არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ!  |  № 5, 2016

 მთავარი თემა

მართლა არსებობდა იესო ქრისტე?

მართლა არსებობდა იესო ქრისტე?

მას არც სიმდიდრე ჰქონდა და არც ძალაუფლება; საკუთარი სახლიც კი არ გააჩნდა. მაგრამ მისმა სწავლებებმა მილიონობით ადამიანის გული დაიპყრო. და მაინც, შეიძლება დაგვებადოს კითხვა: ნამდვილად არსებობდა იესო ქრისტე? რას ამბობენ ამის თაობაზე როგორც ძველი, ისე თანამედროვე დროის სწავლულები?

  • მაიკლ გრანტი, ისტორიკოსი, რომელიც ანტიკურ ცივილიზაციას შეისწავლის, აღნიშნავს: «თუ „ახალ აღთქმასაც“ სხვა უძველესი ისტორიული ხელნაწერების მსგავსად, სანდო წყაროდ მივიჩნევთ, რაც ასეც უნდა იყოს, მაშინ ეჭვქვეშ აღარ დავაყენებთ იესოს არსებობას, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვიწევს, ბევრი იმ ადამიანის არსებობაში შევიტანოთ ეჭვი, რომელთა შესახებაც ისტორია მოწმობს, და რომელთა არსებობაც არასდროს დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ».

  • რუდოლფ ბულტმანი, პროფესორი, რომელიც „ახალ აღთქმას“ შეისწავლის, ამბობს: „ეჭვები იმის თაობაზე, მართლა არსებობდა თუ არა იესო, იმდენად უსაფუძვლოა, რომ არც კი ღირს მათ გასაბათილებლად არგუმენტების ძიება. არც ერთ საღად მოაზროვნე ადამიანს არ ეპარება ეჭვი იმაში, რომ სწორედ იესომ ჩაუყარა საფუძველი [ქრისტიანულ] მიმდინარეობას, რომელიც [იუდაიზმის წიაღში], უძველეს პალესტინაში წარმოიშვა“.

  • უილიამ დიურანტი, ისტორიკოსი, მწერალი და ფილოსოფოსი, წერდა: „ის უფრო დაუჯერებელი იქნებოდა, ერთ ეპოქაში მცხოვრებ რამდენიმე უბრალო ადამიანს [სახარების დამწერებს] გამოეგონებინა ასეთი ძლიერი, უნაკლო და დიადი პიროვნება, რომელიც ადამიანებს ესოდენ მაღალზნეობრივ ფასეულობებს უნერგავდა და ნამდვილ ძმურ სიყვარულს ასწავლიდა, ვიდრე ის, რასაც სახარებები მოგვითხრობს“.

  • ალბერტ აინშტაინი, გერმანიაში დაბადებული ებრაელი ფიზიკოსი, აღნიშნავს: „წარმოშობით ებრაელი ვარ, მაგრამ აღმაფრთოვანებს [იესო] ნაზარეთელის პიროვნება“. როდესაც მას ჰკითხეს, სჯეროდა თუ არა იესოს არსებობის, პასუხად მიუგო: „რასაკვირველია! შეუძლებელია, სახარების კითხვისას ისეთი გრძნობა არ დაგეუფლოს, რომ თითქოს იესო შენ გვერდითაა. ყოველი სიტყვა მის პიროვნულ თვისებებს ირეკლავს. სახარებებში ყველაფერი ისე ცოცხლადაა გადმოცემული, რომ შეუძლებელია ეს მითი იყოს“.

    „შეუძლებელია, სახარების კითხვისას ისეთი გრძნობა არ დაგეუფლოს, რომ თითქოს იესო შენ გვერდითაა“ (ალბერტ აინშტაინი)

 რას გვიმჟღავნებს ისტორია?

იესო ქრისტეს ცხოვრებისა და მსახურების შესახებ ყველაზე დაწვრილებით ოთხი სახარება მოგვითხრობს, რომლებიც მათი დამწერების, მათეს, მარკოზის, ლუკას და იოანეს სახელითაა ცნობილი. გარდა ამისა, იესო მოხსენიებულია სხვა არაქრისტიანულ წყაროებშიც.

