წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) თებერვალი 2017

გამოსასყიდი — „სრულყოფილი საბოძვარი“ მამისგან

გამოსასყიდი — „სრულყოფილი საბოძვარი“ მამისგან

„ყოველი კარგი ძღვენი და ყოველი სრულყოფილი საბოძვარი . . . მამისგან მოდის“ (იაკ. 1:17).

სიმღერები: 148, 109

1. რა მიიღწევა გამოსასყიდის მეშვეობით?

იესო ქრისტეს გამოსასყიდს უამრავი კურთხევა მოაქვს. ის შესაძლებლობას აძლევს ადამის შთამომავლებს, რომელთაც უყვართ სიმართლე, ღვთის ოჯახის წევრები გახდნენ. გამოსასყიდის მეშვეობით შეგვიძლია მარადიული სიცოცხლით გავიხაროთ. თუმცა ქრისტეს გამოსასყიდით მორჩილი კაცობრიობისთვის კურთხევების მოტანაზე მეტი მიიღწევა. იესოს მიერ იეჰოვას სიმართლის მხარდასაჭერად გაღებული ნებაყოფლობითი მსხვერპლი ზოგადსაკაცობრიო საკითხების გადაჭრას ემსახურება (ებრ. 1:8, 9).

2. ა) რა ზოგადსაკაცობრიო საკითხებს ეხება იესოს ლოცვა? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე) ბ) რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

2 საკუთარი სიცოცხლის მსხვერპლად გაღებამდე დაახლოებით ორი წლით ადრე იესო მოწაფეებს ასწავლიდა, ელოცათ: „ჩვენო ზეციერო მამა, განიწმინდოს შენი სახელი. მოვიდეს შენი სამეფო და იყოს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“ (მათ. 6:9, 10). გამოსასყიდისადმი მადლიერების გასაღრმავებლად  განვიხილოთ, როგორ უკავშირდება ის ღვთის სახელის განწმენდას, ღვთის სამეფოს მმართველობასა და ღვთის განზრახვის განხორციელებას.

„განიწმინდოს შენი სახელი“

3. რას მოიცავს ღვთის სახელი და როგორ შეურაცხყო ის სატანამ?

3 პირველი სათხოვარი, რომელიც იესომ ლოცვის ნიმუშში მოიხსენია, ღვთის სახელის განწმენდას ეხებოდა. ეს სახელი მოიცავს ღვთის აღმატებულობას, დიდებულებასა და სიწმინდეს. სხვა ლოცვაში იესომ იეჰოვას „წმინდა მამა“ უწოდა (იოან. 17:11). ვინაიდან იეჰოვა წმინდაა, მის მიერ დადგენილი ყველა პრინციპი და კანონი წმინდაა. მიუხედავად ამისა, ედემის ბაღში ეშმაკმა ეჭვქვეშ დააყენა ღვთის უფლება, რომ ადამიანებისთვის ზნეობრივი ნორმები დაედგინა. იეჰოვაზე სიცრუის ლაპარაკით სატანამ შეურაცხყო ღვთის წმინდა სახელი (დაბ. 3:1—5).

4. რა წვლილი შეიტანა იესომ ღვთის სახელის განწმენდაში?

4 იესოს ნამდვილად უყვარდა იეჰოვას სახელი (იოან. 17:25, 26). მან თავისი წვლილი შეიტანა ღვთის სახელის განწმენდაში (წაიკითხეთ ფსალმუნის 40:8—10). დედამიწაზე ყოფნისას იესომ თავისი ცხოვრებით დაანახვა სხვებს, რომ გონივრული და სამართლიანია, იეჰოვამ ზნეობრივი ნორმები დაუდგინოს თავის გონიერ ქმნილებებს. იესო სიკვდილამდე ზეციერი მამის ერთგული იყო მიუხედავად იმისა, რომ სატანის მიზეზით საშინლად დაიტანჯა. თავისი ერთგულებით იესომ დაამტკიცა, რომ სრულყოფილ ადამიანს შეუძლია სრულყოფილად დაემორჩილოს ღვთის სამართლიან ნორმებს.

