წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) აპრილი 2016

შეინარჩუნეთ ნეიტრალიტეტი ამ დაქსაქსულ მსოფლიოში!

შეინარჩუნეთ ნეიტრალიტეტი ამ დაქსაქსულ მსოფლიოში!

„მიეცით ღვთისა . . . ღმერთს“ (მათ. 22:21).

სიმღერები: 33, 137

1. როგორაა შესაძლებელი, რომ ღმერთსაც დავემორჩილოთ და ხელისუფლებასაც?

ღვთის სიტყვა მოგვიწოდებს, რომ დავემორჩილოთ ხელისუფალთ, თუმცა იმასაც მოგვიწოდებს, რომ ღმერთსაც დავემორჩილოთ (საქ. 5:29; ტიტ. 3:1). წინააღმდეგობრივი ხომ არ არის ეს მოთხოვნები? არავითარ შემთხვევაში. როცა გვესმის პირობითი მორჩილების პრინციპი, შედეგად ვწვდებით ამ მითითებების არსს და აღარ გვიჭირს მორჩილება. ეს საკითხი იესომ ამგვარად შეაჯამა: „კეისრისა კეისარს მიეცით, ღვთისა კი — ღმერთს“ [1] (მათ. 22:21). როგორ უნდა დავიცვათ ეს მითითება? ჩვენ უნდა დავემორჩილოთ ხელისუფლებას — პატივი ვცეთ მის წარმომადგენლებს, დავიცვათ კანონები და გადავიხადოთ გადასახადები (რომ. 13:7). მაგრამ, როგორ უნდა მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფალნი ისეთ რამეს მოგვთხოვენ, რის შესრულებაც ღვთის ნორმებს დაგვარღვევინებს? მათდამი პატივისცემის მიუხედავად, ჩვენ არ დავემორჩილებით მათ.

2. რით ცხადვყოფთ, რომ პოლიტიკურ საკითხებში ნეიტრალურნი ვრჩებით?

2 ჩვენ „ღვთისას ღმერთს“ მაშინ ვაძლევთ, როდესაც პოლიტიკურ საკითხებში ნეიტრალურნი ვრჩებით (ეს. 2:4). სწორედ ამიტომ, არც მთავრობებს ვეწინააღმდეგებით, რომელთა არსებობასაც ღმერთი უშვებს, და არც პატრიოტულ ღონისძიებებში ვმონაწილეობთ (რომ. 13:1, 2). ჩვენ არ ვცდილობთ, ხელისუფლების წარმომადგენლებს  კანონები შევაცვლევინოთ; პოლიტიკურ არჩევნებში არც სხვას ვაძლევთ ხმას, არც თავად ვიყრით კენჭს და არც მთავრობის შეცვლას ვცდილობთ.

3. რატომ უნდა დავიცვათ ნეიტრალიტეტი?

3 ბიბლიაში მოყვანილია რამდენიმე მიზეზი იმისა, თუ რატომ მოითხოვს ღმერთი ჩვენგან ნეიტრალიტეტის დაცვას. ჩვენ მივყვებით იესოს სწავლებებს და ვბაძავთ მას, რასაც იმით ვაჩვენებთ, რომ არ ვართ „ქვეყნიერების ნაწილი“, არ ვერევით პოლიტიკაში და არ ვმონაწილეობთ ომებში (იოან. 6:15; 17:16). თუ ნეიტრალიტეტს არ დავიცავთ, ღვთის სამეფოს ერთგული ქვეშევრდომები ვერ ვიქნებით, ვეღარც სუფთა სინდისით ვიქადაგებთ სასიხარულო ცნობას და ვეღარც იმას ვეტყვით ადამიანებს, რომ ღვთის სამეფოა ერთადერთი მთავრობა, რომელიც კაცობრიობის პრობლემებს გადაჭრის. მაშინ როცა ცრუ რელიგიები პოლიტიკაში ერევიან და საკუთარ მრევლს ერთმანეთს უპირისპირებენ, ჭეშმარიტი რელიგია ჩვენ ნეიტრალიტეტის დაცვაში გვეხმარება, რაც, თავის მხრივ, საერთაშორისო საძმოს ერთობას განაპირობებს (1 პეტ. 2:17).

