წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) აგვისტო 2016

ხედავთ სხვების მომზადების საჭიროებას?

ხედავთ სხვების მომზადების საჭიროებას?

„კარგ დარიგებას მოგცემთ“ (იგავ. 4:2).

სიმღერები: 93, 96

1, 2. რატომ არის საჭირო სხვების მომზადება თეოკრატიული დავალებების შესასრულებლად?

სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება იესოსთვის უმთავრესი დავალება იყო. თუმცა ის დროს იმისთვისაც გამოყოფდა, რომ სხვები მწყემსებად და მასწავლებლებად მოემზადებინა (მათ. 10:5—7). მიუხედავად იმისა, რომ ფილიპე სასიხარულო ცნობის ქადაგებით იყო დაკავებული, ეჭვგარეშეა, ის ეხმარებოდა თავის ოთხ ქალიშვილს, ბიბლიური ჭეშმარიტების დახელოვნებული მქადაგებლები ყოფილიყვნენ (საქ. 21:8, 9). დღეს რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი მომზადება?

2 მთელ მსოფლიოში იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც სასიხარულო ცნობას ეხმაურება. ახლებმა, რომლებიც ჯერ არ არიან მონათლულები, უნდა იცოდნენ, რამდენად მნიშვნელოვანია ბიბლიის პირადად კვლევა. მათ აგრეთვე უნდა ისწავლონ, როგორ გაუზიარონ სხვებს სასიხარულო ცნობა და როგორ შეასწავლონ მათ ჭეშმარიტება. უნდა წავახალისოთ ძმები, რომ ისწრაფონ კრებაში მომსახურედ ან უხუცესად მსახურებისკენ. მოწიფულ ქრისტიანებს შეუძლიათ, რჩევა-დარიგება მისცენ ახლებს და მათ სულიერ წინსვლაში დაეხმარონ (იგავ. 4:2).

 დაეხმარეთ ახლებს ღვთიური სიბრძნის შეძენასა და გაძლიერებაში

3, 4. ა) როგორ დაუკავშირა პავლემ წმინდა წერილების კვლევა ნაყოფიერ მსახურებას? ბ) რის გაკეთება გვმართებს, ვიდრე შემსწავლელს ბიბლიის პირადი კვლევისკენ წავახალისებთ?

3 რამდენად მნიშვნელოვანია წმინდა წერილების პირადად კვლევა? ამ კითხვაზე პასუხს ვიგებთ კოლოსელი ქრისტიანებისთვის პავლეს მიერ მიწერილი წერილიდან. ის წერდა: „არ შეგვიწყვეტია თქვენთვის ლოცვა და იმის თხოვნა, რომ აღივსოთ მისი [ღვთის] ნების საფუძვლიანი ცოდნით, ყოველი სიბრძნითა და სულიერი გაგებით, რათა იეჰოვას ღირსად იაროთ იმ მიზნით, რომ ყველაფერში ასიამოვნოთ მას — ყოველ კარგ საქმეში ნაყოფი გამოიღოთ და ღვთის შესახებ საფუძვლიანი ცოდნა გაიღრმაოთ“ (კოლ. 1:9, 10). ასეთი საფუძვლიანი ცოდნის წყალობით კოლოსელი ქრისტიანები იეჰოვას ღირსად ივლიდნენ, რათა ყველაფერში ესიამოვნებინათ მისთვის. ეს დაეხმარებოდა მათ, კვლავაც გამოეღოთ ნაყოფი ყოველ კარგ საქმეში, განსაკუთრებით სასიხარულო ცნობის ქადაგების საქმეში. ნაყოფიერი მსახურებისთვის იეჰოვას თაყვანისმცემელი რეგულარულად უნდა იკვლევდეს ბიბლიას. ჩვენ უნდა დავანახვოთ ბიბლიის შემსწავლელებს ამის აუცილებლობა.

4 ვიდრე სხვებს დავანახვებთ, რომ ბიბლიის პირადად კვლევა მნიშვნელოვანია, ჯერ ჩვენ უნდა ვიყოთ ამაში დარწმუნებულნი და ბიბლიის კვლევის კარგი უნარ-ჩვევები უნდა გვქონდეს. ჰკითხეთ საკუთარ თავს: როცა მობინადრე ბიბლიური სწავლებების საწინააღმდეგო აზრს გამოთქვამს ან რთულ კითხვას მისვამს, შემიძლია მას ბიბლიიდან ვუპასუხო? როცა ვკითხულობ, რა შეუპოვრობით მსახურობდნენ იესო, პავლე და სხვები, ვფიქრობ იმაზე, როგორ უნდა იმოქმედოს მათმა მაგალითმა იეჰოვასადმი ჩემს მსახურებაზე? ყველას გვჭირდება ღვთის სიტყვიდან ცოდნისა და რჩევების მიღება. თუ სხვებს გავუზიარებთ, რა ვისწავლეთ ბიბლიის პირადი კვლევისას და როგორ დაგვეხმარა ნასწავლი, მათაც წავახალისებთ, გულმოდგინედ იკვლიონ წმინდა წერილები და სულიერად გაძლიერდნენ.

5. როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ ახლებს, რეგულარულად იკვლიონ ბიბლია?

5 ალბათ ფიქრობთ, როგორ შეგიძლიათ ბიბლიის შემსწავლელს დაეხმაროთ, რეგულარულად იკვლიოს ბიბლია. კარგი იქნება, თუ თავიდან დაეხმარებით, შესწავლისთვის მოემზადოს. შეგიძლიათ ურჩიოთ, წაიკითხოს შესაბამისი დანართი წიგნიდან „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ და ბიბლიაში ნახოს მითითებული მუხლები. დაეხმარეთ, მოემზადოს კრების შეხვედრებისთვის, რათა კომენტარი გააკეთოს. წაახალისეთ, წაიკითხოს „საგუშაგო კოშკისა“ და „გამოიღვიძეთ!“-ის ყველა ნომერი. თუ მის ენაზე ხელმისაწვდომია საგუშაგო კოშკის ბიბლიოთეკა და საგუშაგო კოშკის ონლაინ ბიბლიოთეკა, აჩვენეთ, როგორ შეუძლია მათი გამოყენება ბიბლიურ კითხვებზე პასუხების მისაღებად. ასეთი დახმარების შედეგად, ალბათ, მალე ის დიდი სიამოვნებით გამოიკვლევს ღვთის სიტყვას.

6. ა) როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ შემსწავლელს, გაიღრმაოს ბიბლიისადმი სიყვარული? ბ) რისკენ აღძრავს შემსწავლელს ბიბლიისადმი ძლიერი სიყვარული?

 6 ცხადია, არავის უნდა დავაძალოთ ბიბლიის კითხვა და კვლევა. პირიქით, უნდა გამოვიყენოთ სწავლაში დამხმარე ყველა საშუალება, რომელთაც იეჰოვას ორგანიზაცია გვთავაზობს, რათა ბიბლიისადმი სიყვარული გავუღრმაოთ შემსწავლელს. დროთა განმავლობაში გულწრფელმა შემსწავლელმა შეიძლება იგრძნოს ის, რასაც ფსალმუნმომღერალი გრძნობდა, როცა ამბობდა: „ჩემთვის კარგია ღმერთთან დაახლოება. უზენაესი უფალი იეჰოვაა ჩემი თავშესაფარი“ (ფსალმ. 73:28). იეჰოვა თავისი წმინდა სულით დაეხმარება მას, ვინც მთელი გულით ცდილობს მასთან დაახლოებას.

მოამზადეთ ახლები მქადაგებლებად და მასწავლებლებად

7. როგორ მოამზადა იესომ სასიხარულო ცნობის მქადაგებლები? (იხილეთ სურათი 25-ე გვერდზე)

7 მათეს მე-10 თავში ჩაწერილია 12 მოციქულისთვის იესოს მიერ მიცემული რჩევები. ნაცვლად იმისა, რომ ზოგადად ესაუბრა, მან კონკრეტული მითითებები მისცა მათ. [1] მოციქულებმა მოისმინეს იესოს რჩევები, თუ როგორ ექადაგათ ეფექტურად და შემდეგ საქადაგებლად წავიდნენ. ისინი აკვირდებოდნენ იესოს ქადაგების მეთოდებს, ამიტომ მალევე გახდნენ ჭეშმარიტების დახელოვნებული მასწავლებლები (მათ. 11:1). ჩვენც შეგვიძლია მოვამზადოთ ჩვენი შემსწავლელები, რომ სასიხარულო ცნობის დახელოვნებული მქადაგებლები გახდნენ. ქვემოთ შევეხებით ორ საკითხს, რომლებიც მათთვის დამხმარე იქნება.

8, 9. ა) როგორ ესაუბრებოდა იესო ადამიანებს მსახურებაში? ბ) როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ ახალ მაუწყებლებს, მიჰბაძონ იესოს სხვებთან საუბრისას?

