წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) აპრილი 2016

 ბიოგრაფია

ყოფილი მონაზვნები სულიერი დები ხდებიან

ყოფილი მონაზვნები სულიერი დები ხდებიან

«„გეყოფა, — დამიყვირა ჩემმა უმცროსმა დამ, არასელიმ. — შენს რელიგიაზე სიტყვის გაგონებაც აღარ მინდა. უკვე ცუდად ვხდები. მეზიზღები!“. დღესაც, 91 წლის ასაკში, არ დამვიწყებია, როგორ მატკინა მაშინ გული მისმა ნათქვამმა. მაგრამ, ეკლესიასტეს 7:8-ში ჩაწერილი სიტყვები, „საქმის დასასრული სჯობია მის დასაწყისს“, ჩვენს შემთხვევაშიც გამართლდა» (ფელისა).

ფელისა: „ღვთისმოშიშ ოჯახში გავიზარდე. ჩვენი სანათესაოდან ცამეტი ღვთისმსახურებას ეწეოდა — მათ შორის იყვნენ მღვდლები და სხვადასხვა კათოლიკური ორდენის წარმომადგენლები. რომის პაპმა, იოანე პავლე II-მ ჩვენი ერთი ნათესავი, მღვდელი, რომელიც ერთ-ერთ კათოლიკურ სკოლაში ასწავლიდა, ნეტარადაც კი შერაცხა. სხვა მხრივ კი, ჩვენ საკმაოდ უბრალოდ ვცხოვრობდით — მამა მჭედელი იყო, დედას მარცვლეული მოჰყავდა. რვა შვილს შორის მე უფროსი გახლდით.

12 წლის ვიყავი, როცა ესპანეთში სამოქალაქო ომმა იფეთქა. ომის შემდეგ მამა დააპატიმრეს. ის ლიბერალურ ფასეულობებს იზიარებდა, რის გამოც დიქტატორულ მთავრობას თვალში არ მოსდიოდა. დედას ძალიან უჭირდა ჩვენი რჩენა, ამიტომ მეგობარმა ურჩია, რომ ჩემი სამი უმცროსი და — არასელი, ლაური და რამონი — ბილბაოს (ესპანეთი) ქალთა მონასტერში გაეგზავნა, სადაც მშივრები მაინც არ იქნებოდნენ“.

არასელი: „მაშინ პატარები ვიყავით. მე სულ რაღაც თოთხმეტის გახლდით, ლაური — თორმეტის, რამონი კი — ათის. ოჯახთან განშორება ძალიან გაგვიჭირდა. ბილბაოს მონასტერში ვალაგებდით. ორი წლის შემდეგ მონაზვნებმა სარაგოსაში, უფრო დიდ მონასტერში, გაგვგზავნეს, სადაც მოხუცებს უვლიდნენ. ჩვენ სამზარეულოს დალაგება გვევალებოდა, რაც პატარა გოგონებისთვის მეტად დამქანცველი საქმე იყო“.

ფელისა: «როდესაც ჩემი დები სარაგოსაში გადაიყვანეს, დედაჩემმა და ბიძაჩემმა, რომელიც მღვდლად მსახურობდა, გადაწყვიტეს, რომ მეც იმავე მონასტერში გავემწესებინე. ისინი ფიქრობდნენ, რომ ამგვარად ჩამომაშორებდნენ ერთ მეზობელ ბიჭს, რომელსაც მოვწონდი. ძალიან რელიგიური ვიყავი, ამიტომ  მონასტერში დროებით ცხოვრების იდეამ მომხიბლა კიდეც. მესას ყოველდღიურად ვესწრებოდი და იმის სურვილიც მქონდა, რომ ჩემი დეიდაშვილივით, რომელიც ბერი იყო აფრიკაში, მისიონერი გავმხდარიყავი.

მარცხნივ: სარაგოსის მონასტერი; მარჯვნივ: ნაკარ-კოლუნგას სახელით ცნობილი ბიბლიის ესპანურენოვანი თარგმანი

მონაზვნებს დიდად არ წავუხალისებივარ სხვა ქვეყანაში ღვთის მსახურებისკენ და მონასტერში თავს ტუსაღივით ვგრძნობდი. ამიტომ ერთი წლის შემდეგ შინ დავბრუნდი, რათა იმ ბიძისთვის მომევლო, მღვდლად რომ მსახურობდა. ვაკეთებდი სახლის საქმეს და ყოველ საღამოს მასთან ერთად სავარდზე (კრიალოსანი) ვლოცულობდი. მიყვარდა ეკლესიის ყვავილებით მორთვა და „ღვთისმშობლისა“ და სხვა „წმინდანების“ ქანდაკებების შემკობა».