4. ა) რატომ შეიძლება დადგეს ნეიტრალიტეტის საკითხი უფრო მწვავედ? ბ) რატომ უნდა მოვემზადოთ ნეიტრალიტეტის დასაცავად დღესვე?

4 ჩვენს ქვეყანაში დღეს შესაძლოა პოლიტიკურად სტაბილური ვითარებაა და ხელისუფლებას ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მიმართ, ერთი შეხედვით, შემწყნარებლური დამოკიდებულება აქვს. თუმცა ვინაიდან სატანის ქვეყნიერების აღსასრული ახლოვდება, არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ვითარება შეიცვლება და ნეიტრალიტეტის საკითხი უფრო მწვავედ დადგება. ქვეყნიერება სავსეა თავნება ადამიანებით, რომლებთანაც შეუძლებელია მორიგება; ამიტომ ბუნებრივია, რომ მსოფლიო კიდევ უფრო დაიქსაქსება და ურთიერთდაპირისიპირებულ ბანაკებად დაიყოფა (2 ტიმ. 3:3, 4). ზოგ ქვეყანაში სწრაფად ცვალებადი პოლიტიკური მდგომარეობის გამო ჩვენი ძმები ნეიტრალიტეტის დაცვასთან დაკავშირებით უკვე შეხვდნენ მოულოდნელ სირთულეებს. ხედავთ, რატომ უნდა მოემზადოთ დღესვე ნეიტრალიტეტის დასაცავად? თუ რთული ვითარების დადგომამდე გულხელდაკრეფილნი ვიქნებით, როცა ფაქტის წინაშე დავდგებით, შეიძლება ნეიტრალიტეტის დაცვა გაგვიჭირდეს. საინტერესოა, როგორ უნდა მოვემზადოთ იმისათვის, რომ ამ დაყოფილ მსოფლიოში ნეიტრალიტეტის შენარჩუნება შევძლოთ? მოდი, განვიხილოთ ოთხი ძირითადი საშუალება, რაც ამაში დაგვეხმარება.

ხელისუფლებებს იეჰოვას თვალით უყურეთ

5. როგორ უყურებს იეჰოვა მთავრობებს?

5 პირველი, რაც ნეიტრალიტეტის დაცვაში დაგვეხმარება, ისაა, რომ მთავრობების მიმართ იეჰოვას თვალსაზრისი გავიზიაროთ. ესა თუ ის მთავრობა სამართლიანი რომც იყოს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იეჰოვას განზრახვა მთავრობების არსებობას არ ითვალისწინებდა (იერ. 10:23). მთავრობები ხალხში ნაციონალიზმის სულს აღვივებენ, რითაც ადამიანებს ერთმანეთს უპირისპირებენ. ყველა პრობლემას საუკეთესო მმართველებიც კი ვერ აგვარებენ. ამას ისიც ერთვის, რომ 1914 წლიდან ადამიანთა მთავრობები ღვთის სამეფოს უპირისპირდებიან, რომელიც მალე აღასრულებს მათთვის გამოტანილ განაჩენს და გაანადგურებს მათ (წაიკითხეთ ფსალმუნის 2:2, 7—9).

6. როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ?

6 იეჰოვა ღმერთი პოლიტიკურ მმართველობებს იმიტომ უშვებს, რომ ისინი გარკვეულ წესრიგს ქმნიან, რაც სასიხარულო ცნობის ქადაგებაში გვეხმარება (რომ. 13:3, 4). იეჰოვა იმასაც გვეუბნება, რომ ვილოცოთ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა მათ მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაზე შესაძლოა გავლენა იქონიოს (1 ტიმ. 2:1, 2). ზოგჯერ საქმის სამართლიანად გადასაწყვეტად ხელისუფლებას მივმართავთ ხოლმე, როგორც ეს პავლე მოციქულმა გააკეთა (საქ. 25:11). მართალია, ბიბლიიდან ვიგებთ, რომ პოლიტიკური სისტემები სატანის, ღვთის მოწინააღმდეგის ხელშია, მაგრამ მასში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რომ სატანა უშუალოდ მართავს ცალკეულ მმართველსა თუ სახელმწიფო მოხელეს (ლუკ. 4:5, 6). ამიტომ არ უნდა დავასკვნათ, რომ ხელისუფლების ესა თუ ის წარმომადგენელი ეშმაკისგანაა მართული.  ასე რომ, „მთავრობებისა და ძალაუფლებების“ წარმომადგენელთაგან არავინ უნდა დავძრახოთ (ტიტ. 3:1, 2).

