წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! № 5, 2016

 წარსულის სახეები

არისტოტელე

არისტოტელე

არისტოტელემ, რომელიც 2 300-ზე მეტი წლის წინ მოღვაწეობდა, დიდი წვლილი შეიტანა მეცნიერებისა და ფილოსოფიის განვითარებაში. ამ ბერძენი მეცნიერის იდეები და აღმოჩენები წლების მანძილზე მრავალი ადამიანის ყურადღებას იპყრობდა; მისი ნაშრომები არაერთ ენაზე ითარგმნა და ღრმად იქნა შესწავლილი. ისტორიკოსი ჯეიმზ მაკლაჩლანი წერდა, რომ „არისტოტელეს ბუნებათმეცნიერების პრინციპები თითქმის 2 000 წლის მანძილზე ახდენდა გავლენას ევროპელთა ცნობიერებაზე“. მისმა ზოგიერთმა თეორიამ გავლენა იქონია თვით კათოლიკურ და პროტესტანტულ სწავლებებზე და აგრეთვე მუსულმანურ სამყაროზე.

მისი ინტერესის სფერო მრავლისმომცველი იყო

არისტოტელემ არაერთი ნაშრომი მიუძღვნა ხელოვნებას, ასტრონომიას, ბიოლოგიას, ეთიკას, სამართალს, მეტაფიზიკას, პოეზიას, პოლიტიკას, ფსიქოლოგიას, რიტორიკას; აგრეთვე ისეთ თემებს, როგორიცაა მაგნეტიზმი, მოძრაობა, სიამოვნება და სული, რომელიც, მისი აზრით, მოკვდავი იყო. მაგრამ მან, ძირითადად, სახელი გაითქვა ბიოლოგიური ნაშრომებითა და ლოგიკური თხზულებებით.

ძველი ბერძენი სწავლულები ბუნებაში არსებულ მოვლენებს თავიანთი დაკვირვებების, ლოგიკისა და დასკვნების საფუძველზე ხსნიდნენ. ისინი თვლიდნენ, რომ მათ თავიდანვე უდავო ჭეშმარიტებას მიაკვლიეს და თუ ამ ჭეშმარიტების საფუძველზე იმსჯელებდნენ, სწორ დასკვნებამდე მივიდოდნენ.

ასეთი მსჯელობით ისინი რიგ საკითხებში მართლაც მივიდნენ სწორ დასკვნამდე; მაგალითად, მიხვდნენ, თუ რით იყო განპირობებული სამყაროში არსებული წესრიგი. მაგრამ ვინაიდან შეუიარაღებელი თვალით აკვირდებოდნენ სამყაროს, ბევრ რამეში შეზღუდულები იყვნენ. სწორედ ამ შეზღუდვის გამო ბევრი გამოჩენილი სწავლული, მათ შორის არისტოტელე, მცდარ დასკვნამდე მივიდა. მაგალითად, ისინი ამტკიცებდნენ, რომ პლანეტები და ვარსკვლავები დედამიწის გარშემო ბრუნავდნენ. იმ დროში ამას უდავო ჭეშმარიტებად მიიჩნევდნენ. ერთ წიგნში ნათქვამია: „ბერძენი სწავლულების მოსაზრება იმის შესახებ, რომ დედამიწა სამყაროს ცენტრი  იყო, ერთი შეხედვით, სავსებით ლოგიკური და დასაბუთებული ჩანდა“ (The Closing of the Western Mind).

ეს მცდარი შეხედულება მხოლოდ მეცნიერებს რომ გაეზიარებინათ, შედეგები არც ისე სავალალო იქნებოდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა.

კათოლიციზმი იზიარებს არისტოტელეს იდეებს

შუა საუკუნეების „ქრისტიანული“ ევროპის ქვეყნებში არისტოტელეს ზოგი მოძღვრება უცილობელ ჭეშმარიტებად აღიარეს. ყველაზე გავლენიანმა ღვთისმეტყველმა, კათოლიკე თომა აკვინელმა (დაახლ. ახ. წ. 1224—1274) ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არისტოტელეს ფილოსოფია თავისი ეკლესიის სწავლებებს შერწყმოდა. ამგვარად არისტოტელეს მიერ ჩამოყალიბებული თეორია იმის შესახებ, რომ თითქოს დედამიწა სტატიკურია და სამყაროს ცენტრს წარმოადგენს, კათოლიკურ დოგმად იქცა. ეს სწავლება აგრეთვე აღიარეს ისეთმა პროტესტანმა რეფორმატორებმა, როგორებიც იყვნენ კალვინი და ლუთერი. ისინი თვლიდნენ, რომ ამ თეორიას ბიბლიური საფუძველი ჰქონდა (იხილეთ ჩარჩო « ბიბლიაში „მეტისმეტად ჩახედულნი“»).

არისტოტელეს ზოგი თეორია უცილობელ ჭეშმარიტებად აღიარეს

„არისტოტელეს ზოგიერთი მოსაზრება [სწავლებები] და კათოლიკური მოძღვრებები თითქმის იდენტურია“, — აღნიშნავს ჩარლზ ფრიმენი. ამიტომ ამბობენ, რომ აკვინელმა არისტოტელე კათოლიკედ შერაცხა. მაგრამ სინამდვილეში, როგორც ფრიმენი წერს, „აკვინელი მოექცა არისტოტელიზმზე“. არ გადავაჭარბებთ, თუ ვიტყვით, რომ არისტოტელეს იდეები ეკლესიამაც შეითვისა. შედეგად, როდესაც იტალიელმა ასტრონომმა და მათემატიკოსმა, გალილეომ, გაბედა და ხელთ არსებული მტკიცებულებების საფუძველზე საპირისპირო აზრი გამოთქვა, რომ დედამიწა მზის გარშემო ბრუნავდა, ეკლესიამ მოითხოვა მისი ინკვიზიციის წესით გასამართლება; იგი აიძულეს, უკან წაეღო თავისი სიტყვები. * რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჩანდეს, თავად არისტოტელე აცნობიერებდა, რომ მისი მეცნიერული ცოდნა დახვეწასა და გადახედვას საჭიროებდა. კარგი იქნებოდა, რომ ეკლესიასაც მსგავსი აზრი გაეზიარებინა.

^ აბზ. 11 მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ 2003 წლის 8 მაისის „გამოიღვიძეთ!“-ის სტატია „გალილეოს დაპირისპირება ეკლესიასთან“.