არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა)  |  თებერვალი 2017

იეჰოვა მიუძღვის თავის ხალხს

იეჰოვა მიუძღვის თავის ხალხს

„იეჰოვა წაგიძღვება მუდამ“ (ეს. 58:11).

სიმღერები: 152, 22

1, 2. ა) რა განსხვავებაა იეჰოვას მოწმეების ხელმძღვანელებსა და სხვა რელიგიების წინამძღოლებს შორის? ბ) რას განვიხილავთ ამ და მომდევნო სტატიაში?

„ვინ არის თქვენი უფროსი?“. ამ კითხვას იეჰოვას მოწმეებს ხშირად გვისვამენ და ეს გასაკვირი არ არის, რადგან ბევრ რელიგიაში ერთი ადამიანი, იქნება ეს კაცი თუ ქალი, ლიდერის ან წინამძღოლის როლს ასრულებს. თუმცა ჩვენ თამამად ვპასუხობთ, რომ ჩვენი წინამძღოლი არასრულყოფილი ადამიანი არ არის. სხვებისგან განსხვავებით, ჩვენ მივყვებით მკვდრეთით აღმდგარი იესო ქრისტეს ხელმძღვანელობას, რომელიც თავის მხრივ თავისი მამის, იეჰოვას ხელმძღვანელობას მიჰყვება (მათ. 23:10).

2 თუმცა დღეს არსებობს ადამიანთა ჯგუფი, „ერთგული და გონიერი მონა“, რომელიც ხელმძღვანელობას უწევს ღვთის ხალხს (მათ. 24:45). მაშ, საიდან ვიცით, რომ სინამდვილეში იეჰოვა გვხელმძღვანელობს თავისი ძის მეშვეობით? ამ და მომდევნო სტატიაში განვიხილავთ, როგორ იყენებდა იეჰოვა საუკუნეების განმავლობაში ზოგიერთ ადამიანს თავისი ხალხისთვის ხელმძღვანელობის გასაწევად. ამ სტატიებში მოყვანილია სამი მტკიცება, საიდანაც ჩანს, რომ ამ მამაკაცების უკან იეჰოვა იდგა და ის იყო და არის თავისი ხალხის ნამდვილი წინამძღოლი (ეს. 58:11).

მათზე წმინდა სული მოქმედებდა

3. რა დაეხმარა მოსეს, რომ ისრაელისთვის ხელმძღვანელობა გაეწია?

3 ღვთის წარმომადგენლებზე წმინდა სული მოქმედებდა. განვიხილოთ მოსეს მაგალითი, რომელიც იეჰოვამ ისრაელების წინამძღოლად  დანიშნა. რა დაეხმარა მას, წარმატებით გაერთვა თავი ამ მეტად საპასუხისმგებლო დავალებისთვის? იეჰოვამ „მას თავისი წმინდა სული მისცა“ (წაიკითხეთ ესაიას 63:11—14). ამით იეჰოვამ აჩვენა, რომ კვლავაც თავად ხელმძღვანელობდა თავის ხალხს.

4. როგორ მიხვდებოდნენ ისრაელები, რომ მოსეზე წმინდა სული მოქმედებდა? (იხილეთ სურათი მე-18 გვერდზე)

4 ვინაიდან წმინდა სული უხილავი ძალაა, როგორ მიხვდებოდნენ ისრაელები, რომ მოსე წმინდა სულით მოქმედებდა? წმინდა სულით მოსემ არაერთი სასწაული მოახდინა და ფარაონს ღვთის სახელი გაუცხადა (გამ. 7:1—3). ამასთან, წმინდა სული დაეხმარა მოსეს შესანიშნავი თვისებების — სიყვარულის, თვინიერებისა და მოთმინების განვითარებაში. შედეგად, ის მზად იყო ისრაელებისთვის ხელმძღვანელობის გასაწევად. მართლაც, რამხელა სხვაობა იყო მოსესა და სხვა ერების ეგოისტ და სასტიკ მმართველებს შორის! (გამ. 5:2, 6—9). აშკარაა, მოსე იეჰოვამ აირჩია თავისი ხალხის წინამძღოლად.

