წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! № 6, 2016

 რჩევები ოჯახებს | ქორწინება

როგორ გამოვავლინოთ პატივისცემა

როგორ გამოვავლინოთ პატივისცემა

პრობლემა

ქმარი: „დაქორწინების შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ მე და ჩემს მეუღლეს პატივისცემაზე განსხვავებული შეხედულება გვქონდა. ამით იმის თქმა არ მინდა, რომ რომელიმე ჩვენგანი არასწორად ფიქრობდა, უბრალოდ ერთმანეთისგან განსხვავებული თვალსაზრისი გვქონდა. ხშირად ისეთი გრძნობა მიჩნდებოდა, რომ საუბრის დროს მეუღლე საკმარის პატივისცემას არ ავლენდა ჩემ მიმართ“.

ცოლი: „ხმამაღლა ლაპარაკი, ემოციების მიმიკებით გამოხატვა და საუბარში ჩაჭრა ჩვენი კულტურისთვის მისაღებია და უპატივცემულობად არ ითვლება. თუმცა ასეთი რამ სრულიად მიუღებელია იმ საზოგადოებისთვის, სადაც ჩემი ქმარი აღიზარდა“.

ცოლ-ქმარი ერთმანეთის მიმართ პატივისცემას გამუდმებით უნდა ავლენდეს და არა მხოლოდ მაშინ, როცა კარგ ხასიათზე არიან. ეს აუცილებელი პირობაა. როგორ შეგიძლიათ ერთმანეთის მიმართ პატივისცემის გამოვლენა?

რა უნდა იცოდეთ

კაცებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, პატივისცემას გრძნობდნენ. ბიბლია ქმრებს მოუწოდებს: „თითოეულ თქვენგანს ისე უყვარდეს თავისი ცოლი, როგორც საკუთარი თავი“. თუმცა აქვე დასძენს: „ცოლი კი დიდ პატივს უნდა სცემდეს ქმარს“ (ეფესოელები 5:33). რასაკვირველია როგორც ქმარს, ისე ცოლს აქვს მოთხოვნილება, თავისი მეორე ნახევრისგან იგრძნოს სიყვარული და პატივისცემა, მაგრამ ქმრებს განსაკუთრებით სიამოვნებთ, როცა პატივისცემით ექცევიან. „კაცმა უნდა იგრძნოს, რომ მის მეუღლეს ეჭვი არ ეპარება მასში და დარწმუნებულია, რომ თავს გაართმევს სხვადასხვა სიტუაციას, გადაჭრის პრობლემებს და იზრუნებს ოჯახზე“, — ამბობს ერთი მამაკაცი, სახელად კარლოსი. * როცა ცოლი პატივისცემით ექცევა თავის ქმარს და დარწმუნებულია მის შესაძლებლობებში, ეს არა მარტო ქმრისთვის იქნება კარგი, არამედ თავად ცოლისთვისაც. „როცა ჩემს ქმარს პატივისცემით ვექცევი, ის უფრო მეტად ავლენს ჩემ მიმართ სიყვარულს“, — ამბობს ერთი დაქორწინებული ქალი კორინი.

რა თქმა უნდა, ქალებსაც სჭირდებათ პატივისცემა. თუ ქმარი პატივს არ სცემს ცოლს, სინამდვილეში არ უყვარს იგი. „მესმის, რომ პატივი უნდა ვცე ჩემი ცოლის აზრს და შეხედულებებს, — ამბობს დანიელი. — აგრეთვე უნდა გავითვალისწინო მისი გრძნობები. მაშინაც კი, როცა ბოლომდე არ მესმის მისი, ჩემთვის სულერთი არ უნდა იყოს, რას გრძნობს ის“.

პატივი ეცით განსხვავებულ აზრს. მთავარი ის კი არ არის, თქვენ რას თვლით პატივისცემად, არამედ ის, თუ თქვენი მეუღლე რას თვლის პატივისცემად. სწორედ ეს გააცნობიერა სტატიის დასაწყისში მოხსენიებულმა ქალმა. ის გვიზიარებს: „თუ ერთ დროს ვფიქრობდი, რომ ისეთს არაფერს ვაკეთებდი, რითაც ჩემს ქმარს შეურაცხყოფას ვაყენებდი და ვთვლიდი, რომ მას უნდა შეეცვალა შეხედულება, ახლა ვფიქრობ, რომ თუ ჩვენ შორის ვინმეს რამე აქვს შესაცვლელი, ეს მე ვარ“.

