წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) დეკემბერი 2016

იეჰოვა აჯილდოებს თავის გულმოდგინედ მძებნელს

იეჰოვა აჯილდოებს თავის გულმოდგინედ მძებნელს

„ვინც ღმერთთან მიდის, უნდა სწამდეს, რომ ის არსებობს და აჯილდოებს თავის გულმოდგინედ მძებნელს“ (ებრ. 11:6).

სიმღერები: 136, 139

1, 2. ა) რა კავშირია სიყვარულსა და რწმენას შორის? ბ) რომელ კითხვებზე ვიმსჯელებთ?

ჩვენ გვიყვარს იეჰოვა, „რადგან მან პირველმა შეგვიყვარა“ (1 იოან. 4:19). იეჰოვა იმითაც ავლენს სიყვარულს, რომ აკურთხებს თავის ერთგულ მსახურებს. რაც უფრო მეტად გვიყვარს იეჰოვა, მით მეტად ვრწმუნდებით, რომ ის არსებობს და აჯილდოებს მათ, ვინც უყვარს (წაიკითხეთ ებრაელების 11:6).

2 შეუძლებელია, იეჰოვამ არ დააჯილდოოს თავისი ერთგული მსახურები! ჩვენი რწმენა სრული ვერ იქნება, თუ ბოლომდე არ ვიქნებით დარწმუნებულები იმაში, რომ ღმერთი დააჯილდოებს თავის გულმოდგინედ მძებნელთ, რადგან „რწმენა იმის საფუძვლიანი მოლოდინია, რასაც ვიმედოვნებთ“ (ებრ. 11:1). დიახ, რწმენაში იგულისხმება ის, რომ ღვთის დაპირებული კურთხევების შესრულებაში ბოლომდე ვართ დარწმუნებული. მაგრამ რა სიკეთე მოაქვს ჩვენთვის ჯილდოს მიღების იმედს? როგორ აკურთხებდა იეჰოვა თავის ერთგულთ წარსულში და როგორ აკურთხებს დღეს? ამ კითხვებს ქვემოთ გაეცემა პასუხი.

იეჰოვა კურთხევებს ჰპირდება თავის მსახურებს

3. რა დაპირებაა ჩაწერილი მალაქიას 3:10-ში?

3 იეჰოვა საკუთარ თავზე იღებს ვალდებულებას, აკურთხოს  თავისი ერთგული მსახურები და მოგვიწოდებს, ძალ-ღონე არ დავიშუროთ მისგან კურთხევის მისაღებად. „გამომცადეთ, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, — თუ არ გაგიხსნათ ცის კარიბჭეები და არ გადმოვცალო თქვენზე უხვი კურთხევა“ (მალ. 3:10). ჩვენ მადლიერებას გამოვხატავთ, თუ ვეხმაურებით ამ მოწოდებას.

4. რატომ უნდა გვჯეროდეს იესოს დაპირების, რომელიც ჩაწერილია მათეს 6:33-ში?

4 იესომ დაარწმუნა თავისი მოწაფეები, რომ იეჰოვა მხარს დაუჭერდა მათ, თუ სამეფოს პირველ ადგილზე დააყენებდნენ (წაიკითხეთ მათეს 6:33). იესოს დაპირება დაფუძნებული იყო იმ ფაქტებზე, რომლებიც ცხადყოფდა, რომ იეჰოვა სანდოა. მან იცოდა, რომ იეჰოვა ყოველთვის ასრულებს თავის დაპირებას (ეს. 55:11). ჩვენც შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ნამდვილი რწმენის გამოვლენის შემთხვევაში იეჰოვა შეგვისრულებს თავის დაპირებას: „არ დაგტოვებ და არ მიგატოვებ“ (ებრ. 13:5). ეს ღვთივშთაგონებული სიტყვები შეგვიძლია დავუკავშიროთ იესოს სიტყვებს, რომლებიც მან სამეფოსა და მამის სიმართლის ძიების შესახებ თქვა.

იესო დაჰპირდა თავის მოწაფეებს, რომ ჯილდოს მიიღებდნენ გაღებული მსხვერპლისთვის (იხილეთ აბზაცი 5)

5. რატომ გვიმტკიცებს რწმენას პეტრეს კითხვაზე იესოს პასუხი?