5. როგორ დაეხმარა იეჰოვა ისრაელის სხვა წინამძღოლებს? ახსენით.

5 მოგვიანებით იეჰოვამ წმინდა სული თავისი ხალხის წინამძღოლებად დანიშნულ სხვა მამაკაცებსაც მისცა. „იესო ნავეს ძე სავსე იყო სიბრძნის სულით“ (კან. 34:9). „იეჰოვას სულმა მოიცვა გედეონი“ (მსაჯ. 6:34). „ამოქმედდა დავითზე იეჰოვას სული“ (1 სამ. 16:13). ამ მამაკაცებს ღვთის სულის დახმარების იმედი ჰქონდათ. სწორედ ამ სულის ძალით ჩაიდინეს მათ ისეთი საგმირო საქმეები, რომელთაც საკუთარი ძალით ვერ შეძლებდნენ (იეს. 11:16, 17; მსაჯ. 7:7, 22; 1 სამ. 17:37, 50). ამ დიდებულმა საქმეებმა მართებულად განადიდა იეჰოვა.

6. რატომ ითხოვდა ღმერთი თავისი ხალხისგან წინამძღოლების პატივისცემას?

6 რისკენ უნდა აღეძრა ისრაელები იმის აშკარა მტკიცებას, რომ ამ მამაკაცებზე წმინდა სული მოქმედებდა? როცა ხალხი უკმაყოფილო იყო მოსეს წინამძღოლობით, იეჰოვამ იკითხა: „როდემდე უნდა მექცეოდეს ეს ხალხი უპატივცემულოდ?!“ (რიცხ. 14:2, 11). სწორედ იეჰოვამ აირჩია მოსე, იესო ნავეს ძე, გედეონი და დავითი თავის წარმომადგენლებად. ამგვარად, როცა ისრაელები ამ მამაკაცებს ემორჩილებოდნენ, ფაქტობრივად, იეჰოვას ემორჩილებოდნენ როგორც წინამძღოლს.

მათ ანგელოზები ეხმარებოდნენ

7. როგორ ეხმარებოდნენ ანგელოზები მოსეს?

7 ღვთის წარმომადგენლებს ანგელოზები ეხმარებოდნენ (წაიკითხეთ ებრაელების 1:7, 14). იეჰოვამ ანგელოზების მეშვეობით დანიშნა მოსე და მათივე მეშვეობით ეხმარებოდა და ხელმძღვანელობდა მას. „ღმერთმა [მოსე] მმართველად და მხსნელად გაგზავნა იმ ანგელოზის ხელით, რომელიც მას ეკლიან ბუჩქში ეჩვენა“ (საქ. 7:35). მან „ანგელოზების მეშვეობით“ გადასცა კანონი, რომლითაც მოსე ისრაელ ერს მოძღვრავდა (გალ. 3:19). იეჰოვამ უთხრა მოსეს: „წადი, იქ წაიყვანე ხალხი, სადაც გითხარი. ჩემი ანგელოზი წაგიძღვება“ (გამ. 32:34). ბიბლია არაფერს ამბობს, ხედავდნენ თუ არა ისრაელები ამ ანგელოზს, რომელიც ღვთის დავალებას ასრულებდა. თუმცა მოსე ისე მოძღვრავდა და ხელმძღვანელობდა ხალხს, რომ აშკარა იყო, ის ზეადამიანურ დახმარებას იღებდა.

8. როგორ დაეხმარნენ ანგელოზები იესო ნავეს ძესა და ხიზკიას?

