წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! № 2, 2016

 მთავარი თემა

მხოლოდ კარგი წიგნია ბიბლია?

მხოლოდ კარგი წიგნია ბიბლია?

ბიბლიის ბოლო ფურცლების წერა დაახლოებით ორი ათასი წლის წინ დასრულდა. მას შემდეგ უამრავი წიგნი დაიწერა, მაგრამ ბევრი მალევე მიეცა დავიწყებას, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით ბიბლიაზე.

  • ისტორიის მანძილზე ბიბლიას უამრავი მტერი ჰყავდა. ძლიერნი ამა ქვეყნისანი რას აღარ აკეთებდნენ მის გასანადგურებლად. მაგალითად, შუა საუკუნეებში ზოგ ქრისტიანულ ქვეყანაში მას, ვისაც „სახლში ბიბლია ჰქონდა და კითხულობდა, ერესსა და სექტანტობაში სდებდნენ ბრალს“, — ნათქვამია ერთ წიგნში (An Introduction to the Medieval Bible). სწავლულები, რომლებიც ბიბლიას მშობლიურ ენაზე თარგმნიდნენ ან ისინი, რომლებიც ხალხს ამ წიგნის გამოკვლევისკენ მოუწოდებდნენ, თავს საფრთხეში იგდებდნენ. ზოგი სწორედ ამ მიზეზით გამოასალმეს სიცოცხლეს.

  • ასეთი წინააღმდეგობის მიუხედავად, ბიბლია მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ და პოპულარულ წიგნად ითვლება. მთლიანად ან ნაწილობრივ ეს წიგნი 2 800-ზე მეტ ენაზეა ნათარგმნი და დაბეჭდილია დაახლოებით ხუთი მილიარდი ეგზემპლარი. ეს რიცხვი ბევრად აღემატება ფილოსოფიაზე, მეცნიერებასა თუ სხვა მსგავს თემებზე გამოცემული წიგნების რაოდენობას, რომლებიც ვერ უძლებენ ჟამთა სვლას.

  • ბიბლიის თარგმანებმა ხელი შეუწყო ზოგიერთი იმ ენის შენარჩუნებასა და განვითარებას, რომელზეც ის ითარგმნა. მარტინ ლუთერის მიერ გერმანულად ნათარგმნმა ბიბლიამ დიდი გავლენა მოახდინა ამ ენაზე. „მეფე ჯეიმზის თარგმანის“ პირველი გამოცემის შესახებ ნათქვამია: „როგორც ჩანს, ეს გახლავთ ინგლისურ ენაზე გამოცემული ერთადერთი წიგნი, რომელსაც უდიდესი როლი მიუძღვის ენის განვითარებაში“.

  • ბიბლიამ „ღრმა კვალი დააჩნია დასავლურ კულტურას. მან გავლენა მოახდინა არა მარტო ხალხის რელიგიურ შეხედულებებსა და წეს-ჩვეულებებზე, არამედ ხელოვნებაზე, ლიტერატურაზე, კანონმდებლობაზე, პოლიტიკასა და სხვა უამრავ სფეროზე, რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანდა“, — აღნიშნულია ერთ ენციკლოპედიაში (The Oxford Encyclopedia of the Books of the Bible).

ეს მხოლოდ რამდენიმე ფაქტია იმისა, რაც ბიბლიას სხვა წიგნებისგან გამოარჩევს. და მაინც, რატომ სარგებლობს ის ასეთი პოპულარობით? რატომ იგდებდნენ ადამიანები თავს საფრთხეში მის გამო? ამის არაერთი მიზეზი არსებობს. მაგალითად, ბიბლია ღვთიური სიბრძნის საგანძურია, რომელშიც ვხვდებით ზნეობრიობასთან და სულიერ საკითხებთან დაკავშირებულ საკითხებს. ამ წიგნიდან ვიგებთ, რატომ იტანჯებიან ადამიანები და რატომ ხდება ამდენი კონფლიქტი. რაც ყველაზე მთავარია, ბიბლია გვაიმედებს, რომ მალე ამ ყველაფერს წერტილი დაესმება. იგი იმასაც გვიმხელს, თუ როგორ მოხდება ეს.

 ბიბლია ხელმძღვანელობას გვიწევს ზნეობრივ და სულიერ საკითხებში

განათლების მიღება მნიშვნელოვანია. თუმცა „განათლება. . . რომელმაც შესაძლოა ცნობილ ან გავლენიან ადამიანად გაქციათ. . . სულაც არ არის იმის გარანტი, რომ ზნეობრივ საკითხებში თქვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უცილობლად სწორი იქნება“, — ნათქვამია კანადაში გამომავალ ერთ-ერთ გაზეთში (Ottawa Citizen). მართლაც, ბევრი უაღრესად განათლებული ადამიანი, მათ შორის პოლიტიკასა და ბიზნესის სფეროში მოღვაწე პირები, ხშირად თაღლითობენ, იტყუებიან და ქურდობენ, რის გამოც „ხალხის ნდობას კარგავენ“, — აღნიშნულია საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „ედელმანის“ მიერ ჩატარებულ ერთ-ერთ გლობალურ კვლევაში.

