წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! № 3, 2016

რა განსხვავებაა კვებით ალერგიასა და საკვების აუტანლობას შორის?

რა განსხვავებაა კვებით ალერგიასა და საკვების აუტანლობას შორის?

ემილი: „ერთხელ, ჭამის დროს, თავი ძალიან ცუდად ვიგრძენი — მოულოდნელად ენა შემიშუპდა და პირის ღრუს აუტანელი ქავილი დამეწყო; თავბრუ დამეხვა და სუნთქვა გამიძნელდა; ამ ყველაფერს ჭინჭრის ციებაც დაემატა — მკლავებსა და კისერზე ალერგიული გამონაყარი გამიჩნდა. შევეცადე, პანიკაში არ ჩავვარდნილიყავი, თუმცა ვიცოდი, რომ ექიმის დახმარების გარეშე ვერაფერს გავხდებოდი; თან იმასაც ვხვდებოდი, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მემოქმედა“.

ჭამა ერთობ სასიამოვნო პროცესია. თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც იძულებულნი ხდებიან, საერთოდ ამოიღონ თავიანთი რაციონიდან ესა თუ ის საკვები, რადგან ზემოხსენებული ემილის მსგავსად, კვებითი ალერგიით იტანჯებიან. ემილის შემთხვევაში ეს იყო ანაფილაქსიური შოკი, მწვავე ალერგიული რეაქცია, რაც სიცოცხლეს დიდ საფრთხეს უქმნის. საბედნიეროდ, ყველა ტიპის კვებით ალერგიას ასეთი საგანგაშო სიმპტომები არ ახასიათებს.

ბოლო წლებში იმატა იმ ადამიანთა რიცხვმა, რომლებიც თვლიდნენ, რომ კვებითი ალერგია ან საკვების აუტანლობა ჰქონდათ. თუმცა ექიმთან ვიზიტისა და გამოკვლევების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მათგან უმეტესობა არ მიეკუთვნებოდა ალერგეტიკების ჯგუფს.

რა არის კვებითი ალერგია?

„კვებით ალერგიას კონკრეტული განმარტება არ მოეძებნება“, — აღნიშნავენ მედიკოსები, რომლებმაც თავიანთი კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს ჟურნალში „ამერიკის სამედიცინო ასოციაცია“. კვლევებს ხელმძღვანელობდა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ჯენიფერ შნაიდერ ჩეფენი. თუმცა მრავალი ექსპერტის აზრით, ალერგიული რეაქცია უმთავრესად გამოწვეულია ამა თუ იმ ნივთიერების მიმართ იმუნური სისტემის საპასუხო რეაქციით.

ალერგიულ რეაქციას საკვებში არსებული ცილა იწვევს. ამ დროს იმუნური სისტემა ცილას ორგანიზმისთვის საშიშ კომპონენტად აღიქვამს. როდესაც ორგანიზმში ცილა ხვდება, იმუნური სისტემა წარმოქმნის ანტისხეულს, იმუნოგლობულინ E-ს, რომელიც ანეიტრალებს ალერგიის გამომწვევ აგრესორებს. ორგანიზმში ალერგენის მოხვედრის შემდეგ იმუნური სისტემის მიერ წარმოქმნილი ანტისხეულები ხელს უწყობენ სხვადასხვა ქიმიური ნივთიერების, მათ შორის ჰისტამინის გამოყოფას.

ჩვეულებრივ, ჰისტამინი აუცილებელია იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. მაგრამ მედიკოსები ბოლომდე ვერ ხსნიან, რატომ იწვევს ადამიანში ალერგიულ რეაქციას და ცილოვანი პროდუქტების მიმართ განსაკუთრებულ მგრძნობელობას ორგანიზმში წარმოქმნილი ჰისტამინი და იმუნოგლობულინი E.

სწორედ ამით შეიძლება აიხსნას, თუ რატომ უვითარდება ადამიანს ალერგია ისეთ საკვებზე, რომლის მიმართაც მანამდე არასდროს ჰქონია.

რა არის საკვების აუტანლობა?

საკვების აუტანლობის გამომწვევი მიზეზი კვებითი ალერგიის მსგავსად, შესაძლოა ესა თუ ის საკვები პროდუქტი გახდეს. თუმცა კვებითი ალერგიისგან განსხვავებით, საკვების აუტანლობა კონკრეტულ პროდუქტზე ან მის რომელიმე კომპონენტზე საჭმლის მომნელებელი სისტემის საპასუხო რეაქციაა. ამ პროცესში არ არიან ჩართული ანტისხეულები. საჭმლის მონელებას შესაძლოა ართულებდეს ნაწლავში არსებული ფერმენტების უკმარისობა ან საკვების  მეშვეობით ორგანიზმში მოხვედრილი ქიმიური ნივთიერებები. მაგალითად, ლაქტოზის აუტანლობა მაშინ შეიძლება გამოვლინდეს, როდესაც ნაწლავში არ წარმოიქმნება საჭირო ფერმენტები ლაქტოზის — რძის შაქრის — მოსანელებლად.