7. როგორ აზროვნებას უნდა ვერიდოთ?

7 ღვთისადმი მორჩილებაში ისიც იგულისხმება, რომ უპირატესობა არ მივანიჭოთ რომელიმე კანდიდატსა თუ პოლიტიკურ პარტიას იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი, ერთი შეხედვით, ხელს უწყობენ ჩვენს ინტერესებს. როგორ შეიძლება გამოიცადოს ჩვენი ნეიტრალიტეტი? დავუშვათ, მჩაგვრელ რეჟიმს, რომლის დროსაც ღვთის მსახურებიც ზარალდებიან, ხალხი აჯანყებას უწყობს. გასაგებია, რომ ჩვენ პირდაპირი გაგებით აჯანყებულთა გვერდით არ დავდგებით, მაგრამ ხომ არ გავიზიარებთ მათ სულისკვეთებას? (ეფეს. 2:2). ჩვენ არა მარტო სიტყვითა და საქმით უნდა ცხადვყოთ, რომ ნეიტრალური პოზიცია გვიკავია, არამედ შინაგანი განწყობითაც.

იყავით „ფრთხილნი“ და „უწყინარნი“

8. როგორ შეგვიძლია ვიყოთ „ფრთხილნი“ და „უწყინარნი“, როცა საქმე ნეიტრალიტეტის დაცვაზე მიდგება?

8 მეორე, რაც ნეიტრალიტეტის შენარჩუნებაში დაგვეხმარება, ისაა, რომ გავითვალისწინოთ იესოს რჩევა: „იყავით გველივით ფრთხილნი და მტრედივით უწყინარნი“ (წაიკითხეთ მათეს 10:16, 17). „ფრთხილნი“ ვართ, როცა დროულად ვამჩნევთ საფრთხეს, ხოლო — „უწყინარნი“, როცა კომპრომისზე არ მივდივართ. ახლა განვიხილოთ ზოგიერთი სირთულე და ის, თუ როგორ გავართვათ თავი ამ სირთულეებს.

9. რა შემთხვევაში უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე?

9 საუბარი. სიფრთხილე გვმართებს, როცა ვინმე პოლიტიკურ საკითხებზე საუბარს იწყებს. სამეფოს შესახებ ცნობის ქადაგებისას უნდა მოვერიდოთ ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისა თუ ლიდერის პოლიტიკური კურსის მხარდაჭერასა თუ კრიტიკას. კარგი იქნება, თუ მობინადრეს ყურადღებას პრობლემების სათავეზე გავუმახვილებთ და არა შესაძლო პოლიტიკურ გამოსავალზე, შემდეგ კი ბიბლიიდან ვუჩვენებთ, თუ როგორ გადაჭრის ღვთის მთავრობა ყველა პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ. თუ მობინადრე წამოჭრის ისეთ საკითხებს, როგორიცაა ერთსქესიანთა ქორწინება და აბორტი, მას უნდა ავუხსნათ ღვთის ნორმები და ის, თუ თავად როგორ ვცხოვრობთ ამ ნორმების თანახმად. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მას ეს საკითხები პოლიტიკურ ჭრილში გადაჰყავს, ჩვენ მტკიცედ ვრჩებით ჩვენს ნეიტრალურ პოზიციაზე. თუ იგი წამოჭრის საკითხს იმის თაობაზე, ხელისუფლებამ რომელი კანონი უნდა მიიღოს, გააუქმოს ან შეცვალოს, მას არც მხარს ავუბამთ და არც იმას შევეცდებით, რომ აზრი შევაცვლევინოთ.

10. რა დაგვეხმარება, რომ მედიასაშუალებების გავლენაში არ მოვექცეთ?

