წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) დეკემბერი 2016

სულისაზე ფიქრი სიცოცხლესა და მშვიდობას ნიშნავს

სულისაზე ფიქრი სიცოცხლესა და მშვიდობას ნიშნავს

„სულით მავალნი სულისაზე“ ფიქრობენ (რომ. 8:5).

სიმღერები: 45, 36

1, 2. რატომ არის რომაელების მე-8 თავი განსაკუთრებით საყურადღებო ცხებული ქრისტიანებისთვის?

იესოს სიკვდილის გახსენების საღამოს აღნიშვნის დროს ალბათ წაგიკითხავთ რომაელების 8:15—17. ამ მნიშვნელოვან მონაკვეთში ახსნილია, როგორ ხვდებიან ქრისტიანები, რომ ცხებულები არიან. ამას წმინდა სული უმოწმებთ მათ სულთან ერთად. ამავე თავის პირველ მუხლში ისინი მოხსენიებულნი არიან, როგორც „ქრისტე იესოსთან ერთობაში მყოფნი“. ნიშნავს ეს იმას, რომ რომაელების მე-8 თავი მხოლოდ ცხებულებისთვის დაიწერა? ეხება ის მიწიერი იმედის მქონე ქრისტიანებსაც?

2 ამ თავში ძირითადად საუბარია ცხებულ ქრისტიანებზე. ისინი იღებენ სულს და ელიან შვილებას, თავიანთი „სხეულებიდან გათავისუფლებას“ (რომ. 8:23). ისინი ღვთის შვილები იქნებიან ზეცაში. ეს შესაძლებელია იმიტომ, რომ ისინი მონათლული ქრისტიანები არიან, ღმერთმა გამოსასყიდის საფუძველზე აპატია მათ ცოდვები და მართლებად აღიარა, როგორც თავისი სულიერი ძეები (რომ. 3:23—26; 4:25; 8:30).

3. რატომ ვასკვნით, რომ რომაელების მე-8 თავი მიწიერი იმედის მქონე ქრისტიანებისთვისაც საყურადღებოა?

3 მიუხედავად ამისა, რომაელების მე-8 თავი საყურადღებოა მიწიერი იმედის მქონე ქრისტიანებისთვისაც, რადგან ღმერთი მათაც მიიჩნევს მართლებად. ამაზე მიუთითებს ამავე წერილის მე-4 თავში აბრაამზე დაწერილი სიტყვები. ეს მორწმუნე მამაკაცი  იმაზე ადრე ცხოვრობდა, ვიდრე იეჰოვა კანონს მისცემდა ისრაელს, და ბევრად უფრო ადრე, ვიდრე იესო მოკვდებოდა ჩვენი ცოდვებისთვის. თუმცა იეჰოვამ შეამჩნია აბრაამის გამორჩეული რწმენა და ეს სიმართლედ ჩაუთვალა მას (წაიკითხეთ რომაელების 4:20—22). იეჰოვას დღესაც შეუძლია რწმენის გამო მართლებად ჩათვალოს ის ქრისტიანები, რომელთაც დედამიწაზე მარადიულად ცხოვრების ბიბლიური იმედი აქვთ. შესაბამისად, მათთვისაც გამოსადეგია რომაელების მე-8 თავში მართლებისთვის მიცემული რჩევები.

4. რაზე უნდა დაგვაფიქროს რომაელების 8:21-ე მუხლმა?

4 რომაელების 8:21-ე მუხლი გვარწმუნებს, რომ ახალი ქვეყნიერება აუცილებლად დადგება. ამ მუხლში ჩაწერილი დაპირების თანახმად, „თვით ქმნილებაც გათავისუფლდება ხრწნის მონობისგან და მიიღებს ღვთის შვილთა დიდებულ თავისუფლებას“. მაგრამ საკითხავია, ვიქნებით ჩვენ ახალ ქვეყნიერებაში და მივიღებთ ჯილდოს?! დარწმუნებულნი ვართ ამაში? რომაელების მე-8 თავში მოცემული რჩევები დაგვეხმარება მიზნის მიღწევაში.

