არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გამოიღვიძეთ! № 1, 2016

რა იცით იეჰოვას მოწმეების შესახებ?

რა იცით იეჰოვას მოწმეების შესახებ?

ალბათ, გინახავთ იეჰოვას მოწმეები ქადაგების დროს. მათზე შეიძლება ჟურნალ-გაზეთებში წაგიკითხავთ ან სხვებისგან გსმენიათ რამე. მაგრამ სინამდვილეში, რამდენად კარგად იცნობთ იეჰოვას მოწმეებს?

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

აღნიშნეთ სწორია თუ არასწორი.

სწორია არასწორია

  1. იეჰოვას მოწმეები ქრისტიანები არიან.

  2. იეჰოვას მოწმეები კრეაციონისტები არიან.

  3. იეჰოვას მოწმეები უარს ამბობენ სამედიცინო დახმარებაზე.

  4. იეჰოვას მოწმეები მთელ ბიბლიას აღიარებენ.

  5. იეჰოვას მოწმეები მხოლოდ ბიბლიის საკუთარი თარგმანით სარგებლობენ.

  6. იეჰოვას მოწმეებმა ბიბლია თავიანთი სწავლებების სასარგებლოდ შეცვალეს.

  7. იეჰოვას მოწმეები თავს იკავებენ საზოგადოებრივ საქმეებში მონაწილეობისგან.

  8. იეჰოვას მოწმეები ზემოდან უყურებენ სხვა რელიგიის წარმომადგენლებს.

პასუხები იხილეთ მომდევნო გვერდებზე.

  1.  1 სწორია. ჩვენ ვცდილობთ, რაც შეიძლება ზუსტად მივყვეთ იესოს სწავლებებს და მივბაძოთ მას (1 პეტრე 2:21). თუმცა ბევრი რამით განვსხვავდებით სხვა ქრისტიანული რელიგიებისგან. მაგალითად, ბიბლიიდან გავიგეთ, რომ იესო ღვთის ძეა და არა სამების ნაწილი (მარკოზი 12:29). ჩვენ არ გვწამს, რომ სული უკვდავია. ბიბლია არც იმის თქმის საფუძველს გვაძლევს, რომ ღმერთი მარადიულად აწამებს ადამიანებს ჯოჯოხეთში. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ რელიგიური ლიდერები ტიტულებს უნდა ატარებდნენ, რითაც თავს სხვებზე მაღლა აყენებენ (ეკლესიასტე 9:5; ეზეკიელი 18:4; მათე 23:8—10).

  2. 2 არასწორია. ჩვენ გვჯერა, რომ ყველაფერი ღმერთმა შექმნა, თუმცა არ ვეთანხმებით ბევრს, ვისაც კრეაციონიზმის სწამს. კრეაციონისტების ზოგიერთი შეხედულება ეწინააღმდეგება ბიბლიას. მაგალითად, ზოგი აცხადებს, რომ ექვსი შემოქმედებითი დღე პირდაპირი გაგებით 24-საათიანი ხანგრძლივობის იყო. მაგრამ ბიბლიაში სიტყვა „დღე“ შეიძლება უფრო ხანგრძლივ პერიოდზეც მიუთითებდეს (დაბადება 2:4; ფსალმუნი 90:4). გარდა ამისა, ზოგი კრეაციონისტი ასწავლის, რომ დედამიწა სულ რაღაც რამდენიმე ათას წელს ითვლის. ბიბლიიდან კი ვიგებთ, რომ დედამიწა და სამყარო მანამდე დიდი ხნით ადრე არსებობდა, ვიდრე ექვსი შემოქმედებითი დღე დაიწყებოდა 1 (დაბადება 1:1).

  3. 3 არასწორია. ჩვენ უარს არ ვამბობთ მკურნალობაზე. უფრო მეტიც, ზოგი ჩვენი თანამორწმუნე ექიმია, ისევე როგორც პირველი საუკუნის ქრისტიანი ლუკა (კოლოსელები 4:14). თუმცა უარვყოფთ მკურნალობის ნებისმიერ მეთოდს, რაც ეწინააღმდეგება ბიბლიურ პრინციპებს. მაგალითად, არ ვისხამთ სისხლს, რადგან ბიბლია კრძალავს სისხლის ამგვარად გამოყენებას (საქმეები 15:20, 28, 29).

    ჩვენ მკურნალობის საუკეთესო მეთოდებს ვირჩევთ. შეიძლება ითქვას, რომ სისხლის დაზოგვის მეთოდებს, რომლებიც უშუალოდ იეჰოვას მოწმე პაციენტებისთვის შეიმუშავეს, დღეს ბევრი სხვა პაციენტიც მიმართავს. ბევრ ქვეყანაში დღესდღეობით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, უარი თქვას სისხლის გადასხმაზე, რათა თავიდან აირიდოს მასთან დაკავშირებული ისეთი რისკფაქტორები, როგორიცაა: ამა თუ იმ დაავადებით ინფიცირება, იმუნური სისტემის მოშლა და მედპერსონალის მიერ დაშვებული შეცდომები.

  4. 4 სწორია. ჩვენ გვწამს, რომ მთელი ბიბლია „ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა“ (2 ტიმოთე 3:16). მთელ ბიბლიაში შედის „ძველი აღთქმისა“ და „ახალი აღთქმის“ სახელით ცნობილი წიგნები. ჩვენ მათ „ებრაულ წერილებს“ და „ქრისტიანულ ბერძნულ წერილებს“ ვუწოდებთ. აქედან გამომდინარე, უარვყოფთ იმ მოსაზრებას, რომ ბიბლიის რომელიმე ნაწილი მოძველებული ან არაპრაქტიკულია.

