წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) იანვარი 2016

დაე, ღვთის „ენით აუწერელმა უსასყიდლო ძღვენმა“ მოქმედებისკენ აღგძრათ!

დაე, ღვთის „ენით აუწერელმა უსასყიდლო ძღვენმა“ მოქმედებისკენ აღგძრათ!

„მადლობა ღმერთს ენით აუწერელი უსასყიდლო ძღვნისთვის“ (2 კორ. 9:15).

სიმღერები: 121, 63

1, 2. ა) რა იგულისხმება ღვთის „ენით აუწერელ უსასყიდლო ძღვენში“? ბ) რა კითხვებს გაეცემა პასუხი წინამდებარე სტატიაში?

იეჰოვას მიერ თავისი მხოლოდშობილი ძის დედამიწაზე გამოგზავნა მისი მხრიდან კაცობრიობისთვის სიყვარულით გაღებული უდიდესი „საჩუქარი“ იყო (იოან. 3:16; 1 იოან. 4:9, 10). მოციქულმა პავლემ სიყვარულის ამგვარ გამოვლინებას ღვთის „ენით აუწერელი უსასყიდლო ძღვენი“ უწოდა (2 კორ. 9:15). რატომ გამოიყენა მოციქულმა ღვთის სიყვარულის აღსაწერად ასეთი მძლავრი ეპითეტი?

2 პავლემ იცოდა, რომ ღვთის ყველა დიდებული დაპირება იესოს სრულყოფილი გამოსასყიდის წყალობით უდავოდ შესრულდებოდა (წაიკითხეთ 2 კორინთელების 1:20). აქედან გამომდინარე, ღვთის „ენით აუწერელ უსასყიდლო ძღვენში“ იგულისხმება ღვთის მიერ სიყვარულით გამოვლენილი სიკეთე, რომელიც მან ჩვენდამი თავისი ძის შემოწირვით გამოხატა. დიახ, ღვთის საჩუქარი იმდენად გასაოცარი და კრძალვის მომგვრელია, რომ მისი აღწერა ადამიანისთვის გასაგებ ენაზე პრაქტიკულად შეუძლებელია. წამოიჭრება კითხვები: როგორ უნდა იმოქმედოს ამ უნიკალურმა ძღვენმა ჩვენზე?  რისკენ უნდა აღგვძრას ღვთის ძღვენმა გახსენების საღამოს წინა პერიოდში? შეგახსენებთ, რომ წელს ეს დღე 23 მარტს, ოთხშაბათ დღეს, აღინიშნება.

ღვთის უნიკალური ძღვენი

3, 4. ა) რა გრძნობა გეუფლებათ, როცა საჩუქარს გიძღვნიან? ბ) როგორ შეუძლია განსაკუთრებულ საჩუქარს ცხოვრების შეცვლა?

3 თქვენ, ალბათ, ძალიან გსიამოვნებთ, როცა საჩუქარს გიძღვნიან. ისიც აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი საჩუქარი იმდენად ღირებული და განსაკუთრებულია, რომ თქვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია. მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ დანაშაული ჩაიდინეთ, რის გამოც სასჯელი გემუქრებათ. მოულოდნელად, თქვენთვის სრულიად უცნობი ადამიანი გეუბნებათ, რომ იგი თქვენს სასჯელს საკუთარ თავზე აიღებს. ის მზად არის, რომ თქვენ გამო, სიცოცხლესაც კი შეელიოს! რის გაკეთებისკენ გიბიძგებდათ ესოდენ ძვირფასი „საჩუქარი“?

4 სიყვარულის ასეთი უანგარო გამოვლინება უდავოდ აღგძრავდათ, აგეწონ-დაგეწონათ საკუთარი საქციელი და საჭიროების შემთხვევაში, ცხოვრების ნირიც კი შეგეცვალათ; ალბათ, უფრო ხელგაშლილი და მოსიყვარულე გახდებოდით სხვების მიმართ; გარდა ამისა, უფრო ადვილად აპატიებდით თქვენს მწყენინებლებს. შესაძლოა, უკანასკნელ ამოსუნთქვამდეც კი, თავი დავალებულად გეგრძნოთ იმ ადამიანის წინაშე, ვინც თქვენთვის ამხელა მსხვერპლი გაიღო.

