წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) აგვისტო 2016

ეძებეთ ოქროზე უკეთესი!

ეძებეთ ოქროზე უკეთესი!

გიპოვიათ ოდესმე თვითნაბადი ოქრო? ძალიან ცოტას თუ უპოვია. მაგრამ მილიონობით ადამიანმა ოქროზე გაცილებით უკეთესი იპოვა. მათ იპოვეს ღვთიური სიბრძნე, რომელიც „არ გაიცვლება . . . სუფთა ოქროზე“ (იობ. 28:12, 15).

ბიბლიის გულმოდგინე მკვლევრები გარკვეულწილად ოქროს მაძიებლებს ჰგვანან. მათ მძიმედ უნდა იშრომონ და არ უნდა შეწყვიტონ ბიბლიის კვლევა, რომ ფასდაუდებელ სიბრძნეს მიაგნონ. რა სამი რამის სწავლა შეგვიძლია ოქროს მაძიებლებისგან?

აღმოჩენა

წარმოიდგინეთ, რომ მდინარის პირას მიდიხართ და მოულოდნელად პაწაწინა კენჭის მსგავს ბრჭყვიალა რაღაცას ამჩნევთ. იხრებით, ხელში იღებთ მას და აღტაცებული რჩებით, რადგან თვითნაბადი ოქრო იპოვეთ! ის სულ რაღაც ასანთის ღერის თავისოდენაა, მაგრამ მაღალი ხარისხის ალმასის ქვაზე იშვიათად გვხვდება ბუნებაში. ირგვლივ თვალიერებას იწყებთ იმ იმედით, რომ იქნებ კიდევ იპოვოთ ოქრო.

მსგავსი რამ მოხდა, როცა ერთ დაუვიწყარ დღეს კარზე იეჰოვას მოწმემ მოგიკაკუნათ, რათა თქვენთვის იმედის მომცემი ცნობა გაეზიარებინა ბიბლიიდან. შესაძლოა დღესაც ცოცხლად გახსოვთ, როგორ აღმოაჩინეთ პირველად თვითნაბადი ოქროს მსგავსი სულიერი სიმდიდრე. შესაძლოა ეს მაშინ მოხდა, როცა ბიბლიაში პირველად ნახეთ ღვთის სახელი იეჰოვა ან როცა გაიგეთ, რომ შეგეძლოთ იეჰოვას მეგობარი გამხდარიყავით (ფსალმ. 83:18; იაკ. 2:23). მაშინვე მიხვდით, რომ ოქროზე უკეთესი რამ იპოვეთ! ალბათ, სურვილი გაგიჩნდათ, რომ მეტი მოგეძებნათ.

მეტის პოვნა

ზოგჯერ ოქროს ნამცეცები მდინარეებსა და მის შენაკადებში გროვდება. ასეთ ოქროს ალუვიურ ოქროს უწოდებენ. გამრჯე ოქროს მაძიებლებს ერთ სეზონზე რამდენიმე კილოგრამი ოქროს მოპოვება შეუძლიათ, რაც ათიათასობით დოლარი ღირს.

მოწმეებთან ბიბლიის შესწავლის დაწყებისას შესაძლოა თავს ოქროს მაძიებელივით გრძნობდით, რომელმაც ოქროთი მდიდარ საბადოს მიაგნო. ბიბლიურ მუხლებზე ფიქრის შედეგად შეგევსოთ ცოდნის მარაგი, რამაც სულიერად გაგამდიდრათ. ჭეშმარიტებას მოწყურებული კვლავაც იკვლევდით ბიბლიას და გაიგეთ, როგორ შეგეძლოთ დაახლოებოდით იეჰოვას და მარადიული სიცოცხლის მისაღებად მის სიყვარულში დარჩენილიყავით (იაკ. 4:8; იუდ. 20, 21).

ჰბაძავთ ოქროს მაძიებელს, რომელიც ძალ-ღონეს არ იშურებს ოქროს საძებნელად, და ეძებთ გულმოდგინედ ბიბლიურ განძს?

