წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! № 3, 2016

 რჩევები ოჯახებს | ქორწინება

როგორ გამოვნახოთ საერთო ენა

როგორ გამოვნახოთ საერთო ენა

პრობლემა

მეუღლესთან პრობლემაზე საუბრის შემდეგ თავს უფრო მშვიდად გრძნობთ ხოლმე თუ პირიქით, განაწყენებული რჩებით? თუ ასეა, იცოდეთ, რომ მდგომარეობის გამოსწორება შესაძლებელია. თავდაპირველად ვისაუბროთ რამდენიმე მხარეზე, რის გამოც შეიძლება ქალსა და კაცს გაუჭირდეთ საერთო ენის გამონახვა. *

რა უნდა იცოდეთ

ქალებს, როგორც წესი, ურჩევნიათ პრობლემაზე მის გადაჭრამდე ისაუბრონ. ზოგჯერ საუბარი მართლაც რომ საუკეთესო გამოსავალია.

„თავს უკეთ ვგრძნობ, როცა ქმარს ჩემს გრძნობებზე ვესაუბრები და ისიც გაგებით მეკიდება. საკმარისია, გული გადავუშალო, რომ მაშინვე სიმშვიდე ისადგურებს ჩემში“ (სირპე). *

„სანამ ჩემს ქმართან არ დავიცლები, პრობლემას ვერაფრით ვივიწყებ. მასთან საუბრის შემდეგ ისეთი გრძნობა მეუფლება, თითქოს ჩემი პრობლემა სადღაც გაქრა“ (ინჯინი).

„საქმეს დეტექტივივით ვუდგები; საუბრის დროს ვაანალიზებ პრობლემის თითოეულ მხარეს და ვცდილობ, ამოვხსნა, რამ გამოიწვია ეს პრობლემა“ (ლურდესი).

კაცი, როგორც წესი, პირველ რიგში გამოსავალზე ფიქრობს. ეს გასაგებიცაა, რადგან მამაკაცს პრობლემიდან გამოსავლის პოვნა უფრო მეტ თავდაჯერებულობას მატებს. ქმარს სურს, რომ მეუღლე პრობლემის დროს მას დაეყრდნოს და ამიტომაც სთავაზობს უმალვე გამოსავალს. როდესაც ცოლს უჭირს ქმრის აზრის გათვალისწინება, ქმარს ეს ცუდ გუნებაზე აყენებს. „არ მესმის, რატომ უნდა გსურდეს პრობლემაზე საუბარი, თუ არ გინდა მისი გადაჭრა“, — ამბობს ერთი მამაკაცი, სახელად კერკი.

„რჩევის მიცემამდე შეეცადეთ, მოუსმინოთ და გაუგოთ მეუღლეს, — აღნიშნულია ერთ წიგნში. — სანამ გამოსავალს შესთავაზებთ, დაარწმუნეთ, რომ გესმით მისი და გაგებით ეკიდებით. ხშირად მეუღლეს რჩევა კი არა, კარგი მსმენელი სჭირდება“ (The Seven Principles for Making Marriage Work).

 გამოსავალი

ქმრებო, ყურადღებით მოუსმინეთ თქვენს ცოლებს და გაითვალისწინეთ მათი გრძნობები. ტომასი გვიზიარებს: „ზოგჯერ კი ვუსმენ მეუღლეს, მაგრამ ისეთი გრძნობა მაქვს, რომ საკითხი გადაუჭრელი დარჩა; თუმცა იმასაც ვხვდები, რომ ჩემს მეუღლეს პრობლემის მოგვარებაზე მეტად მომსმენი ყური სჭირდება“. მსგავს აზრს ამბობს სტეფანეც: „მივხვდი, რომ მეუღლეს ლაპარაკი არ უნდა გავაწყვეტინო. საუბრის შემდეგ ხშირად მეუბნება, რომ თავს გაცილებით უკეთ გრძნობს“.