ბიბლია კი სულიერ და ზნეობრივ განათლებას გვაძლევს. ის გვასწავლის, „რა არის სიმართლე, სამართლიანობა და პატიოსნება — ყოველივე ის, რაც კარგია“ (იგავები 2:9). ეს რომ უკეთ წარმოვიდგინოთ, განვიხილოთ 23 წლის მამაკაცის შემთხვევა, რომელიც პოლონეთის ერთ-ერთ ციხეში იჯდა. პირობითად მას სტეფანე დავარქვათ. ციხეში მან ბიბლიის შესწავლა დაიწყო და ძალიან მოეწონა ამ წიგნში ჩაწერილი ბრძნული რჩევები. ის ამბობს: «ახლა ვხვდები, რას ნიშნავს, სიტყვები: „პატივი ეცი მამას და დედას“. ბიბლიის დახმარებით საკუთარი თავის ხელში აყვანაც ვისწავლე, განსაკუთრებით მაშინ, როცა ძალიან ვრისხდები» (ეფესოელები 4:31; 6:2).

სტეფანეს გულს განსაკუთრებით შეეხო იგავების 19:11-ში ჩაწერილი სიტყვები: „წვდომის უნარი ადამიანში რისხვას ანელებს, სხვისი დანაშაულისთვის გვერდის ავლა მშვენებაა კაცისთვის“. დღეს, როდესაც სტეფანე რთულ სიტუაციებში ხვდება, ცდილობს, მშვიდად აწონ-დაწონოს ყველაფერი და სათანადო ბიბლიური პრინციპებით იმოქმედოს. „დავრწმუნდი, რომ ბიბლია შეუდარებელი სახელმძღვანელოა“, — ამბობს იგი.

დავფიქრდეთ მარიას მაგალითზეც, რომელიც იეჰოვას მოწმეა. ერთხელ ერთმა ქალმა, რომელსაც მცდარი შეხედულება ჰქონდა მოწმეებზე, მას საჯაროდ მიაყენა შეურაცხყოფა და აურზაური ატეხა. ნაცვლად იმისა, რომ პროვოკაციას აჰყოლოდა, მარიამ მშვიდად განაგრძო გზა. მოგვიანებით ქალმა ინანა თავისი საქციელი და გადაწყვიტა, მოეძებნა იგი. ერთი თვის შემდეგ, როდესაც მარია იპოვა, გადაეხვია მას და მოუბოდიშა. ქალმა ისიც აღნიშნა, რომ მარიას თავმდაბლობა და თავშეკავება კარგად  ირეკლავს მის რელიგიურ ფასეულობებს. რა მოჰყვა ამ ყოველივეს შედეგად? ამ ქალმა და მისი ოჯახის ხუთმა წევრმა იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყეს.

იესომ თქვა, რომ სიბრძნე მოქმედების შედეგებით ფასდება (ლუკა 7:35). აქედან გამომდინარე, უამრავი მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ ბიბლიური პრინციპების თანახმად მოქმედება, ბრძნულია და ჩვენთვის სიკეთე მოაქვს! ისინი ზნეობრივი და სულიერი თვალსაზრისით „აბრძენებს გამოუცდელებს“, „გულს ახარებს“ და „აბრწყინებს თვალებს“ (ფსალმუნი 19:7, 8).

ბიბლია გვიხსნის ადამიანთა ტანჯვისა და კონფლიქტების მიზეზს

როდესაც ეპიდემია იფეთქებს ხოლმე, მკვლევრები მიზეზების დადგენას ცდილობენ. მსგავსად უნდა მივუდგეთ საკითხს, რომ გავიგოთ ტანჯვისა და კონფლიქტების მიზეზი. ბიბლია ამ მხრივაც უდიდეს დახმარებას გვიწევს, ვინაიდან ზუსტად აღგვიწერს ტანჯვის გამომწვევ მიზეზს, რასაც კაცობრიობის ისტორიის დასაწყისთან მივყავართ.

ბიბლიის წიგნ „დაბადებიდან“ ვიგებთ, რომ ადამიანთა თავს უბედურება მაშინ დატრიალდა, როდესაც ადამი და ევა ღმერთს დაუპირისპირდნენ. ყველაფერთან ერთად, მათ თვითნებურად გადაწყვიტეს, დაედგინათ ზნეობრივი ნორმები, რითაც ღვთის კომპეტენციაში შეიჭრნენ და, ფაქტობრივად, მიისაკუთრეს ის, რაც მხოლოდ შემოქმედს ეკუთვნოდა (დაბადება 3:1—7). სამწუხაროდ, იქიდან მოყოლებული დღემდე ადამიანების უმეტესობა დამოუკიდებლობის ამგვარ სულს ავლენს. სადამდე მიგვიყვანა ამ სულმა? ისტორია ცხადყოფს, რომ ადამიანებმა ვერაფრით მიაღწიეს ნანატრ თავისუფლებასა და ბედნიერებას. პირიქით, ღვთისგან დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას სისხლიანი კონფლიქტების, ჩაგვრისა და ზნეობრივი თუ სულიერი დეგრადაციის მეტი არაფერი მოუტანია (ეკლესიასტე 8:9). ბიბლია მართებულად ამბობს: „ადამიანის ნებაზე არ არის მისი გზა; მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“ (იერემია 10:23). ამ ყოველივეს ფონზე სასიხარულოა იმის ცოდნა, რომ ადამიანთა მცდელობას, ღვთისგან დამოუკიდებლად გაიკვალონ გზა, მალე წერტილი დაესმება!