5. ჩვენ რა წვლილი შეგვაქვს იეჰოვას სახელის განწმენდაში?

5 ჩვენ რით შეგვიძლია ცხადვყოთ, რომ გვიყვარს იეჰოვას სახელი? ამის გაკეთება ჩვენი საქციელით შეგვიძლია. იეჰოვა მოითხოვს ჩვენგან, რომ წმინდები ვიყოთ (წაიკითხეთ 1 პეტრეს 1:15, 16). ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მხოლოდ იეჰოვას უნდა ვცემდეთ თაყვანს და მთელი გულით უნდა ვემორჩილებოდეთ მას. ჩვენ დევნების დროსაც კი ყველანაირად ვცდილობთ, რომ მისი სამართლიანი პრინციპებისა და კანონების თანახმად ვიცხოვროთ. როცა სიმართლის საქმეებს ვაკეთებთ, ჩვენი სინათლე ანათებს, რასაც დიდება მოაქვს იეჰოვას სახელისთვის (მათ. 5:14—16). როგორც წმინდა ხალხი, ჩვენი ცხოვრებით ცხადვყოფთ, რომ იეჰოვას კანონები კარგი და სამართლიანია, სატანის ბრალდებები კი — მცდარი. როცა შეცდომას ჩავდივართ, გულწრფელად ვინანიებთ და ვწყვეტთ იეჰოვას შეურაცხმყოფელი საქმეების კეთებას (ფსალმ. 79:9).

6. ჩვენი არასრულყოფილების მიუხედავად, რატომ შეუძლია იეჰოვას მართლებად მიგვიჩნიოს?

6 ქრისტეს მსხვერპლის საფუძველზე იეჰოვა ცოდვებს პატიობს ყველას, ვინც რწმენას ავლენს. ის თავის თაყვანისმცემლად იღებს ყველას, ვინც თავს უძღვნის მას. იეჰოვა მართლებად აღიარებს ცხებულ ქრისტიანებს, როგორც ძეებს, „სხვა ცხვარს“ კი — როგორც მეგობრებს (იოან. 10:16; რომ. 5:1, 2; იაკ. 2:21—25). ასე რომ, გამოსასყიდის მეშვეობით ახლავე შეგვიძლია ზეციერ მამასთან კარგი ურთიერთობა გვქონდეს და მისი სახელის განწმენდაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ.

„მოვიდეს შენი სამეფო“

7. რა კურთხევებს მოუტანს ღვთის სამეფო კაცობრიობას გამოსასყიდის საფუძველზე?

7 მეორე, რაც იესომ ლოცვის ნიმუშში სთხოვა ღმერთს, იყო: „მოვიდეს შენი სამეფო“. როგორ უკავშირდება გამოსასყიდი ღვთის სამეფოს? გამოსასყიდმა შესაძლებელი გახადა 144 000-ის არჩევა, რომლებიც ქრისტესთან ერთად მეფეები და  მღვდლები იქნებიან ზეცაში (გამოცხ. 5:9, 10; 14:1). იესო და მისი თანამმართველები, რომლებიც ამ ზეციერ ხელისუფლებას ქმნიან, ათასი წლის განმავლობაში გამოიყენებენ გამოსასყიდს მორჩილი ადამიანების სასარგებლოდ. დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა. ერთგული ადამიანები გასრულყოფილდებიან და ღვთის ოჯახის ზეციერი და მიწიერი ნაწილი საბოლოოდ გაერთიანდება (გამოცხ. 5:13; 20:6). იესო თავს გაუჭეჭყავს გველს და წაშლის სატანის ურჩობის ყოველგვარ კვალს (დაბ. 3:15).

8. ა) როგორ დაანახვა იესომ თავის მოწაფეებს ღვთის სამეფოს მოსვლის აუცილებლობა? ბ) ჩვენ რით ვუჭერთ მხარს ღვთის სამეფოს?

