არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი № 1, 2016

 მთავარი თემა | რატომ უნდა ვიყოთ პატიოსნები?

ნუთუ აღარ ფასობს პატიოსნება?

ნუთუ აღარ ფასობს პატიოსნება?

იაპონიაში მცხოვრები ჰიტოში დასაქმების სააგენტოში ბუღალტრად მუშაობდა. ერთხელ, როდესაც უფროსს საფინანსო ანგარიში წარუდგინა, მან ჰიტოშის მოსთხოვა, რომ ზოგიერთი მონაცემი გაეყალბებინა. ჰიტოშიმ აუხსნა, რომ სინდისი არ რთავდა ამის ნებას. უფროსი მას გათავისუფლებით დაემუქრა და ასეც მოიქცა. ჰიტოშიმ დაკარგა სამსახური.

მომდევნო თვეებში ჰიტოში ამაოდ ეძებდა სამუშაოს, რამაც გული გაუტეხა. მაგალითად, ერთხელ გასაუბრებაზე ჰიტოშიმ დამსაქმებელს უთხრა, რომ არავითარ მაქინაციაზე არ წავიდოდა. გაკვირვებულ დამსაქმებელს მისი ნათქვამი ძალიან ეუცნაურა. ოჯახის წევრები და მეგობრები ჰიტოშის მოუწოდებდნენ, არ ეღალატა თავისი ფასეულობებისთვის, თუმცა მას ზოგჯერ ეჭვები უჩნდებოდა და ფიქრობდა: „მიღირს კი, ჩემი რწმენის ერთგული დავრჩე?!“.

ჰიტოშის შემთხვევა ერთი სამწუხარო რეალობის წინაშე გვაყენებს: პატიოსნებას ყველა როდი აფასებს. სინამდვილეში, ზოგი შეიძლება იმასაც კი ფიქრობს, რომ პატიოსნება ხელის შემშლელია, განსაკუთრებით ბიზნესის სამყაროში. ერთი ქალბატონი, რომელიც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ცხოვრობს, ამბობს: „უპატიოსნო ადამიანების გარემოცვაში მიწევს მუშაობა და ზოგჯერ ძალიან დიდი წნეხის ქვეშ ვარ, რომ დათმობაზე წავიდე“.

უპატიოსნობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა ტყუილია. რამდენიმე წლის წინ ამჰერსტის მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის ფსიქოლოგ რობერტ ფელდმენის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ზრდასრული ადამიანების 60 პროცენტი საუბრისას ყოველ ათ წუთში ერთხელ მაინც იტყუება. ფელდმენი აღნიშნავს: „შედეგებით გაოცებულები დავრჩით. არ გვეგონა, თუ ადამიანი ყოველდღე ამდენს იტყუებოდა“. პარადოქსია, რომ ძალიან ბევრს არ მოსწონს, როცა ატყუებენ, მაგრამ მათგან უმეტესობა თვითონაც იტყუება.

რატომ არის ტყუილი, ქურდობა და სხვა სახის უპატიოსნო საქციელი ასე გავრცელებული ჩვენს დროში? როგორ აისახება უპატიოსნობა საზოგადოებაზე? და, რაც ყველაზე მთავარია, რა დაგვეხმარება, ვძლიოთ უპატიოსნოდ მოქცევის ცდუნებას?