 გამოსავალი

  • ჩამოწერეთ სამი თვისება, რაც თქვენს მეუღლეში გხიბლავთ. სწორედ ამ თვისებების დანახვა განგაწყობთ მის მიმართ პატივისცემით.

  • შეეცადეთ, ერთი კვირის მანძილზე დააკვირდეთ საკუთარ თავს (და არა თქვენს მეუღლეს) ქვემოთ მოცემულ მხარეებში.

სიტყვები. ერთმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ „ის წყვილები, რომელთაც ბედნიერი და მტკიცე ოჯახები ჰქონდათ, ისეთ პრობლემატურ საკითხებზე საუბრისას, რაც მათ შორის აზრთა სხვაობას იწვევდა, ყოველ ერთ უარყოფით კომენტარზე საშუალოდ ხუთ დადებით კომენტარს აკეთებდნენ; ამის საპირისპიროდ, იმ წყვილებს, რომლებიც განქორწინების პირას იყვნენ, მსგავს სიტუაციებში ერთი დადებითი კომენტარის გაკეთებაც კი უჭირდათ“ * (ბიბლიური პრინციპი: იგავები 12:18).

ჰკითხეთ საკუთარ თავს: „პატივისცემით ველაპარაკები ჩემს მეუღლეს? უფრო ხშირად ვაქებ თუ ვაკრიტიკებ? როგორი ხმის ტონი მაქვს, როცა ჩემს შეხედულებას ან უკმაყოფილებას გამოვთქვამ?“. შემდეგ კი დაფიქრდით, დაეთანხმებოდა თქვენი მეუღლე თქვენს პასუხებს? (ბიბლიური პრინციპი: კოლოსელები 3:13).

ეცადეთ, ასე მოიქცეთ: მიზნად დაისახეთ, სულ მცირე, დღეში ერთხელ მაინც შეაქოთ თქვენი მეუღლე. რჩევა: გადახედეთ იმ ფურცელს, სადაც ჩამოწერეთ თვისებები, რომლებიც თქვენს მეუღლეში მოგწონთ. ჩვევად გაიხადეთ, ხშირად უთხრათ, რა გხიბლავთ მასში (ბიბლიური პრინციპი: 1 კორინთელები 8:1).

საქმეები. ალისია ამბობს: „საკმაოდ დიდი დრო მეხარჯება სახლის საქმეების კეთებაში და როცა ჩემი ქმარი ნივთებს თავის ადგილას ალაგებს ან რეცხავს ჭურჭელს, ამით პატივისცემას ავლენს ჩემ მიმართ და აფასებს ჩემს შრომას; ამგვარად ის მიფრთხილდება და მაგრძნობინებს, რომ მისთვის მნიშვნელოვანი ვარ“.

ჰკითხეთ საკუთარ თავს: „ჩანს მეუღლისადმი ჩემი დამოკიდებულებიდან, რომ პატივს ვცემ მას? ვუთმობ მას საკმარის დროსა და ყურადღებას?“. შემდეგ კი დაფიქრდით, დაეთანხმებოდა თქვენი მეუღლე თქვენს პასუხებს?

ეცადეთ, ასე მოიქცეთ: ჩამოწერეთ სამი მხარე, რაშიც გინდათ, რომ მეუღლემ თქვენ მიმართ პატივისცემა გამოავლინოს. კარგი იქნება, თუ თქვენი მეორე ნახევარიც იმავეს გააკეთებს. შემდეგ გაცვალეთ ფურცლები, რათა თითოეულმა იმ საკითხზე იმუშაოთ, რაც თქვენი მეუღლისთვისაა მნიშვნელოვანი. ყურადღება იმაზე გაამახვილეთ, თქვენ რა უნდა გააკეთოთ, რომ მეუღლის მიმართ პატივისცემა გამოავლინოთ. როცა ერთი ცდილობს, ეს მეორისთვისაც სტიმულია, რომ ანალოგიურად მოიქცეს.

^ აბზ. 8 სტატიაში ზოგი სახელი შეცვლილია.

^ აბზ. 14 აღებულია წიგნიდან „Ten Lessons to Transform Your Marriage“.

გაიგეთ მეტი

ბედნიერი ქორწინების წყარო ღმერთია

ორი მარტივი კითხვა დაგეხმარებათ, რომ უფრო მტკიცე ქორწინება გქონდეთ.