წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! № 4, 2016

 მთავარი თემა | როგორ შევიძინოთ კარგი ჩვევები

2. შეიქმენით შესაბამისი გარემო

2. შეიქმენით შესაბამისი გარემო
  • დავუშვათ გადაწყვიტეთ, ჯანსაღად იკვებოთ, მაგრამ ვიტრინაში დაინახეთ, რომ ნაყინი მაცდუნებლად გამოიყურება.

  • დავუშვათ გადაწყვიტეთ, აღარ მოსწიოთ, მაგრამ ერთ დღესაც მეგობარი, რომელმაც იცის, რომ სიგარეტისთვის თავის დანებება გინდათ, მას მაინც გთავაზობთ.

  • დავუშვათ ვარჯიში მოგინდათ, მაგრამ გარდერობი იმდენად მოუწესრიგებელი გაქვთ, რომ სანამ სპორტულ ფეხსაცმელს მოძებნით, შეიძლება ყველაფრის ხალისი დაგეკარგოთ.

ხედავთ საერთოს ამ სამ სიტუაციას შორის? როგორც გამოცდილება აჩვენებს, განვივითარებთ თუ არა კარგ ჩვევებს და დავაღწევთ თუ არა თავს ცუდ მიდრეკილებებს, ბევრადაა დამოკიდებული იმ გარემოზე, რომელშიც გვიწევს ყოფნა, და ხალხზე, ვისთანაც ვურთიერთობთ.

ბიბლიური პრინციპი: „წინდახედული ხედავს უბედურებას და იმალება, გამოუცდელი კი გაივლის და სასჯელს დაიტეხს თავს“ (იგავები 22:3).

ბიბლია გვირჩევს, რომ წინდახედულობა გამოვიჩინოთ. ამგვარად თავს ავარიდებთ ისეთ სიტუაციებს, რაც ხელს შეგვიშლის დასახული მიზნების მიღწევაში და გაგვიადვილებს, შევიქმნათ ისეთი გარემო, რაც ხელს შეგვიწყობს სასურველი ჩვევების შეძენაში (2 ტიმოთე 2:22). ასე რომ, თუ შესაბამის გარემოს შევიქმნით, ეს ჩვენი მხრიდან გონიერების მაჩვენებელი იქნება.

ისეთი გარემო შეიქმენით, სადაც გასაქანს ვერ მისცემთ ცუდ ჩვევებს და გაგიადვილდებათ კარგი ჩვევების განვითარება

რა შეგიძლიათ გააკეთოთ

  • შეიქმენით ისეთი გარემო, სადაც გასაქანს ვერ მისცემთ ცუდ ჩვევებს. მაგალითად, თუ გსურთ, კვების რაციონიდან ამოიღოთ არაჯანსაღი საკვები, მაშინ ნურც იყიდით. ასე რომ, როცა ცდუნების წინაშე დადგებით, სამზარეულოში არაჯანსაღ საკვებს ვეღარ იპოვით. ასე უფრო გაგიადვილდებათ, მოერიოთ საკუთარ თავს და არ აჰყვეთ ცდუნებას.

  • შეიქმენით ისეთი პირობები, სადაც გაგიადვილდებათ კარგი ჩვევების გამომუშავება. მაგალითად, თუ დილით ვარჯიშს აპირებთ, წინა დღით გაიმზადეთ სავარჯიშო ტანსაცმელი. თუ თავიდანვე გაიმარტივებთ საქმეს, უფრო ადვილად მიჰყვებით აღებულ კურსს.

  • გონივრულად აირჩიეთ მეგობრები. ჩვენ, როგორც წესი, ვემსგავსებით მათ, ვის გვერდითაც დიდ დროს ვატარებთ (1 კორინთელები 15:33). ნაკლებად იქონიეთ ურთიერთობა მათთან, ვინც ხელს შეგიშლით ცუდი ჩვევების მიტოვებაში და მათ დაუმეგობრდით, ვინც კარგი ჩვევების განვითარებისკენ წაგახალისებთ.