8 ხალხთან საუბარი. იესო ხშირად ესაუბრებოდა ცალკეულ ადამიანებს სამეფოს შესახებ. მაგალითად, ერთხელ ქალაქ სიქართან ახლოს მდებარე იაკობის წყაროსთან იესოსა და ერთ ქალს შორის საინტერესო საუბარი შედგა, რომელსაც სასურველი შედეგი მოჰყვა (იოან. 4:5—30). სხვა დროს იესო გამოელაპარაკა გადასახადების ამკრეფ მათეს. სახარებებში ბევრი არაფერია ნათქვამი ამ საუბრის შესახებ, თუმცა ჩვენთვის ცნობილია, რომ მათე გამოეხმაურა იესოს მოწოდებას და მისი მიმდევარი გახდა. მოგვიანებით თავის სახლში გამართულ ნადიმზე მათესა და სხვებს მიეცათ იესოს მოსმენის შესაძლებლობა (მათ. 9:9; ლუკ. 5:27—39).

9 სხვა შემთხვევაში იესო მეგობრულად ელაპარაკა ნათანაელს, რომელიც ეჭვის თვალით უყურებდა ნაზარეთელებს. ასეთი მიდგომის შედეგად ნათანაელმა თვალსაზრისი შეიცვალა და გადაწყვიტა, ახლოს გაცნობოდა იესო ნაზარეთელის სწავლებებს (იოან. 1:46—51). ასე რომ, ჩვენც გვაქვს საფუძვლიანი მიზეზი, ვასწავლოთ ახალ მაუწყებლებს, ადამიანებს მეგობრულად მიუდგნენ და საუბრის დროს თავისუფლად აგრძნობინონ თავი. [2] მათ, ვისაც ასე ვეხმარებით, გაახარებს იმის დანახვა, რომ პირადი ინტერესის გამოვლენა და კეთილი სიტყვები დადებითად განაწყობს გულმართალ ადამიანებს.

1012. ა) როგორ უღვივებდა იესო ინტერესს მათ, ვინც სასიხარულო ცნობას ეხმაურებოდა? ბ) როგორ შეგვიძლია ახალ მაუწყებლებს ბიბლიის სწავლების უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში დავეხმაროთ?

10 ინტერესის გაღვივება. თავისი მსახურების შესასრულებლად იესოს ცოტა დრო ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ის დროს გამოყოფდა იმ ადამიანებში ინტერესის გასაღვივებლად, რომლებიც ეხმაურებოდნენ სასიხარულო ცნობას. ერთხელ იესომ მასთან შეკრებილ უამრავ ხალხს ნავიდან უქადაგა. შემდეგ პეტრეს სასწაულებრივად დიდი რაოდენობით თევზი დააჭერინა და უთხრა: „ამიერიდან ცოცხალ ადამიანებს დაიჭერ“. რა მოჰყვა შედეგად იესოს სიტყვებსა და ქმედებას? პეტრემ და მასთან ერთად მყოფმა კაცებმა „ნავები ნაპირზე გამოათრიეს, ყველაფერი მიატოვეს და მას [იესოს] გაჰყვნენ“ (ლუკ. 5:1—11).

11 ნიკოდემე, რომელიც სინედრიონის წევრი იყო, დაინტერესდა იესოს სწავლებით. მას  მეტის გაგება სურდა, თუმცა ეშინოდა, რას იტყოდნენ სხვები, თუ ყველას დასანახად დაელაპარაკებოდა იესოს. იესომ გაითვალისწინა ეს და დრო გამოყო, რომ ნიკოდემეს ღამით შეხვედროდა, როცა ვერავინ დაინახავდა მათ (იოან. 3:1, 2). რას ვსწავლობთ ზემოთ მოყვანილი შემთხვევებიდან? ღვთის ძე დროს არ ზოგავდა, რომ ცალკეული ადამიანების რწმენა განემტკიცებინა. ჩვენც არ უნდა დავიშუროთ ძალისხმევა, რომ განმეორებით მოვინახულოთ ადამიანები და დაინტერესებულებთან ბიბლიის შესწავლა ჩავატაროთ.