10 მასმედია. საინფორმაციო საშუალებები ახალ ამბებს ხშირად ტენდენციურად აშუქებენ. ზოგჯერ მედიასაშუალებები ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის ხელში ერთგვარ იარაღს წარმოადგენენ. იმ ქვეყნებში, სადაც მედიასაშუალებები ცენზურას გადიან, მათ მიერ გაშუქებული ინფორმაცია შესაძლოა არაობიექტური იყოს; თუმცა ისეთ ქვეყნებშიც კი, სადაც, ერთი შეხედვით, დაცულია სიტყვის თავისუფლება, ქრისტიანებს სიფრთხილე მართებთ, რომ ამა თუ იმ გადაცემის წამყვანის შეხედულების გავლენაში არ მოექცნენ. ვკითხოთ საკუთარ თავს: იმის გამო ხომ არ ვუყურებ რომელიმე გადაცემას, რომ ვიზიარებ იმ პოლიტიკურ კურსს, რომლისკენაც მისი წამყვანი იხრება? თუ ასეა, ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ უფრო ობიექტურ წყაროს მიმართოთ. როგორც არ უნდა იყოს, გონივრულია, უფრო ნაკლები ინფორმაცია მიიღოთ იმ მედიასაშუალებებიდან, რომლებიც კონკრეტულ პოლიტიკურ კურსს უწევენ პროპაგანდას, და მიღებული ინფორმაცია ბიბლიაში მოცემულ „ჯანსაღი სიტყვების ნიმუშს“ შეადაროთ (2 ტიმ. 1:13).

11. როგორ შეგვიშლის ხელს ქონების სიყვარული ნეიტრალიტეტის დაცვაში?

11 ქონების სიყვარული. თუ ქონება ჩვენთვის ყველაფერზე ძვირფასია, შეიძლება განსაცდელის დროს გაგვიჭირდეს ნეიტრალიტეტის დაცვა. მალავიში მცხოვრებმა რუთმა საკუთარი თვალით ნახა, თუ როგორ წავიდა ზოგი მოწმე კომპრომისზე, როცა გასული საუკუნის 70-იან წლებში მის ქვეყანაში იეჰოვას მოწმეების დევნა დაიწყო. რუთი იხსენებს: „ისინი თავიანთ  ქონებას ვერ შეელივნენ. მართალია, ზოგმა მათგანმა ლტოლვილთა ბანაკს ჩვენთან ერთად შეაფარა თავი, მაგრამ ცუდი პირობების ატანა არ ისურვეს, მოგვიანებით პოლიტიკურ პარტიაში გაწევრიანდნენ და თავ-თავიანთ სახლებში დაბრუნდნენ“. და-ძმების უმეტესობა კომპრომისზე არ წასულა, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალდნენ და ზოგიც ცარიელ-ტარიელი დარჩა (ებრ. 10:34).

12, 13. ა) რა არის იეჰოვას განზრახვა კაცობრიობასთან მიმართებით? ბ) რა დაგვეხმარება იმის განსაზღვრაში, ზედმეტად ვამაყობთ თუ არა საკუთარი წარმომავლობით?

12 სიამაყე. ხშირად ხალხი თავისი რასით, ტომით, კულტურით, ქვეყნითა თუ ეროვნებით ამაყობს. თუმცა საკუთარი რასის, ტომისა თუ კულტურისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭება ეწინააღმდეგება ღვთის განზრახვას, რომელსაც სურს, რომ კაცობრიობა ერთ ოჯახად გაერთიანდეს და მას ერთი მმართველი ჰყავდეს. რა თქმა უნდა, ღმერთი ჩვენგან საკუთარი კულტურის უარყოფას არ მოითხოვს; სწორედ კულტურათა სხვადასხვაობა მეტყველებს კაცთა მოდგმის საოცარ მრავალფეროვნებაზე. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ღვთის თვალში ყველა თანასწორია (რომ. 10:12).

13 საკუთარი წარმომავლობით ტრაბახი ნაციონალისტური განწყობის ჩამოყალიბებისა და შესაბამისად, კომპრომისზე წასვლის წინაპირობაა. სიამაყისგან არც ქრისტიანები ვართ დაზღვეულნი. მაგალითად, პირველი საუკუნის ქრისტიანულ კრებაში ზოგი სხვა ეროვნების თანამორწმუნეებს უსამართლოდ ექცეოდა (საქ. 6:1). როგორ უნდა მივხვდეთ, რომ სიამაყე შემოგვეპარა? დავუშვათ, სხვა ქვეყნიდან ჩამოსული და ან ძმა რჩევას გვაძლევს. მაშინვე იმას ხომ არ ვიფიქრებთ, მე უკეთ ვიცი აქ როგორ უნდა მოვიქცეო? კარგი იქნება, თუ გავითვალისწინებთ ამ ბიბლიურ რჩევას: „თავმდაბლობით ჩათვალეთ სხვები საკუთარ თავზე აღმატებულად“ (ფილ. 2:3).