8 მოგვიანებით მოსეს საქმის გამგრძელებელი იესო ნავეს ძე განამტკიცა „იეჰოვას ლაშქრის მეთაურმა“, რომ ღვთის ხალხს ქანაანელთა წინააღმდეგ საბრძოლველად გასძღოლოდა. ეს ბრძოლა ისრაელების გამარჯვებით დამთავრდა (იეს. 5:13—15; 6:2, 21). როცა კბილებამდე შეიარაღებული ასურელები მეფე ხიზკიას იერუსალიმის აღებით ემუქრებოდნენ, ერთ ღამეში იეჰოვას ანგელოზმა „ას ოთხმოცდახუთი  ათასი კაცი დასცა ასურელთა ბანაკში“ (2 მეფ. 19:35).

9. აძლევდა წინამძღოლების ნაკლოვანებები ისრაელებს დაუმორჩილებლობის საბაბს? ახსენით.

9 ანგელოზები სრულყოფილები იყვნენ, თუმცა იმავეს ვერ ვიტყვით იმ მამაკაცებზე, რომლებსაც ისინი ეხმარებოდნენ. ერთხელ მოსემ შეცდომა დაუშვა და არ განწმინდა იეჰოვას სახელი (რიცხ. 20:12). გაბაონელებთან შეთანხმების დადებამდე იესო ნავეს ძე არ დაეკითხა იეჰოვას (იეს. 9:14, 15). ხიზკია მცირე ხნით გადიდგულდა (2 მატ. 32:25, 26). ნაკლოვანებების მიუხედავად, ისრაელებს მოეთხოვებოდათ, მიჰყოლოდნენ მათ ხელმძღვანელობას. იეჰოვა ანგელოზების მეშვეობით უჭერდა მხარს ამ მამაკაცებს. დიახ, იეჰოვა მიუძღოდა თავის ხალხს.

ისინი ღვთის სიტყვით ხელმძღვანელობდნენ

10. როგორ ხელმძღვანელობდა მოსე ღვთის კანონით?

10 ღვთის წარმომადგენლები წმინდა წერილებით ხელმძღვანელობდნენ. ბიბლიაში ისრაელისთვის მიცემულ კანონს „მოსეს კანონი“ ეწოდება (1 მეფ. 2:3). თუმცა ბიბლიიდან ნათლად ჩანს, რომ სინამდვილეში იეჰოვა იყო კანონმდებელი და თავად მოსესაც მოეთხოვებოდა ამ კანონის მორჩილება (2 მატ. 34:14). როცა იეჰოვამ კარვის დადგმის შესახებ მითითებები მისცა, „მოსემ ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც იეჰოვამ უბრძანა; ზუსტად ისე გააკეთა“ (გამ. 40:1—16).

11, 12. ა) რის გაკეთება მოეთხოვებოდათ იესო ნავეს ძესა და ღვთის ხალხის მეფეებს? ბ) რა გავლენას ახდენდა ღვთის სიტყვა წინამძღოლებად დანიშნულ მამაკაცებზე?

11 ერის წინამძღოლად გახდომისთანავე იესო ნავეს ძეს ღვთის სიტყვა წერილობითი სახით ჰქონდა. ღმერთმა უბრძანა მას: „იკითხე ის დღედაღამ, რათა გულდასმით შეასრულო ყველაფერი, რაც მასში წერია“ (იეს. 1:8). მოგვიანებით ღვთის ხალხის მეფეებიც მსგავსად იქცეოდნენ. მათ მოეთხოვებოდათ, გადაეწერათ კანონი, ყოველდღე ეკითხათ და კანონის ყველა სიტყვა და წესი შეესრულებინათ (წაიკითხეთ კანონის 17:18—20).