5 ერთხელ მოციქულმა პეტრემ იესოს ჰკითხა: „ჩვენ ყველაფერი დავტოვეთ და შენ გამოგყევით. ამისთვის რა გვექნება?“ (მათ. 19:27). ამ სიტყვების გამო პეტრეს გაკიცხვის ნაცვლად იესომ მოწაფეებს უთხრა, რომ გაღებული მსხვერპლის სანაცვლოდ კურთხევებს მიიღებდნენ. ერთგული მოციქულები და სხვები მასთან ერთად იმეფებდნენ ზეცაში. თუმცა ღვთის ერთგული მსახურები დღესაც იღებენ კურთხევებს. იესომ თქვა: „ყოველი, ვინც დატოვა სახლები ან ძმები, ან დები, ან მამა, ან  დედა, ან შვილები, ან ადგილ-მამული ჩემი სახელისთვის, ბევრად მეტს მიიღებს და მარადიულ სიცოცხლეს დაიმკვიდრებს“ (მათ. 19:29). იესოს მოწაფეები გაღებულ მსხვერპლზე ბევრად მეტ კურთხევას მიიღებდნენ. განა არ არიან სულიერი მამები, დედები, დები და შვილები იმაზე ძვირფასნი, რაზეც სამეფოს გამო ვთქვით უარი?!

„ღუზასავით არის ჩვენი სულისთვის“

6. რატომ ჰპირდება იეჰოვა თავის თაყვანისმცემლებს ჯილდოს?

6 იეჰოვა ჯილდოს დაპირებით ეხმარება თავის თაყვანისმცემლებს, ერთგულების გამოცდებს გაუძლონ. იმ უამრავ სულიერ კურთხევასთან ერთად, რომლებიც დღეს აქვთ, ღვთის ერთგული მსახურები მოუთმენლად ელიან უფრო დიდებულ კურთხევებს (1 ტიმ. 4:8). თუ მტკიცედ ვიქნებით დარწმუნებულნი, რომ იეჰოვა „აჯილდოებს თავის გულმოდგინედ მძებნელს“, ძლიერ რწმენას შევინარჩუნებთ (ებრ. 11:6).

7. რატომ არის იმედი ღუზასავით?

7 მთაზე ქადაგებისას იესომ თქვა: „იხარეთ და სიხარულით იხტუნეთ, რადგან დიდია თქვენი საზღაური ზეცაში; თქვენამდე მცხოვრებ წინასწარმეტყველებსაც მსგავსად დევნიდნენ“ (მათ. 5:12). ზეცაში ცხოვრების იმედთან ერთად სამოთხეში დედამიწაზე მარადიულად ცხოვრების იმედიც დიდი სიხარულის მიზეზია (ფსალმ. 37:11; ლუკ. 18:30). ზეცაში ცხოვრების იმედი გვაქვს თუ დედამიწაზე, „ეს სანდო და მტკიცე იმედი ღუზასავით არის ჩვენი სულისთვის“ (ებრ. 6:17—20). როგორც ღუზა აკავებს ხომალდს შტორმის დროს, ისე ჯილდოს მიღების უტყუარი იმედი გვინარჩუნებს ემოციურ და სულიერ სიმტკიცეს. ის ძალებს გვმატებს, რომ სირთულეებს გავუძლოთ.

8. როგორ გვიმცირებს იმედი საწუხარს?

8 ბიბლიაზე დაფუძნებული იმედი საწუხარს გვიმცირებს. ღვთის დაპირებები ჩვენს გულს მალამოსავით ედება. იეჰოვასთვის ჩვენი ტვირთის გადაცემა შვებას გვგვრის, რადგან ვიცით, რომ ის მხარში ამოგვიდგება! (ფსალმ. 55:22). შეგვიძლია სრულად ვიყოთ დარწმუნებული, რომ იეჰოვას „შეუძლია იმაზე განუზომლად მეტი გააკეთოს, ვიდრე ჩვენ ვთხოვთ ან აზრად მოგვდის“ (ეფეს. 3:20). წარმოიდგინეთ, მას შეუძლია გააკეთოს არა უბრალოდ მეტი ან ბევრად მეტი, არამედ განუზომლად მეტი!