ეცადეთ, ასე მოიქცეთ: როცა მეუღლესთან პრობლემაზე საუბარს დაიწყებთ, მაშინვე ნუ მოახვევთ თავს საკუთარ აზრს; თვალებში უყურეთ, გულისყურით უსმინეთ და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნიეთ. კარგად დაუკვირდით, რის თქმა სურს და დაარწმუნეთ, რომ გესმით მისი. „ზოგჯერ ჩემს ცოლს უბრალოდ უნდა, დაინახოს, რომ გაგებით ვეკიდები“, — ამბობს ჩარლზი (ბიბლიური პრინციპი: იაკობი 1:19).

ცოლებო, აუხსენით ქმრებს, როგორ მოპყრობას ისურვებდით. „ზოგჯერ მოველით, რომ ჩვენი ქმრები უსიტყვოდ გაგვიგებენ, მაგრამ როგორ მიხვდებიან, რა გვინდა, თუ არაფერს ვეტყვით?!“, — ამბობს ელენი. ინესი ასეთ რამეს ეუბნება ხოლმე ქმარს: „რაღაც მაწუხებს და შენთან საუბარი მინდა. პრობლემის მოგვარება კი არა, უბრალოდ მოსმენა და თანაგრძნობა მჭირდება“.

ეცადეთ, ასე მოიქცეთ: თუ მეუღლე მაშინვე გამოსავალს შემოგთავაზებთ, ნაჩქარევად ნუ დაასკვნით, რომ უგულოდ გეკიდებათ. შესაძლოა მას თქვენთვის ტვირთის შემსუბუქება უნდა. „როდესაც მეუღლე გამოსავალს მთავაზობს, ვცდილობ, ამის მიღმა მისი მზრუნველობა დავინახო. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის თანამგრძნობი არ არის, უბრალოდ სურს, მაშინვე აღმომიჩინოს დახმარება“, — გვიზიარებს ესთერი (ბიბლიური პრინციპი: რომაელები 12:10).

როგორც ქმრებისთვის, ისე ცოლებისთვის. ჩვენ გვსურს, ისე მოვექცეთ სხვებს, როგორც თავად ვისურვებდით, რომ მოგვქცეოდნენ. პრობლემაზე საუბრისას მიზანს რომ მიაღწიოთ, იფიქრეთ იმაზე, თუ როგორი მოპყრობა ესიამოვნებოდა თქვენს მეუღლეს (1 კორინთელები 10:24). მიგელი, რომელიც დაქორწინებულია, გვიყვება: „ქმრები მზად უნდა იყვნენ, ცოლებს გულისყურით მოუსმინონ, ხოლო ცოლები უნდა ეცადონ, არ გაღიზიანდნენ, როცა მეუღლე მაშინვე გამოსავალზე იწყებს ფიქრს. ასეთი ურთიერთგაგება ხელს უწყობს ოჯახურ იდილიას“ (ბიბლიური პრინციპი: 1 პეტრე 3:8).

^ აბზ. 4 ის, რაზეც სტატიაში ვიმსჯელებთ, შესაძლოა ყველა ცოლ-ქმარს არ ეხებოდეს. თუმცა აქ მოცემული პრინციპები ნებისმიერ წყვილს დაეხმარება, უფრო გულისხმიერნი იყვნენ ერთმანეთის მიმართ და ადვილად გამონახონ საერთო ენა.

^ აბზ. 7 სტატიაში სახელები შეცვლილია.

გაიგეთ მეტი

ბედნიერი ქორწინების წყარო ღმერთია

ორი მარტივი კითხვა დაგეხმარებათ, რომ უფრო მტკიცე ქორწინება გქონდეთ.

რა უნდა გააკეთოთ თქვენი ოჯახის ბედნიერებისთვის?

იეჰოვას, ბედნიერ ღმერთს სურს, რომ ოჯახები ბედნიერები იყვნენ. გაიგეთ რომელი ბიბლიური პრინციპები გამოადგებათ ქმრებს, ცოლებს, მშობლებს და შვილებს.