  • ტაციტუსი

    (დაახლ. ახ. წ. 56—120 წწ.) ტაციტუსი ერთ-ერთ უდიდეს რომაელ ისტორიკოსადაა აღიარებული. მან დაწერა ისტორიული თხზულება „ანალები“, რომელშიც ასახულია რომის ისტორია ახ. წ. 14 წლიდან 68 წლამდე (იესო ქრისტე სიკვდილით ახ. წ. 33 წელს დასაჯეს). ტაციტუსმა დაწერა, რომ ახ. წ. 64 წელს რომში დიდი ხანძარი გაჩნდა, რაშიც ბრალი იმპერატორ ნერონს ედებოდა. მაგრამ როგორც თავად ისტორიკოსმა დასძინა, მითქმა-მოთქმისთვის ბოლო რომ მოეღო, ნერონმა მომხდარი ქრისტიანებს გადააბრალა. ტაციტუსმა აგრეთვე აღნიშნა: „ქრისტუსი, რომლისგანაც მომდინარეობს სახელი [ქრისტიანები], ტიბერიუსის მმართველობის დროს პროკურატორის, პონტიუს პილატეს, ბრძანებით სასტიკად აწამეს და სიკვდილით დასაჯეს“ („ანალები“, წიგნი XV, აბზ. 44).

  • სვეტონიუსი

    (დაახლ. ახ. წ. 69—122-ის შემდეგ) რომაელი ისტორიკოსი სვეტონიუსი თავის თხზულებაში, „თორმეტი კეისრის ცხოვრება“, აღწერს რომის პირველი 11 იმპერატორის მმართველობის დროს განვითარებულ მოვლენებს. იმ მონაკვეთში, რომელშიც საუბარია იმპერატორ კლავდიუსის მმართველობის პერიოდზე, მოთხრობილია რომში მომხდარი არეულობის შესახებ, რაც, როგორც ჩანს, იუდეველებს შორის იესოზე გაუთავებელმა კამათმა გამოიწვია (საქმეები 18:2). სვეტონიუსი წერდა: „იუდეველები სულ აღელვებულნი ქრისტუმის [ქრისტეს] გამო [კლავდიუსმა] რომიდან გარეკა“ („ღვთაებრივი კლავდიუსი“, XXV, 4). მართალია, სვეტონიუსი იესოს უსაფუძვლოდ ადანაშაულებდა არეულობის გამოწვევაში, მაგრამ მის არსებობაში ეჭვი არ შეუტანია.

  • პლინიუს უმცროსი

    (დაახლ. ახ. წ. 61—113 წწ.) პლინიუს უმცროსი რომაელი მწერალი და ბითინიის (დღევანდელი თურქეთი) გამგებელი იყო, რომელმაც რომის იმპერატორ ტრაიანეს წერილობით აცნობა, თუ როგორ ეპყრობოდა ქრისტიანებს ამ პროვინციაში. პლინიუსი წერდა, რომ აიძულებდა ქრისტიანებს, უარეყოთ საკუთარი მრწამსი; უარის თქმის შემთხვევაში კი სიკვდილით დასჯით ემუქრებოდა. ის ტრაიანეს უხსნიდა: „მხოლოდ მათ ვათავისუფლებდი, ვინც . . . ჩემთან ერთად მოუხმობდა [წარმართ] ღვთაებებს; თაყვანს სცემდა, საკმეველს უკმევდა და ღვინოს უღვრიდა თქვენს გამოსახულებას . . . და წყევლიდა ქრისტეს“ (Pliny—Letters, Book X, XCVI).

  •  იოსებ ფლავიუსი

    (დაახლ. ახ. წ. 37—100 წწ.) იოსებ ფლავიუსი ებრაელი ისტორიკოსი და სასულიერო პირი გახლდათ. მან დაწერა, რომ ებრაელმა მღვდელმთავარმა ანამ, რომელიც პოლიტიკური ძალაუფლებით სარგებლობდა, „შეკრიბა სინედრიონის [იუდეველთა უზენაესი სასამართლო] მოსამართლეები და მათ წინაშე წარადგინა მამაკაცი, სახელად იაკობი, ქრისტედ წოდებული იესოს ძმა“ („იუდეველთა სიძველენი“, XX, 200).

