წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) აპრილი 2016

ბრძნულად იყენებთ წარმოსახვის უნარს?

ბრძნულად იყენებთ წარმოსახვის უნარს?

ის ათას ხუთას გრამსაც არ იწონის, თუმცა მას „სამყაროში აღმოჩენილ მექანიზმებს შორის ურთულესს“ უწოდებენ. ეს ადამიანის ტვინია, რომელიც ნამდვილად უნიკალურია. მართლაც, რაც უფრო მეტს ვიგებთ მის შესახებ, მით უფრო ვაფასებთ იეჰოვას „საოცარ საქმეებს“ (ფსალმ. 139:14). მოდი, ამ სტატიაში ტვინის ერთ-ერთ გამორჩეულ შესაძლებლობაზე — წარმოსახვის უნარზე — ვისაუბროთ.

რა არის წარმოსახვის უნარი? ერთი ენციკლოპედიის თანახმად, ის განიმარტება, როგორც „ადამიანის სპეციფიკური უნარი, წარმოიდგინოს აღუქმელი, არარსებული [და] უნახავი“. ალბათ, მიხვდით, რომ წარმოსახვის უნარი თქვენც არაერთხელ გამოგიყენებიათ. მაგალითად, გონების თვალით შესაძლოა არაერთხელ წარმოგისახავთ ადგილი, სადაც არასდროს ყოფილხართ, მაგრამ გსმენიათ ან წაგიკითხავთ მის შესახებ. ამგვარად, წარმოსახვის უნარს მივმართავთ, როცა ვფიქრობთ იმაზე, რასაც ვერ ვხედავთ, რაც არ გვესმის, რასაც ვერ ვეხებით, ანდაც მაშინ, როცა წარმოვიდგენთ რისამე სუნსა თუ გემოს.

ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღმერთმა განიზრახა, თავის ანარეკლად შეექმნა ადამიანი და ასეც მოიქცა (დაბ. 1:26, 27). ნუთუ ეს ფაქტი იმაზე არ მეტყველებს, რომ თავად იეჰოვა ფლობს წარმოსახვის უნარს? და, რადგანაც მან ის ჩვენც გვიბოძა, ლოგიკურია, მოელის, რომ ამ უნარს მისი ნების გასაგებად გამოვიყენებთ (ეკლ. 3:11). როგორ გამოვიყენოთ წარმოსახვის უნარი ისე, რომ ამ მიზანს მივაღწიოთ? და, რა შემთხვევაში გამოვიყენებთ მას არასწორად?

როგორ არ უნდა გამოვიყენოთ წარმოსახვის უნარი?

1) ნუ გამოიყენებთ წარმოსახვის უნარს შეუფერებელ დროს და ნუ იფიქრებთ ღვთისთვის მიუღებელ თემებზე.

ფიქრსა და ოცნებაში თავისთავად ცუდი არაფერია. უფრო მეტიც, ეს შესაძლოა მრავალმხრივ წაგვადგეს კიდეც. თუმცა, როგორც ეკლესიასტეს 3:1-იდან ვიგებთ, „ყველა საქმეს აქვს თავისი დრო ცისქვეშეთში“, შესაბამისად, შეიძლება ზოგი „საქმით“ შეუფერებელ დროს დავკავდეთ. მაგალითად, მოემსახურება წარმოსახვის უნარი ჩვენს კეთილდღეობას, თუ კრების შეხვედრაზე ან ბიბლიის პირადი შესწავლის დროს ფიქრებით სხვაგან ვიქნებით? თავად იესომ მოგვცა გაფრთხილება იმის თაობაზე, რომ გონება ღვთისთვის მიუღებელი ფიქრებით არ დაგვეკავებინა, მაგალითად, არ მიგვეცა გასაქანი უზნეო ფანტაზიებისთვის (მათ. 5:28). არსებობს საკითხები, რომელზე ფიქრის შემთხვევაშიც ძალიან ვატკენთ გულს იეჰოვას. უზნეო ფიქრებმა შესაძლოა უზნეო საქციელამდე მიგვიყვანოს. ასე რომ, ნუ გამოიყენებთ წარმოსახვის უნარს ისე, რომ ამან იეჰოვას ჩამოგაშოროთ!

2) თავს ნუ მოიტყუებთ, რომ სიმდიდრეა უსაფრთხოების გარანტი.