12 რა გავლენას ახდენდა ღვთის სიტყვა წინამძღოლებად დანიშნულ მამაკაცებზე? განვიხილოთ მეფე იოშიას მაგალითი. როცა კანონის წიგნი იპოვეს, მწერალმა ხმამაღლა წაუკითხა ის იოშიას. * როგორ იმოქმედა ამან მეფეზე? „როგორც კი მეფემ კანონის წიგნის სიტყვები მოისმინა, ტანსაცმელი შემოიხია“. თუმცა მან ამაზე მეტიც გააკეთა. იოშიამ გაითვალისწინა ღვთის სიტყვაში ჩაწერილი მითითებები, გაცხარებული ბრძოლა დაიწყო კერპთაყვანისმცემლობის წინააღმდეგ და ორგანიზება გაუწია პასექის დღესასწაულის აღნიშვნას (2 მეფ. 22:11; 23:1—23). ვინაიდან იოშია და სხვა ერთგული წინამძღოლები ღვთის სიტყვით ხელმძღვანელობდნენ, ისინი მზად იყვნენ, შეეცვალათ და გასაგებად აეხსნათ მითითებები, რომლებიც ღვთის ხალხისთვის ჰქონდათ მიცემული. შედეგად, ისრაელები ღვთის ნების თანახმად მოიქცეოდნენ.

13. რა განსხვავება იყო ღვთის ხალხის მმართველებსა და წარმართი ერების მმართველებს შორის?

13 რამხელა განსხვავება იყო ღვთის ამ ერთგულ მეფეებსა და სხვა ხალხების მმართველებს შორის, რომლებიც ადამიანური სიბრძნით ხელმძღვანელობდნენ და არაშორსმჭვრეტელურ პოლიტიკას აწარმოებდნენ! ქანაანელ მმართველთა ხელში ხალხი ისეთ საზიზღრობებს სჩადიოდა, როგორიცაა სისხლის აღრევა, ჰომოსექსუალიზმი, ბავშვების მსხვერპლშეწირვა და ამაზრზენი კერპთაყვანისმცემლობა (ლევ. 18:6, 21—25). ამასთან, ბაბილონელი და ეგვიპტელი მმართველები არ იცავდნენ ჰიგიენის წესებს, რომლებიც ღმერთმა ისრაელს  დაუდგინა (რიცხ. 19:13). ამის საპირისპიროდ, ღვთის ხალხი ხედავდა, როგორ უწყობდნენ მათი წინამძღოლები ხელს სულიერ, ზნეობრივ და ფიზიკურ სიწმინდეს. ცხადია, მათ იეჰოვა მიუძღოდა.

14. რატომ სჯიდა იეჰოვა ზოგჯერ თავისი ხალხის წინამძღოლებს?

14 თუმცა ღვთის ხალხის ყველა მეფე არ მიჰყვებოდა ღვთის მითითებებს. ისინი, ვინც არ ემორჩილებოდნენ იეჰოვას, უარს ამბობდნენ ღვთის წმინდა სულის, ანგელოზებისა და ღვთის სიტყვით ხელმძღვანელობაზე. ზოგ შემთხვევაში იეჰოვა ასეთებს სჯიდა ან მმართველობის უფლებას ართმევდა (1 სამ. 13:13, 14). დანიშნულ დროს მან გაცილებით უკეთესი წინამძღოლი დანიშნა.

იეჰოვა ნიშნავს სრულყოფილ წინამძღოლს

15. ა) რა იყო ნაწინასწარმეტყველები სრულყოფილი წინამძღოლის მოსვლის შესახებ? ბ) ვინ იყო ნაწინასწარმეტყველები წინამძღოლი?

15 საუკუნეების მანძილზე იეჰოვა წინასწარმეტყველებდა, რომ თავის ხალხს საუკეთესო წინამძღოლს დაუნიშნავდა. მოსემ უთხრა ისრაელებს: „იეჰოვა, შენი ღმერთი შენგან, შენი ძმებიდან, მოგივლენს ჩემნაირ წინასწარმეტყველს — მას უსმინეთ“ (კან. 18:15). ესაიამ მასზე იწინასწარმეტყველა, რომ ის იქნებოდა „წინამძღოლი და მეთაური“ (ეს. 55:4). ღვთის შთაგონებით დანიელმა დაწერა „მესიის, წინამძღოლის“ გამოჩენის შესახებ (დან. 9:25). ბოლოს იესო ქრისტემ ცხადყო, რომ ის იყო ღვთის ხალხის წინამძღოლი (წაიკითხეთ მათეს 23:10). იესოს მოწაფეები სიხარულით მიჰყვებოდნენ მას და ადასტურებდნენ, რომ ის იყო იეჰოვას რჩეული (იოან. 6:68, 69). რამ დაარწმუნა ისინი, რომ იეჰოვა სწორედ იესო ქრისტეს მეშვეობით ხელმძღვანელობდა თავის ხალხს?