„ხორცისაზე ფიქრი“

5. რა სერიოზულ საკითხს შეეხო პავლე რომაელების 8:4—13-ში?

5 წაიკითხეთ რომაელების 8:4—13. რომაელების მე-8 თავში ერთმანეთთან არის დაპირისპირებული „ხორცით მავალნი“ და „სულით მავალნი“. ზოგმა შეიძლება იფიქროს, რომ მასში დანახვებულია არაქრისტიანებსა და ქრისტიანებს შორის განსხვავება. მაგრამ პავლე სწერდა რომში მცხოვრებ „ღვთისთვის საყვარლებს, წმინდებად მოწოდებულებს“ (რომ. 1:7). ასე რომ, ის „ხორცით მავალ“ და „სულით მავალ“ ქრისტიანებს შორის აკეთებდა განსხვავებას. რა განსხვავებაზეა ამ თავში საუბარი?

6, 7. ა) რა გაგებით გამოიყენება ბიბლიაში სიტყვა „ხორცი“? ბ) რა გაგებით გამოიყენა პავლემ სიტყვა „ხორცი“ რომაელების 8:4—13-ში?

6 თავდაპირველად განვიხილოთ, რას ნიშნავს სიტყვა „ხორცი“. რას გულისხმობდა პავლე მასში? ბიბლიაში სიტყვა „ხორცი“ სხვადასხვა მნიშვნელობით არის გამოყენებული. ზოგჯერ ის მიუთითებს ჩვენს ფიზიკურ სხეულზე (რომ. 2:28; 1 კორ. 15:39, 50). ის ნათესაური კავშირის აღსანიშნავადაც გამოიყენება. მაგალითად, იესო „ხორციელად დავითის შთამომავალი“ იყო, პავლე კი იუდეველებს თავის „ხორციელ ნათესავებად“ მიიჩნევდა (რომ. 1:3; 9:3).

7 მაგრამ რომაელების მე-7 თავში ჩაწერილი სიტყვებიდან ჩანს, რა გაგებით გამოიყენა პავლემ სიტყვა „ხორცი“ მე-8 თავის 4—13 მუხლებში. მან ხორციელად ცხოვრება დაუკავშირა „ცოდვილ ვნებებს“, რომლებიც  სხეულის ნაწილებში მოქმედებდა (რომ. 7:5). ეს ნათელს ჰფენს სიტყვებს: „ხორცით მავალნი ხორცისაზე ფიქრობენ“. ის გულისხმობდა იმ ადამიანებს, რომელთაც მართავდა არასრულყოფილი ადამიანისთვის დამახასიათებელი სურვილები და მიდრეკილებები და ეს მათი მთავარი საზრუნავი იყო. ასეთი ადამიანების უმეტესობა ადვილად ჰყვება ძლიერ თუ წამიერ სურვილებსა და ვნებებს, მათ შორის სექსუალურ თუ სხვა სურვილებს.

8. რატომ იყო საჭირო ხორცით სიარულთან დაკავშირებით ცხებული ქრისტიანების გაფრთხილება?

8 მაგრამ შეიძლება გიკვირთ, რატომ დაანახვა პავლემ ცხებულ ქრისტიანებს ხორციელად ცხოვრების საფრთხე. შეიძლება, რომ მსგავსი რამ დღესაც დაემუქროს ქრისტიანებს, რომლებიც ღმერთმა მეგობრებად მიიღო და მართლებად ჩათვალა? სამწუხაროდ, ნებისმიერი ქრისტიანი შეიძლება აჰყვეს ცოდვილ ხორცს. მაგალითად, პავლე წერდა, რომ რომაელ ძმათაგან ზოგი თავისი მუცლის მონა გახდა, რაშიც შეიძლება იგულისხმა როგორც სექსუალური სურვილი, ისე საჭმელ-სასმლისა თუ სხვა რამის დაუცხრომელი სურვილი. ზოგი მათგანი გულუბრყვილოებს აცდენდა (რომ. 16:17, 18; ფილ. 3:18, 19; იუდ. 4, 8, 12). გაიხსენეთ ისიც, რომ ერთი კორინთელი ძმა გარკვეული ხნის მანძილზე „მამამისის ცოლთან“ ცხოვრობდა (1 კორ. 5:1). ამიტომ გასაკვირი არ არის, რატომ გააფრთხილა ღმერთმა ქრისტიანები პავლეს მეშვეობით, თუ რამდენად საშიში იყო „ხორცისაზე ფიქრი“ (რომ. 8:5, 6).