8 დედამიწაზე ყოფნისას იესომ დაანახვა თავის მოწაფეებს, რამდენად აუცილებელი იყო ღვთის სამეფოს მოსვლა. ნათლობიდან მალევე იესო ყველგან აუწყებდა „სასიხარულო ცნობას ღვთის სამეფოს შესახებ“ (ლუკ. 4:43). ზეცად ამაღლებამდე იესომ დაავალა თავის მოწაფეებს, დაემოწმებინათ მის შესახებ „დედამიწის კიდით კიდემდე“ (საქ. 1:6—8). სამეფოს შესახებ ქადაგების შედეგად ადამიანებს მთელ დედამიწაზე მიეცემოდათ შესაძლებლობა, გაეგოთ გამოსასყიდის შესახებ და ღვთის სამეფოს ქვეშევრდომები გამხდარიყვნენ. დღეს ჩვენ მხარს ვუჭერთ ღვთის სამეფოს იმით, რომ ვეხმარებით დედამიწაზე მყოფ ქრისტეს ძმებს, შეასრულონ მათთვის დაკისრებული საქმე — იქადაგონ მთელ მსოფლიოში ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა (მათ. 24:14; 25:40).

„იყოს შენი ნება“

9. რატომ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებულნი, რომ იეჰოვა შეასრულებს თავის განზრახვას კაცობრიობასთან დაკავშირებით?

9 რას გულისხმობდა იესო სიტყვებში: „იყოს შენი ნება“? იეჰოვა შემოქმედია. მისი პირიდან გამოსული ყველა სიტყვა აუცილებლად შესრულდება (ეს. 55:11). ის არ დაუშვებს, რომ სატანის ურჩობამ ხელი შეუშალოს კაცობრიობასთან დაკავშირებული განზრახვის შესრულებას. ღვთის თავდაპირველი განზრახვა იყო, რომ ადამისა და ევას სრულყოფილ შვილებს აევსოთ დედამიწა (დაბ. 1:28). ადამი და ევა უშვილოდ რომ დახოცილიყვნენ, ღვთის ეს განზრახვა არ შესრულდებოდა. ამიტომ მან ცოდვილ ადამსა და ევას შვილების ყოლის უფლება მისცა. ყველას, ვინც რწმენას ავლენს, ღმერთი გამოსასყიდის მეშვეობით აძლევს შესაძლებლობას, რომ გასრულყოფილდნენ და მარადიულად იცოცხლონ. იეჰოვას უყვარს ადამიანები და მისი ნებაა, რომ მორჩილმა ადამიანებმა ისე იცხოვრონ, როგორც მას ჰქონდა განზრახული.

10. რის შესაძლებლობას მისცემს გამოსასყიდი მიცვალებულებს?

10 რის თქმა შეიძლება იმ მილიარდობით მიცვალებულზე, რომელთაც სიცოცხლეში არ მიეცათ იეჰოვას გაცნობისა და მსახურების შესაძლებლობა? გამოსასყიდის შედეგად მკვდრეთით აღდგომა იქნება შესაძლებელი. მოსიყვარულე ზეციერი მამა გააცოცხლებს მათ და მისცემს შესაძლებლობას, გაიგონ მისი განზრახვის შესახებ და იცხოვრონ მარადიულად (საქ. 24:15). იეჰოვას სურს, რომ ადამიანებმა იცოცხლონ და არასდროს მოკვდნენ. ის სიცოცხლის წყაროა და ყველა მკვდრეთით აღმდგარის მამა გახდება (ფსალმ. 36:9). ამიტომ გვასწავლა იესომ, ლოცვისას იეჰოვასთვის მიგვემართა: „ჩვენო ზეციერო მამა“ (მათ. 6:9). იეჰოვას დავალებით იესო მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ადამიანთა მკვდრეთით აღდგენაში (იოან. 6:40, 44). სამოთხეში ის პირდაპირი გაგებით „აღდგომა და სიცოცხლე“ იქნება (იოან. 11:25).