16. რა ადასტურებდა, რომ იესოზე წმინდა სული მოქმედებდა?

16 იესოზე წმინდა სული მოქმედებდა. იესოს ნათლობის დროს იოანე ნათლისმცემელმა დაინახა, რომ „ცა გაიხსნა და სული მტრედის სახით ეშვებოდა მასზე“. შემდეგ „სულმა . . . აღძრა იესო, რომ უდაბნოში წასულიყო“ (მარ. 1:10—12). დედამიწაზე მსახურების დროს იესო ღვთის წმინდა სულის დახმარებით ახდენდა სასწაულებს და ასწავლიდა, როგორც ძალაუფლების მქონე (საქ. 10:38). ამასთან, წმინდა სული დაეხმარა მას, გამოევლინა სულის ნაყოფისთვის დამახასიათებელი თვისებები — სიყვარული, სიხარული და ურყევი რწმენა (იოან. 15:9; ებრ. 12:2). სხვა არც ერთ წინამძღოლს არ ჰქონდა წმინდა სულისგან ასეთი აშკარა მოწმობა. ეჭვგარეშეა, იესო იეჰოვას რჩეული იყო.

როგორ მოემსახურნენ ანგელოზები იესოს ნათლობიდან მალევე? (იხილეთ აბზაცი 17)

17. როგორ დაეხმარნენ ანგელოზები იესოს?

17 იესოს ანგელოზები ეხმარებოდნენ. ნათლობიდან დიდი ხანი არ იყო გასული, როცა იესოსთან „ანგელოზები მივიდნენ და მოემსახურნენ“ (მათ. 4:11). სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე იესოს „მოევლინა ანგელოზი ციდან და განამტკიცა იგი“  (ლუკ. 22:43). იესო დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვა ანგელოზებს დაახმარდა, თუ ეს ღვთის ნების შესასრულებლად დასჭირდებოდა (მათ. 26:53).

18, 19. როგორ იმოქმედა ღვთის სიტყვამ იესოს ცხოვრებასა და სწავლებაზე?

18 იესო ღვთის სიტყვით ხელმძღვანელობდა. წმინდა წერილებით იესო მსახურების დასაწყისიდანვე ხელმძღვანელობდა (მათ. 4:4). ღვთის სიტყვის მორჩილებისთვის ის მზად იყო, წამების ბოძზე მომკვდარიყო. სიკვდილის წინაც კი იესო მესიის შესახებ წინასწარმეტყველებებიდან ციტირებდა (მათ. 27:46; ლუკ. 23:46). მისგან განსხვავებით რელიგიური წინამძღოლები უგულებელყოფდნენ ღვთის სიტყვას, როცა ის მათ ტრადიციებსა თუ ადათ-წესებს ეწინააღმდეგებოდა. მათზე საუბრისას იესომ იეჰოვას მიერ ესაია წინასწარმეტყველის პირით ნათქვამი სიტყვები გაიმეორა: „ეს ხალხი ბაგეებით მცემს პატივს, გული კი შორსა აქვთ ჩემგან. ტყუილუბრალოდ მცემენ თაყვანს, რადგან ადამიანთა მცნებებს ისე ასწავლიან როგორც სწავლებებს“ (მათ. 15:7—9). განა აირჩევდა იეჰოვა ამ მამაკაცებიდან რომელიმეს თავისი ხალხის წინამძღოლად?!