9. რას არ ეხება პავლეს მიერ რომაელების 8:6-ში ჩაწერილი გაფრთხილება?

9 ეს გაფრთხილება დღესაც აქტუალურია. წლების მანძილზე ღვთისადმი მსახურების მიუხედავად, ქრისტიანმა შეიძლება ხორცისაზე ფიქრი დაიწყოს. ეს არ ეხება იმ ქრისტიანებს, რომლებიც ზოგჯერ ფიქრობენ საკვებზე, სამსახურზე, გართობასა თუ რომანტიკულ ურთიერთობაზე. ეს ღვთის მსახურთა ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. იესო სიამოვნებით მიირთმევდა საკვებს და სხვებსაც აპურებდა. ის ხედავდა დასვენების საჭიროებასაც. პავლე წერდა, რომ ქორწინებაში სექსუალურ ლტოლვასა და ინტიმურ ურთიერთობას თავისი ადგილი აქვს.

რა ჩანს თქვენი საუბრებიდან — სულიერი აზროვნება თუ ხორციელი? (იხილეთ აბზაცები 10, 11)

10. რას ნიშნავს რომაელების 8:5, 6-ში გამოყენებული გამოთქმა?

10 მაშ, რის თქმა უნდოდა პავლეს სიტყვებით „ხორცისაზე ფიქრი“? ბერძნული სიტყვა, რომელიც პავლემ ამ გამოთქმაში გამოიყენა, ნიშნავს რაიმეზე მთელი ფიქრების კონცენტრირებასა და გეგმების შედგენას. ისინი, ვინც ხორციელად  ცხოვრობენ, საკუთარ ცოდვილ ბუნებას თავიანთი ცხოვრების მართვის უფლებას აძლევენ. რომაელების 8:5-ში მოხსენიებული ამ გამოთქმის შესახებ ერთი ბიბლეისტი ამბობს: „ასეთი ადამიანები კონცენტრირებულნი არიან ხორციელზე — იმაზე, რაც ყველაზე მეტად აინტერესებთ, რაზეც გამუდმებით ლაპარაკობენ და რითაც დაკავებულნი არიან და ტრაბახობენ“.

11. რა შეიძლება გახდეს ჩვენი ინტერესის ძირითადი საგანი?

11 რომაელი ქრისტიანები უნდა დაფიქრებულიყვნენ, სინამდვილეში რა იყო მათ ცხოვრებაში მთავარი. ხომ არ იყვნენ ისინი მთლიანად კონცენტრირებულნი ხორციელზე? ჩვენც გვმართებს ამაზე ფიქრი. რა გვაინტერესებს ყველაზე მეტად და რისკენ მიგვყავს ყოველთვის საუბარი? სინამდვილეში რისკენ ვისწრაფით გამუდმებით? ზოგი შეიძლება მიხვდეს, რომ მთლიანად მოცულია ღვინოების დაგემოვნებით, სახლის დიზაინის შეცვლით, ჩაცმის ახალი სტილის ძიებით, ფულის დაბანდებით, შვებულების დაგეგმვითა და მსგავსი რამეებით. ასეთ საქმეებში თავისთავად ცუდი არაფერია და ჩვენს ცხოვრებაში თავისი ადგილი უკავია. მაგალითად, იესომ ერთხელ წყალი ღვინოდ აქცია, პავლემ კი ტიმოთეს ურჩია, „ცოტა ღვინო“ დაელია (1 ტიმ. 5:23; იოან. 2:3—11). მაგრამ განა იესო და პავლე გამუდმებით ლაპარაკობდნენ ღვინოებზე, სვამდნენ ან ტრაბახობდნენ ამით?! იყვნენ ისინი ღვინოებით გატაცებულნი და იყო ის მათი საუბრის მთავარი თემა? რა თქმა უნდა, არა. რის თქმა შეიძლება ჩვენზე? რა არის ჩვენი ინტერესის ძირითადი საგანი?

