არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ!  |  № 4, 2016

 მთავარი თემა | როგორ შევიძინოთ კარგი ჩვევები

1. იყავით რეალისტი

1. იყავით რეალისტი

ერთ დღესაც შეიძლება ყველაფრის ერთბაშად შეცვლა მოინდომოთ და გადაწყვიტოთ, რომ ამიერიდან აღარ მოსწევთ, აღარ იტყვით უწმაწურ სიტყვებს, გვიან აღარ დაიძინებთ, დაიწყებთ ვარჯიშს, გადახვალთ ჯანსაღ კვებაზე და შეეხმიანებით ხოლმე ნათესავებს. მაგრამ ერთი რამ გახსოვდეთ, რომ თუ ყველაფრის შეცვლას ერთი ხელის მოსმით შეეცდებით, საბოლოოდ არაფერი გამოგივათ.

ბიბლიური პრინციპი: „სიბრძნე მოკრძალებულებთანაა“ (იგავები 11:2).

მოკრძალებული ადამიანი რეალისტია. ის აცნობიერებს თავის შეზღუდულ შესაძლებლობებს. ამიტომ ნაცვლად იმისა, რომ ყველაფრის ერთიანად შეცვლას შეეცადოს, ეტაპობრივად ახდენს ცვლილებებს.

თუ ყველაფრის შეცვლას ერთი ხელის მოსმით შეეცდებით, საბოლოოდ არაფერი გამოგივათ!

რა შეგიძლიათ გააკეთოთ

ერთ ჯერზე ბევრ რამეს ნუ შეეჭიდებით! შეგიძლიათ ასე მოიქცეთ:

  1. შეადგინეთ ორი სია: ერთში ჩამოწერეთ, რომელი ჩვევები გინდათ, გამოიმუშაოთ, მეორეში კი აღნიშნეთ, რომლისგან გინდათ, გათავისუფლდეთ. ნუ შეიზღუდებით და რაც კი გაგახსენდებათ, ყველაფერი ჩამოწერეთ.

  2. სია პრიორიტეტების მიხედვით შეადგინეთ — სიის თავში ის მოაქციეთ, რასაც ყველაზე მნიშვნელოვნად თვლით.

  3. თითოეული სიიდან ერთ ან ორ რამეზე შეაჩერეთ ყურადღება და იმუშავეთ მათზე. როცა დაინახავთ, რომ ესა თუ ის ჩვევა მეტ-ნაკლებად გამოიმუშავეთ, შეგიძლიათ შემდეგზე გადახვიდეთ.

შეეცადეთ, ცუდი ჩვევები რაც შეიძლება მალე ჩაანაცვლოთ კარგით. მაგალითად, თუ გადაწყვეტთ, რომ საათობით ტელევიზორთან ჯდომის ნაცვლად, ახლობლებს დაუთმოთ ყურადღება, მაშინ ეცადეთ, სამსახურიდან სახლში დაბრუნებულებმა მაშინვე ტელევიზორი კი არ ჩართოთ ხოლმე, არამედ ჯერ მეგობრებს ან ნათესავებს შეეხმიანოთ.