12 თუ ახალ მაუწყებლებთან ერთად ვიქადაგებთ, დიდი ალბათობაა, რომ ისინი გაიუმჯობესებენ ბიბლიის სწავლების უნარ-ჩვევებს. ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ მათ, მხედველობიდან არ გამორჩეთ ისინი, ვინც თუნდაც მცირე ინტერესს გამოავლენს. კარგი იქნება, თუ წავიყვანთ მათ განმეორებით მონახულებებსა თუ ბიბლიის შესწავლებზე. მომზადებისა და გამხნევების შედეგად გამოუცდელ მაუწყებლებს გაუჩნდებათ სურვილი, ინტერესი გაუღვივონ იმ ადამიანებს, რომლებსაც უქადაგეს, და თავად ჩაატარონ ბიბლიის შესწავლები. ამასთან, ისინი სწავლობენ, მსახურების დროს გამოავლინონ მოთმინება და შეუპოვრობა და არ შეუშინდნენ სიძნელეებს (გალ. 5:22; იხილეთ ჩარჩო „ შეუპოვრობა მნიშვნელოვანია“).

ასწავლეთ ახლებს, მოემსახურონ თანამორწმუნეებს

13, 14. ა) რას ფიქრობთ მათ მაგალითებზე, ვინც ბიბლიურ დროში თავს არ ზოგავდა სხვების დასახმარებლად? ბ) როგორ შეგიძლიათ პრაქტიკულად დაეხმაროთ ახლებსა თუ ახალგაზრდებს, სიყვარული გამოავლინონ და-ძმების მიმართ?

13 ბიბლიიდან ნათლად ჩანს, რომ ჩვენთვის, ღვთის მსახურთათვის პატივია, გამოვავლინოთ ძმათმოყვარეობა და ერთმანეთს მოვემსახუროთ (წაიკითხეთ 1 პეტრეს 1:22; ლუკას 22:24—27). ღვთის ძემ გაიღო ყველაფერი, საკუთარი სიცოცხლეც კი, რათა მომსახურებოდა სხვებს (მათ. 20:28); ქურციკი „ბევრ კარგ საქმეს აკეთებდა და მოწყალებასაც უხვად გასცემდა“ (საქ. 9:36, 39); რომში მცხოვრებმა ქრისტიანმა დამ მარიამმა „ბევრი იშრომა“ თავისი კრების წევრებისთვის (რომ. 16:6). როგორ შეგვიძლია დავანახვოთ ახლებს, რომ და-ძმების დახმარება მნიშვნელოვანია?

ასწავლეთ ახლებს თანამორწმუნეების მიმართ სიყვარულის გამოვლენა (იხილეთ აბზაცები 13, 14)

14 მოწიფულ ქრისტიანებს შეუძლიათ ახლებთან ერთად მოინახულონ ავადმყოფი ან ხანდაზმული და-ძმები. თუ მიზანშეწონილია, მშობლებს შეუძლიათ ასეთი თანაქრისტიანების მოსანახულებლად შვილებიც წაიყვანონ. უხუცესებს შეუძლიათ სთხოვონ მაუწყებლებს, მათთან ერთად იზრუნონ, რომ კრების ხანდაზმულ წევრებს ჯანსაღი საკვები და მოვლილი სახლ-კარი ჰქონდეთ. ამგვარად, ახალგაზრდები და კრების ახალი წევრები სხვებისთვის სიკეთის კეთებას სწავლობენ. ერთი უხუცესი მსახურების დროს ინახულებდა ხოლმე ქალაქგარეთ მცხოვრებ და-ძმებს იმის გასაგებად, თუ როგორ იყვნენ. ახალგაზრდა ძმამ, რომელიც ხშირად მიჰყვებოდა მას მსახურებაში, ისწავლა, რომ კრებაში ყველას უნდა ვაგრძნობინოთ ჩვენი სიყვარული (რომ. 12:10).

15. რატომ უნდა დაინტერესდნენ უხუცესები კრებაში ძმების სულიერი წინსვლით?

15 იეჰოვამ კრებაში მასწავლებლებად მამაკაცები დააყენა, ამიტომ მნიშვნელოვანია, ძმებმა ორატორული უნარ-ჩვევები განივითარონ. როგორც უხუცესებს, შეგიძლიათ წინასწარ მოისმინოთ მომსახურის მოხსენება? თქვენი დახმარებით ის შეიძლება ღვთის სიტყვის უფრო დახელოვნებული მასწავლებელი გახდეს (ნეემ. 8:8). [3]

16, 17. ა) როგორ დაეხმარა პავლე ტიმოთეს სულიერ წინსვლაში? ბ) რა უნდა გააკეთონ უხუცესებმა, რომ კარგად მოამზადონ ძმები კრების მომავალ მწყემსებად?