ვინაიდან საკვების აუტანლობის დროს ორგანიზმში ანტისხეულები არ წარმოიქმნება, მისი სიმპტომები საკვების მიღებისთანავე ვლინდება. ამ დროს გადამწყვეტ როლს თამაშობს ის, თუ რა რაოდენობით ვიღებთ ალერგიის გამომწვევ საკვებს. ხშირად სიმპტომები ამ საკვების გადაჭარბებულად მიღების შემთხვევაში იჩენს ხოლმე თავს. სწორედ ამით განსხვავდება საკვების აუტანლობა მწვავე კვებითი ალერგიისგან, რომლის შემთხვევაშიც ერთმა ლუკმამაც კი შეიძლება ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას.

სიმპტომები

კვებითი ალერგიისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია: ქავილი; გამონაყარი; თვალების, ენისა და ხახის შეშუპება; გულისრევის შეგრძნება; პირღებინება ან დიარეა; ხოლო უარეს შემთხვევაში, არტერიული წნევის ვარდნა, თავბრუხვევა, გონების დაკარგვა და გულის გაჩერებაც კი. ანაფილაქსიური რეაქცია შეიძლება ძალიან სწრაფად განვითარდეს და ფატალური შედეგით დასრულდეს.

ალერგიის გამომწვევი მიზეზი შეიძლება ნებისმიერი საკვები გახდეს. თუმცა, ძირითადად, მწვავე კვებით ალერგიულ რეაქციას რამდენიმე პროდუქტი იწვევს, მათ შორის: რძე, კვერცხი, თევზი, ზღვის პროდუქტები, მიწის თხილი, სოია, ხორბალი, ნიგოზი და თხილი. ადამიანი ალერგიული შეიძლება ნებისმიერ ასაკში გახდეს. კვლევებმა ცხადყო, რომ გენეტიკაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს; თუკი ერთი მშობელი მაინც ალერგიულია, დიდია იმის ალბათობა, რომ ეს დაავადება მემკვიდრეობით შვილსაც გადაეცეს, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად შესაძლოა განიკურნოს კიდეც.

საკვების აუტანლობას ნაკლებად ახასიათებს მწვავე ალერგიული შეტევები. ამ დაავადების სიმპტომებია: ტკივილი ან ჭვალი მუცლის არეში, შებერილობა, აირების დაგროვება, თავის ტკივილი, გამონაყარი, სისუსტე და დაღლილობის შეგრძნება. საკვების აუტანლობა, ძირითადად, შეიძლება ისეთმა პროდუქტებმა გამოიწვიოს, როგორიცაა: რძის ნაწარმი, ხორბალი, მცენარეული ცილა, ალკოჰოლი და საფუარი.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა

თუ ფიქრობთ, რომ კვებითი ალერგია ან საკვების აუტანლობა გაწუხებთ, უმჯობესი იქნება, მიმართოთ კვალიფიცირებულ ექიმს. თუ თავად დაუსვამთ საკუთარ თავს დიაგნოზს და რაციონიდან ამოიღებთ რომელიმე საკვებს, შეიძლება ავნოთ თქვენს ჯანმრთელობას და მოიკლოთ ორგანიზმისთვის აუცილებელი საკვები ნივთიერებები.

ზოგჯერ მწვავე კვებითი ალერგიის მიზეზის აღმოსაფხვრელად ერთადერთი გამოსავალია ამა თუ იმ პროდუქტის საერთოდ გამორიცხვა. * მეორე მხრივ, თუ არც ისეთი მწვავე ფორმის კვებითი ალერგია ან საკვების აუტანლობა გაქვთ, შეგიძლიათ, უბრალოდ, აკონტროლოთ, რა რაოდენობით და რა სიხშირით მიიღებთ ალერგიის მაპროვოცირებელ საკვებ პროდუქტებს. თუმცა ზოგ შემთხვევაში, იმის მიხედვით, თუ რამდენად მწვავეა ორგანიზმის რეაქცია რომელიმე საკვებზე, ალერგეტიკები იძულებულნი არიან, ან საერთოდ უარი თქვან ასეთი სახის საკვებზე, ან რაღაც პერიოდის განმავლობაში მოერიდონ.

თუ კვებითი ალერგია ან საკვების აუტანლობა გტანჯავთ, შეიძლება გაგამხნევოთ იმის გაგებამ, რომ მრავალი ალერგეტიკი ჯანმრთელობის მდგომარეობას აკონტროლებს, თანაც ისე, რომ არც გემრიელ და მრავალფეროვან საკვებზე ამბობს უარს.

^ აბზ. 19 მათ, ვისაც მწვავე ალერგიული შეტევები აქვთ, ექიმები ურჩევენ, თან იქონიონ სპეციალური სამედიცინო ხელსაწყო, რათა საჭიროების შემთხვევაში თავად გაიკეთონ ადრენალინის (ეპინეფრინი) ინექცია. ზოგი ექიმის რჩევით, ალერგიისადმი მიდრეკილ ბავშვებს თან უნდა ჰქონდეთ ისეთი რამ, რაც მასწავლებლებს ან მომვლელებს მიანიშნებს, რომ ისინი ალერგიულები არიან.