წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! № 6, 2016

უჩვეულო თევზი-კლოუნი

ნარინჯისფერი თევზი-კლოუნი

უჩვეულო თევზი-კლოუნი

იშვიათად თუ იპყრობს ჩვენს ყურადღებას რომელიმე სახეობის თევზი ისე, როგორც თევზი-კლოუნი. თავისი შეფერილობით ის ცირკის კლოუნს მოგვაგონებს. იგი იმითაც გვანცვიფრებს, რომ უჩვეულო ადგილას, ზღვის ანემონის, შხამიანი აქტინიის საცეცებს შორის იდებს ბინას. თევზ-კლოუნს ამფიპრიონსაც უწოდებენ.

რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, თევზ-კლოუნს არ აშინებს ადამიანებთან სიახლოვე და კინოვარსკვლავივით „პოზიორობს“ კამერების წინ. ამიტომ პროფესიონალი თუ მოყვარული მყვინთავები მოელიან კიდეც, რომ ეს უჩვეულოდ ლამაზი თევზები არც მათი კამერების წინ დაიმორცხვებენ. ეს თევზი იმიტომ გრძნობს თავს ასე თავისუფლად, რომ დიდი მანძილით არასდროს შორდება თავის სახლს.

თევზი-კლოუნი უჩვეულო იმიტომაა, რომ როგორც აღვნიშნეთ, საცხოვრებლად, ერთი შეხედვით, სახიფათო ადგილს ირჩევს. აქტინიის შხამიან საცეცებს შორის ცხოვრება იმის მსგავსია, რომ გველების ბუდის მახლობლად დაიდო ბინა. თუმცა თევზი-კლოუნი და სუსხიანი აქტინია არაჩვეულებრივად ეწყობიან ერთმანეთს. რა განაპირობებს მათ უჩვეულო და, ამავდროულად, ჰარმონიულ თანაცხოვრებას?

 მათ ერთმანეთის გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ

ორზოლიანი თევზი-კლოუნი

კარგი თანამშრომლების მსგავსად, თევზი-კლოუნი და აქტინია შესანიშნავად ავსებენ ერთმანეთს. აქტინიის საცეცებს შორის ცხოვრება თევზი-კლოუნისთვის არა მხოლოდ ხელსაყრელი, არამედ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ოკეანოლოგებმა დაკვირვებების საფუძველზე დაასკვნეს, რომ თევზი-კლოუნი თავისი „მასპინძლის“, აქტინიის, გარეშე უბრალოდ ვერ იცოცხლებს. ისინი იმდენად „ცუდი მოცურავეები“ არიან, რომ, რომ არა აქტინია, ადვილად შეიძლება დამშეული მტაცებლის გემრიელ ლუკმად იქცნენ. ასე რომ, აქტინია თევზი-კლოუნისთვის უსაფრთხო თავშესაფარია, რის შედეგადაც ზოგი თევზი-კლოუნი ათ წლამდე ცოცხლობს.

ყველაფერთან ერთად თევზი-კლოუნისთვის აქტინია ქვირითის დასაყრელად უსაფრთხო „ადგილიცაა“. ქვირითის დაყრის შემდეგ როგორც მდედრი, ისე მამრი თევზი-კლოუნი თავს დასტრიალებს თავის „მონაგარს“. მას შემდეგ, რაც ქვირითიდან პატარა ლიფსიტები გამოიჩეკებიან, აქტინიის გარშემო მთელი ოჯახი ერთად დაცურავს.

საინტერესოა, აქტინია როგორღა სარგებლობს თევზ-კლოუნთან თანაცხოვრებით? ეს თევზი მისთვის პირადი მცველივითაა. იგი ზღვის ამ ანემონს ანგელოზთევზასგან იცავს, რომელიც სიამოვნებით შეექცევა მის საცეცებს. თევზი-კლოუნის გარეშე განსაკუთრებით აქტინიის ერთ სახეობას უჭირს არსებობა. ერთხელ ოკეანოლოგებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს: მათ აქტინიებს მოაშორეს თევზი-კლოუნი და, სულ რაღაც, 24 საათში ზღვის ამ ბინადრის ალიკვალიც კი აღარ იყო. როგორც ჩანს, მას მუსრი ანგელოზთევზამ გაავლო.

საგულისხმოა, რომ ეს უჩვეულო თევზი თავის „მასპინძელს“ სასარგებლო ნივთიერებით უზრუნველყოფს. იგი გამოყოფს ამონიუმს, რომელიც აქტინიის ზრდას უწყობს ხელს. აგრეთვე, როცა თევზი-კლოუნი მის საცეცებს შორის დაცურავს, ფარფლების მოძრაობით მისკენ დევნის ჟანგბადით გამდიდრებულ წყალს.

საშიშ ადგილებში ცურვა

ვარდისფერი თევზი-კლოუნი

თევზ-კლოუნს მტაცებლებისგან საუკეთესოდ იცავს თავისივე კანის ზედაპირზე არსებული ლორწოვანი გარსი. როგორც ჩანს, სწორედ ასეთი „სამოსის“ წყალობით, აქტინიებს ეს თევზი თავიანთი სხეულის ნაწილი ჰგონიათ.

ზოგიერთმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ როდესაც თევზი-კლოუნი ახალ საცხოვრებელს ირჩევს, გარკვეული დრო სჭირდება ადაპტაციისთვის. თავიდან, რამდენიმე საათის განმავლობაში დროდადრო ეხება აქტინიის საცეცებს. როგორც ჩანს, ამ დროს მისი დამცავი ლორწოვანი გარსი თანდათანობით ეგუება აქტინიის მომწამლავ შხამს. ადაპტაციის პერიოდში თევზი-კლოუნი შეიძლება აქტინიის საცეცებმა დასუსხოს კიდეც. მაგრამ დროთა განმავლობაში ეს ორი ზღვის ბინადარი შესანიშნავად ეწყობა ერთმანეთს.

როგორც ვხედავთ, ეს ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული არსება გუნდური მუშაობის საუკეთესო მაგალითს გვაძლევს. სხვადასხვა ეროვნებისა და წარმომავლობის ადამიანების ერთობლივი ძალისხმევის შედეგად ბევრი კარგი საქმე კეთდება. თევზი-კლოუნის მსგავსად, სხვებთან თანამშრომლობას რომ შევეჩვიოთ, შეიძლება გარკვეული დრო დაგვჭირდეს, მაგრამ შედეგი ნამდვილად ღირს ამად.