16 ქრისტიანულ კრებაში მწყემსებზე დიდი მოთხოვნილებაა. მათი მომზადება, ვინც ამ საქმეს მომავალში შეასრულებს, უწყვეტად უნდა მიმდინარეობდეს. პავლემ ზოგადად აუხსნა ტიმოთეს, როგორ შეიძლებოდა ამის გაკეთება. მან დაწერა: „შვილო, კვლავაც გაძლიერდი წყალობაში, რომელიც ქრისტე იესოშია, და ის, რაც ჩემგან მოისმინე მრავალი მოწმის მხარდაჭერით, მიანდე ერთგულ  მამაკაცებს, რომლებიც გამოსადეგნი იქნებიან იმისთვის, რომ სხვებს ასწავლონ“ (2 ტიმ. 2:1, 2). ტიმოთემ ბევრი რამ ისწავლა პავლე მოციქულთან ერთად მსახურების დროს, რომელიც ასაკით მასზე უფროსი იყო. ქადაგებისა და წმინდა მსახურების სხვა სფეროებში მონაწილეობის დროს ის პავლეს მეთოდებს იყენებდა (2 ტიმ. 3:10—12).

17 პავლემ ტიმოთეს მომზადება შემთხვევითობას არ მიანდო და თან წაიყვანა მისიონერულ მოგზაურობაში (საქ. 16:1—5). უხუცესებს შეუძლიათ მიჰბაძონ პავლეს და, თუ მიზანშეწონილია, სამწყემსო მონახულებაზე გამოცდილი მომსახურე წაიყვანონ. შედეგად, ასეთ ძმებს საშუალება ეძლევათ, დააკვირდნენ უხუცესის სწავლების მეთოდებს, რწმენას, სულგრძელობასა და სიყვარულს, რაც ქრისტიანი ზედამხედველებისგან მოითხოვება. ეს „ღვთის სამწყსოს“ მომავალი მწყემსების მომზადების მნიშვნელოვანი ნაწილია (1 პეტ. 5:2).

რატომ არის სხვების მომზადება მნიშვნელოვანი

18. რატომ უნდა მიიჩნევდეთ მნიშვნელოვნად იეჰოვას მსახურებისთვის სხვების მომზადებას?

18 სხვების მომზადება უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან იეჰოვას ორგანიზაციაში იზრდება მოთხოვნილება გამოცდილ მსახურებზე და მატულობს მსახურების შესაძლებლობები. დღესაც შეგვიძლია მივბაძოთ იესოსა და პავლეს, რომლებიც სხვებს ამზადებდნენ. იეჰოვას სურს, რომ მისი მსახურები კარგად მომზადებულები იყვნენ თეოკრატიული დავალებების შესასრულებლად. ღვთისგან ბოძებული პატივია, რომ შეგვიძლია გამოუცდელები მოვამზადოთ კრებაში სხვადასხვა საქმის შესასრულებლად. მსოფლიოში მდგომარეობის გაუარესებასა და ქადაგების ახალი შესაძლებლობების ზრდასთან ერთად ასეთი მომზადება უფრო მნიშვნელოვანი და გადაუდებელი ხდება.

19. რატომ უნდა იყოთ დარწმუნებული, რომ სხვების მოსამზადებლად გაწეულ ძალისხმევას კარგი შედეგი მოჰყვება?

19 ახლების მომზადება დროსა და ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვა და იესო მხარს დაგვიჭერენ და ამის გასაკეთებლად საჭირო სიბრძნეს მოგვცემენ. გული სიხარულით აგვევსება, როცა ვიხილავთ, როგორ ირჯებიან და თავს არ ზოგავენ ისინი, ვისაც დავეხმარეთ (1 ტიმ. 4:10). მოდი ჩვენც განვაგრძოთ სულიერი წინსვლა და შევუსრულოთ იეჰოვას წმინდა მსახურება!

^ [1] (აბზაცი 7) ამ მითითებებიდან ზოგიერთია: 1) იქადაგეთ ღვთის სამეფოს შესახებ; 2) დაკმაყოფილდით იმით, რითაც ღმერთი უზრუნველგყოფთ; 3) მოერიდეთ მობინადრეებთან კამათს; 4) მიენდეთ ღმერთს წინააღმდეგობის დროს; 5) ნუ შეგეშინდებათ.

^ [2] (აბზაცი 9) პრაქტიკული რჩევები, თუ როგორ ვესაუბროთ ადამიანებს სამქადაგებლო მსახურების დროს, იხილეთ წიგნში „მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში“, გვ. 62—64.

^ [3] (აბზაცი 15) წიგნში „მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში“ 52—61 გვერდებზე განხილულია, თუ როგორ შეუძლიათ ძმებს, კარგი მომხსენებლები და მასწავლებლები გახდნენ.