არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა)  |  იანვარი 2016

ჯეიკობი, რენე, სქაი და შეინი

მათ მზადყოფნა გამოავლინეს — ოკეანეთი

მათ მზადყოფნა გამოავლინეს — ოკეანეთი

35 წლამდე ასაკის და, რენე, ავსტრალიაში იეჰოვას გულმოდგინე მსახურთა ოჯახში აღიზარდა. იგი გვიამბობს: „ჩვენ ხშირად გადავდიოდით ტერიტორიებზე, სადაც მქადაგებლები მეტად საჭირონი იყვნენ“. რენე დასძენს: „მშობლების წყალობით, ნებისმიერი საქმე სიამოვნებასა და ხალისს მგვრიდა. და, როდესაც თავად შემეძინა ქალ-ვაჟი, მეც მთელი გულით მსურდა, რომ მათაც ასეთი საინტერესო ცხოვრება ჰქონოდათ“.

 რენეს მეუღლეს, 40 წლამდე ასაკის შეინსაც მსგავსი სულიერი მიზნები ჰქონდა. ის გვიყვება: «როცა მეორე შვილი შეგვეძინა, „საგუშაგო კოშკში“ წავიკითხეთ ერთი ოჯახის ისტორია; ეს ოჯახი თავიანთი იახტით საქადაგებლად სამხრეთ-დასავლეთ წყნარ ოკეანეთში, ტონგას კუნძულებზე გადავიდა. * სწორედ ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ფილიალებისთვის წერილი მიგვეწერა; წერილში ძმებს ვკითხეთ, თუ სად იყო უფრო მეტი მოთხოვნილება სამეფოს მქადაგებლებზე. * პასუხად მათ მოგვწერეს, რომ გადავსულიყავით ტონგაზე — ანუ იმ ტერიტორიაზე, რომლის შესახებაც სტატიიდან შევიტყვეთ».

ჯეიკობი, რენე, სქაი და შეინი

რენე, შეინი და მათი ქალ-ვაჟი, ჯეიკობი და სქაი, ტონგაზე ერთი წლის გადასულებიც არ იყვნენ, როცა ქვეყანაში დემონსტრაციები და დაპირისპირებები დაიწყო; ეს სიტუაცია მათ ავსტრალიაში დაბრუნებას აიძულებდა. თუმცა მათ არ დავიწყნიათ ტონგაზე გადასვლის მიზანი. ამიტომაც 2011 წელს გეზი წყნარი ოკეანის პატარა კუნძულისკენ, ნორფოკისკენ აიღეს, რომელიც ავსტრალიის აღმოსავლეთით, დაახლოებით 1 500 კილომეტრში მდებარეობს. საინტერესოა, რა შედეგი გამოიღო მათმა ძალისხმევამ? 14 წლის ჯეიკობი თავის გრძნობებს გვიზიარებს: „იეჰოვა ზრუნავდა კიდეც ჩვენზე და მსახურებასაც გვიხალისებდა“.

ოჯახები აფართოებენ მსახურებას

რენეს, შეინისა და მათი შვილების მსგავსად, იეჰოვას მოწმეთა სხვა ოჯახებმაც გამოავლინეს მზადყოფნა და იქ გადავიდნენ, სადაც მაუწყებლებზე მეტი მოთხოვნილება იყო. რამ გადაადგმევინა მათ ეს ნაბიჯი?

„ბერკტაუნელებს ჭეშმარიტება აინტერესებდათ; ძალიან გვსურდა, რომ მათ ბიბლიის რეგულარულად შესწავლის შესაძლებლობა ჰქონოდათ“ — ბერნეტი

35 წლამდე ასაკის ბერნეტი და სიმონი თავიანთ ვაჟებთან, ესტონთან და ქეილებთან, ერთად კუინზლენდიდან (ავსტრალია) მოშორებით, ქალაქ ბერკტაუნში გადავიდნენ; ამჟამად ესტონი 12 წლისაა, ქეილები კი — 9-ის. ბერნეტი ამბობს: „იქ იეჰოვას მოწმეები საქადაგებლად სამ-ოთხ წელიწადში ერთხელ თუ ახერხებდნენ მისვლას. ბერკტაუნელებს ჭეშმარიტება აინტერესებდათ; ძალიან გვსურდა, რომ მათ ბიბლიის რეგულარულად შესწავლის შესაძლებლობა ჰქონოდათ“.

