წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) თებერვალი 2017

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

მოციქულმა პავლემ დაწერა, რომ იეჰოვა „არ დაუშვებს ისეთ ცდუნებას, რომელიც თქვენს შესაძლებლობას აღემატება“ (1 კორ. 10:13). ნიშნავს ეს იმას, რომ იეჰოვა წინასწარ საზღვრავს, რისი ატანა შეგვიძლია და შემდეგ ირჩევს, რა განსაცდელებს შევხვდებით?

დაფიქრდით, რა დასკვნამდე შეიძლება მიგვიყვანოს ასეთმა შეხედულებამ. ერთმა ძმამ, რომლის ვაჟმაც თავი მოიკლა, იკითხა: „წინასწარ განსაზღვრა იეჰოვამ, რომ მე და ჩემი ცოლი შვილის ასეთ სიკვდილს ავიტანდით? იმიტომ მოხდა ეს, რომ მისი აზრით ამას შევძლებდით?“. გვაქვს საფუძვლიანი მიზეზი, გვჯეროდეს, რომ იეჰოვა ამგვარად ერევა ჩვენს ცხოვრებაში?

თუ დაწვრილებით გამოვიკვლევთ 1 კორინთელების 10:13-ში პავლეს მიერ ჩაწერილ სიტყვებს, შემდეგ დასკვნამდე მივალთ: არანაირი ბიბლიური საფუძველი არა გვაქვს, გვჯეროდეს, რომ იეჰოვა წინასწარ საზღვრავს, რისი ატანა შეგვიძლია და შემდეგ ირჩევს, რა განსაცდელებს შევხვდებით. განვიხილოთ ოთხი მიზეზი, თუ რატომ მივდივართ ამ დასკვნამდე.

პირველი, იეჰოვამ ადამიანებს ნების თავისუფლება უბოძა. მას სურს, რომ თავად ავირჩიოთ, როგორ ვიცხოვრებთ (კან. 30:19, 20; იეს. 24:15). თუ სწორ გზას ავირჩევთ, შეგვიძლია იმედი გვქონდეს, რომ იეჰოვა წარმართავს ჩვენს ნაბიჯებს (იგავ. 16:9). მაგრამ არასწორი გზის არჩევის შემთხვევაში შედეგებთან გამკლავება მოგვიწევს (გალ. 6:7). განა ნების თავისუფლების ძღვნის გაუფასურება არ იქნებოდა, თუ იეჰოვა აირჩევდა, რომელ განსაცდელებს შევხვდებოდით და რომელს არა?!

მეორე, იეჰოვა არ გვიცავს „დროისა და შემთხვევისგან“ (ეკლ. 9:11). უბედური შემთხვევები, რომლებიც შეიძლება მძიმე შედეგებით დასრულდეს, ზოგჯერ იმიტომ ხდება, რომ ცუდ დროს ცუდ ადგილას აღმოვჩნდით. იესომ მოიხსენია შემთხვევა, როცა კოშკის ჩამონგრევას 18 ადამიანი ემსხვერპლა და თქვა, რომ ისინი ღვთის ნებით არ დახოცილან (ლუკ. 13:1—5). განა გონივრული იქნება იმის თქმა, რომ ღმერთი წინასწარ საზღვრავს, ვინ მოკვდება და ვინ გადარჩება ასეთი შემთხვევების დროს?!

მესამე, თითოეული ჩაბმული ვართ საკამათო საკითხში, რომელიც ღვთისადმი ერთგულებას ეხება. გაიხსენეთ, სატანამ იეჰოვას ყველა მსახურის ერთგულება დააყენა ეჭვქვეშ და განაცხადა, რომ განსაცდელების დროს იეჰოვას ერთგული არავინ  დარჩებოდა (იობ. 1:9—11; 2:4; გამოცხ. 12:10). თუ იეჰოვა ჩათვლიდა, რომ ვერ გავუძლებდით ზოგიერთ განსაცდელს და დაგვიცავდა მათგან, განა ეს სატანის წისქვილზე არ დაასხამდა წყალს, რომელიც გვაბრალებს, რომ ღმერთს გამორჩენის მიზნით ვემსახურებით?!

მეოთხე, აუცილებელი არ არის, იეჰოვამ წინასწარ იცოდეს ყველაფერი, რაც შეგვემთხვევა. თუ იეჰოვა წინასწარ ირჩევს, რა განსაცდელებს შევხვდებით, ეს ნიშნავს, რომ მან ყველაფერი უნდა იცოდეს ჩვენი მომავლის შესახებ. მაგრამ ეს არ არის ბიბლიური შეხედულება. ფაქტია, რომ ღმერთს შეუძლია იცოდეს მომავალი (ეს. 46:10). მაგრამ ბიბლიიდან ჩანს, რომ ის მხოლოდ მაშინ ჭვრეტს მომავალს, როცა ამას საჭიროდ თვლის (დაბ. 18:20, 21; 22:12). ამიტომ წინასწარ განჭვრეტის უნარის გამოყენებისას ის ითვალისწინებს ჩვენს ნების თავისუფლებას. განა სწორედ ამას არ ველით ღვთისგან, რომელიც აფასებს ჩვენს თავისუფლებას და სრულყოფილად ავლენს თავის თვისებებს?! (კან. 32:4; 2 კორ. 3:17).