არასელი: «ამასობაში ჩვენი ცხოვრება შეიცვალა. „პირველი აღთქმების“ დადების შემდეგ მონაზვნებმა ჩემს დებს დამაშორეს. რამონი სარაგოსაში დატოვეს, ლაური ვალენსიაში გაგზავნეს, მე კი მადრიდში გადამიყვანეს, სადაც „მეორე აღთქმებიც“ დავდე. მადრიდის მონასტერი ღამის გასათევს სთავაზობდა სტუდენტებს, მოხუცებსა და სხვა სტუმრებს, ამიტომ საქმე მართლაც ბევრი გვქონდა. მე მონასტრის ლაზარეთში ვმუშაობდი.

გულწრფელად გითხრათ, მონაზვნად მსახურება უფრო საინტერესოდ მესახებოდა. ველოდი, რომ დიდ დროს დავუთმობდით ბიბლიის კითხვასა და შესწავლას, მაგრამ ღმერთზე, იესოსა და ბიბლიაზე სიტყვასაც არავინ ძრავდა. მხოლოდ ცოტაოდენი ლათინური და „წმინდანთა“ ცხოვრება შეგვასწავლეს, თაყვანს ვცემდით „ღვთისმშობელს“, თითქმის მთელი დრო კი მძიმე ფიზიკურ სამუშაოს მიჰქონდა.

მოსვენება დავკარგე. გადავწყვიტე, აბატისას, დედათა მონასტრის წინამძღვარს, დავლაპარაკებოდი. ვუთხარი, რომ არ მესმოდა ჩემი მძიმე შრომის მიზანი — სხვებს ვეხმარებოდი ჯიბის გასქელებაში მაშინ, როცა ჩემებს ასე ვჭირდებოდი. მან სენაკში გამომკეტა იმ იმედით, რომ „გონს მოვეგებოდი“ და მონასტრიდან წასვლას გადავიფიქრებდი.

მონაზვნებმა სამჯერ გამათავისუფლეს მხოლოდ იმიტომ, რომ გაეგოთ, კიდევ ვფიქრობდი თუ არა მონასტრიდან წასვლაზე. როდესაც დაინახეს, რომ ჩემს აზრზე ვრჩებოდი, მითხრეს, რომ იმ შემთხვევაში გამიშვებდნენ, თუკი წერილობით განვაცხადებდი: „მივდივარ, რადგან მირჩევნია სატანას ვემსახურო, ვიდრე ღმერთს“. მათმა ულტიმატუმმა სახტად დამტოვა. მართალია, ძალიან მინდოდა მონასტრის დატოვება, მაგრამ ასეთ სიტყვებს ვერასდროს დავწერდი. ბოლოს მოძღვართან შეხვედრა მოვითხოვე. მას შემდეგ, რაც ყველაფერი მოვუყევი, მან ნებართვა აიღო ეპისკოპოსისგან, რომ სარაგოსის მონასტერში დავებრუნებინე. რამდენიმე თვეში ამ მონასტრის დატოვების უფლებაც მომცეს. მალე ლაური და რამონიც წამოვიდნენ მონასტრიდან».

 „აკრძალული“ წიგნი განხეთქილების მიზეზი ხდება

ფელისა

ფელისა: «რაღაც დროის გასვლის შემდეგ გავთხოვდი და კანტაბრიაში (პროვინცია ესპანეთში) გადავედი საცხოვრებლად. კვლავაც რეგულარულად ვესწრებოდი მესას. ერთ კვირა დღესაც უჩვეულო რამ მოვისმინე. განრისხებულმა მღვდელმა ამბიონიდან დაიყვირა: „ხედავთ ამ წიგნს?!“. მან გვიჩვენა წიგნი „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი ჭეშმარიტება“ და განაგრძო: „თუ ვინმემ უკვე მოგცათ ეს წიგნი ან მე მომეცით, ან თავად გადააგდეთ!“.

ეს წიგნი არ მქონდა, თუმცა ძალიან მომინდა მისი ხელში ჩაგდება. რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, რამდენიმე დღის შემდეგ ორმა იეჰოვას მოწმე ქალბატონმა კარზე დამიკაკუნა და სწორედ „აკრძალული“ წიგნი შემომთავაზა. წიგნი იმავე ღამეს წავიკითხე და როდესაც მოწმეები კვლავ მესტუმრნენ, ბიბლიის შესწავლაზე დავთანხმდი.