12, 13. რატომ არის ის, რაზეც ვფიქრობთ, სერიოზული საკითხი?

12 თვითგამოკვლევა ძალიან მნიშვნელოვანია. პავლემ ახსნა, რომ „ხორცისაზე ფიქრი სიკვდილს ნიშნავს“ (რომ. 8:6). ეს სერიოზული საკითხია — „ხორცისაზე ფიქრის“ შედეგი დღეს სულიერი სიკვდილია, მომავალში კი ფიზიკური განადგურება იქნება. და მაინც, პავლეს არ უთქვამს, რომ ვინმე თუ „ხორცისაზე ფიქრს“ დაიწყებდა, ის უსათუოდ მოკვდებოდა. ასეთ ადამიანს შეეძლო შეცვლა. გაიხსენეთ ის კორინთელი უზნეო კაცი, რომელიც აჰყვა ხორციელ სურვილს და კრებიდან გაირიცხა. მას შეეძლო შეცვლა და შეიცვალა კიდეც. მან შეწყვიტა „ხორცით სიარული“ და სწორ გზას დაუბრუნდა (2 კორ. 2:6—8).

13 თუ ამ კაცისთვის შესაძლებელი იყო შეცვლა, დღეს ქრისტიანებსაც შეუძლიათ ამის გაკეთება, განსაკუთრებით მათ, ვინც ისე არ აჰყოლია ხორცის სურვილს, როგორც ის კორინთელი კაცი. პავლეს გაფრთხილებამ, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს „ხორცისაზე ფიქრს“, ქრისტიანები ცვლილებების მოსახდენად უნდა აღძრას!

„სულისაზე ფიქრი“

14, 15. ა) რა უნდა გავაკეთოთ „ხორცისაზე ფიქრის“ ნაცვლად? ბ) რას არ ნიშნავს „სულისაზე ფიქრი“?

14 ზემოხსენებული გაფრთხილების მიცემის შემდეგ მოციქულმა გაამხნევა ქრისტიანები, რომ „სიცოცხლესა და მშვიდობას“ მიიღებდნენ, თუ სულისაზე იფიქრებდნენ. ეს შესანიშნავი ჯილდო იყო! ჩვენ როგორ შეგვიძლია ამ ჯილდოს მიღება?

15 „სულისაზე ფიქრში“ არ იგულისხმება ის, რომ ადამიანმა ღრუბლებში იფრინოს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მან მხოლოდ ბიბლიაზე, ღვთისადმი სიყვარულსა და მომავლის იმედზე უნდა იფიქროს და ილაპარაკოს. გაიხსენეთ, რომ პავლესა და პირველი საუკუნის სხვა ღვთისმოსაწონი ქრისტიანების ცხოვრება ბევრად არ განსხვავდებოდა გარშემომყოფთა ცხოვრებისგან. ისინიც ჭამდნენ, სვამდნენ, ბევრი ქორწინდებოდა,  ზრდიდა შვილებს და მუშაობდა საკუთარი თავისა თუ ოჯახის სარჩენად (მარ. 6:3; 1 თეს. 2:9).

16. რა იყო პავლეს ცხოვრებაში მთავარი?

16 მაგრამ ამ ცხოვრებისეულ საკითხებს ღვთის მსახურები თავიანთი ცხოვრების მთავარ საზრუნავად არ აქცევდნენ. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ პავლე კარვებს კერავდა, თუმცა იქვე ნაჩვენებია, რა იყო მის ცხოვრებაში მთავარი — ის რეგულარულად ქადაგებდა და ასწავლიდა (წაიკითხეთ საქმეების 18:2—4; 20:20, 21, 34, 35). ის რომაელ ქრისტიანებს მოუწოდებდა, თავადაც დაკავებულიყვნენ ამ საქმეებით. პავლეს ცხოვრებაში მთავარი სულიერი საქმეები იყო. რომაელებს უნდა მიებაძათ მისთვის. ჩვენც გვმართებს, მას მივბაძოთ! (რომ. 15:15, 16).

