წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! № 4, 2016

რას ამბობს ბიბლია ჰომოსექსუალიზმზე?

რას ამბობს ბიბლია ჰომოსექსუალიზმზე?

ბევრ ქვეყანაში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების საკითხი ჯერ კიდევ განხილვის საგანია. თუმცა შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ 2015 წელს ერთსქესიანთა ქორწინება მთელი ქვეყნის მასშტაბით კანონიერად ცნო. ამას ინტერნეტ-სივრცეში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ხალხი უამრავ კითხვას სვამდა; მათ ყველაზე მეტად ბიბლიის თვალსაზრისი აინტერესებდათ ერთსქესიანთა ქორწინებაზე.

მართალია, ბიბლიაში კონკრეტულად არაფერია ნათქვამი ერთსქესიანთა ქორწინებაზე, მაგრამ ამ წიგნიდან ვიგებთ ყველაზე მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხს — როგორია ღვთის თვალსაზრისი ჰომოსექსუალიზმზე?

ბევრი, ვინც ბიბლიაში არ არის ჩახედული, ფიქრობს, რომ იცის ამ კითხვაზე პასუხი, თუმცა მათი შეხედულებები ხშირად ურთიერთგამომრიცხავია. ერთნი ამტკიცებენ, რომ ბიბლია აშკარად გმობს ჰომოსექსუალიზმს, მეორენი კი ირწმუნებიან, რომ ბიბლიაში ჩაწერილი მოწოდება, გიყვარდეს მოყვასი, იმაზე მიანიშნებს, რომ სრულიად მისაღებია ნებისმიერი სახის სქესობრივი ურთიერთობა (რომაელები 13:9).

რას ამბობს ბიბლია?

ქვემოთ მოცემულ რომელ მოსაზრებას იზიარებთ?

  1. ბიბლია გმობს ჰომოსექსუალიზმს.

  2. ბიბლია იწყნარებს ჰომოსექსუალიზმს.

  3. ბიბლია აღვივებს სიძულვილს (ჰომოფობიას) ჰომოსექსუალების მიმართ.

პასუხები:

  1. სწორია. ბიბლიაში ნათქვამია: „მამათმავლები . . . ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სამეფოს“ (1 კორინთელები 6:9, 10). ეს სიტყვები არა მარტო განსხვავებული ორიენტაციის მამაკაცებს, არამედ ქალებსაც ეხებათ (რომაელები 1:26).

  2. არასწორია. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ სქესობრივი ურთიერთობა მხოლოდ მამაკაცსა და ქალს უნდა ჰქონდეთ, რომლებიც კანონიერად არიან დაქორწინებული (დაბადება 1:27, 28; იგავები 5:18, 19).

  3. არასწორია. მართალია, ბიბლია განსჯის ჰომოსექსუალიზმს, მაგრამ არ მოგვიწოდებს, შევიძულოთ ჰომოსექსუალები ან მათ ფიზიკური, სიტყვიერი თუ სხვა სახის შეურაცხყოფა მივაყენოთ (რომაელები 12:18). [1]

 როგორია ამ საკითხზე იეჰოვას მოწმეების შეხედულება?

იეჰოვას მოწმეებს მიაჩნიათ, რომ ბიბლიის ზნეობრივი ნორმებით ცხოვრება საუკეთესო არჩევანია (ესაია 48:17). [2] ეს იმას ნიშნავს, რომ მათთვის მიუღებელია ყოველგვარი სექსუალური უზნეობა, მათ შორის ჰომოსექსუალიზმი (1 კორინთელები 6:18). [3] ასე რომ, ბიბლიური პრინციპებით ცხოვრება მათი არჩევანია და ამის სრული უფლებაც აქვთ.