მატერიალური ნივთები ნამდვილად საჭიროა. თუმცა აუცილებლად გაგვიცრუვდება იმედი, თუ მათ უსაფრთხოებისა და ბედნიერების გარანტად მივიჩნევთ. ბრძენმა მეფე სოლომონმა დაწერა: „მდიდრისთვის ქონება ძლიერი ქალაქია, ის მას გალავნად წარმოუდგენია“ (იგავ.  18:11). მაგალითად, 2009 წლის სექტემბერში ფილიპინების დედაქალაქი მანილა კოკისპირული წვიმების შედეგად თითქმის მთლიანად (80%-ზე მეტი) დაიტბორა. საინტერესოა, რა ბედი ეწიათ მდიდრებს? ერთ-ერთმა მათგანმა, რომელიც სტიქიამ ძლიერ დააზარალა, თქვა: „წყალდიდობამ მდიდარიც და ღარიბიც საშინელი რეალობის წინაშე დაგვაყენა“. შესაძლოა თავს ვიტყუებთ, რომ მატერიალური ნივთებია ჩვენი უსაფრთხოების გარანტი, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არაა.

3) ნუ იდარდებთ იმაზე, რაც შეიძლება არასდროს მოხდეს.

იესომ მოგვიწოდა, რომ გადამეტებულად არ გვეწუხა (მათ. 6:34). თუ გამუდმებით ვწუხვართ რაღაცაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ აქტიურად ვიყენებთ წარმოსახვის უნარს. გამუდმებით წუხილმა არარსებულ პრობლემებზე — იმაზე, რაც ჯერ არ მომხდარა და შესაძლოა არც არასდროს მოხდეს — შეიძლება ძალ-ღონე გამოგვაცალოს. წმინდა წერილებიდან ვხედავთ, რომ დარდმა ადამიანი შეიძლება გულგატეხილობამდე და დეპრესიამდეც კი მიიყვანოს (იგავ. 12:25). ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ იესოს მითითება, არ ვიწუხოთ გადამეტებულად და ყოველდღიური საზრუნავით შემოვიფარგლოთ.

როგორ უნდა გამოვიყენოთ წარმოსახვის უნარი?

1) განჭვრიტეთ სახიფათო სიტუაციები და აირიდეთ თავიდან.

წმინდა წერილები მოგვიწოდებს, რომ წინდახედულები ვიყოთ (იგავ. 22:3). წარმოსახვის უნარის წყალობით, წინასწარ განვსაზღვრავთ, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მიღებულ გადაწყვეტილებებს. მაგალითად, რა მხრივ წაგადგებათ წარმოსახვის უნარი, თუ რაიმე წვეულებაზე გეპატიჟებიან? მას შემდეგ, რაც გაიგებთ იმას, თუ ვინ ხართ დაპატიჟებული, რა მასშტაბის წვეულებაა ან სად და როდის ჩატარდება, იმაზეც დაფიქრდით, თუ რა გარემო დაგხვდებათ. იქნება ჯანსაღი ატმოსფერო, სადაც არ დაირღვევა ბიბლიური პრინციპები? ამგვარ საკითხებზე დაფიქრება, დაგეხმარებათ გონების თვალით წარმოისახოთ ის, თუ როგორ წარიმართება ეს წვეულება. თუ წარმოსახვის უნარს ბრძნული გადაწყვეტილებების მისაღებად ვიყენებთ, არ აღმოვჩნდებით სიტუაციებში, რომელიც ჩვენს სულიერობას შეუქმნიდა საფრთხეს.

2) ეძებეთ პრობლემის გადაჭრის გზები.

წარმოსახვის უნარი იმაშიც გვეხმარება, რომ თვალი გავუსწოროთ პრობლემას და მოვაგვაროთ ის. დავუშვათ, კრებაში თანაქრისტიანთან გაუგებრობა გაქვთ. რას გააკეთებთ მასთან მშვიდობის აღსადგენად? ასეთ დროს უამრავ რამეზე უნდა დაფიქრდეთ. მაგალითად, როგორ ურთიერთობს ეს და ან ძმა სხვებთან? როდის იქნება პრობლემაზე სასაუბროდ შესაფერისი დრო?  როგორ სიტყვებს და ხმის ტონს შეარჩევთ მასთან სასაუბროდ? წარმოსახვის უნარი დაგეხმარებათ, გონებაში სხვადასხვა სცენა გაითამაშოთ. შესაძლო სიტუაციებზე დაფიქრების შემდეგ შეძლებთ ისეთი ვარიანტის შერჩევას, რომელიც, თქვენი აზრით, ყველაზე მეტად გაამართლებს (იგავ. 15:28). სირთულეების დროს ასეთი მიდგომა კრებაში სიმშვიდეს შეუწყობს ხელს. თუ ასე ვიქცევით, ნამდვილად ბრძნულად ვიყენებთ წარმოსახვის უნარს.

3) უფრო აზრიანი გახადეთ ბიბლიის კითხვისა და პირადი შესწავლის პროგრამა.