17. როგორი ცხოვრება გვექნება, თუ სულისაზე ვიფიქრებთ?

17 როგორი იქნება შედეგი, თუ ჩვენს ცხოვრებაში მთავარ ადგილს სულიერი საკითხები დაიკავებს? რომაელების 8:6-დან ნათლად ჩანს, რომ „სულისაზე ფიქრი სიცოცხლესა და მშვიდობას“ ნიშნავს. „სულისაზე ფიქრში“ იგულისხმება ის, რომ წმინდა სულს ჩვენზე ზემოქმედების საშუალებას ვაძლევთ და ჩვენს აზროვნებას ღვთის აზროვნებას ვუსაბამებთ. შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ დღესვე ბედნიერად და აზრიანად ვიცხოვრებთ, თუ „სულისაზე ფიქრი“ ჩვენი ცხოვრების მთავარი საზრუნავი იქნება. საბოლოოდ კი მივიღებთ მარადიულ სიცოცხლეს ზეცაში ან დედამიწაზე.

18. რა გაგებით მოაქვს მშვიდობა „სულისაზე ფიქრს“?

18 მოდი დავფიქრდეთ დაპირებაზე, რომლის თანახმადაც „სულისაზე ფიქრი“ მშვიდობას ნიშნავს. ბევრ ადამიანს არა აქვს შინაგანი სიმშვიდე და უშედეგოდ ეძებს მას. თუმცა ჩვენ უკვე გვაქვს ის. ამასთან, ვცდილობთ მშვიდობა გვქონდეს ოჯახისა თუ კრების წევრებთან. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ჩვენც არასრულყოფილები ვართ და ჩვენი და-ძმებიც, და ამის გამო ზოგჯერ შეიძლება პრობლემებმა იჩინოს თავი. ასეთ შემთხვევაში იესოს რჩევის თანახმად უნდა მოვიქცეთ და ძმას უნდა შევურიგდეთ (მათ. 5:24). ამის გაკეთება გაგვიადვილდება, თუ არ დაგვავიწყდება, რომ ჩვენი და-ძმებიც ემსახურებიან „მშვიდობის მომცემ ღმერთს“ (რომ. 15:33; 16:20).

19. რა შეუდარებელი მშვიდობა მოაქვს „სულისაზე ფიქრს“?

19 გარდა ამისა, „სულისაზე ფიქრის“ შედეგად მშვიდობას ვინარჩუნებთ შემოქმედთან, რასაც ვერაფერი შეედრება. ესაიას სიტყვები, რომლებიც მის თანამედროვეებს ეხებოდა, დღეს ფართო მასშტაბით სრულდება. მან დაწერა: „მას, ვისაც ურყევი გული აქვს, შენ [იეჰოვა] დაიფარავ ხანგრძლივი მშვიდობით, რადგან ის შენზეა მონდობილი“ (ეს. 26:3; წაიკითხეთ რომაელების 5:1).

20. რატომ აფასებთ რომაელების მე-8 თავში მოცემულ რჩევებს?

20 მნიშვნელობა არა აქვს, სულით ცხებულები ვართ თუ დედამიწაზე მარადიულად ცხოვრების იმედი გვაქვს, უნდა ვაფასებდეთ რომაელების მე-8 თავში ჩაწერილ ღვთივშთაგონებულ რჩევებს. რამდენად მადლიერები უნდა ვიყოთ, რომ მოგვეცა რჩევა, „ხორცისაზე ფიქრი“ ჩვენს ცხოვრებაში უმთავრესი არ გახდეს! ჩვენ გვესმის, რამდენად ბრძნულია, ვიცხოვროთ ღვთივშთაგონებული სიტყვების თანახმად, რომ „სულისაზე ფიქრი სიცოცხლესა და მშვიდობას“ ნიშნავს. როგორც პავლეს სიტყვებიდან ჩანს, ამისთვის მარადიულ ჯილდოს მივიღებთ. მან თქვა: „ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ძღვენი, რომელსაც ღმერთი გვაძლევს — მარადიული სიცოცხლე ჩვენი უფლის ქრისტე იესოს მეშვეობით“ (რომ. 6:23).