ჯიმი, ჯეკი, მარკი და კარენი

50 წელს გადაცილებული მარკი და კარენი, რომლებმაც სიდნეის (ავსტრალია) მახლობლად რამდენიმე კრებაში იმსახურეს, სამ შვილთან, ჯესიკასთან, ჯიმისა და ჯეკთან ერთად, ჩრდილოეთ ტერიტორიაზე, ნულანბეიში, მაღაროელთა დაშორებულ დასახლებაში, გადავიდნენ. მარკი მოგვითხრობს: „ხალხი ძალიან მიყვარს. ამიტომ მინდოდა, იქ მემსახურა, სადაც მოყვასისთვის მეტს გავაკეთებდი, იქნებოდა ეს კრება თუ სამქადაგებლო საქმე“. თუმცა მისი მეუღლე, კარენი, ცოტა არ იყოს, ორჭოფობდა. ის იხსენებს: „მას შემდეგ, რაც მარკმა და თანაქრისტიანებმა გამამხნევეს, სურვილი გამიჩნდა, რომ მეც მომესინჯა ძალები. დღეს ბედნიერი ვარ, რომ ეს ნაბიჯი გადავდგი“.

ბენჯამინი, ჯეიდი, ბრია და კეროლინი

ბენჯამინი და კეროლინი სკოლამდელი ასაკის ქალიშვილებთან, ჯეიდთან და ბრიასთან, ერთად 2011 წელს კუინზლენდიდან (ავსტრალია) მსახურების გასაფართოებლად კვლავ აღმოსავლეთ ტიმორში, ინდონეზიის არქიპელაგში შემავალ ტიმორის კუნძულზე მდებარე პატარა ქვეყანაში, გადავიდნენ. ბენი ამბობს: „მე და კეროლინი ადრე აღმოსავლეთ ტიმორში სპეციალურ პიონერებად ვმსახურობდით. გასაოცარი მსახურება გვქონდა; და-ძმები მხარში გვედგნენ. იქაურობის დატოვებამ გული დაგვწყვიტა. თუმცა გადავწყვიტეთ, რომ მაინც დავბრუნებულიყავით. როცა ბავშვები შეგვეძინა, არც მაშინ შეგვიცვლია გეგმები; მათი განხორციელება, უბრალოდ, სამომავლოდ გადავდეთ“. კეროლინი ამატებს: „გვსურდა, რომ ჩვენს შვილებს ახლო ურთიერთობა ჰქონოდათ სპეციალურ პიონერებთან, ბეთელელებთან და მისიონერებთან, რათა ჩვენი პატარებისთვის მათ თავიანთი სულიერი მემკვიდრეობა გაეზიარებინათ“.

მზადება სხვა ტერიტორიაზე გადასასვლელად

ერთხელ იესომ თავის მიმდევრებს უთხრა: „რომელიმე თქვენგანმა კოშკის აშენება რომ მოისურვოს, განა ჯერ არ დაჯდება და არ გამოთვლის ხარჯებს?“ (ლუკ. 14:28). მსგავსადვე, მსახურების მიზნით სხვა ტერიტორიაზე გადასვლამდე ოჯახს კარგი გეგმის შემუშავება მართებს. მოდი, ქვემოთ ვისაუბროთ, თუ რა უნდა გაითვალისწინოს ოჯახმა.

სულიერი მხარე. ბენი გვიზიარებს: „გვსურდა, რომ სხვებს მოვმსახურებოდით და ტვირთად არ დავწოლოდით. სხვა ტერიტორიაზე გადასვლამდე ჯერ სულიერად მოვძლიერდით. ინტენსიურად დავკავდით ქადაგებითა თუ კრების საქმეებით“.

ჯეიკობი აღნიშნავს: «ნორფოკის კუნძულზე გადასვლამდე „საგუშაგო კოშკსა“ და „გამოიღვიძეთ!“-ში ვკითხულობდით ხოლმე იმ ოჯახების შესახებ, რომლებიც მსახურების გასაფართოებლად სხვა ტერიტორიაზე გადავიდნენ. ჩვენ ვსაუბრობდით სირთულეებზე, რომლებსაც ეს ოჯახები ხვდებოდნენ და აგრეთვე იმაზე, თუ როგორ ედგა მათ მხარში იეჰოვა». მისი 11 წლის დაიკო, სქაი, დასძენს: „ამ საკითხზე ბევრს ვლოცულობდი როგორც მარტო, ისე ჩემს დედიკოსთან და მამიკოსთან ერთად“.

 ემოციური მხარე. რენე გვიყვება: „ოჯახთან და მეგობრებთან ახლოს ვცხოვრობდით, ამიტომ თავს ძალიან კარგად ვგრძნობდით. თუმცა, როცა გადავწყვიტეთ, რომ სხვა ტერიტორიაზე გადავსულიყავით, იმაზე კი არ მიფიქრია, თუ რას ვთმობდი, არამედ ვფიქრობდი იმაზე, თუ რა მხრივ აღმოჩნდებოდა სასიკეთო ეს გადაწყვეტილება ჩემი ოჯახისთვის“.

