არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ!  |  № 3, 2016

 წარსულის სახეები | იგნაც ზემელვაისი

იგნაც ზემელვაისი

იგნაც ზემელვაისი

იგნაც ზემელვაისი — შეიძლება ეს სახელი ბევრს არაფერს გეუბნებათ, მაგრამ მის მიერ გაწეულ ღვაწლს თანამედროვე მსოფლიო ძალიან აფასებს. იგი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დაიბადა. 1844 წელს ვენის უნივერსიტეტში სამეცნიერო ხარისხი მიენიჭა მედიცინის დარგში. როდესაც იგნაც ზემელვაისმა 1846 წელს ვენის ცენტრალური საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილებაში პროფესორის თანაშემწედ დაიწყო მუშაობა, შემზარავი რეალობის წინაშე აღმოჩნდა — მშობიარეთა 13 პროცენტზე მეტი საშინელი დაავადებით, სამშობიარო ცხელებით, იღუპებოდა.

ამ დაავადების მიზეზის დასადგენად მედიკოსებმა არაერთი თეორია შეიმუშავეს, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. მშობიარეთა სიკვდილიანობის შესამცირებლად მათი ყველანაირი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. იგნაც ზემელვაისს თავზარს სცემდა იმის დანახვა, რომ ბევრი მშობიარე ქალი ნელი და მტანჯველი სიკვდილით იღუპებოდა, ამიტომ გადაწყვიტა, აღმოეჩინა და აღმოეფხვრა ამ ვერაგი დაავადების გამომწვევი მიზეზი.

საავადმყოფოში, სადაც იგი მუშაობდა, ორი სამშობიარო განყოფილება იყო. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, იმ განყოფილებაში, სადაც ქალებს მედიკოსი სტუდენტები ამშობიარებდნენ, სიკვდილიანობის გაცილებით მაღალი მაჩვენებელი იყო, ვიდრე იქ, სადაც — ბებიაქალები. რით იყო ეს განპირობებული? ამის დასადგენად იგნაც ზემელვაისმა გამოიკვლია დაავადების გამომწვევი შესაძლო მიზეზები, მაგრამ ნამდვილ მიზეზს ვერ მიაკვლია.

1847 წლის დასაწყისში ერთმა სამწუხარო ფაქტმა ზემელვაისი სწორ დასკვნამდე მიიყვანა. მის კოლეგას და მეგობარს, იაკობ კოლეჩკას, რომელსაც გვამის გაკვეთის დროს ხელი ჰქონდა გაჭრილი, ინფექცია შეეჭრა და სეფსისით დაიღუპა. მას შემდეგ, რაც გვამის გაკვეთის შედეგებს გაეცნო, მიხვდა, რომ მშობიარეები სწორედ იმ მიზეზით იღუპებოდნენ, რა მიზეზითაც მისი მეგობარი დაიღუპა. აქედან გამომდინარე, ზემელვაისმა დაასკვნა, რომ მშობიარე ქალების სიკვდილიანობის  მიზეზი შეიძლება ცხედრიდან ექიმის ხელზე მოხვედრილი მიკრობები ყოფილიყო. მიკრობები ექიმებს და მედიკოს სტუდენტებს გადაჰქონდათ, რომლებიც ხშირად ქალებს გვამის გაკვეთის შემდეგ სინჯავდნენ ან ამშობიარებდნენ. იმ განყოფილებაში კი, სადაც ბებიაქალები მუშაობდნენ, სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაბალი იმიტომ იყო, რომ მათ არ უწევდათ ცხედართან შეხება.

იგნაც ზემელვაისმა დააწესა ხელის დაბანის მკაცრი წესები — ექიმებს მშობიარე ქალის გასინჯვამდე ხელები ქლორიანი კირით უნდა დაემუშავებინათ. შედეგი გასაოცარი იყო: წლის ბოლოსთვის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 18,27-დან 0,19 პროცენტამდე შემცირდა.

„ჩემი ნაშრომები იმას ემსახურება, რომ აღარც სამშობიარო სახლები სცემდეს შიშის ზარს ხალხს და აღარც სიკვდილი სტაცებდეს ხელიდან ქმრებს ცოლებს, შვილებს კი — დედებს“ (იგნაც ზემელვაისი)

თუმცა მის ამ მიღწევას ყველა აღფრთოვანებით არ შეხვედრია. ზემელვაისის კვლევის შედეგები ეჭვქვეშ დააყენა მისმა ზედამხედველმა, რომელსაც ძალიან არ მოსწონდა მისი დაჟინებულობა და ამის გამო ათვალწუნებული ჰყავდა. საბოლოოდ ზემელვაისმა დაკარგა სამუშაო და უნგრეთში მოუწია დაბრუნება. თავის ქვეყანაში ის ერთ-ერთ საავადმყოფოში სამშობიარო განყოფილების ხელმძღვანელი გახდა, სადაც მშობიარეთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1 პროცენტამდე შემცირდა.

1861 წელს ზემელვაისმა გამოაქვეყნა თავისი ნაშრომი, სახელწოდებით „სამშობიარო ცხელების მიზეზი, კონცეფცია და პროფილაქტიკა“. სამწუხაროდ, მის აღმოჩენებს წლების განმავლობაში სერიოზულად არავინ ეკიდებოდა, რის გამოც მრავალი ქალი შეეწირა სამშობიარო ცხელებას.

იგნაც ზემელვაისმა სამედიცინო დაწესებულებებში ჰიგიენის მკაცრი წესები შემოიღო (რობერტ ტომის ნახატი)

იგნაც ზემელვაისი ასეპტიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი გახდა. მისმა ნაშრომმა ნათელი მოჰფინა იმას, რომ მიკრობი შეიძლება სიკვდილის გამომწვევი მიზეზი გახდეს. მან თავისი წვლილი შეიტანა მიკრობების გავრცელების შესახებ თეორიის ჩამოყალიბებაში, რომელსაც ეწოდა „ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა მედიცინის ისტორიასა და სამედიცინო პრაქტიკაში“. მოსეს კანონში, რომელიც დღეს ბიბლიის ნაწილია, ჯერ კიდევ 3 000-ზე მეტი წლის წინათ ჩაიწერა მითითებები იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ისრაელები გვამთან შეხების შემდეგ.