მაშ, როგორ უნდა გავიგოთ პავლეს სიტყვები: „ღმერთი . . . არ დაუშვებს ისეთ ცდუნებას, რომელიც თქვენს შესაძლებლობას აღემატება“? პავლე ამ მუხლში აღწერს იმას, თუ რას აკეთებს იეჰოვა არა განსაცდელებამდე, არამედ განსაცდელების დროს. * მოციქულის სიტყვები გვარწმუნებს, რომ რა განსაცდელებსაც არ უნდა შევხვდეთ ცხოვრებაში, იეჰოვა დაგვეხმარება, თუ მივენდობით (ფსალმ. 55:22). პავლეს მანუგეშებელი სიტყვები ეფუძნება ორ ძირითად ჭეშმარიტებას.

პირველი, არ გვქონია განსაცდელი, „გარდა ადამიანურისა“. ასე რომ, ჩვენნაირ განსაცდელებს სხვებიც ხვდებიან. თუ ღმერთს მივენდობით, მათი ატანა შეუძლებელი არ იქნება (1 პეტ. 5:8, 9). 1 კორინთელების 10:13-ის კონტექსტში პავლე მოიხსენიებს ცდუნებებს, რომელთა წინაშეც ისრაელები აღმოჩნდნენ უდაბნოში (1 კორ. 10:6—11). ისინი არც ახალი იყო ადამიანებისთვის და არც ერთგული ისრაელების შესაძლებლობებს აღემატებოდა. პავლემ ოთხჯერ თქვა, რომ მათგან ზოგი ეურჩა ღმერთს. სამწუხაროა, რომ ზოგიერთი ისრაელი აჰყვა არასწორ სურვილებს, რადგან ბოლომდე არ ენდობოდა ღმერთს.

მეორე, „ღმერთი ერთგულია“. ღვთის ხალხის ისტორიიდან ჩანს, რომ ღმერთი სიკეთეს ავლენს მათ მიმართ, „ვისაც უყვარს ის და ვინც იცავს მის მცნებებს“ (კან. 7:9). ისტორიიდან ისიც ჩანს, რომ ღმერთი ყოველთვის ასრულებს თავის დაპირებებს (იეს. 23:14). თუ გავითვალისწინებთ წარსულში ღვთის მიერ გამოვლენილ ერთგულებას, მის მოყვარულებსა და მორჩილებს განსაცდელების დროს შეუძლიათ ენდონ მის დაპირებას: 1) ის არ დაუშვებს განსაცდელის ისე გართულებას, რომ შეუძლებელი გახდეს მისი ატანა და 2) გამოსავალსაც მოგვცემს.

იეჰოვა „ყოველგვარ გასაჭირში გვანუგეშებს“

როგორ აძლევს ღმერთი გამოსავალს თავის მოიმედეთ? რა თქმა უნდა, თუ ეს მისი ნებაა, შეუძლია უბრალოდ მოგვაშოროს განსაცდელი. გაიხსენეთ, რა თქვა პავლემ: „[იეჰოვა] გამოსავალსაც მოგცემთ, რომ მოითმინოთ“. ხშირ შემთხვევაში ის გამოსავალს იმით გვანახვებს, რომ გვაძლევს იმას, რაც განსაცდელების ასატანად გვჭირდება. ვნახოთ, რას აკეთებს იეჰოვა:

  • ის „ყოველგვარ გასაჭირში გვანუგეშებს“ (2 კორ. 1:3, 4). იეჰოვას შეუძლია დაგვიმშვიდოს გული და გონება თავისი სიტყვის, წმინდა სულისა და ერთგული და გონიერი მონის მიერ მოწოდებული სულიერი საზრდოს მეშვეობით (მათ. 24:45; იოან. 14:16; რომ. 15:4).

  • მას შეუძლია გვიხელმძღვანელოს წმინდა სულით (იოან. 14:26). განსაცდელების დროს წმინდა სულს შეუძლია გაგვახსენოს ბიბლიური მონაკვეთები და პრინციპები და დაგვანახვოს, როგორი მოქცევა იქნებოდა ბრძნული.

  • ის შეიძლება ანგელოზების მეშვეობით დაგვეხმაროს (ებრ. 1:14).

  • ის შეიძლება დაგვეხმაროს თანამორწმუნეების მეშვეობითაც, რომლებსაც შეუძლიათ სიტყვითა და საქმით გაგვაძლიერონ (კოლ. 4:11).

რა დასკვნის გაკეთება შეგვიძლია პავლეს მიერ 1 კორინთელების 10:13-ში ჩაწერილი სიტყვებიდან? იეჰოვა არ ირჩევს იმ განსაცდელებს, რომლებსაც ვხვდებით. მაგრამ, როცა განსაცდელების პირისპირ აღმოვჩნდებით, შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ: თუ ბოლომდე მივენდობით იეჰოვას, ის არასდროს დაუშვებს, რომ განსაცდელები ჩვენს შესაძლებლობებს აღემატებოდეს; ის ყოველთვის მოგვცემს გამოსავალს, რომ მოვითმინოთ. ეს მართლაც მანუგეშებელია!

^ აბზ. 2 „ცდუნებად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა შეიძლება აგრეთვე ნიშნავდეს „გამოცდას, განსაცდელს“.