებოდა და ერთმანეთს გულს ვტკენდით. ამ დროს ვცდილობდი, უფრო დავახლოებოდი მათ, ვისთანაც ვცხოვრობდი, რათა უკეთ გავცნობოდი მათ კულტურას. ამასთან, ძალისხმევას არ ვაკლებდი, რომ მათ მიმართ უფრო მოსიყვარულე და გამგები ვყოფილიყავი. მიხარია, რომ ჩემმა ძალისხმევამ ნაყოფი გამოიღო და ბევრი კარგი მეგობარი შევიძინე, რომლებიც მსახურების გაგრძელებაში დამეხმარნენ“.

უტე

 გერმანელი და უტე, რომელიც ახლა 53 წლისაა, 1993 წელს მისიონერად დაინიშნა მადაგასკარზე. ის გვიამბობს: „თავიდან რთული იყო ადგილობრივი ენის სწავლა, ნოტიო კლიმატთან შეგუება და მალარიასთან, ამებასა თუ პარაზიტ ჭიებთან ბრძოლა. თუმცა სხვები ძალიან დამეხმარნენ. ადგილობრივი დები, მათი შვილები და ბიბლიის შემსწავლელები მოთმინებით მასწავლიდნენ ენას. როცა ავად ვხდებოდი, მისიონერი და, ვისთანაც ვცხოვრობდი, სიყვარულით ზრუნავდა ჩემზე. მაგრამ ყველაზე მეტად იეჰოვა დამეხმარა. ლოცვაში ხშირად ვესაუბრებოდი მას ჩემს საწუხარზე. შემდეგ დღეების, ზოგჯერ კი თვეების მანძილზე მოთმინებით ველოდი პასუხს ჩემს ლოცვებზე. იეჰოვამ ყველა პრობლემა მომიგვარა“. უკვე 23 წელია, უტე მადაგასკარზე მსახურობს.

უხვი კურთხევები

იმ მაუწყებლების მსგავსად, რომლებიც ისეთ ტერიტორიაზე გადავიდნენ, სადაც მქადაგებლებზე დიდი მოთხოვნილებაა, დაუქორწინებელი დებიც ამბობენ, რომ საზღვარგარეთ მსახურებამ მათი ცხოვრება მრავალმხრივ გაამდიდრა. რა კურთხევები აქვთ მათ?

ჰაიდი

73 წლის ჰაიდი, რომელიც წარმოშობით გერმანიიდანაა, 1968 წლიდან კოტ-დ’ივუარში მსახურობს მისიონერად. ის ამბობს: «ჩემთვის უდიდესი სიხარულის მომტანია იმის დანახვა, რომ ჩემი სულიერი შვილები „ჭეშმარიტებაში დადიან“. ზოგი, ვისაც ბიბლიას ვასწავლიდი, დღეს პიონერად ან უხუცესად მსახურობს. ბევრი მათგანი დედას ან ბებიას მეძახის. ერთი უხუცესი, რომელიც ჩემი შემსწავლელი იყო, თავის ცოლ-შვილთან ერთად საკუთარი ოჯახის წევრად მიმიჩნევს. ასე რომ, იეჰოვამ ვაჟი, რძალი და სამი შვილიშვილი მაჩუქა» (3 იოან. 4).

კარენი (შუაში)

72 წლის კარენი, რომელიც კანადიდანაა, 20 წელზე მეტხანს მსახურობდა დასავლეთ აფრიკაში. ის ამბობს: „მისიონერობამ უფრო თავგანწირული, მოსიყვარულე და მომთმენი გამხადა. სხვადასხვა ეროვნების და-ძმებთან მსახურებამ თვალსაწიერი გამიფართოვა. მივხვდი, რომ ერთი და იგივე საქმე შეიძლება სხვადასხვანაირად გაკეთდეს. რამხელა კურთხევაა, რომ დღეს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მეგობრები მყავს! თუმცა ჩვენი ცხოვრება და დავალებები შეიცვალა, ჩვენი მეგობრობა კვლავაც გრძელდება“.

ინგლისელი და მარგარეტი, რომელიც 79 წლისაა, მისიონერად ლაოსში მსახურობდა. ის ყვება: „საზღვარგარეთ მსახურებამ შესაძლებლობა მომცა, ჩემი თვალით მენახა, როგორ მოჰყავს იეჰოვას ყველა რასის, წარმოშობისა თუ სოციალური ფენის ადამიანები თავის ორგანიზაციაში. ამან ძალიან გამიძლიერა რწმენა. ბოლომდე დავრწმუნდი, რომ იეჰოვა ხელმძღვანელობს თავის ორგანიზაციას და მისი განზრახვები უთუოდ შესრულდება“.

დაუქორწინებელ დებს, რომლებიც საზღვარგარეთ მსახურობენ, უდიდესი წვლილი შეაქვთ სამქადაგებლო საქმეში. ისინი ქებას იმსახურებენ (მსაჯ. 11:40). ასეთი დების რიცხვი სულ უფრო და უფრო იზრდება (ფსალმ. 68:11). თქვენც შეგიძლიათ ცვლილებები მოახდინოთ და იმ გულანთებული დების კვალს მიჰყვეთ, ვისგანაც ინტერვიუ ავიღეთ? თუ ასე მოიქცევით, საკუთარ თავზე გამოსცდით, რომ „კარგია იეჰოვა!“ (ფსალმ. 34:8).