იეჰოვას მოწმეები მიჰყვებიან „ოქროს წესს“ და სხვებს ისე ეპყრობიან, როგორ მოპყრობასაც თავად ისურვებდნენ

გარდა ამისა, იეჰოვას მოწმეები ცდილობენ, ყველასთან მშვიდობიანი ურთიერთობა ჰქონდეთ (ებრაელები 12:14). მიუხედავად იმისა, რომ მათთვის მიუღებელია ჰომოსექსუალიზმი, საკუთარ შეხედულებებს სხვებს თავს არ ახვევენ. ისინი არც თავად გამოდიან ჰომოსექსუალების წინააღმდეგ და არც მათ წინააღმდეგ მიმართულ აგრესიულ ქმედებებს იწონებენ. იეჰოვას მოწმეები მიჰყვებიან „ოქროს წესს“ და სხვებს ისე ეპყრობიან, როგორ მოპყრობასაც თავად ისურვებდნენ (მათე 7:12).

აღვივებს ბიბლია სიძულვილს?

და მაინც, ზოგმა შეიძლება თქვას, რომ ბიბლია ჰომოსექსუალების მიმართ სიძულვილს აღვივებს; ისინი ამტკიცებენ, რომ ვინც ბიბლიის მაღალზნეობრივი ნორმებით ცხოვრობს, შეუწყნარებლობას ავლენს ჰომოსექსუალების მიმართ. მათი თქმით, ბიბლია დაიწერა ისეთ დროში, როდესაც ხალხს ძალიან ვიწრო თვალთახედვა ჰქონდა. ისინი თვლიან, რომ განსხვავებული ორიენტაციის ადამიანები საზოგადოების ისეთივე სრულფასოვანი წევრები უნდა იყვნენ, როგორიც სხვა რასისა თუ ეროვნების ადამიანები. ამიტომ მათთვის ჰომოსექსუალიზმის დაგმობა იგივეა, რაც სხვა რასის წარმომადგენელთა სიძულვილი. მაგრამ მართებულია ასეთი შედარების გაკეთება? რა თქმა უნდა, არა.

ერთია, გმობდე ჰომოსექსუალიზმს, მაგრამ სულ სხვაა, გძულდეს ჰომოსექსუალები. ბიბლია ქრისტიანებს მოუწოდებს, რომ ყველანაირ ადამიანს სცენ პატივი (1 პეტრე 2:17). [4] მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათთვის მისაღები უნდა იყოს ყველანაირი საქციელი.

დავუშვათ, თვლით, რომ მოწევა მავნე ჩვევაა, მაგრამ თქვენი თანამშრომელი ეწევა. აძლევს ეს მას იმის საფუძველს, დაასკვნას, რომ განსხვავებული შეხედულების გამო ვიწრო თვალთახედვა გაქვთ? ნიშნავს ეს იმას, რომ მის მიმართ მტრულად ხართ განწყობილი მხოლოდ იმიტომ, რომ არ ეწევით? თუ თანამშრომელი დაჟინებით მოგთხოვდათ ამ საკითხზე თვალსაზრისის შეცვლას, ვინ უფრო გამოვიდოდა ვიწრო თვალთახედვის და სხვების მიმართ მტრულად განწყობილი — ის თუ თქვენ?

იეჰოვას მოწმეები ბიბლიის მაღალზნეობრივი ნორმებით ცხოვრობენ. მათთვის მიუღებელია ისეთი საქციელი, რომელსაც ბიბლია განსჯის. თუმცა არც აბუჩად იგდებენ და არც უპატივცემულოდ ეპყრობიან მათ, ვინც არ ცხოვრობს ბიბლიური ნორმებით.

მეტისმეტად მკაცრი ხომ არაა ბიბლიური ნორმები?

რის თქმა შეიძლება მათზე, ვისაც ჰომოსექსუალიზმისკენ აქვს მიდრეკილება ან მათზე, ვინც ფიქრობს, რომ ასეთად დაიბადა? თუ ეს ასეა, სისასტიკე ხომ არ იქნებოდა იმის თქმა, რომ მათ არ უნდა მისცენ გასაქანი თავიანთ სურვილებს?