9. რატომ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული, რომ იეჰოვა გვაკურთხებს?

9 ჯილდოს მისაღებად იეჰოვასადმი მტკიცე რწმენა უნდა გამოვავლინოთ და მის მითითებებს უნდა დავემორჩილოთ. მოსემ ისრაელ ერს უთხრა: „იეჰოვა გაკურთხებთ იმ მიწაზე, რომელსაც იეჰოვა, თქვენი ღმერთი გაძლევთ სამკვიდროდ, რომ დაეუფლოთ მას, თუ მოუსმენთ იეჰოვას, თქვენი ღვთის ხმას და გულდასმით დაიცავთ მცნებებს, რომელსაც დღეს გიბრძანებთ. გაკურთხებთ იეჰოვა, თქვენი ღმერთი, როგორც დაგპირდათ კიდეც“ (კან. 15:4—6). გწამთ მტკიცედ, რომ იეჰოვა კვლავაც გაკურთხებთ, თუ განაგრძობთ ერთგულად მსახურებას? თქვენ ნამდვილად გაქვთ საფუძველი, გჯეროდეთ ამის!

იეჰოვამ დააჯილდოვა ისინი

10, 11. როგორ დააჯილდოვა იეჰოვამ იოსები?

10 ბიბლია ჩვენ სასარგებლოდ დაიწერა. მასში ჩაწერილია უამრავი შემთხვევა, თუ როგორ აჯილდოებდა ღმერთი ერთგულ მსახურებს (რომ. 15:4). იოსები ამის კარგი მაგალითია. თავიდან ძმებმა იოსები მონად გაყიდეს, მოგვიანებით კი მისი ბატონის ცოლის ვერაგული საქციელის გამო ის ეგვიპტის ციხეში აღმოჩნდა. მიატოვა ღმერთმა იოსები? სრულიადაც არა! „იეჰოვა იყო იოსებთან, სიკეთეს არ აკლებდა მას . . . იეჰოვა იყო იოსებთან და ყველა  საქმეში იეჰოვა უმართავდა ხელს“ (დაბ. 39:21—23). ამ უმძიმეს პერიოდშიც კი იოსები მოთმინებით ელოდა დახმარებას თავისი ღვთისგან.

11 წლების შემდეგ ფარაონმა გაათავისუფლა იოსები და ეს თავმდაბალი მონა ეგვიპტეში მეორე მმართველად დანიშნა (დაბ. 41:1, 37—43). როდესაც ცოლმა მას ორი ვაჟი გაუჩინა, იოსებმა „პირმშოს მენაშე დაარქვა, რადგან ამბობდა, დამავიწყა ღმერთმა გასაჭირი და მამაჩემის მთელი სახლიო. მეორეს ეფრემი დაარქვა, რადგან ამბობდა, ღმერთმა გამხადა ნაყოფიერი ჩემი საცოდაობის მიწაზეო“ (დაბ. 41:51, 52). ერთგულებისთვის ღმერთმა ისეთი კურთხევები მისცა იოსებს, რომელთა შედეგადაც სიცოცხლე შეუნარჩუნდათ ისრაელებსაც და ეგვიპტელებსაც. ცხადია, იოსები მიხვდა, რომ ის იეჰოვამ დააჯილდოვა და აკურთხა (დაბ. 45:5—9).

12. როგორ შეინარჩუნა იესომ ერთგულება განსაცდელების დროს?

12 იესომაც მსგავსად შეინარჩუნა იეჰოვასადმი ერთგულება რწმენის სხვადასხვა გამოცდის დროს და დაჯილდოვდა კიდეც. რა დაეხმარა მას განსაცდელების ატანაში? ღვთის სიტყვაში ვკითხულობთ: „სიხარულისთვის, რომელიც მოელოდა, მან სირცხვილი არაფრად ჩააგდო და ბოძზე წამებას გაუძლო“ (ებრ. 12:2). იესოს სიხარულს ანიჭებდა ღვთის სახელის განწმენდა. ამასთან, მან ღვთის მოწონება დაიმსახურა და განდიდდა. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ის „ღვთის ტახტის მარჯვნივ დაჯდა“. სხვა მონაკვეთში ვკითხულობთ: „ღმერთმა ის უფრო მეტად აამაღლა და მიანიჭა ყველა სახელზე აღმატებული სახელი“ (ფილ. 2:9).