11. რა არის ღვთის ნება „უამრავ ხალხთან“ მიმართებით?

11 იეჰოვას გულუხვობა არ ვრცელდება  ადამიანთა მცირერიცხოვან პრივილეგირებულ ჯგუფზე, რადგან იესომ თქვა: „ვინც ღვთის ნებას ასრულებს, ის არის ჩემი ძმაც, დაც და დედაც“ (მარ. 3:35). ღვთის ნებაა, რომ ყველა ერიდან, ტომიდან და ენიდან „უამრავი ხალხი“, რომელთა რაოდენობაც განსაზღვრული არ არის, მისი თაყვანისმცემელი გახდეს. ისინი, ვინც ქრისტეს გამოსასყიდის მიმართ რწმენას ავლენენ და ღვთის ნებას ასრულებენ, ხმამაღლა იტყვიან: „ხსნას ჩვენს ღმერთს, ტახტზე მჯდომს, და კრავს ვუმადლით“ (გამოცხ. 7:9, 10).

12. საიდან ჩანს მორჩილი ადამიანებისადმი იეჰოვას განზრახვა? ახსენით.

12 მორჩილი ადამიანებისადმი იეჰოვას განზრახვა ჩანს ლოცვის ნიმუშში ჩაწერილი თხოვნებიდან. ამ ლოცვის თანახმად, გვსურს, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ განვწმინდოთ იეჰოვას სახელი, ანუ ისე მოვეპყროთ მას, როგორც წმინდას (ეს. 8:13). იესოს სახელი ნიშნავს „იეჰოვაა ხსნა“; გამოსასყიდით ადამიანთა ხსნა პატივს მიაგებს და განადიდებს იეჰოვას სახელს. ღვთის სამეფოს მეშვეობით გამოსასყიდი არაერთ სიკეთეს მოუტანს მორჩილ ადამიანებს. ლოცვის ნიმუშში ჩაწერილი სიტყვები გვარწმუნებს, რომ ღვთის ნების შესრულებას ვერაფერი დაუდგება წინ (ფსალმ. 135:6; ეს. 46:9, 10).

გამოავლინეთ მადლიერება

13. რას ცხადვყოფთ ნათლობით?

13 გამოსასყიდისთვის მადლიერების გამოვლენის ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა მისადმი რწმენის საფუძველზე თავის მიძღვნა და მონათვლა. ნათლობით ცხადვყოფთ, რომ „იეჰოვას ვეკუთვნით“ (რომ. 14:8). ნათლობა ღვთისთვის სუფთა სინდისის თხოვნაა (1 პეტ. 3:21). ჩვენთვის სუფთა სინდისის მოსაცემად იეჰოვა ქრისტეს მსხვერპლის გამწმენდ სისხლს იყენებს. ჩვენ სრულიად დარწმუნებულები  ვართ, რომ იეჰოვა მოგვცემს ყველაფერს, რასაც დაგვპირდა (რომ. 8:32).

რით ცხადვყოფთ, რომ მადლიერები ვართ გამოსასყიდისთვის? (იხილეთ აბზაცები 13, 14)

14. რატომ მოგვეთხოვება მოყვასის სიყვარული?

14 კიდევ რით შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ მადლიერები ვართ გამოსასყიდისთვის? ვინაიდან იეჰოვა ყველაფერს სიყვარულით აკეთებს, მას სურს, რომ ყველა მისი თაყვანისმცემელი სიყვარულით გამოირჩეოდეს (1 იოან. 4:8—11). მოყვასისადმი სიყვარულით ჩვენ ვამტკიცებთ, რომ გვსურს, ვიყოთ ჩვენი „ზეციერი მამის შვილები“ (მათ. 5:43—48). მოყვასის სიყვარულის შესახებ მცნება მეორე უდიდესი მცნებაა (მათ. 22:37—40). ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება მოყვასის სიყვარულის გამოვლენის ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა. როცა მოყვასისადმი სიყვარულს ვავლენთ, ღვთის დიდებას ვირეკლავთ. ფაქტობრივად, ჩვენ სრულყოფილად ვავლენთ ღვთის სიყვარულს, როცა ვემორჩილებით მითითებას, გვიყვარდეს სხვები, განსაკუთრებით ჩვენი ძმები (1 იოან. 4:12, 20).