ოქროს მაძიებლის მსგავსად, რომელიც ალუვიური ოქროს საბადოებს ეძებს, თქვენც გულმოდგინედ ეძებდით სულიერ განძს. ძირითადი ბიბლიური საკითხების  გაგების შემდეგ, ალბათ, გადადგით ნაბიჯები, რომ თავი მიგეძღვნათ იეჰოვასთვის და მონათლულიყავით (მათ. 28:19, 20).

განაგრძეთ ძიება!

ზოგჯერ ოქროს მაძიებლები მაგმურ ქანებში მცირე რაოდენობით პოულობენ ოქროს. ზოგ შემთხვევაში ასეთი ქანები იმდენ ოქროს შეიცავს, რომ ოქროს მაძიებლები იწყებენ მადნის მოპოვებას და მის დამუშავებას. მადანში ოქრო შეიძლება ერთი შეხედვით შეუმჩნეველი იყოს. მაღალი ხარისხის მადანი შეიძლება მხოლოდ 10 გრამ ოქროს შეიცავდეს ერთ ტონა მიწაზე. თუმცა ოქროს მაძიებლისთვის ასეთი შრომა ღირს ძალისხმევად.

„ქრისტეს შესახებ სწავლების საწყისების“ დატოვების შემდეგაც ადამიანმა ძალისხმევა არ უნდა დააკლოს, რომ სულიერი წინსვლა განაგრძოს (ებრ. 6:1, 2). ბევრი უნდა იშრომოთ, რომ ბიბლიაში ახალი აზრები და პრაქტიკული რჩევები დაინახოთ. რის გაკეთება შეგიძლიათ, რომ წლების მანძილზე ბიბლიის კვლევის მიუხედავად, თქვენი პირადი შესწავლა კვლავაც ნაყოფიერი იყოს?

შეინარჩუნეთ სწავლის სურვილი და დაუკვირდით დეტალებს. თუ ძალისხმევას არ დააკლებთ, ბიბლიაში კვლავაც აღმოაჩენთ ღვთიურ სიბრძნესა და ხელმძღვანელობას, რაც ფასდაუდებელი განძია (რომ. 11:33). ბიბლიური ცოდნის გასაღრმავებლად გამოიყენეთ თქვენს ენაზე ხელმისაწვდომი საკვლევი საშუალებები. მოთმინებით ეძებეთ საჭირო ხელმძღვანელობა და ბიბლიურ კითხვებზე პასუხები. ჰკითხეთ სხვებს, რომელი ბიბლიური მუხლები და ჩვენს პუბლიკაციებში დაბეჭდილი რომელი სტატიები აღმოჩნდა მათთვის დამხმარე და გამამხნევებელი. თქვენც გაუზიარეთ სხვებს ღვთის სიტყვის შესწავლის დროს აღმოჩენილი საინტერესო აზრები.

რა თქმა უნდა, თქვენი მიზანი არ უნდა იყოს უბრალოდ მშრალი ფაქტების დაგროვება. მოციქულმა პავლემ გააფრთხილა ქრისტიანები, რომ „ცოდნა აყოყოჩებს“ (1 კორ. 8:1). ამიტომ ყველაფერი გააკეთეთ, რომ თავმდაბალი და რწმენაში მტკიცე დარჩეთ. თუ რეგულარულად გექნებათ ოჯახთან ერთად თაყვანისცემა და ბიბლიის პირადი შესწავლა, შეძლებთ იეჰოვას ნორმების თანახმად ცხოვრებას და სხვების დასახმარებლადაც აღიძვრებით. უფრო მეტიც, გაიხარებთ, რადგან მიაგენით ოქროზე უკეთესს! (იგავ. 3:13, 14).

გაიგეთ მეტი

როგორ შეგიძლიათ ბიბლიის გაგება?

თქვენი წარმომავლობის მიუხედავად, ბიბლიაში ჩაწერილი ღვთის ცნობის გაგება შესაძლებელია.