იეჰოვა არ ივიწყებს ჩვენს საქმეებს

13, 14. რას გრძნობს იეჰოვა იმ საქმეების გამო, რასაც მისთვის ვაკეთებთ?

13 შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ იეჰოვა აფასებს ყველაფერს, რასაც მისდამი მსახურებისთვის ვაკეთებთ. მას ესმის, რომ ზოგჯერ შეიძლება შიში დაგვეუფლოს ან საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი შეგვეპაროს. ის თანაგვიგრძნობს, როცა ფინანსურად გვიჭირს ან ჩვენი ჯანმრთელობისა თუ ემოციური მდგომარეობის გამო ბევრს ვერ ვაკეთებთ მსახურებაში. შეგვიძლია სრულად ვიყოთ დარწმუნებული, რომ იეჰოვა ძალიან აფასებს იმასაც, რასაც მისი მსახურები ერთგულების შესანარჩუნებლად აკეთებენ (წაიკითხეთ ებრაელების 6:10, 11).

14 უნდა გვახსოვდეს აგრეთვე, რომ შეგვიძლია მივმართოთ „ლოცვების მომსმენს“ იმაში დარწმუნებულებმა, რომ ის უყურადღებოდ არ დატოვებს ჩვენს საწუხარს (ფსალმ. 65:2). „თანაგრძნობისა და ყოველგვარი ნუგეშის მამა“ უშურველად მოგვცემს საჭირო ემოციურ და სულიერ ძალებს და ეს შეიძლება თანაქრისტიანების მეშვეობით გააკეთოს (2 კორ. 1:3). იეჰოვას უხარია, როცა თანაგრძნობას ვავლენთ სხვების მიმართ. „ვინც ღარიბს სწყალობს, სესხს აძლევს იეჰოვას; ის გადაუხდის მას მისი საქმისთვის“ (იგავ. 19:17; მათ. 6:3, 4). აქედან გამომდინარე, როცა გაჭირვებულებს უანგაროდ ვეხმარებით, იეჰოვა ჩვენს მოვალედ თვლის თავს და გვპირდება, რომ სიკეთისთვის დაგვაჯილდოებს.

კურთხევები ახლა და მარადიულად

15. თქვენ რა ჯილდოს ელით? (იხილეთ სურათი 24-ე გვერდზე)

15 სულით ცხებულ ქრისტიანებს აძლიერებთ იმის იმედი, რომ მიიღებენ „სიმართლის გვირგვინს“, რომლითაც „უფალი, მართალი მოსამართლე“ დააჯილდოებს მათ (2 ტიმ. 4:7, 8). მაგრამ არც სხვა იმედის მქონეთ დააკლდებათ რამე. იესოს მილიონობით „სხვა ცხვარი“ მოუთმენლად ელის დედამიწაზე სამოთხეში მარადიულად ცხოვრების ჯილდოს. ისინი  „გაიხარებენ დიდი მშვიდობით“ (იოან. 10:16; ფსალმ. 37:11).

16. როგორ გვანუგეშებს 1 იოანეს 3:19, 20?

16 ზოგჯერ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ცოტას ვაკეთებთ ან იეჰოვა კმაყოფილი არ არის ჩვენი მსახურებით. შეიძლება ეჭვიც კი გაგვიჩნდეს, საერთოდ ვიმსახურებთ თუ არა რაიმე ჯილდოს. მოდი ნურასდროს დაგვავიწყდება, რომ „ღმერთი ჩვენს გულებზე დიდია და მან ყველაფერი იცის“ (წაიკითხეთ 1 იოანეს 3:19, 20). ის აჯილდოებს წმინდა მსახურების შესასრულებლად გაკეთებულ ნებისმიერ საქმეს, რომელიც რწმენითა და სიყვარულით აღძრული გულით კეთდება და მნიშვნელობა არა აქვს, რამდენად უმნიშვნელო ჩანს ის ჩვენს თვალში (მარ. 12:41—44).

