არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი  |  № 1, 2016

 დღემდე ფასეული უძველესი სიბრძნე

ნუ წუხხართ!

ნუ წუხხართ!

ბიბლიური პრინციპი: „ნუღარ წუხხართ თქვენი სულისთვის“ (მათე 6:25).

რა იგულისხმება ამ სიტყვებში? ეს სიტყვები იესომ მთაზე ქადაგების დროს წარმოთქვა. ერთი ბიბლიური ლექსიკონის თანახმად, „წუხილად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა გულისხმობს „სიღარიბით, შიმშილით ან სხვა ყოველდღიური საზრუნავით გამოწვეულ ადამიანის ბუნებრივ რეაქციას“. ხშირად წუხილი მომავალზე ფიქრსაც მოიცავს. სავსებით ნორმალურია, ვწუხდეთ ჩვენს მატერიალურ საჭიროებებსა და საყვარელი ადამიანების კეთილდღეობაზე (ფილიპელები 2:20). მაგრამ როცა იესო ამბობდა, ნუღარ წუხხართო, თავის მიმდევრებს ურჩევდა, ზედმეტად არ ენერვიულათ, ანუ არ ჰქონოდათ ხვალინდელი დღის შიში, რაც მათ დღევანდელი დღის სიხარულს წაართმევდა (მათე 6:31, 34).

დღესაც გამოსადეგია ეს რჩევა? იესოს რჩევის გათვალისწინება ნამდვილად გონივრულია. რატომ ვამბობთ ამას? ზოგ სამედიცინო ნაშრომში აღნიშნულია, რომ როდესაც მეტისმეტად ვნერვიულობთ, სიმპათიკური ნერვული სისტემა გამუდმებით გააქტიურებულია, რამაც შეიძლება ჯანმრთელობა შეგვირყიოს და „გამოიწვიოს წყლული, გულის დაავადებები და ასთმა“.

იესო საფუძვლიან მიზეზს ასახელებს, თუ რატომ არ უნდა ვწუხდეთ ზედმეტად. წუხილით ვერაფერს გავხდებით. „რომელ თქვენგანს შეუძლია წუხილით სიცოცხლე ერთი წყრთით გაიხანგრძლივოს?“, — იკითხა იესომ (მათე 6:27). დარდით სიცოცხლეს წამითაც კი ვერ გავიხანგრძლივებთ, რომ აღარაფერი ვთქვათ, მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. გარდა ამისა, ხშირად ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია. როგორც იტყვიან, როგორც ქუხს, ისე არ წვიმსო. ერთი სწავლული ამ აზრს ასე გადმოსცემს: „მომავალზე წუხილით ვერაფერს შევცვლით. ეს მხოლოდ ძალებს გამოგვაცლის. თანაც მომავალი იშვიათად აღმოჩნდება ხოლმე ისეთი შავბნელი, როგორსაც ჩვენ წარმოვისახავდით“.

რა უნდა გავაკეთოთ, რომ ზედმეტად არ ვიწუხოთ? პირველი, ღმერთს უნდა მივენდოთ. თუ ღმერთი ფრინველებს კვებავს და ყვავილებს მოსავს, განა სიცოცხლისთვის აუცილებელს მოაკლებს იმ ადამიანებს, რომლებიც მის თაყვანისმცემლობას პირველ ადგილზე აყენებენ? (მათე 6:25, 26, 28—30). მეორე, დღეს დღევანდელზე ვიფიქროთ, ხვალ — ხვალინდელზე. იესომ თქვა: „ნურასოდეს იქნება თქვენი საწუხარი ხვალინდელი დღე — ხვალინდელ დღეს თავისი საწუხარი ექნება“. განა არ ეთანხმებით იმ აზრს, რომ „ყოველ დღეს საკმარისად აქვს თავისი გასაჭირი“? (მათე 6:34).

იესოს ამ ბრძნული რჩევის გათვალისწინებით ნაკლებ ზიანს მივაყენებთ საკუთარ თავს. უფრო მეტიც, ვპოვებთ შინაგან სიმშვიდეს, რასაც ბიბლია „ღვთის მშვიდობას“ უწოდებს (ფილიპელები 4:6, 7).

გაიგეთ მეტი

საგუშაგო კოშკი

ენდობით ღმერთს?

ღვთის უკეთ გაცნობა უდიდეს კმაყოფილებას მოგანიჭებთ.