5. რატომ შეიძლება იმის თქმა, რომ ღვთის მიერ ბოძებული „საჩუქარი“ ბევრად აღემატება ნებისმიერ სხვა საჩუქარს?

5 იეჰოვას მიერ ჩვენთვის მსხვერპლად გაღებული საკუთარი ძის სიცოცხლე უდავოდ აღემატება იმ „საჩუქარს“, რომელზეც ზემოთ მოყვანილ მაგალითში ვისაუბრეთ (1 პეტ. 3:18). ასე დაბეჯითებით ამას იმიტომ ვამბობთ, რომ მემკვიდრეობით მიღებული ცოდვის გამო, ყველანი ვკვდებით (რომ. 5:12). მოსიყვარულე ღმერთმა თავისი ძე გამოგზავნა დედამიწაზე, რათა მას „სიკვდილი ეგემა ყველას გულისთვის“ (ებრ. 2:9). ამგვარად, იეჰოვამ არა მხოლოდ დღეს მოგვცა სიცოცხლის შესაძლებლობა, არამედ საფუძველი შექმნა საიმისოდ, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაესვა წერტილი სიკვდილის გამომწვევი მიზეზისთვის (ეს. 25:7, 8; 1 კორ. 15:22, 26). ყველა, ვინც იესოს გამოსასყიდისადმი რწმენას ავლენს, მარადიულად და ბედნიერად იცხოვრებს მშვიდობიან ახალ ქვეყნიერებაში. მიწიერი იმედის მქონენი გახდებიან ღვთის სამეფოს ქვეშევრდომები, რომლის მეფეც იესოა, ხოლო რაც შეეხება ცხებულებს, ისინი ღვთის სამეფოში ქრისტეს თანამმართველები იქნებიან (რომ. 6:23; გამოცხ. 5:9, 10). კიდევ რა კურთხევები სდევს თან იეჰოვას მიერ მოძღვნილ „საჩუქარს“?

6. ა) პირადად თქვენ ღვთის ძღვნის თანმხლები რომელი კურთხევის ხილვა გწადიათ მთელი გულით? ბ) რომელია ის სამი მხარე, რისკენაც ღვთის სიყვარული აღგვძრავს?

6 იეჰოვას „საჩუქარი“ სხვა სიკეთესაც მოგვიტანს — ჩვენ ყველა სნეულებისგან განვიკურნებით, დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა, მიცვალებულები კი მკვდრეთით აღდგებიან (ეს. 33:24; 35:5, 6; იოან. 5:28, 29). მართლაც უზომოდ მადლიერნი ვართ იეჰოვასი და მისი ძისა, რომლებმაც ჩვენთვის „ენით აუწერელი უსასყიდლო ძღვენი“ გაიღეს. და მაინც, წამოიჭრება შეკითხვა: რისკენ უნდა აღგვძრას ღვთის სიყვარულმა? ღვთის სიყვარული გვიბიძგებს, რომ: 1) ფეხდაფეხ მივყვეთ იესოს ნაკვალევს, 2) გამოვავლინოთ სიყვარული და-ძმების მიმართ და 3) ვაპატიოთ სხვებს მთელი გულით.

„იმ სიყვარულით . . . აღძრულნი, რომელიც ქრისტეს აქვს“

7, 8. რა გრძნობებს იწვევს ჩვენში ქრისტეს სიყვარულზე ფიქრი და რისკენ უნდა აღგვძრას ამან?

7 პირველი: აღძრულნი უნდა ვიყოთ, რომ ვიცხოვროთ ქრისტესთვის. მოციქულმა პავლემ თქვა: „იმ სიყვარულით ვართ აღძრულნი, რომელიც ქრისტეს აქვს“ (წაიკითხეთ 2 კორინთელების 5:14, 15). პავლეს შესანიშნავად ესმოდა, რომ ის, ვინც გამოსასყიდის ფასს ჩასწვდებოდა, უდავოდ მოიწადინებდა ქრისტესთვის ცხოვრებას. როდესაც გონებით ვწვდებით, თუ რა გააკეთა იეჰოვამ ჩვენთვის და მისი სიყვარული გულს მადლიერებით გვივსებს, ჩვენში იღვიძებს სურვილი,  რომ ქრისტეს მოსაწონად ვიცხოვროთ. როგორ შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ ქრისტეს მოსაწონად ცხოვრება გვწადია?