„აკრძალული“ წიგნი

მივხვდი, რომ ჭეშმარიტება ვიპოვე. ყოველთვის ღრმადმორწმუნე ვიყავი და როცა იეჰოვა, ჭეშმარიტი ღმერთი გავიცანი, ის უზომოდ შემიყვარდა და მისი მსახურების სურვილით ავენთე. 1973 წელს მოვინათლე. მართალია, ხშირად ვერ ვახერხებდი ოჯახის წევრებთან ქადაგებას, მაგრამ ვცდილობდი, შესაძლებლობა ხელიდან არ გამეშვა. როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ისინი გააფთრებით მეწინააღმდეგებოდნენ, განსაკუთრებით კი — არასელი».

არასელი: «მონასტერში ბევრი სიმწარე ვნახე, რის გამოც უარყოფითი გრძნობები მომეძალა. თუმცა კვირაობით მესას კვლავ ვესწრებოდი და სავარდზეც ვლოცულობდი. ბიბლიის გაგების სურვილი ოდნავადაც არ გამნელებია და ღმერთს დახმარებას შევთხოვდი. ამ პერიოდში ფელისამ თავის ახალშეძენილ რწმენაზე მიამბო. იგი ისე გატაცებით საუბრობდა, მეგონა ჭკუიდან შეიშალა. ჩემთვის სრულიად მიუღებელი იყო, რასაც იგი ამბობდა.

არასელი

რამდენიმე წელიწადში მადრიდში დავბრუნდი სამუშაოდ და გავთხოვდი. ამასობაში უფრო სკეპტიკურად განვეწყვე ჩემი რელიგიისადმი. ვამჩნევდი, რომ ისინი, ვინც არასდროს აცდენდნენ მესას, არ ცხოვრობდნენ სახარებისეული სწავლებების თანახმად. ამიტომ საერთოდ შევწყვიტე ეკლესიაში სიარული. აღარც „წმინდანები“ მწამდნენ და არც ცეცხლოვანი ჯოჯოხეთისა თუ აღსარების მჯეროდა. ყველა გამოსახულება თავიდან მოვიშორე. მაგრამ დარწმუნებული არ ვიყავი, რომ სწორად ვიქცეოდი. გულგატეხილი ღმერთს  შევთხოვდი: „მინდა, გაგიცნო. ღმერთო, შემეწიე!“. მახსოვს, იეჰოვას მოწმეებმა რამდენიმეჯერ მომიკაკუნეს, მაგრამ მათთვის კარი ერთხელაც არ გამიღია. ყველა რელიგიისადმი დავკარგე ნდობა.

1980-იანი წლების დასაწყისში ჩემმა დებმა, რომელთაგანაც ერთი (ლაური) საფრანგეთში ცხოვრობდა, ხოლო მეორე (რამონი) — ესპანეთში, იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყეს. ვფიქრობდი, რომ ისინიც ფელისასავით მოტყუებულნი იყვნენ. მოგვიანებით გავიცანი მეზობლად მცხოვრები ქალი, ანხელინესი, რომელიც ჩემი ახლო მეგობარი გახდა. ისიც იეჰოვას მოწმე იყო. მან და მისმა მეუღლემ არაერთხელ შემომთავაზეს ბიბლიის შესწავლა. ისინი ამჩნევდნენ, რომ სკეპტიციზმის ნიღაბს ამოფარებული ჭეშმარიტებას მოწყურებული ქალი ვიყავი. ბოლოს ვუთხარი: „კარგი, თანახმა ვარ ბიბლიის შესწავლაზე, ოღონდ ერთი პირობით — მე ჩემს ბიბლიას გამოვიყენებ“. მხედველობაში მქონდა ბიბლიის ესპანურენოვანი თარგმანი, რომელიც ნაკარ-კოლუნგას სახელითაა ცნობილი».

ბიბლია გვაერთიანებს

ფელისა: „1973 წელს მოვინათლე. მაშინ სანტანდერში (კანტაბრიის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი, ესპანეთი) დაახლოებით 70 იეჰოვას მოწმე ცხოვრობდა. საკმაოდ ვრცელ ტერიტორიაზე ვქადაგებდით; ერთი პერიოდი ავტობუსით გვიხდებოდა გადაადგილება, მოგვიანებით კი — ავტომობილით. სოფლიდან სოფელში გადავდიოდით და საბოლოოდ კანტაბრიის პროვინციაში ასობით სოფელს ვესტუმრეთ.

წლების განმავლობაში, ბევრ ადამიანს ვასწავლიდი ბიბლიას, რომელთაგანაც 11 მოინათლა. მათი უმრავლესობა კათოლიკე იყო. ვინაიდან თავის დროზე მეც თავგამოდებული კათოლიკე ვიყავი, ვიცოდი, რომ მომთმენი უნდა ვყოფილიყავი და მათ მდგომარეობაში შევსულიყავი. ვხვდებოდი, რომ შემსწავლელებს დრო სჭირდებოდათ ცრუ სწავლებების უარსაყოფად, აგრეთვე იმისათვის, რომ ღვთის სიტყვასა და იეჰოვას წმინდა სულს მათ გულზე ემოქმედა და ეკარნახა, თუ რა იყო ჭეშმარიტება (ებრ. 4:12). ჩემი მეუღლე, ბიენვენიდო, რომელიც პოლიციელი იყო, 1979 წელს მოინათლა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე დედაჩემმაც დაიწყო ბიბლიის შესწავლა“.