17. რომელი კურთხევებით ვხარობთ ახლა?

17 სატანის ბოროტი ქვეყნიერების ამ შავბნელ ბოლო დღეებშიც კი იეჰოვა კურთხევებს არ აკლებს თავის ხალხს. იეჰოვა ყველაფერს აკეთებს თავისი თაყვანისმცემლების სულიერი კეთილდღეობისთვის. დღეს, ისე როგორც არასდროს, სულიერ სამოთხეში უხვადაა სულიერი საზრდო (ეს. 54:13). იესოს დაპირების თანახმად, იეჰოვა ახლა იმით გვაჯილდოებს, რომ მივეკუთვნებით სულიერი და-ძმებისგან შემდგარ მოსიყვარულე მსოფლიო ოჯახს (მარ. 10:29, 30). უფრო მეტიც, ღვთის გულმოდგინედ მძებნელთ აქვთ შეუდარებელი კურთხევები — შინაგანი სიმშვიდე, კმაყოფილება და ბედნიერება (ფილ. 4:4—7).

18, 19. რას ფიქრობენ იეჰოვას მსახურები იმ კურთხევებზე, რომლებიც იეჰოვასგან აქვთ?

18 მთელ მსოფლიოში იეჰოვას მსახურებს შეუძლიათ დაადასტურონ, რომ ღვთისგან შესანიშნავი კურთხევები აქვთ. გერმანიაში მცხოვრები ბიანკა ამბობს: „უზომოდ მადლიერი ვარ იეჰოვასი, რომ საწუხართან გამკლავებაში მეხმარება და ყოველდღე გვერდში მიდგას. მსოფლიო არეული და სასტიკია. მაგრამ, როცა იეჰოვასთან ახლოს ვარ, მის მკლავებში უსაფრთხოდ ვგრძნობ თავს. მისთვის გაღებულ ნებისმიერ მსხვერპლს ის ასმაგად მინაზღაურებს“.

19 კანადაში მცხოვრები 70 წლის პოლა, რომელსაც ხერხემლის არხის არასრული დახურვით გამოწვეული დეფექტი აქვს და ძალიან უჭირს მოძრაობა, ამბობს: «მოძრაობის შეზღუდვა არ ნიშნავს მსახურების შეზღუდვას. ვიყენებ მსახურების სხვადასხვა მეთოდს, მაგალითად ვმსახურობ ტელეფონით ან არაფორმალურად. საკუთარი თავის გასამხნევებლად დროდადრო ვკითხულობ პატარა ბლოკნოტში ამოწერილ მუხლებსა და აზრებს ჩვენი პუბლიკაციებიდან. მას „ჩემს გადამრჩენს“ ვუწოდებ. გულგატეხილობა მალევე ქრება, თუ იეჰოვას დაპირებებზე ვართ კონცენტრირებული. ჩვენი მდგომარეობის მიუხედავად, იეჰოვა ყოველთვის მზად არის დასახმარებლად». შესაძლოა თქვენი მდგომარეობა სრულიად განსხვავდება ბიანკას ან პოლას მდგომარეობისგან, მაგრამ თქვენც შეიძლება გაგახსენდეთ, როგორ დაგაჯილდოვათ იეჰოვამ თქვენ და თქვენ გარშემო მყოფნი. ძალიან კარგია იმაზე ფიქრი, თუ რით გაკურთხებთ იეჰოვა დღეს და რა კურთხევებს მოგცემთ მომავალში!

20. რას მივიღებთ, თუ კვლავაც მთელი სულითა და გულით ვემსახურებით იეჰოვას?

20 არასდროს დაგავიწყდეთ, რომ თქვენი გულწრფელი ლოცვები უხვად დაჯილდოვდება. დარწმუნებული იყავით, რომ ღვთის ნების შესრულების შემდეგ მიიღებთ დანაპირებს (ებრ. 10:35, 36). მოდი კვლავაც გავიძლიეროთ რწმენა და მთელი სულითა და გულით ვემსახუროთ იეჰოვას, რადგან საკადრის ჯილდოს მივიღებთ მისგან! (წაიკითხეთ კოლოსელების 3:23, 24).