8 იეჰოვას სიყვარული აღგვძრავს, რომ მივბაძოთ ქრისტეს დატოვებულ მაგალითს — ვიაროთ ისე, როგორც ის დადიოდა და ფეხდაფეხ მივყვეთ მის ნაკვალევს (1 პეტ. 2:21; 1 იოან. 2:6). ჩვენი მორჩილებით ვაჩვენებთ, რომ გვიყვარს ღმერთი და ქრისტე. იესომ თქვა: „ვისაც ჩემი მცნებები აქვს და იცავს მათ, მას ვუყვარვარ, ხოლო ვისაც მე ვუყვარვარ, მას მამაჩემიც შეიყვარებს, მეც შევიყვარებ და თავად გამოვეცხადები“ (იოან. 14:21; 1 იოან. 5:3).

9. რის გავლენის ქვეშ შეიძლება მოექცეს თითოეული ჩვენგანი?

9 ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს პერიოდში, კარგია, თუ დავფიქრდებით საკუთარ ცხოვრებაზე. ჰკითხეთ საკუთარ თავს: რა მხრივ ვბაძავ იესოს? რა მხრივ მჭირდება გაუმჯობესება? ასეთი თვითშემოწმება მეტად მნიშვნელოვანია, ვინაიდან ქვეყნიერება გამუდმებით ცდილობს, რომ თავის ყალიბში მოგვაქციოს (რომ. 12:2). თუ ფხიზლად არ ვიქნებით, შესაძლოა ქვეყნიურმა ფილოსოფიამ იქონიოს ჩვენზე გავლენა ან სპორტისა თუ შოუბიზნესის ცნობილი სახეების „თაყვანისმცემლები“ გავხდეთ (კოლ. 2:8; 1 იოან. 2:15—17). როგორ შეგვიძლია წინ აღვუდგეთ ქვეყნიერების სულს?

10. რა კითხვები უნდა დავუსვათ საკუთარ თავს იესო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს პერიოდში და რისკენ უნდა აღგვძრას მათზე მიღებულმა პასუხებმა? (იხილეთ სურათი მე-12 გვერდზე)

10 ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს პერიოდში კარგს ვიზამთ, თუ თვალს გადავავლებთ საკუთარ გარდერობს, აუდიო ან ვიდეოთეკას; ამასთანავე, კომპიუტერებში, სმარტფონებსა და პლანშეტებში ჩამოტვირთულ მასალას. მას შემდეგ, რაც ჩვენს სამოსს გადავხედავთ, უპრიანია, ვკითხოთ საკუთარ თავს: „უხერხულად ხომ არ ვიგრძნობდი თავს ჩემი ჩაცმულობის გამო, თუ მეცოდინებოდა, რომ წვეულებაზე, სადაც მივდივარ, იესო ქრისტეც იქნებოდა? (წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 2:9, 10). მიახვედრებს სხვებს ჩემი ჩაცმულობა, რომ ქრისტეს მიმდევარი ვარ?“. მსგავსი კითხვები შეგვიძლია დავუსვათ საკუთარ თავს, როცა საქმე მუსიკის ან ფილმების არჩევაზე მიდგება: „უყურებდა იესო ამ ფილმს ან მოუსმენდა ასეთ მუსიკას? მას რომ ჩემი მობილური ტელეფონი ან პლანშეტი დაეთვალიერებინა, უხერხულ მდგომარეობაში ხომ არ აღმოვჩნდებოდი?“. რაც შეეხება ვიდეოთამაშებს, ამ დროსაც შეგვიძლია დავფიქრდეთ: „ხომ არ გამიჭირდებოდა იესოსთვის იმის ახსნა, თუ რატომ მომწონს ესა თუ ის ვიდეოთამაში?“. იეჰოვასადმი სიყვარულმა უნდა აღგვძრას, თავიდან მოვიშოროთ ყველაფერი, რაც ქრისტეს მოწაფისთვის მიუღებელია, რის ფასადაც არ უნდა დაგვიჯდეს ეს (საქ. 19:19, 20). როდესაც იეჰოვას თავი მივუძღვენით, ჩვენ მას აღთქმა დავუდეთ, რომ საკუთარი თავისთვის კი აღარ ვიცხოვრებდით, არამედ — ქრისტესთვის. ამრიგად, არ უნდა მივეჯაჭვოთ ისეთ რამეს, რაც ქრისტეს ფეხდაფეხ მიყოლას გაგვიძნელებდა (მათ. 5:29, 30; ფილ. 4:8).