  • თალმუდი

    იუდეველი რაბინების მიერ შედგენილი კრებულიდან, რომელიც თარიღდება ახ. წ. III—VI საუკუნეებით, აშკარად ჩანს, რომ იესოს მტრებიც კი ადასტურებდნენ მის არსებობას. ერთ-ერთ მონაკვეთში ვკითხულობთ: „პასექის დღეს იეშუა [იესო] ნაზარეთელი სიკვდილით დასაჯეს“, რაც ისტორიულადაა დასაბუთებული (ბაბილონის თალმუდი, სანჰედრინი 43ა, მიუნხენის კოდექსი; იხილეთ იოანეს 19:14—16). სხვა მონაკვეთში კი წერია: „ჩვენ არც საკუთარ ვაჟებს და არც მოწაფეებს არ აღვზრდით ისეთებად, რომლებიც ნაზარეთელივით (ამ სიტყვაში, ძირითადად, იესოს გულისხმობდნენ) დაიმცირებენ თავს ხალხის წინაშე“ (ბაბილონის თალმუდი, ბრახოთი 17ბ, სქოლიო, მიუნხენის კოდექსი; იხილეთ ლუკას 18:37).

ბიბლიური მტკიცებულებები

სახარებები დაწვრილებით მოგვითხრობს იესოს ცხოვრებისა და მსახურების შესახებ, მათ შორის მოიხსენიებს კონკრეტულ ადამიანებს, ადგილებს და დროის ამა თუ იმ მონაკვეთს, რაც ადასტურებს, რომ ეს წიგნები უტყუარ ისტორიულ ცნობებს შეიცავს. მაგალითად, ლუკას 3:1, 2-ში მოცემული ინფორმაცია გვეხმარება, ზუსტად განვსაზღვროთ, როდის დაიწყო იესოს წინამორბედმა, იოანე ნათლისმცემელმა, მოღვაწეობა.

„მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული“ (2 ტიმოთე 3:16)

ლუკამ დაწერა: „კეისარ ტიბერიუსის მმართველობის მეთხუთმეტე წელს, როცა პონტიუს პილატე იყო იუდეის გამგებელი, ჰეროდე — გალილეის გამგებელი, ხოლო მისი ძმა ფილიპე — იტურეისა და ტრაქონიტიდის მხარეების გამგებელი, ლისანია კი — აბილინის მხარის გამგებელი, უფროსი მღვდლის ანასა და კაიაფას დღეებში, უდაბნოში ღვთის სიტყვა გამოეცხადა ზაქარიას ძეს, იოანეს“. ლუკას მიერ მოწოდებული ამ უზუსტესი ცნობების საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ იოანეს „ღვთის სიტყვა გამოეცხადა“ ახ. წ. 29 წელს.

 ლუკა საუბრობს შვიდ გავლენიან პირზე, რომელთა სახელები სხვა წყაროებშიც არის მოხსენიებული. იყო დრო, როცა ზოგი კრიტიკოსი ეჭვქვეშ აყენებდა პონტიუს პილატესა და ლისანიას არსებობას, მაგრამ კრიტიკოსებმა მართლაც რომ იჩქარეს დასკვნების გაკეთება. არქეოლოგებმა აღმოაჩინეს უძველესი წარწერა, რომელზეც მოხსენიებულია ამ ორი მმართველის სახელი. ეს აღმოჩენა ადასტურებს, რომ ლუკას სახარება უტყუარ ცნობებს შეიცავს. *

რატომ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი?

იესო ხალხს ასწავლიდა ღვთის სამეფოს შესახებ, რომელიც მთელ დედამიწაზე იმმართველებს

ვინაიდან იესოს სწავლებები ადამიანთა ცხოვრებაზე ახდენს გავლენას, უაღრესად მნიშვნელოვანია, დავრწმუნდეთ, რომ ის ნამდვილად არსებობდა. მაგალითად, იესომ გვასწავლა, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვიყოთ ბედნიერები და აზრიანად ვიცხოვროთ. * გარდა ამისა, ის დაგვპირდა, რომ დადგება დრო, როცა მხოლოდ ერთი ხელისუფლება იმმართველებს, რომელსაც ბიბლიაში „ღვთის სამეფო“ ეწოდება. ღვთის სამეფოს მმართველობის დროს მთელ დედამიწაზე მშვიდობა და უსაფრთხოება დაისადგურებს (ლუკა 4:43).