არასელი: «როდესაც მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დავიწყე, ბევრ რამეს ეჭვის თვალით ვუყურებდი. მაგრამ კვირა კვირას მისდევდა და უარყოფითი გრძნობებიც სადღაც ქრებოდა. ყველაზე მეტად მოწმეებში ის მომწონდა, რომ იმის თანახმად ცხოვრობდნენ, რასაც ასწავლიდნენ. ეჭვები რწმენამ შეცვალა და ვიგრძენი, რომ უფრო ბედნიერი ვიყავი. ეს არც ჩემს მეზობლებს დარჩენიათ შეუმჩნეველი. ერთ-ერთმა მათგანმა მითხრა კიდეც: „არასელი, მაგ გზიდან არ გადაუხვიო!“.

მახსოვს, ვლოცულობდი: „გმადლობ, იეჰოვა, რომ ხელი არ ჩაგიქნევია ჩემზე და ამდენჯერ მომეცი შესაძლებლობა, გამეგო ის, რაც ასე მაინტერესებდა — თუ სინამდვილეში რას ასწავლის ბიბლია“. გარდა ამისა, პატიება ვთხოვე ჩემს დას, ფელისას, რომ ასე ვატკინე გული მწარე სიტყვებით. მას შემდეგ კი აღარ ვკამათობდით, არამედ ბიბლიურ საკითხებზე ვმსჯელობდით. 1989 წელს, 61 წლის ასაკში, მოვინათლე».

ფელისა: „დღეს ქვრივი ვარ. უკვე 91 წლისა გავხდი და უწინდებურად ჯანიც აღარ მომდევს. თუმცა ბიბლიას ყოველდღე ვკითხულობ, შეძლებისდაგვარად ვესწრები კრების შეხვედრებს და მსახურებაშიც ვმონაწილეობ“.

არასელი: «ძალიან მიყვარს მღვდლებთან და მონაზვნებთან ქადაგება. ალბათ, იმიტომ, რომ თავადაც მონაზონი გახლდით. მათთან ბევრი საინტერესო საუბარი მქონია და ბევრი პუბლიკაციაც დამიტოვებია. მახსენდება შემთხვევა, როცა ერთმა მღვდელმა რამდენიმე მონახულების შემდეგ, მითხრა: „არასელი, ყველაფერში გეთანხმები, მაგრამ ჩემს ასაკში სად წავიდე?! რას იტყვის მრევლი ან რას იტყვიან ჩემი ოჯახის წევრები?“. მე მივუგე: „და ღმერთი რაღას იტყვის?!“. მან სინანულით დააქნია თავი, მაგრამ მაშინ გაბედულება არ ეყო, რომ ჭეშმარიტების ძიება განეგრძო.

გუშინდელივით მახსოვს დღე, როცა ჩემმა მეუღლემ კრების შეხვედრაზე წამოსვლის სურვილი გამოთქვა. მართალია, ის იმ დროისთვის უკვე 80-ს გადაცილებული იყო, მაგრამ მას შემდეგ კრების არც ერთი შეხვედრა არ გაუცდენია. ის სწავლობდა ბიბლიას და მოუნათლავი მაუწყებელიც გახდა. სამწუხაროდ, ნათლობამდე ორი თვით ადრე იგი გარდაიცვალა».

ფელისა: „უბედნიერესი ვიყავი, როცა ვხედავდი, როგორ შეცვალა ჭეშმარიტებამ ჩემი სამი უმცროსი და, რომლებიც თავდაპირველად მეწინააღმდეგებოდნენ, მაგრამ ბოლოს ჩემი სულიერი დებიც გახდნენ. ძალიან გვსიამოვნებდა ერთად ყოფნა და საუბარი ჩვენს ძვირფას მამა იეჰოვასა და მის სიტყვაზე. რა ბედნიერებაა, რომ ოჯახი სულიერად გავერთიანდით!“. *

^ აბზ. 29 არასელი (87 წ.), რამონი (83 წ.) და ფელისა (91 წ.) დღემდე ერთგულად ემსახურებიან იეჰოვას. რაც შეეხება ლაურის, ის 1990 წელს გარდაიცვალა; იგი სიკვდილამდე იეჰოვას ერთგული იყო.