არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი  |  № 1, 2016

 მთავარი თემა | რატომ უნდა ვიყოთ პატიოსნები?

როგორ მოქმედებს უპატიოსნობა თქვენზე?

როგორ მოქმედებს უპატიოსნობა თქვენზე?

„ყოველთვის წამოიჭრება ისეთი სირთულე, რომლის გადაჭრაც პატარა ტყუილით შეიძლება“ (სამანტა, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა).

თქვენც იზიარებთ ამ შეხედულებას? სამანტას მსგავსად, დროდადრო ყველა ჩვენგანი ვვარდებით რთულ სიტუაციაში. ავყვებით თუ არა ასეთ დროს უპატიოსნოდ მოქცევის ცდუნებას, გამოაჩენს, რა ფასეულობებით ვცხოვრობთ. მაგალითად, თუ ჩვენთვის უხერხული მდგომარეობიდან თავის დაძვრენა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სწორად მოქცევა, მაშინ შეიძლება უპატიოსნო საქციელი ერთადერთ გამოსავლად მივიჩნიოთ. თუმცა, როდესაც ყველაფერს ფარდა აეხდება, უპატიოსნობას ხშირად სავალალო შედეგები მოჰყვება ხოლმე. განვიხილოთ ამის რამდენიმე მაგალითი.

უპატიოსნობა ძირს უთხრის ნდობას

ურთიერთობები ნდობაზეა აგებული. როცა ორი ადამიანი ერთმანეთს ენდობა, ისინი თავს უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობენ. მაგრამ ნდობა ერთ დღეში არ ყალიბდება. ნდობის განსავითარებლად ადამიანებმა დრო ერთად უნდა გაატარონ, გულახდილად ისაუბრონ და უანგაროდ იზრუნონ ერთმანეთზე. თუმცა ერთმა უპატიოსნო საქციელმაც კი შეიძლება ყველაფერი წყალში ჩაყაროს. დაკარგული ნდობის დაბრუნება ძალიან რთულია.

როდისმე თუ მოუტყუებიხართ ისეთ ადამიანს, რომელიც კარგ მეგობრად მიგაჩნდათ? თუ დიახ, როგორ იგრძენით თავი? ალბათ, გულნატკენი დარჩით და მეგობრისგან ეს ღალატად ჩათვალეთ. და ამაში გასაკვირი არც არაფერია. ორი აზრი არ არსებობს: უპატიოსნობა ძირს უთხრის ახლო ურთიერთობებს.

უპატიოსნობა გადამდებია

კალიფორნიის უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორმა, რობერტ ინესმა, კვლევის შედეგად დაასკვნა, რომ „უპატიოსნობა გადამდებია“. ასე რომ, ის შეიძლება ვირუსს შევადაროთ. რაც უფრო ხშირად გაქვთ ურთიერთობა უპატიოსნო ადამიანებთან, მით მეტია იმის ალბათობა, რომ თქვენც „დაინფიცირდეთ“.

რა უნდა გააკეთოთ, რომ თქვენც არ „დაინფიცირდეთ“ უპატიოსნობით? ამაში ბიბლია დაგეხმარებათ. განვიხილოთ რამდენიმე ბიბლიური პრინციპი.