11. ა) როგორ აისახება იეჰოვასა და იესოს სიყვარული ჩვენს მსახურებაზე? ბ) როგორ გვიბიძგებს ეს სიყვარული, რომ მხარში ამოვუდგეთ და-ძმებს?

11 იესოსადმი სიყვარულმა იმისკენაც უნდა გვიბიძგოს, რომ მთელი გულით ჩავებათ ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმეში (მათ. 28:19, 20; ლუკ. 4:43). ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს პერიოდში მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ ვიმსახუროთ დამხმარე პიონერებად და სამქადაგებლო საქმეს 30 ან 50 საათი დავუთმოთ. შეგიძლიათ შეადგინოთ ისეთი გრაფიკი, რომ დამხმარე პიონერად მსახურება მოახერხოთ? 84 წლის ერთი ქვრივი ძმა ფიქრობდა, რომ ასაკისა და შერყეული ჯანმრთელობის გამო დამხმარე პიონერად მსახურებას ვერ შეძლებდა. თუმცა მას მხარში ამოუდგნენ პიონერები, რომლებიც ემსახურებოდნენ ტრანსპორტით. გარდა ამისა, შეურჩიეს ისეთი ტერიტორია, სადაც მას გაუადვილდებოდა მსახურება. ამგვარად, ჩვენმა ხანდაზმულმა ძმამ იმ თვეში 30 საათი იქადაგა. თქვენ თუ შეგიძლიათ, რომ თანაკრებელ დას ან ძმას გაუწოდოთ დახმარების ხელი, რათა მათაც განიცადონ გახსენების საღამოს პერიოდში დამხმარე პიონერად მსახურების სიხარული?  მართალია, დამხმარე პიონერად ყველა ვერ იმსახურებს, მაგრამ დაე, ჩვენი შესაძლებლობიდან გამომდინარე, არ დავიშუროთ დრო და ენერგია, რათა უფრო მეტად დავიხარჯოთ იეჰოვასთვის და ამგვარად, ქების მსხვერპლი შევწიროთ მას. თუ ასე მოვიქცევით, მოციქულ პავლეს მსგავსად ცხადვყოფთ, რომ ქრისტეს სიყვარულით ვართ აღძრულნი. კიდევ რისკენ უნდა აღგვძრას ღვთის სიყვარულმა?

ვალდებულნი ვართ, გვიყვარდეს ერთმანეთი

12. რისკენ აღგვძრავს ღვთის სიყვარული?

12 მეორე: ქრისტიანი ღვთის სიყვარულმა და-ძმებისადმი სიყვარულის გამოვლენისკენ უნდა აღძრას. იოანე მოციქულსაც კარგად ესმოდა ეს; მან დაწერა: „საყვარელნო, თუ ღმერთმა ასე შეგვიყვარა, ჩვენც ვალდებულნი ვართ, გვიყვარდეს ერთმანეთი“ (1 იოან. 4:7—11). დიახ, თუ ძმები არ გვეყვარება, ღმერთიც ვერ შეგვიყვარებს (1 იოან. 3:16). როგორ შეგვიძლია გამოვხატოთ სიყვარული და-ძმების მიმართ?

13. რა მაგალითი დაგვიტოვა იესომ?