ვთხოვოთ იეჰოვას, გაგვაძლიეროს

14. როგორ გვეხმარება ლოცვა და რომელი ბიბლიური მაგალითი ადასტურებს ამას?

14 მესამე, რაც ნეიტრალიტეტის შენარჩუნებაში დაგვეხმარება, იეჰოვასთვის იმის თხოვნაა, რომ გაგვაძლიეროს. ღმერთს ლოცვაში წმინდა სული უნდა ვთხოვოთ, რაც მოთმინებასა და თავშეკავებას გამოგვიმუშავებს. სწორედ ეს თვისებები დაგვეხმარება, რომ კორუმპირებული თუ უსამართლო მთავრობის წინააღმდეგ არ წავიდეთ. ჩვენ სიბრძნეც უნდა ვთხოვოთ იეჰოვას, რომ გავერკვიოთ სიტუაციაში, რომელმაც შესაძლოა ნეიტრალიტეტის დარღვევამდე მიგვიყვანოს, და გამოსავალი მოვძებნოთ (იაკ. 1:5). თუ ჩვენი მტკიცე პოზიციის გამო დაპატიმრებულნი ვართ ან სხვაგვარ უსამართლობას ვხვდებით, ვთხოვოთ იეჰოვას, რომ ძალა მოგვცეს, გაბედულად დავიცვათ რწმენა და მოთმინებით ავიტანოთ ნებისმიერი წინააღმდეგობა (წაიკითხეთ საქმეების 4:27—31).

15. როგორ დაგვეხმარება ბიბლია განსაცდელის დროს ნეიტრალიტეტის შენარჩუნებაში? (იხილეთ ჩარჩო „ღვთის სიტყვით გაძლიერებულნი“)

15 იეჰოვას შეუძლია თავისი სიტყვით, ბიბლიით გაგვაძლიეროს. მოდი, ვიფიქროთ იმ მუხლებზე, რომლებიც განსაცდელში მყოფთ ნეიტრალიტეტს შეგვანარჩუნებინებს. ახლავე ჩავიბეჭდოთ გონებაში ეს მუხლები, რადგან შეიძლება ისეთ ვითარებაში აღმოვჩნდეთ, რომ ბიბლიის კითხვის შესაძლებლობა აღარ მოგვეცეს. ბიბლია ბედნიერი მომავლის იმედსაც გვიძლიერებს, ეს იმედი კი დევნას მოთმინებით აგვატანინებს (რომ. 8:25). კარგი იქნება, დავიმახსოვროთ ის ბიბლიური მონაკვეთები, სადაც საუბარია კურთხევებზე, რომელსაც მოუთმენლად ველით, და წარმოვიდგინოთ, რომ სამოთხეში ვართ და ამ კურთხევებით ვტკბებით.

ისინი კომპრომისზე არ წასულან

16, 17. რას ვსწავლობთ ღვთის ერთგულ მსახურთაგან, რომლებმაც განსაცდელის დროს ნეიტრალიტეტი შეინარჩუნეს? (იხილეთ სურათი 27-ე გვერდზე)

16 მეოთხე, რაც ნეიტრალიტეტის დაცვაში დაგვეხმარება, იეჰოვას ერთგულ მსახურთა მაგალითებია. მათი შემთხვევების კითხვა სიბრძნესა და ძალას მოგვცემს საიმისოდ, რომ არ დავთმოთ ჩვენი პოზიცია. ასეთ მსახურებს მიეკუთვნებიან: შადრაქი, მეშაქი და აბედნეგო. მათ თაყვანი არ სცეს კერპს, რომელიც ბაბილონის  იმპერიის სიმბოლოს წარმოადგენდა (წაიკითხეთ დანიელის 3:16—18). ამ სამი ახალგაზრდის შემთხვევა გაბედულებას ჰმატებს იმ მოწმეებს, რომლებიც თავიანთი ქვეყნის დროშას არ ეთაყვანებიან. ნეიტრალიტეტის დაცვის საუკეთესო მაგალითი იესომაც დაგვიტოვა. იგი არ ერეოდა პოლიტიკურ თუ სოციალურ კონფლიქტებში. მან შესანიშნავად იცოდა, თუ რაოდენ დიდ გავლენას იქონიებდა მისი მაგალითი მოწაფეებზე. ამიტომაც მოუწოდა მათ: „გამაგრდით! მე ვძლიე ქვეყნიერებას“ (იოან. 16:33).

