წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! № 2, 2016

 ინტერვიუ | იან-დერ სუე

ემბრიოლოგი მოგვითხრობს თავის რწმენაზე

ემბრიოლოგი მოგვითხრობს თავის რწმენაზე

პროფესორი იან-დერ სუე მოღვაწეობს ტაივანის, პინდუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ეროვნულ უნივერსიტეტში და ხელმძღვანელობს ემბრიონის საკვლევ ლაბორატორიას. მას ევოლუციის სწამდა მანამ, სანამ მეცნიერ-მკვლევარი არ გახდა და კვლევებმა საპირისპირო დასკვნამდე არ მიიყვანა. ამის შესახებ მან ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ს მოუყვა.

მოგვიყევით ცოტაოდენი თქვენს წარსულზე.

დავიბადე 1966 წელს; გავიზარდე ტაივანში. ჩემი მშობლების რელიგიური შეხედულებები დაოსიზმს და ბუდიზმს ეფუძნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ თაყვანს ვცემდით წინაპრებს და გამოსახულებების წინაშე ვლოცულობდით, არასოდეს ვიზიარებდით იმ შეხედულებას, რომ ყველაფერი ღმერთმა შექმნა.

რატომ შეისწავლეთ ბიოლოგია?

ბავშვობაში მსიამოვნებდა შინაურ ცხოველებზე ზრუნვა. მინდოდა, მესწავლა, როგორ დავხმარებოდი ცხოველებსა და ადამიანებს ტკივილის შემსუბუქებაში. ერთი პერიოდი ვეტერინარიას ვსწავლობდი, მოგვიანებით კი ემბრიოლოგია შევისწავლე იმ იმედით, რომ უფრო მეტს გავიგებდი სიცოცხლის წარმოშობის შესახებ.

ერთ დროს ევოლუციის გწამდათ. შეგიძლიათ ამის მიზეზი აგვიხსნათ?

უნივერსიტეტში ევოლუციას გვასწავლიდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ არსებობდა ამ თეორიის დამადასტურებელი ფაქტები, ამიტომ მეც ბრმად მჯეროდა მათი.

რატომ გადაწყვიტეთ ბიბლიის წაკითხვა?

ორი მიზეზის გამო. პირველი, ვფიქრობდი, რომ უამრავ ღმერთებს შორის, რომელთაც ადამიანები ეთაყვანებოდნენ, ერთი უნდა ყოფილიყო ყველაზე აღმატებული. ამიტომ დამებადა კითხვა, ვინ იყო ეს ღმერთი. მეორე, ვიცოდი, რომ ბიბლია ყველაზე აღიარებული წიგნი იყო, ამიტომ გადავწყვიტე, მეტი გამეგო მის შესახებ.

როდესაც 1992 წელს ბელგიაში ლუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტში დავიწყე სწავლა, კათოლიკურ ეკლესიაში მივედი და მღვდელს ვთხოვე, ბიბლიის გაგებაში დამხმარებოდა, მან კი უარით გამომისტუმრა.

როგორ დაიკმაყოფილეთ სულიერი წყურვილი?

ორი წლის შემდეგ, როცა ჯერ კიდევ ბელგიაში მეცნიერულ კვლევებს ვაწარმოებდი, შევხვდი იეჰოვას მოწმე პოლონელ ქალბატონს, რუთს. მას ჩინური ენა შეესწავლა, რათა დახმარებოდა სტუდენტებს, რომელთაც სურდათ, ღვთის შესახებ მეტი გაეგოთ. რუთთან შეხვედრამ ძალიან გამახარა, რადგან მანამდე ღმერთს ლოცვაში ვთხოვდი დახმარებას.