 ბიბლია იმედს გვისახავს

ღმერთს უყვარს ის ადამიანები, რომლებიც აღიარებენ მის უზენაესობას და ზნეობრივ ნორმებს. ბიბლია გვარწმუნებს, რომ ღმერთი სწორედ მათ გამო არ დაუშვებს მარადიულად ბოროტებასა და ტანჯვას. ღვთის სიტყვიდან ვიგებთ, რომ ბოროტები „თავიანთი გზის ნაყოფს იგემებენ“ (იგავები 1:30, 31). „თვინიერნი [კი] დაიმკვიდრებენ დედამიწას და გაიხარებენ დიდი მშვიდობით“ (ფსალმუნი 37:11).

„[ღვთის] ნებაა, ყველანაირი ადამიანი გადარჩეს და ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა მიიღოს“ (1 ტიმოთე 2:3, 4)

დედამიწაზე მშვიდობას ღმერთი თავისი სამეფოს მეშვეობით დაამყარებს, რომელიც მთელ დედამიწაზე იმმართველებს (ლუკა 4:43). მისი მეშვეობით ღმერთი თავის კანონიერ ძალაუფლებას მთელ კაცობრიობაზე განავრცობს. ლოცვის ნიმუშში იესომ ეს სამეფო დედამიწას დაუკავშირა, როდესაც თქვა: „მოვიდეს შენი სამეფო და იყოს შენი ნება . . . დედამიწაზე“ (მათე 6:10).

დიახ, ამ სამეფოს მოქალაქეები ღვთის ნებას შეასრულებენ. ისინი შემოქმედს აღიარებენ ერთადერთ უზენაეს მმართველად და არა რომელიმე ადამიანს. კორუფცია, სიხარბე, ეკონომიკური სიდუხჭირე, რასობრივი სიძულვილი და ომები წარსულის კუთვნილება გახდება. იქნება ერთიანი მსოფლიო, ერთი ხელისუფლება და ყველა ადამიანი დედამიწის ზურგზე ერთი ზნეობრივი და სულიერი ნორმებით იცხოვრებს (გამოცხადება 11:15).

ეს ყველაფერი რომ საკუთარი თვალით ვიხილოთ, გარკვეული ცოდნის მიღება გვმართებს. 1 ტიმოთეს 2:3, 4-ში ვკითხულობთ: „[ღვთის] ნებაა, ყველანაირი ადამიანი გადარჩეს და ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა მიიღოს“. „ჭეშმარიტების  საფუძვლიანი ცოდნა“ გულისხმობს იმ ბიბლიურ სწავლებებს, რისთვისაც შეგვეძლო „სამეფოს კონსტიტუცია“ გვეწოდებინა. ეს სწავლებები მოიცავს კანონებსა და პრინციპებს, რომლებიც ამ სამეფოს მმართველობას უდევს საფუძვლად; აგრეთვე მაგალითებს, რომლებიც იესომ მთაზე ქადაგების დროს მოიხსენია (მათეს 5—7 თავები). როდესაც ამ სამ თავს წაიკითხავთ, წარმოისახეთ, როგორი იქნება ცხოვრება დედამიწაზე, სადაც ყველა იესოს ამ ბრძნული მითითებების თანახმად იცხოვრებს.

ამ ყოველივეს მერე, განა გასაკვირია, რომ ბიბლია მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული წიგნია? სრულებითაც არა! მასში ყველაფერი ღვთის შთაგონებით ჩაიწერა. ის ფაქტი, რომ ბიბლია ასე ფართოდაა გავრცელებული, ერთ რამეზე მეტყველებს: ღმერთს სურს, რომ ყველა ენისა და ეროვნების ადამიანმა გაიცნოს ის და გაიხაროს იმ კურთხევებით, რასაც მისი სამეფო მოუტანს ადამიანებს (საქმეები 10:34, 35).

გაიგეთ მეტი

რა გვარწმუნებს იმაში, რომ ბიბლია ჭეშმარიტია?

თუ ბიბლიის ავტორი ღმერთია, მაშინ ის უნდა განსხვავდებოდეს ყველა სხვა წიგნისგან.

ბიბლია წიგნი ღვთისგან

როგორ დაგეხმარება ბიბლია პრობლემებთან გამკლავებაში? რატომ შეგიძლია ენდო ბიბლიაში ჩაწერილ წინასწარმეტყველებებს?

რატომ ვსწავლობთ ბიბლიას?

ბიბლია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კითხვებზე მილიონობით ადამიანს სცემს პასუხს მთელ მსოფლიოში. თქვენც ისურვებთ ამ კითხვებზე პასუხების მიღებას?