13 მოვიყვანოთ იესოს მაგალითი. ის დედამიწაზე მსახურების დროს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ჩაგრულთ. იგი კურნავდა კოჭლებს, უსინათლოებსა და ყრუ-მუნჯებს (მათ. 11:4, 5). მას სიამოვნებდა სულიერად დამშეული ხალხის დაპურება, იმ ხალხისა, რომელთაც იუდეველი რელიგიური წინამძღოლები დაწყევლილებად თვლიდნენ (იოან. 7:49). იესოს უყვარდა ეს საბრალო ხალხი და ძალ-ღონეს არ იშურებდა მათ მოსამსახურებლად (მათ. 20:28).

თანამშრომლობ ხანდაზმულ და-ძმებთან? (იხილეთ მე-14 აბზაცი)

14. პირადად თქვენ როგორ შეგიძლიათ და-ძმების მიმართ სიყვარულის გამოხატვა?

14 ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს პერიოდი მართლაც საუკეთესო დროა იმისათვის, რომ მიჰბაძოთ ქრისტეს, დრო გამოუყოთ ძვირფას და-ძმებს და ყურადღება მიაქციოთ მათ. ამ დროს უდავოდ შენიშნავთ, თუ რაოდენ კეთილისმყოფელ გავლენას იქონიებს თქვენ მიერ გამოვლენილი სიყვარული თანამორწმუნეებზე. ალბათ, კრებაში გყავთ ხანდაზმული და-ძმები, რომელთაც თქვენი დახმარება ესაჭიროებათ. შეგიძლიათ მოინახულოთ ეს საყვარელი თანაქრისტიანები? მაგალითად, მიართვათ კერძი, დაეხმაროთ საოჯახო საქმეებში, წაიყვანოთ კრებაზე ან მათთან ერთად იმსახუროთ (წაიკითხეთ ლუკას 14:12—14). ნამდვილად, ღვთის სიყვარულმა ჩვენი და-ძმების მიმართ სიყვარულის გამოვლენისკენ უნდა აღგვძრას.

აპატიეთ ერთმანეთს

15. რას უნდა ვაცნობიერებდეთ თითოეული ჩვენგანი?

15 მესამე: იეჰოვას სიყვარულმა იმისკენაც უნდა გვიბიძგოს, რომ ვაპატიოთ და-ძმებს. ჩვენი წინაპრისგან, ადამისგან, ყველამ  ვიმემკვიდრეთ ცოდვა და მისი თანმდევი სასჯელი — სიკვდილი. ვერავინ იტყვის: „მე არ მჭირდება გამოსყიდვა!“. ღვთის ყველაზე ერთგული მსახურიც კი საჭიროებს ქრისტეს გამოსასყიდს — ღვთის დაუმსახურებელ წყალობას. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გავაცნობიეროთ, რომ ღმერთმა უდიდესი „ვალი“ გვაპატია. რატომ გვმართებს ასე მოქცევა? ამ კითხვაზე პასუხს იესოს ერთ-ერთი იგავი გვცემს.

16, 17. ა) რას ვსწავლობთ იესოს მიერ მეფისა და მონების შესახებ მოყვანილი მაგალითიდან? ბ) იესოს მიერ მოყვანილი მაგალითის განხილვის შემდეგ, რა გაქვთ გადაწყვეტილი?

16 იესომ მოიყვანა იგავი ერთ მეფეზე, რომელმაც თავის მონას დიდი ვალი, 10 000 ტალანტი ანუ 60 000 000 დინარი, აპატია. თუმცა ამ მონამ სხვა მონას უმნიშვნელო ვალი, 100 დინარიც კი, არ აპატია. მეფე განრისხდა, როცა შეიტყო, რომ ის მონა, რომელსაც მან დიდსულოვნად აპატია ვალი, ასე სასტიკად მოექცა სხვა მონას. მეფემ მას განუცხადა: „ბოროტო მონავ! რაკი შემეხვეწე, მთელი ვალი გაპატიე. განა შენც ისევე არ უნდა შეგეწყალებინა შენნაირივე მონა, როგორც მე შეგიწყალე?!“ (მათ. 18:23—35; სქოლიოები). დიახ, მეფის გულმოწყალებას უნდა აღეძრა მონა, რომ მსგავსადვე მოქცეოდა თავისნაირივე მონას. აქედან გამომდინარე, ჩვენ რისკენ უნდა აღგვძრას იეჰოვას მიერ გამოვლენილმა სიყვარულმა და გულმოწყალებამ?