17 ჩვენს დროში ბევრმა მოწმემ შეინარჩუნა ნეიტრალიტეტი. რწმენის გამო ზოგს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ზოგი დააპატიმრეს, ზოგიც სიცოცხლეს გამოასალმეს. მათი მაგალითები ალბათ, თქვენზეც ისევე იმოქმედებს, როგორც თურქეთში მცხოვრებ ძმა ბარიშზე, რომელმაც თქვა: „ფრანც რაიტერი, ახალგაზრდა ძმა, სიკვდილით დასაჯეს იმის გამო, რომ ჰიტლერის ჯარს არ შეუერთდა. სიკვდილის წინა ღამეს დედისადმი მიწერილ წერილში შესანიშნავად გამოჩნდა მისი ძლიერი რწმენა და იეჰოვასადმი უდიდესი ნდობა. ვისურვებდი, რომ ასეთი განსაცდელის დროს ძმა ფრანცის მსგავსად მოვქცეულიყავი“. [2]

18, 19. ა) რის გაკეთება შეუძლიათ კრების წევრებს თქვენ დასახმარებლად? ბ) რა უნდა გვქონდეს მტკიცედ გადაწყვეტილი?

18 ნეიტრალიტეტის შესანარჩუნებლად ბრძოლაში დახმარების გაწევა კრებასაც შეუძლია. მოუყევით უხუცესებს თქვენი განსაცდელის შესახებ და ისინი ღვთის სიტყვით გაგამხნევებენ. თუ ამის შესახებ და-ძმებსაც მოუყვებით, თავის მხრივ, ისინიც მხარში ამოგიდგებიან. სთხოვეთ მათ, რომ ილოცონ თქვენთვის. თუ გსურთ, რომ და-ძმებმა დახმარების ხელი გამოგიწოდონ და ილოცონ თქვენთვის, თქვენც იმავეს გაკეთება გმართებთ მათთვის, ვისი ერთგულებაც იცდება (მათ. 7:12). იმისათვის, რომ ლოცვებში კონკრეტულად მოიხსენიოთ ის და-ძმები, ვისაც თავისუფლება წაართვეს, გაეცანით ვებ-გვერდზე jw.org განთავსებულ სტატიას სახელწოდებით „ქვეყნები, სადაც იეჰოვას მოწმეები რწმენის გამო არიან დაპატიმრებული“ (ახალი ამბები/იურიდიული საქმეები). ამ სტატიაში მოცემული ბმულების მეშვეობით შეგიძლიათ გაიგოთ რწმენის გამო დაპატიმრებული მოწმეების სახელები. დროდადრო კონკრეტულად მოიხსენიეთ ეს და-ძმები ლოცვებში და სთხოვეთ იეჰოვას, რომ მისცეს მათ ერთგულების შესანარჩუნებლად საჭირო ძალა და გაბედულება (ეფეს. 6:19, 20).

19 ვინაიდან მთავრობათა აღსასრული ახლოვდება, არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ისინი უფრო და უფრო შეუწყნარებელნი გახდებიან ჩვენდამი იმის გამო, რომ იეჰოვას და მისი სამეფოს ერთგულნი ვრჩებით. მაშ, მტკიცედ გვქონდეს გადაწყვეტილი, რომ შევინარჩუნოთ ნეიტრალიტეტი ამ დაქსაქსულ მსოფლიოში!

^ [1] (1-ლი აბზაცი) იესომ იმ დროისათვის უმაღლესი მმართველის ტიტული, კეისარი გამოიყენა როგორც ხელისუფლების სიმბოლო.

^ [2] (მე-17 აბზაცი) დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნი „იეჰოვას მოწმეები — ღვთის სამეფოს მაუწყებლები“ (გვ. 662) და წიგნი „ღვთის სამეფო მმართველობს!“, მე-14 თავის ჩარჩო „ის ღვთის განსადიდებლად მოკვდა“.