წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი № 1, 2016

 ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის

ღმერთო, რა იქნება, ერთი წელი მაინც ვიცხოვრო მშვიდად და ბედნიერად!

ღმერთო, რა იქნება, ერთი წელი მაინც ვიცხოვრო მშვიდად და ბედნიერად!
  • დაბადების წელი: 1971

  • ქვეყანა: საფრანგეთი

  • წარსულში: ჩაბმული იყო კრიმინალურ სამყაროში, ეწეოდა უზნეო ცხოვრებას, იღებდა ნარკოტიკებს

მოკლე ბიოგრაფია:

ჩემი ოჯახი საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით სოფელ ტელანკურში ცხოვრობდა. მამაჩემი ფრანგი იყო, დედა — იტალიელი. რვა წლის ვიყავი, როცა მშობლები საცხოვრებლად რომის (იტალია) ერთ ღარიბ გარეუბანში გადავიდნენ. ფინანსურად ძალიან გვიჭირდა, რის გამოც მშობლებს ხშირად სერიოზული შეხლა-შემოხლა ჰქონდათ.

15 წლის რომ გავხდი, დედამ მირჩია, სახლში არ გამოვკეტილიყავი და მეგობრები გამეჩინა. თანდათან სულ უფრო მეტ დროს ვატარებდი ქუჩაში. მალე ცუდ წრეში მოვხვდი. ერთხელ ერთი მამაკაცი მომიახლოვდა და მეგობრულად დამელაპარაკა. მერე ნარკოტიკი შემომთავაზა და მეც გამოვართვი, რადგან მინდოდა, დამემტკიცებინა, რომ უკვე დიდი ბიჭი ვიყავი. მალე ნარკოტიკებისა და უზნეობის მორევში აღმოვჩნდი. არაერთხელ გავხდი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. ცხოვრებამ ყოველგვარი აზრი დაკარგა. სიცოცხლე მობეზრებული მქონდა. სასოწარკვეთილი ვიყავი და თავს მარტოსულად ვგრძნობდი. 16 წლის ასაკში თავის მოკვლა ვცადე: ერთი ბოთლი ვისკი დავლიე და ტბაში გადავხტი. გადავრჩი, მაგრამ სამი დღე კომაში ვიყავი.

მართალია, ამ შემთხვევის შემდეგ სიცოცხლე უფრო დავაფასე, მაგრამ ხელი ძალადობასა და გარყვნილებას მივყავი. ხალხს სექსს ვთავაზობდი და, როცა მათთან სახლში აღმოვჩნდებოდი, იქიდან ძვირფას ნივთებს ვიპარავდი. მსხვილი კრიმინალური დაჯგუფებების დავალებით იტალიაში ნარკოდილერობას ვეწეოდი. პოლიციასთან ხშირად მექმნებოდა პრობლემები. მიუხედავად იმისა, რომ უშინაარსო და უკონტროლო ცხოვრება მქონდა, მაინც ვფიქრობდი, რომ ჩემს არსებობას რაღაც მიზანი უნდა ჰქონოდა. ვლოცულობდი და ღმერთს ვეუბნებოდი, რა იქნება, ერთი წელი მაინც ვიცხოვრო მშვიდად და ბედნიერად-თქო.

ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა:

24 წლისამ გადავწყვიტე, ინგლისში გადავხვეწილიყავი, რადგან ნარკოდილერებთან ურთიერთობის გამო ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. წასვლამდე დედა მოვინახულე. ჩემდა გასაკვირად, იქ ანუნციატო ლუგარას შევხვდი, რომელიც დედაჩემს ბიბლიის შესახებ ესაუბრებოდა. * შემეშინდა, რადგან ამ კაცს კრიმინალური წარსული ჰქონდა და ვკითხე, აქ რას აკეთებ-მეთქი.  მან მიამბო, თუ როგორ შეიცვალა ცხოვრების წესი, იეჰოვას მოწმე რომ გამხდარიყო. ბოლოს შემიპირა, რომ ინგლისში იეჰოვას მოწმეებს აუცილებლად მოვუსმენდი. მეც დავთანხმდი, მაგრამ როგორც კი ინგლისში ჩავედი, მაშინვე ძველ ცხოვრებას დავუბრუნდი.