19 იესო არა მხოლოდ თავად ხელმძღვანელობდა ღვთის სიტყვით, არამედ სხვების სწავლების დროსაც იყენებდა მას. როცა რელიგიური წინამძღოლები უპირისპირდებოდნენ, ის არც თავის უსაზღვრო სიბრძნეს ეყრდნობოდა და არც დიდ გამოცდილებას. იესო ავტორიტეტად წმინდა წერილებს მიიჩნევდა (მათ. 22:33—40). ნაცვლად იმისა, რომ მსმენელის გასართობად ზეციერი ცხოვრების ან სამყაროს შექმნის ამბები მოეყოლა, იესომ „სრულად გაუხსნა [მათ] გონება, რომ გაეგოთ წმინდა წერილების მნიშვნელობა“ (ლუკ. 24:32, 45). იესოს უყვარდა ღვთის სიტყვა და ძალიან სურდა, ის სხვებისთვისაც გაეზიარებინა.

20. ა) როგორ ცხადყო იესომ, რომ ღმერთი მასზე აღმატებული იყო? ბ) იესოსა და ჰეროდე აგრიპა I-ის მაგალითებიდან გამომდინარე, როგორია იეჰოვასთვის სასურველი წინამძღოლი?

20 თუმცა „მადლიანი სიტყვებით“ აოცებდა მსმენელს, იესო მთელ დიდებას თავის მოძღვარს, იეჰოვას მიაგებდა (ლუკ. 4:22). როცა ერთმა მდიდარმა კაცმა განდიდების მიზნით იესოს „კარგი მოძღვარი“ უწოდა, იესომ თავმდაბლად მიუგო: „რატომ მიწოდებ კარგს? არავინ არის კარგი, გარდა ერთისა, ღვთისა“ (მარ. 10:17, 18). ის სრულიად განსხვავდებოდა ჰეროდე აგრიპა I-გან, რომელიც დაახლოებით რვა წლის შემდეგ იუდეის მეფე გახდა. ერთ-ერთ შეხვედრაზე ჰეროდე „სამეფო სამოსლით“ წარდგა ხალხის წინაშე. მისით აღფრთოვანებული ხალხი ხმამაღლა იძახდა: „ღვთის ხმაა და არა კაცისა!“. მან შეიფერა ქება. ამიტომ „იეჰოვას ანგელოზმა დასცა [ის], რადგან დიდება არ მიაგო ღმერთს და მატლებისგან შეჭმული მოკვდა“ (საქ. 12:21—23). არც ერთი მიუკერძოებელი თვითმხილველი არ დაასკვნიდა, რომ ჰეროდე იეჰოვას რჩეული წინამძღოლი იყო. მაგრამ იესომ თავისი ცხოვრებით ნათლად აჩვენა, რომ ღვთისგან იყო დანიშნული და ყოველთვის იეჰოვას მიაგებდა დიდებას, როგორც უზენაეს წინამძღოლს.

21. რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

21 იეჰოვას მხოლოდ რამდენიმე წლით არ დაუნიშნავს იესო წინამძღოლად. მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იესომ განაცხადა: „მთელი ძალაუფლება, ზეცაში თუ დედამიწაზე, მე მაქვს მოცემული . . . და აი, მე ყოველდღე თქვენთან ვარ ქვეყნიერების აღსასრულამდე“ (მათ. 28:18—20). მაგრამ როგორ წაუძღვებოდა დედამიწაზე ღვთის ხალხს იესო, უხილავი სულიერი ქმნილება? ვინ იქნებოდნენ ისინი, ვინც იესოს დაემორჩილებოდნენ და ხელმძღვანელობას გაუწევდნენ იეჰოვას ხალხს? როგორ მიხვდებოდნენ ქრისტიანები, ვის იყენებდა ღმერთი თავის წარმომადგენლებად? ამ კითხვებზე პასუხს მომდევნო სტატიიდან გავიგებთ.

^ აბზ. 12 ეს შესაძლოა მოსეს მიერ გაკეთებული ხელნაწერი იყო.