17 ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს პერიოდში შეგვიძლია გამოვიკვლიოთ საკუთარი თავი და ვნახოთ, რომელიმე თანაქრისტიანზე განაწყენებული ხომ არ ვართ. თუ აღმოვაჩენთ, რომ ეს ასეა, გახსენების საღამოს პერიოდი მართლაც შესაფერისი დროა საიმისოდ, რომ მივბაძოთ იეჰოვას, ვინც „მზად . . . [არის] პატიებისთვის“ (ნეემ. 9:17; ფსალმ. 86:5). თუ ჯეროვნად დავაფასებთ, რაოდენ დიდი „ვალი“ გვაპატია ღმერთმა, ჩვენც გაგვიჩნდება სურვილი, რომ მთელი გულით ვაპატიოთ სხვებს. თუ არ გვეყვარება და-ძმები და არ ვაპატიებთ მათ, ვერც ღმერთი შეგვიყვარებს და ვერც იგი გვაპატიებს ჩვენ (მათ. 6:14, 15). მართალია, პატიების შედეგად წარსულს ვერ შევცვლით, მაგრამ მომავლის შეცვლა ნამდვილად ხელგვეწიფება.

18. როგორ დაეხმარა ღვთის სიყვარული ერთ დას, მოთმინებით აეტანა თანაქრისტიანის შეცდომები?

18 ბევრი ჩვენგანისთვის შეიძლება ადვილი არ იყოს მოთმინების გამოვლენა მაშინ, როცა და-ძმები შეცდომებს უშვებენ (წაიკითხეთ კოლოსელების 3:13, 14; ეფესოელების 4:32). მაგალითად, ერთი გასათხოვარი და, ლილი, კრებაში ეხმარებოდა ქვრივ დას, კეროლს. [1] ლილი კეროლს ტრანსპორტით ემსახურებოდა, უამრავ საქმეზე ეგზავნებოდა და მის მიმართ სიკეთეს მრავალმხრივ ავლენდა. მაგრამ კეროლი გამუდმებით აკრიტიკებდა მას. კეროლთან ურთიერთობის აწყობა არცთუ ისე იოლი იყო. თუმცა ლილი მის დადებით თვისებებზე ამახვილებდა ყურადღებას. იგი კეროლს წლების განმავლობაში ედგა მხარში, ვიდრე ეს ქვრივი და სერიოზულად არ დაავადდა და არ გარდაიცვალა. ლილი ამბობს: „ყველაფრის მიუხედავად, ძალიან მსურს, მკვდრეთით აღმდგარ კეროლთან შეხვედრა. მინდა, იგი სრულყოფილი გავიცნო“. დიახ, ღვთის სიყვარული აღგვძრავს, მოვუთმინოთ და-ძმებს და მთელი გულითა და სულით ველოდოთ იმ დროს, როცა არასრულყოფილების კვალი საბოლოოდ წაიშლება!

19. რისკენ უნდა აღგვძრას ღვთის „ენით აუწერელმა უსასყიდლო ძღვენმა“?

19 ჩვენ ნამდვილად მივიღეთ იეჰოვასგან „ენით აუწერელი უსასყიდლო ძღვენი“. მოდი, არასოდეს გავაუფასუროთ ეს დიდებული „საჩუქარი“ და ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს პერიოდში მადლიერებით ვიფიქროთ იეჰოვასა და მისი ძის მიერ გამოვლენილ ყველა სიკეთეზე. დაე, მათმა სიყვარულმა აღგვძრას, ფეხდაფეხ მივყვეთ იესოს ნაკვალევს, დავეხმაროთ და-ძმებს, სიყვარული გამოვავლინოთ მათ მიმართ და მთელი გულით ვაპატიოთ ერთმანეთს!

^ [1] (მე-18 აბზაცი) ამ სტატიაში ზოგი სახელი შეცვლილია.