ერთ დღესაც ლონდონის ხალხმრავალ ქუჩაში ერთ იეჰოვას მოწმეს შევხვდი, რომელიც ჟურნალებს „საგუშაგო კოშკსა“ და „გამოიღვიძეთ!“-ს ავრცელებდა. გამახსენდა ანუნციატოსთვის მიცემული პირობა და ვთხოვე, თუ შეიძლებოდა, რომ ჩემთვის ვინმეს ბიბლია ესწავლებინა.

მაოცებდა ის, რასაც ბიბლიიდან ვიგებდი. მაგალითად, სულის სიღრმემდე შემძრა 1 იოანეს 1:9-ში ღვთის შესახებ ჩაწერილმა სიტყვებმა: „თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, ის გვაპატიებს ცოდვებს და განგვწმენდს ყოველგვარი უმართლობისგან, რადგან ერთგული და მართალია“. ამ მუხლმა ჩემზე ძალიან იმოქმედა, რადგან ბინძური ცხოვრების გამო თავს უწმინდურად ვგრძნობდი. მაშინვე დავიწყე იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზში კრების შეხვედრებზე დასწრება. მოწმეებმა თბილად მიმიღეს. როცა დავინახე, რა ახლო და უშუალო ურთიერთობები ჰქონდათ ერთმანეთთან, რაც ყოველთვის მაკლდა, სურვილი გამიჩნდა, მეც გავმხდარიყავი მათი კრების წევრი, სადაც ოჯახური ატმოსფერო სუფევდა.

ნარკოტიკებისა და უზნეო ცხოვრების მიტოვება ისე არ გამჭირვებია, როგორც შინაგანი გარდაქმნა. მივხვდი, რომ ადამიანებს პატივისცემითა და გულისხმიერებით უნდა მოვპყრობოდი. მართალია, უარყოფით თვისებებთან დღემდე მიწევს ბრძოლა, მაგრამ იეჰოვას დახმარებით უკეთესობისკენ მივდივარ. ბიბლიის შესწავლის დაწყებიდან ექვს თვეში მოვინათლე. ეს 1997 წელს მოხდა.

კურთხევები:

მონათვლის შემდეგ დავქორწინდი ბარბარაზე, რომელიც ჩემსავით ახალი მონათლული იყო. როდესაც ერთმა ჩემმა ძველმა მეგობარმა დაინახა, როგორ შევიცვალე, მანაც დაიწყო ბიბლიის შესწავლა. გარკვეული დროის შემდეგ ის და მისი და იეჰოვას მოწმეები გახდნენ. ჩემი შემხედვარე, ბებიაჩემის დამაც დაიწყო ბიბლიის შესწავლა, რომელიც 80 წელს იყო გადაცილებული. სიკვდილამდე მან ღმერთს თავი მიუძღვნა და მოინათლა.

დღეს ადგილობრივ კრებაში უხუცესად ვმსახურობ. მე და ჩემი მეუღლე სრული დროით ვემსახურებით ღმერთს და აქ, ლონდონში, იტალიურ ენაზე მოლაპარაკეებს ბიბლიას ვასწავლით. წარსულის გახსენებაზე ზოგჯერ უარყოფითი გრძნობები მიპყრობს, მაგრამ ბარბარა ძალიან მამხნევებს. როგორც იქნა, მშვიდ ცხოვრებას ვეღირსე, რასაც ყოველთვის ვნატრობდი: მყავს მოსიყვარულე ზეციერი მამა და მზრუნველი ოჯახი. ღმერთს ვთხოვდი, მშვიდი და ბედნიერი ცხოვრების ერთი წელი მაინც მოეცა, მან კი ამაზე ბევრად მეტი მომცა!

როგორც იქნა, მშვიდ ცხოვრებას ვეღირსე, რასაც ყოველთვის ვნატრობდი: მყავს მოსიყვარულე ზეციერი მამა და მზრუნველი ოჯახი

^ აბზ. 10 იხილეთ ანუნციატო ლუგარას ისტორია რუბრიკაში ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის — „იარაღის გარეშე არსად დავდიოდი“. 2014 წლის 1 ივლისის ჟურნალ „საგუშაგო კოშკში“, გვერდები 8, 9.

გაიგეთ მეტი

რატომ ღირს სიცოცხლე?

რამ შეიძლება ადამიანს აფიქრებინოს, რომ სიკვდილი შვებაა?