წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! № 4, 2016

 ბიბლიის თვალსაზრისი

გარეგნული სილამაზე

გარეგნული სილამაზე

როცა საკუთარ გარეგნობაზე გაწონასწორებული შეხედულება გაქვს, თავს გაცილებით კარგად გრძნობ.

რატომ გვიზიდავს სილამაზე?

დღემდე ამოუხსნელია, როგორ აღიქვამს ადამიანი სილამაზეს. ბიბლია ამის შესახებ არაფერს ამბობს, თუმცა ერთ რამეს გვიმჟღავნებს — ადამიანს აქვს სილამაზის აღქმის უნარი და ეს იმიტომ, რომ ღმერთმა თავის ანარეკლად შეგვქმნა (დაბადება 1:27; ეკლესიასტე 3:11). მან აგრეთვე გვიბოძა ურთულესი აგებულების და გასაოცარი ფორმის სხეული. ამ ფაქტით აღფრთოვანებულმა ფსალმუნმომღერალმა დაწერა: „ხოტბას შეგასხამ [ღმერთო], რადგან შიშს მინერგავს ის, თუ რა საოცრად ვარ შექმნილი“ (ფსალმუნი 139:14).

თუმცა დღეს ბევრს არა აქვს ამ საკითხზე გაწონასწორებული თვალსაზრისი, რადგან გარეგნობაზე შეხედულებას მათ, ძირითადად, მოდის ინდუსტრია და მედია უყალიბებს. როგორც ერთ წიგნშია აღნიშნული, დასავლეთის ქვეყნებში ჩატარებულმა რამდენიმე გამოკითხვამ აჩვენა, რომ „ადამიანებისთვის შინაგან სილამაზეზე მეტად გარეგნული სილამაზეა მნიშვნელოვანი“ (Body Image). ასეთი ვიწრო თვალთახედვის გამო შეიძლება ადამიანს ყველაზე მნიშვნელოვანი რამ გამორჩეს მხედველობიდან — შინაგანი პიროვნება (1 სამუელი 16:7).

ბევრს არაჯანსაღი შეხედულება აქვს გარეგნულ სილამაზეზე

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სულ უფრო იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, განსაკუთრებით კი ქალების, რომლებსაც სურთ, თავის სექსუალურობას გაუსვან ხაზი. როგორც 2007 წლის ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში იყო ნათქვამი, „ფაქტობრივად, ყველა მედია საშუალება ქალის სექსუალურობაზე ამახვილებს ყურადღებას“. ბიბლია მოგვიწოდებს, არ ავყვეთ ასეთ ტენდენციას, და არცთუ უსაფუძვლოდ (კოლოსელები 3:5, 6).

„თქვენი სილამაზე ნუ იქნება გარეგნობაში . . . არამედ იყოს შინაგან ადამიანში, რომელიც შემოსილია სიმშვიდითა და რბილი ხასიათით, ღვთის თვალში ძალიან ძვირფასი, უხრწნელი სამოსლით“ (1 პეტრე 3:3, 4).

რატომ უნდა გვქონდეს გაწონასწორებული შეხედულება?

ზოგი ფიქრობს, რომ თუ ლამაზი სხეული გაქვს, არ უნდა დამალო. როგორც ზემოხსენებულ ანგარიშშია აღნიშნული, იმ ქვეყნებში, სადაც ხალხი ასეთ შეხედულებას იზიარებს, მოზარდი გოგონები და მათზე პატარებიც კი ცდილობენ, გამოკვეთონ სხეულის ნაწილები, რათა მიმზიდველები და საპირისპირო სქესისთვის სასურველნი იყვნენ. ასეთი აზროვნება ძალიან სახიფათოა. იმავე ანგარიშში  ნათქვამი იყო, რომ მსგავსი დამოკიდებულება უარყოფითად აისახება საზოგადოებაზე; ამან შეიძლება ადამიანის ემოციურ მდგომარეობასაც დაასვას დაღი. ეს შესაძლოა გამოვლინდეს გამუდმებული წუხილით, კვებითი აშლილობით, არასრულფასოვნების შეგრძნებით, დეპრესიით, უგუნებობით და საკუთარი თავისადმი სიძულვილითაც კი.

„გულიდან მოიშორე მწუხარება და აარიდე ხორცს უბედურება, რადგან ამაოებაა ახალგაზრდობა და საუკეთესო წლები“ (ეკლესიასტე 11:10).

როგორ უყურებს ამ საკითხს საღად მოაზროვნე ადამიანი?

ბიბლია „საღ აზროვნებას“, ანუ გონიერებას მოკრძალებასთან აკავშირებს (1 ტიმოთე 2:9). მოკრძალებული ადამიანი არც ზედაპირულია, არც პატივმოყვარე და არც საკუთარ გარეგნობას აქცევს მეტისმეტ ყურადღებას. ის არ ვარდება უკიდურესობებში და გაწონასწორებული შეხედულება აქვს თავის თავზე; აგრეთვე ითვალისწინებს სხვების გრძნობებს, რის გამოც მათ პატივისცემას და, რაც მთავარია, ღვთის მოწონებას იმსახურებს (მიქა 6:8). მოკრძალებულ ადამიანს კარგი მეგობრობის გაწევა შეუძლია და მიმზიდველია მისთვის, ვისაც დაქორწინება მხოლოდ იმიტომ კი არ სურს, რომ სექსუალური მოთხოვნილებები დაიკმაყოფილოს, არამედ იმიტომ, რომ შექმნას ბედნიერი ოჯახი, რომელსაც მყარი საფუძველი ექნება.

ბიბლია არაერთ მიზეზს ასახელებს, რის გამოც ნამდვილად ღირს, ძირითადი აქცენტი შინაგანი პიროვნების დახვეწაზე გადავიტანოთ (1 პეტრე 3:3, 4). შინაგან სილამაზეს დრო ვერაფერს აკლებს, პირიქით, დროის სვლასთან ერთად შეიძლება უფრო და უფრო მიმზიდველი გახდეს. იგავების 16:31-ში ვკითხულობთ: „ჭაღარა სილამაზის გვირგვინია, როცა სიმართლის გზაზე იპოვება“. აქედან გამომდინარე, ყველა, ახალგაზრდა თუ ხნიერი, ვინც ბიბლიურ რჩევას გაითვალისწინებს, მხოლოდ შინაგანად კი არ დამშვენდება, არამედ ღირსებისა და კმაყოფილების გრძნობასაც შეიძენს.

„მომხიბვლელობა შეიძლება მატყუარა იყოს, სილამაზე — ამაო, იეჰოვას მოშიში ქალი კი ქებას იმსახურებს“ (იგავები 31:30).

გაიგეთ მეტი

რატომ არის სასარგებლო ბიბლიური პრინციპებით ცხოვრება?

იესომ აგვიხსნა, თუ რატომ გვჭირდება ხელმძღვანელობა და რომელი ორი ბიბლიური პრინციპი არის ძალზედ მნიშვნელოვანი.