ბიბლია არაფერს ამბობს თანდაყოლილ ჰომოსექსუალურ მიდრეკილებებზე, თუმცა ხაზს უსვამს იმას, რომ ბევრმა დროთა განმავლობაში განივითარა ასეთი არასწორი სურვილები. ბიბლიაში ცალსახადაა ნათქვამი, რომ მათთვის, ვისაც სურს, ღვთის მოწონება დაიმსახუროს, ყოვლად მიუღებელი უნდა იყოს ნებისმიერი სახის უზნეობა, მათ შორის ჰომოსექსუალიზმი (2 კორინთელები 10:4, 5).

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ზოგმა შეიძლება დაასკვნას, რომ ბიბლია მეტისმეტად მკაცრად უდგება ამ საკითხს. ისინი იზიარებენ გავრცელებულ შეხედულებას, რომ თითქოს ადამიანი ყოველთვის უნდა აჰყვეს შინაგან იმპულსებს. რაც შეეხება სექსუალურ იმპულსებს, ასეთი ადამიანების აზრით, ეს იმპულსები იმდენად ძლიერია, რომ მათი გაკონტროლება თითქმის შეუძლებელია. თუმცა ბიბლიაში ნათქვამია, რომ ადამიანს შეუძლია საკუთარ თავში ჩაკლას არასწორი სურვილები. ცხოველებისგან განსხვავებით, ჩვენ შეგვიძლია ვაკონტროლოთ საკუთარი თავი და ვმართოთ შინაგანი იმპულსები (კოლოსელები 3:5). [5]

ზოგი ექსპერტის აზრით, აგრესიას შეიძლება გენეტიკური ფაქტორები განაპირობებდეს. ამ საკითხზე ბიბლია კონკრეტულად არაფერს ამბობს, მაგრამ მასში ნათლადაა ნათქვამი, რომ ადამიანს შეიძლება ფიცხი ხასიათი ჰქონდეს და ადვილად  გამოდიოდეს მდგომარეობიდან (იგავები 22:24; 29:22). თუმცა ბიბლიაში ასეთ მოწოდებას ვკითხულობთ: „მოეშვი რისხვას და მიატოვე ბრაზი“ (ფსალმუნი 37:8; ეფესოელები 4:31).

ზოგი შეიძლება არ დაეთანხმოს ამ რჩევას და თქვას, რომ ამ სიტყვების გათვალისწინება ძალიან ძნელია მათთვის, ვინც ბუნებით ფიცხია. სინამდვილეში, ის ექსპერტებიც კი, რომლებიც თვლიან, რომ აგრესიულობა გენეტიკური ფაქტორებითაა განპირობებული, ყველაფერს აკეთებენ ასეთი ადამიანების დასახმარებლად.

იეჰოვას მოწმეებსაც მსგავსი მიდგომა აქვთ და თვლიან, რომ ადამიანს შეუძლია გააკონტროლოს საკუთარი თავი და არ გააკეთოს ისეთი რამ, რაც ეწინააღმდეგება ბიბლიის მაღალზნეობრივ ნორმებს. მაგალითად, ღვთის სიტყვა გმობს საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან უკანონო სქესობრივ კავშირს. ბიბლიაში ნათქვამია: „ყოველმა თქვენგანმა იცოდეს თავისი ჭურჭლის ფლობა სიწმინდითა და პატივით და არა თავშეუკავებელი ვნებით“ (1 თესალონიკელები 4:4, 5).

„ასეთი იყო ზოგიერთი თქვენგანი“

პირველ საუკუნეში ქრისტიანებს შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც წარსულში ცხოვრების სრულიად განსხვავებული წესი ჰქონდათ, მაგრამ ძირეული ცვლილებები მოახდინეს. მაგალითად, ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ზოგიერთები იყვნენ მეძავები, კერპთაყვანისმცემლები, მრუშები და მამათმავლები. თუმცა ბიბლია იმასაც ამბობს, რომ მათ მიატოვეს ასეთი ცხოვრების წესი (1 კორინთელები 6:9—11).