მართლაც რომ მართებულად ეწოდება ამ ხელისუფლებას „ღვთის სამეფო“, რადგან მისი მეშვეობით მთელ დედამიწაზე ღვთის ნება შესრულდება (გამოცხადება 11:15). ეს იესომაც დაადასტურა, რაც კარგად გამოჩნდა მის მიერ დატოვებული ლოცვის ნიმუშიდან: „ჩვენო ზეციერო მამა . . . მოვიდეს შენი სამეფო და იყოს შენი ნება . . . დედამიწაზე“ (მათე 6:9, 10). ქვემოთ მოცემულია ბიბლიური მუხლები, საიდანაც ჩანს, თუ რას გააკეთებს ღვთის სამეფო ადამიანებისთვის:

  • ბოლო მოეღება ომებსა და დაპირისპირებებს (ფსალმუნი 46:8—11).

  • ბოროტება, მათ შორის სიხარბე და კორუფცია, უღვთო ადამიანებთან ერთად სამუდამოდ მოისპობა (ფსალმუნი 37:10, 11).

  • ღვთის სამეფოს ქვეშევრდომები ფუჭად აღარ გაირჯებიან და მათ შრომა სიამოვნებას მიანიჭებს (ესაია 65:21, 22).

  • დედამიწა მეტად აღარასდროს დაბინძურდება და უხვ მოსავალს მოგვცემს (ფსალმუნი 72:16; ესაია 11:9).

ზოგს შეიძლება ეს ყველაფერი არარეალური ეგონოს, მაგრამ ის უფრო არარეალური არ არის, მოკვდავ ადამიანზე დავამყაროთ იმედი? დაფიქრდით: მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებმა დიდი პროგრესი განიცადეს განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სფეროში, მილიონებს დაუცველობის შეგრძნება და ხვალინდელი დღის შიში აქვთ. დღეს მთელ მსოფლიოში ფეხი მოიკიდა სიხარბემ და კორუფციამ; ადამიანები ყოველდღიურად აწყდებიან ეკონომიკურ პრობლემებს და პოლიტიკური და რელიგიური დევნის ობიექტები ხდებიან. აშკარაა, რომ ადამიანური მმართველობა მარცხს განიცდის! (ეკლესიასტე 8:9).

სწორედ ამიტომ ღირს დავრწმუნდეთ, რომ იესო ნამდვილად არსებობდა. * 2 კორინთელების 1:19, 20-ში ნათქვამია: «რამდენი დანაპირებიც არ უნდა ჰქონდეს ღმერთს, ყველა მათგანი „დიახ“ ხდება მისი [ქრისტეს] მეშვეობით».

^ აბზ. 23 ამ წარწერაზე ლისანია მოხსენიებულია, როგორც ტეტრარქი ანუ მხარის გამგებელი (ლუკა 3:1). ლისანია სწორედ იმ პერიოდში იყო აბილინის მხარის გამგებელი, რომელ პერიოდზეც ლუკა საუბრობს.

^ აბზ. 25 მათეს 5—7 თავებში ჩაწერილია იესოს ქადაგება, რომელიც მთაზე ქადაგების სახელითაა ცნობილი. ბიბლიის ამ მონაკვეთიდან კიდევ ბევრ რამეს ვიგებთ იესოს სწავლებების შესახებ.

^ აბზ. 32 თუ გსურთ, მეტი გაიგოთ იესოსა და მისი სწავლებების შესახებ, ეწვიეთ ვებ-გვერდს www.jw.org (იხილეთ ბიბლიური სწავლებები > პასუხები ბიბლიურ კითხვებზე).

გაიგეთ მეტი

სასიხარულო ცნობა ღვთისგან

რა გვარწმუნებს იმაში, რომ ბიბლია ჭეშმარიტია?

თუ ბიბლიის ავტორი ღმერთია, მაშინ ის უნდა განსხვავდებოდეს ყველა სხვა წიგნისგან.

საგუშაგო კოშკი

იესოს აღდგომა მართლა ეტანჯა და მოკვდა იესო?

რა გვარწმუნებს, რომ სახარებები ჭეშმარიტებას მოგვითხრობს იესოს შესახებ?