კულტურული მხარე. ბევრი ოჯახი წინასწარ ეცნობა იმ ქვეყნისა თუ ტერიტორიის კულტურას, სადაც გადასვლას აპირებს და ამგვარად ემზადება ახალ პირობებთან შესაგუებლად. მარკი ამბობს: „ძალიან ბევრს ვკითხულობდით ნულანბეის შესახებ. ადგილობრივმა ძმებმა თავიანთი ქალაქის გაზეთის რამდენიმე ნომერი გამოგვიგზავნეს, რამაც გარკვეული წარმოდგენა შეგვიქმნა იქაურ ხალხსა და კულტურაზე“.

ნორფოკის კუნძულზე გადასული შეინი დასძენს: „ყველაზე მეტად ქრისტიანული თვისებების გამომუშავებას ვცდილობდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ თუ ვიქნებოდი გულწრფელი, პატიოსანი, მუყაითი და იმავდროულად, რბილ ხასიათსაც გამოვავლენდი, მსოფლიოს არც ერთ კუთხეში არ გამიჭირდებოდა ცხოვრება“.

სირთულეებთან ჭიდილი

წარმატებული მქადაგებლები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ სირთულეების დასაძლევად აუცილებელია დადებითი განწყობა და მოხერხებულობა. მიმოვიხილოთ ზოგიერთი მაგალითი.

რენე გვიყვება: „ბევრი საკითხისადმი მიდგომა შემეცვალა. მაგალითად, ვისწავლე, რომ როცა ზღვა ღელავს, ნაოსნობა ძნელდება და კუნძულზე საკვები პროდუქტების მარაგი იკლებს, რის გამოც ყველაფერი ძვირდება. ასე რომ, დღეს სადილის მომზადებისას პროდუქტებს ეკონომიურად ვიყენებ“. რენეს მეუღლე, შეინი, ამატებს: „ფულსაც ყაირათიანად ვხარჯავთ, რათა მოცემული კვირისთვის გათვალისწინებულ თანხებში ჩავეტიოთ“.

მათი ვაჟი, ჯეიკობი, ყურადღებას სხვა სირთულეზე ამახვილებს: „ჩვენი ახალი კრება სულ შვიდი წევრისგან შედგებოდა; სამწუხაროდ, ჩემი ტოლი არავინ იყო. მაგრამ, ცოტა ხანში, როცა კრებელებთან ერთად მსახურება დავიწყე, დავმეგობრდით კიდეც“.

მსგავს სიტუაციაში იყო ჯიმი, რომელიც ახლა 21 წლისაა. იგი გვიყვება: „ნულანბეიდან უახლოესი კრება დაახლოებით 725 კილომეტრში მდებარეობს. ამიტომ სხვა და-ძმებთან ძირითადად კონგრესებზე ვურთიერთობთ. როგორც წესი, ასეთ სულიერ ნადიმებზე ადრე მივდივართ, რათა თანაქრისტიანებთან ურთიერთობით დავტკბეთ. კონგრესები ჩვენთვის მართლაც წლის ღირსშესანიშნავი მოვლენაა“.

 „მიხარია, რომ აქ ვართ!“

ბიბლიაში ვკითხულობთ: „იეჰოვას კურთხევა ამდიდრებს კაცს და თან არ სდევს ტკივილი“ (იგავ. 10:22). ამ სიტყვების ჭეშმარიტება მთელი მსოფლიოს მასშტაბით არაერთმა გულმოდგინე მაუწყებელმა გამოსცადა, რომლებიც იქ მსახურობენ, სადაც მქადაგებლები ნამდვილად საჭირონი არიან.

მარკი გვიზიარებს: «ყველაზე დიდი კურთხევა ისაა, რომ მსახურების მიზნით სხვა ტერიტორიაზე გადასვლამ ჩვენს ბავშვებზე კეთილისმყოფელი გავლენა იქონია. ისინი ახლა უკვე ზრდასრულ ასაკში არიან და სავსებით ენდობიან იეჰოვას; მათ ეჭვი არ ეპარებათ, რომ იგი ზრუნავს მათზე, ვინც პირველ ადგილზე აყენებს მის საქმეს. ასეთი ნდობის „ყიდვა“ შეუძლებელია!».

შეინი ამბობს: „უფრო მეტად დავუახლოვდი ცოლ-შვილს. როდესაც ისინი საუბრობენ, თუ როგორ ზრუნავს იეჰოვა მათზე, დიდ კმაყოფილებას ვგრძნობ“. ჯეიკობი მამას ეთანხმება და აღნიშნავს: „ასეთი ცხოვრება მართლაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს. მიხარია, რომ აქ ვართ!“.

^ აბზ. 3 იხილეთ 2004 წლის 15 დეკემბრის „საგუშაგო კოშკი“, სტატია «ღვთის მეგობრები „მეგობრობის კუნძულებზე“», გვ. 8—11.

^ აბზ. 3 2012 წელს ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ფილიალები გაერთიანდა და ავსტრალაზიის ფილიალი ჩამოყალიბდა.