რუთმა დამანახვა, რომ თუმცა ბიბლია არ არის მეცნიერული წიგნი, ის სრულ ჰარმონიაშია მეცნიერებასთან. მაგალითად, ბიბლიის ერთ-ერთი დამწერი, დავითი, ასე ლოცულობდა: „შენმა თვალებმა მიხილა ჯერ კიდევ ჩანასახი და შენს წიგნში ჩაიწერა იმ დღეების შესახებ, როცა ყველა ჩემი ნაწილი უნდა ჩამოყალიბებულიყო, მაშინ, როცა ჯერ არც ერთი მათგანი არ არსებობდა“ (ფსალმუნი 139:16). დავითი პოეტური ენით საუბრობს, თუმცა მისი სიტყვები სრული ჭეშმარიტებაა. სხეულის ნაწილების ჩამოყალიბების ინსტრუქციები ჯერ კიდევ მანამდეა ჩაწერილი დნმ-ში, სანამ ისინი ჩამოყალიბებას დაიწყებენ. ბიბლიის სიზუსტემ დამარწმუნა, რომ ის ღვთის სიტყვაა. ამასთანავე, თანდათან გავაცნობიერე, რომ არსებობდა მხოლოდ ერთი ჭეშმარიტი ღმერთი, რომლის სახელიც იეჰოვა იყო. [1]

 რამ დაგარწმუნათ, რომ სიცოცხლეს ღმერთმა მისცა დასაბამი?

მეცნიერული კვლევების მიზანი გავრცელებული აზრის მხარდაჭერა კი არა, ჭეშმარიტების პოვნაა. ემბრიონის განვითარების პროცესის გამოკვლევამ მთლიან შემიცვალა შეხედულება და დამარწმუნა, რომ სიცოცხლე ღმერთმა შექმნა. მაგალითისთვის ავიღოთ ინჟინრების მიერ შექმნილი საამწყობო კონვეიერი. ამ დანადგარით ხდება საჭირო ნაწილების საჭირო თანმიმდევრობითა და სიზუსტით აწყობა. ემბრიონის განვითარების ეტაპებიც რაღაცით ამას ჰგავს, თუმცა მასში გაცილებით რთული პროცესები მიმდინარეობს.

ყველაფერი ერთი განაყოფიერებული უჯრედიდან იწყება, ხომ ასეა?

დიახ. ეს მიკროსკოპული უჯრედი იყოფა, რითაც უჯრედის დიფერენციაცია, ანუ გაყოფის პროცესი, იწყება. რაღაც ეტაპზე უჯრედების გარკვეული რაოდენობა ყოველ 12—24 საათში ერთხელ ორმაგდება. ადრეულ ეტაპზე იწყება ღეროვანი უჯრედების წარმოქმნა. [2] ღეროვან უჯრედს შეუძლია ნაყოფის ბოლომდე ჩამოსაყალიბებლად საჭირო 200 ან უფრო მეტი ტიპის უჯრედი წარმოშვას, მაგალითად: სისხლის უჯრედები, ძვლოვანი ქსოვილის უჯრედები, ნერვული უჯრედები და სხვა.

ემბრიონის განვითარების პროცესის გამოკვლევამ დამარწმუნა, რომ სიცოცხლე ღმერთმა შექმნა

საჭირო უჯრედები შესაბამისი თანმიმდევრობით შესაბამის ადგილას უნდა ჩამოყალიბდეს. თავდაპირველად უჯრედები ერთიანდებიან და ქმნიან ქსოვილებს, რომლებიც შემდეგ ორგანოებად და კიდურებად ყალიბდებიან. რომელი ინჟინერი არ იოცნებებდა მსგავსი ინსტრუქციების შექმნაზე?! არადა, დნმ-ში ემბრიონის ჩამოყალიბების ინსტრუქცია უნიკალურად არის ჩაწერილი. როდესაც ამ საოცარ პროცესებს ვუკვირდები, ვრწმუნდები, რომ სიცოცხლეს ღმერთმა მისცა დასაბამი.

რატომ გახდით იეჰოვას მოწმე?

ამისკენ სიყვარულმა მიბიძგა. იესო ქრისტემ თქვა: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, რომ ერთმანეთი გეყვარებათ“ (იოანე 13:35). ეს არის მიუკერძოებელი სიყვარული, რომელზეც გავლენას ვერ ახდენს ვერც ეროვნება, ვერც კულტურა და ვერც კანის ფერი. იეჰოვას მოწმეებთან ურთიერთობით არა მხოლოდ დავინახე, არამედ საკუთარ თავზეც გამოვცადე ასეთი სიყვარული.

^ [2] ბიბლიით განსწავლული სინდისი პროფესორ იან-დერ სუეს ნებას არ რთავს, იმუშაოს ღეროვანი უჯრედების დარგში.