„გამოცოცხლების დრო“

15. ა) რა კურთხევებს ვიღებთ იეჰოვასგან დღეს? ბ) რა კურთხევებს მივიღებთ მომავალში?

15 გამოსასყიდისადმი რწმენის საფუძველზე ბოლომდე გვეპატიება ცოდვები. ღვთის სიტყვა გვარწმუნებს, რომ ჩვენი ცოდვები წაიშლება (წაიკითხეთ საქმეების 3:19—21). როგორც ზემოთ განვიხილეთ, იეჰოვა გამოსასყიდის საფუძველზე შვილებად იღებს სულით ცხებულ მსახურებს (რომ. 8:15—17). „სხვა ცხვრისთვის“ იეჰოვას თითქოსდა შედგენილი აქვს „შვილობის მოწმობა“, რომელსაც ჩვენი სახელი აწერია. მას შემდეგ, რაც გავსრულყოფილდებით და წარმატებით გავივლით საბოლოო გამოცდას, იეჰოვა სიხარულით მიგვიღებს თავის საყვარელ მიწიერ შვილებად ანუ, ასე ვთქვათ, ხელს მოაწერს ამ მოწმობას (რომ. 8:20, 21; გამოცხ. 20:7—9). იეჰოვას მარადიულად ეყვარება თავისი ძვირფასი შვილები და გამოსასყიდი მათ მარადიულ კურთხევებს მოუტანს (ებრ. 9:12). ეს ძღვენი არასდროს გაუფასურდება და მას ვერავინ და ვერაფერი წაგვართმევს.

16. როგორ გვეძლევა გამოსასყიდის მეშვეობით ნამდვილი თავისუფლება?

16 ეშმაკი ვერაფრით შეუშლის ხელს მთელი გულით მომნანიებელ ადამიანებს, რომ საბოლოოდ იეჰოვას ოჯახის წევრები გახდნენ. იესო ერთხელ მოკვდა. ასე რომ, გამოსასყიდის გაღება მეტად აღარ იქნება საჭირო (ებრ. 9:24—26). ის სრულად გვათავისუფლებს ადამისთვის გამოტანილი განაჩენისგან, რომელიც მემკვიდრეობით გადმოგვეცა. ქრისტეს მსხვერპლმა გაგვათავისუფლა სატანის ქვეყნიერების მონობისგან და სიკვდილის შიშისგან (ებრ. 2:14, 15).

17. როგორ მოქმედებს თქვენზე ის, რომ იეჰოვას უყვარხართ?

17 ღვთის დაპირებები სრულიად სანდოა. როგორც იეჰოვას მიერ დადგენილი ბუნების კანონები არ იცვლება არასდროს, ისე არ იცვლება თავად იეჰოვა. ის არასდროს გაგვიცრუებს იმედს (მალ. 3:6). იეჰოვა სიცოცხლის ძღვენზე გაცილებით მეტს გვაძლევს. ის გვაძლევს თავის სიყვარულს. „ჩვენ თვითონ შევიცანით და ვირწმუნეთ სიყვარული, რომელიც ჩვენდამი აქვს ღმერთს. ღმერთი სიყვარულია“ (1 იოან. 4:16). მთელი დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა და დედამიწის ყველა მკვიდრი ღვთისმოსაწონ სიყვარულს გამოავლენს. მოდი ჩვენც შევუერთდეთ ღვთის ერთგულ ზეციერ ქმნილებებს, რომლებიც ამბობენ: „კურთხევა, დიდება, სიბრძნე, მადლობა, პატივი, ძლიერება და ძალა ჩვენს ღმერთს მარადიულად. ამინ!“ (გამოცხ. 7:12).