ბიბლიაში ვკითხულობთ: „ასეთი იყო ზოგიერთი თქვენგანი“. სიტყვაში „ასეთი“ იგულისხმებოდნენ ყოფილი ჰომოსექსუალებიც, რომლებიც შეიცვალნენ. მაგრამ გულისხმობდა ბიბლია იმას, რომ მათ აღარ შეახსენებდა წარსული თავს? არა, რადგან დროდადრო, ალბათ, მოუწევდათ თავიანთ არასწორ მიდრეკილებებთან ბრძოლა. სწორედ ამიტომ მოგვიწოდებს ღვთის სიტყვა: „იარეთ სულით და არ შეასრულებთ ხორცის სურვილებს“ (გალატელები 5:16).

როგორც დავინახეთ, ბიბლიაში არ წერია, რომ ღვთის მსახურებს არასდროს გაუჩნდებათ არასწორი სურვილები, თუმცა მასში ნათქვამია, რომ ადამიანს შეუძლია არ აჰყვეს თავის სურვილებს. ქრისტიანები ცდილობენ, არ კვებონ გონება არასწორი ფიქრებით, რათა გასაქანი არ მისცენ უმართებულო სურვილებს და არ დაემონონ მათ (იაკობი 1:14, 15). [6]

ბიბლია მკვეთრად მიჯნავს ერთმანეთისგან მიდრეკილებასა და საქციელს (რომაელები 7:16—25). მათ, ვისაც ჰომოსექსუალიზმისკენ აქვს მიდრეკილება, უნდა აკონტროლოს, რით კვებავს გონებას, ისევე როგორც სხვა ისეთი არასწორი მიდრეკილებების შემთხვევაში, როგორიცაა სიბრაზე, უზნეობა და სიხარბე (1 კორინთელები 9:27; 2 პეტრე 2:14, 15).

მართალია, იეჰოვას მოწმეებს სჯერათ, რომ ბიბლიის ზნეობრივი ნორმებით ცხოვრება საუკეთესო არჩევანია, მაგრამ საკუთარ შეხედულებებს სხვებს თავს არ ახვევენ. ისინი არც იმ კანონების შეცვლას ითხოვენ, რომლებიც მათგან სრულიად განსხვავებული ცხოვრების წესის მქონე ადამიანების უფლებებს იცავს. და ბოლოს, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ იეჰოვას მოწმეები არ ავლენენ მიკერძოებას და ცნობას, რომელსაც სიკეთე მოაქვს ხალხისთვის, ყველანაირ ადამიანს უზიარებენ (საქმეები 20:20).

^ 1. რომაელების 12:18: „მშვიდობიანად იყავით ყველასთან“.

^ 2. ესაიას 48:17: „მე, იეჰოვა, შენი ღმერთი ვარ, მე გასწავლი შენ სასიკეთოდ“.

^ 3. 1 კორინთელების 6:18: „გაექეცით სიძვას“.

^ 4. 1 პეტრეს 2:17: „პატივი ეცით ყველას“.

^ 5. კოლოსელების 3:5: „ამიტომ ჩაკალით თქვენი სხეულის მიწიერი ნაწილები: სიძვა, უწმინდურება, ვნება, მავნებელი სურვილები“.

^ 6. იაკობის 1:14, 15: „თითოეულს სცდის საკუთარი სურვილი, რომელიც აიყოლიებს და აცდუნებს მას. სურვილი კი, როცა განაყოფიერდება, შობს ცოდვას, ხოლო ჩადენილი ცოდვა ბადებს სიკვდილს“.

გაიგეთ მეტი

რას ამბობს ბიბლია ერთი სქესის წარმომადგენლებს შორის ქორწინებაზე?

ქორწინების დამფუძნებელმა ყველაზე საუკეთესოდ იცის, როგორ შეიძლება ქორწინება იყოს მუდმივი და ბედნიერების მომტანი.