ბიბლიის ყოველდღიური კითხვა მნიშვნელოვანია. თუმცა წაკითხული გვერდების რაოდენობაზე მნიშვნელოვანი მასალის პრაქტიკული ღირებულების დანახვა და ნასწავლის ცხოვრებაში გამოყენების სურვილია. ბიბლიის კითხვამ იეჰოვას საქმეებისადმი მადლიერება უნდა გაგვიღრმაოს. ამაში წარმოსახვის უნარი დაგვეხმარება. მაგალითისთვის ავიღოთ ჩვენი პუბლიკაცია „მიჰბაძეთ მათ რწმენას“. ამ წიგნში ჩაწერილი ისტორიების კითხვა ჩვენში წარმოსახვის უნარს აღვიძებს, რადგან გვეხმარება წარმოვიდგინოთ, თუ სად და რა ვითარებაში უწევდათ ცხოვრება ბიბლიის პერსონაჟებს. მისი მეშვეობით იქ წარმოვიდგენთ თავს, სადაც აღწერილი მოვლენები ვითარდებოდა. ჩვენ, თითქოსდა, ჩაგვესმება ხმები, შევიგრძნობთ სურნელს და, ამასთანავე, ჩავწვდებით ღვთის ერთგულ მსახურთა გრძნობებს. შედეგად, ერთი შეხედვით, კარგად ნაცნობ ბიბლიურ ისტორიებში ახალ-ახალ, ფასეულ და გამამხნევებელ აზრებს შევნიშნავთ. თუ ასე გამოვიყენებთ წარმოსახვის უნარს, ჩვენი ბიბლიის კითხვისა და პირადი შესწავლის პროგრამა უფრო აზრიანი გახდება.

4) განივითარეთ და გამოავლინეთ თანაგრძნობა.

თანაგრძნობა შესანიშნავი თვისებაა, რომლის წყალობითაც ადამიანს სხვისი სატკივარი გულთან ახლოს მიაქვს. ვინაიდან იეჰოვაც და იესოც თანამგრძნობნი არიან, კარგი იქნება, თუ მივბაძავთ მათ (გამ. 3:7; ფსალმ. 72:13). როგორ განვივითაროთ თანაგრძნობა? ამ მხრივ დიდ სამსახურს გაგვიწევს წარმოსახვის უნარი. შესაძლოა ჩვენთვის უცხო იყოს ის სირთულეები, რომლებსაც თანაქრისტიანები ხვდებიან, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი, შეგვიძლია ვკითხოთ საკუთარ თავს: „როგორ ვიგრძნობდი თავს მსგავს სიტუაციაში? რა სახის დახმარება დამჭირდებოდა?“. თუ ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად წარმოსახვის უნარს მოვიშველიებთ, უფრო თანამგრძნობები გავხდებით. თანაგრძნობა ჩვენ, როგორც ქრისტიანებს, ცხოვრების ყველა სფეროში გამოგვადგება — იქნება ეს სამქადაგებლო საქმე თუ თანაქრისტიანებთან ურთიერთობა.

5) წარმოისახეთ, თუ როგორი ცხოვრება გველის ახალ ქვეყნიერებაში.

წმინდა წერილები ნათელ წარმოდგენას გვიქმნის, თუ როგორი იქნება ცხოვრება ღვთის დაპირებულ ახალ ქვეყნიერებაში (ეს. 35:5—7; 65:21—25; გამოცხ. 21:3, 4). გარდა ამისა, ჩვენს პუბლიკაციებში მრავლადაა ახალი ქვეყნიერების ამსახველი ილუსტრაციები, რის წყალობითაც ჩვენში წარმოსახვის უნარი იღვიძებს და კიდევ უფრო რეალური ხდება ღვთის მიერ აღთქმული კურთხევები. იეჰოვამ, რომელმაც თითოეულ ჩვენგანში ჩადო წარმოსახვის უნარი, საუკეთესოდ უწყის, თუ რამხელა ძალა გააჩნია მას. თუ ამ უნარის მეშვეობით მის დაპირებებს გონებაში გავაცოცხლებთ, მათდამი რწმენა შეგვემატება და განსაცდელების მიუხედავად ერთგულების შენარჩუნებას შევძლებთ.

მოსიყვარულე მამამ წარმოსახვის გასაოცარი უნარი გვიბოძა. მისი წყალობით, შეგვიძლია ღმერთს ყოველდღე ღირსეულად ვემსახუროთ. მოდი, ყოველთვის ბრძნულად გამოვიყენოთ წარმოსახვის უნარი, რითაც მადლიერებას დავუმტკიცებთ იეჰოვას, ამ ძვირფასი ძღვნის მბოძებელს!