  5.  5 არასწორია. ბიბლიის კვლევისას ჩვენ ბიბლიის ბევრ თარგმანს მივმართავთ. თუმცა, თუ ხელმისაწვდომია ჩვენს ენაზე, განსაკუთრებით ვაფასებთ „ახალი ქვეყნიერების თარგმანს“, ვინაიდან მასში აღდგენილია ღვთის სახელი და თარგმანიც ზუსტი და გასაგებია. დავფიქრდეთ, ღვთის სახელის, იეჰოვას, გამოყენებაზე. ბიბლიის ერთი თარგმანის თავფურცელზე 79 პიროვნების სახელია მოხსენიებული, რომლებმაც თავიანთი წვლილი შეიტანეს ამ თარგმანის გამოცემაში. თუმცა ამავე ბიბლიიდან ამოღებულია მისი ავტორის, იეჰოვა ღმერთის სახელი. ამის საპირისპიროდ, „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ ღვთის საკუთარი სახელი ორიგინალის შესაბამისად ათასობით ადგილას არის აღდგენილი. 2

  6. 6 არასწორია. როცა აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენი შეხედულებები სრულად არ ეთანხმებოდა ბიბლიას, სწავლებებში ცვლილებები შევიტანეთ. მანამ, სანამ 1950 წელს „ახალი ქვეყნიერების თარგმანს“ გამოვცემდით, სხვა თარგმანებს ვიყენებდით და ჩვენს მრწამსსაც მათზე ვაფუძნებდით.

  7. 7 არასწორია. ჩვენს მსახურებას ბევრისთვის მოაქვს სიკეთე. ჩვენი დახმარებით ძალიან ბევრმა მიატოვა საზიანო ჩვევები, მაგალითად ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულება. წერა-კითხვის შემსწავლელი კურსების წყალობით ათასობით ადამიანს დავეხმარეთ, ესწავლა წერა-კითხვა. სტიქიური უბედურებების დროს დახმარების ხელს ვუწვდით არა მარტო თანამორწმუნეებს, არამედ ყველა დაზარალებულს. ჩვენ ვცდილობთ, ემოციურად და სულიერად ვანუგეშოთ სულგამწარებულები, ვინაიდან გვესმის, რომ სტიქიური უბედურების დროს ყველაზე მეტად მათ ეს სჭირდებათ. 3

  8. 8 არასწორია. ჩვენ ვითვალისწინებთ შემდეგ ბიბლიურ რჩევას: „პატივი ეცით ყველას“ და ყველანაირი აღმსარებლობის ადამიანს პატივისცემით ვეპყრობით (1 პეტრე 2:17). მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ასობით ათასი იეჰოვას მოწმეა, ჩვენ არ ვითხოვთ პოლიტიკოსებისა და კანონმდებლებისგან სხვა რელიგიური ჯგუფების საქმიანობის აკრძალვას ან შეზღუდვას. არ ვმართავთ აქციებს და არ მოვუწოდებთ სახელმწიფოს, მიიღოს ისეთი კანონები, რომლებიც ხალხს დაავალდებულებს, იცხოვრონ ჩვენი ზნეობრივი პრინციპებითა და რელიგიური შეხედულებებით. ჩვენ ვცდილობთ, სხვებისადმი ისეთივე შემწყნარებლური დამოკიდებულება გვქონდეს, როგორსაც თავად ვისურვებდით (მათე 7:12).

ამ სტატიაში ზოგი ინფორმაცია აღებულია ჩვენი ოფიციალური ვებ-გვერდიდან jw.org. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენ შესახებ > ხშირად დასმული კითხვები.

^ 1. ამ მიზეზით, ზოგი კრეაციონისტისგან განსხვავებით, ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით სანდო მეცნიერულ კვლევებს იმასთან დაკავშირებით, რომ დედამიწა მილიარდობით წლისაა.

^ 2. „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ სხვა თარგმანებისგან იმითაც გამოირჩევა, რომ ის უფასოდ ვრცელდება. შედეგად, მილიონებს შეუძლიათ ბიბლიის მშობლიურ ენაზე წაკითხვა. „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ხელმისაწვდომია დაახლოებით 130 ენაზე. მისი წაკითხვა ონლაინშიც შეგიძლიათ შემდეგ მისამართზე www.jw.org.

^ 3. ნებაყოფლობით შესაწირავებს სტიქიური უბედურების დროს დაზარალებულთა დასახმარებლადაც ვიყენებთ (საქმეები 11:27—30). ვინაიდან საქმეს მოხალისეები ასრულებენ, გამოყოფილი თანხა უშუალოდ დაზარალებულებს ხმარდება და არა დაქირავებულ მუშახელს.

გაიგეთ მეტი

კრების შეხვედრები

რას ემსახურება იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზი?

საკუთარი თვალით ნახეთ, რა ხდება იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზში.

ბიბლიის შესწავლის პროგრამა

როგორ ტარდება ბიბლიის შესწავლა?

მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეები ბიბლიის შესწავლებს უფასოდ ატარებენ. გაიგეთ, როგორ ხდება ეს.

ვინ ასრულებს იეჰოვას ნებას დღეს?

რატომ ვიწოდებით იეჰოვას მოწმეებად?

განიხილეთ სამი მიზეზი, რატომ ვიწოდებით ამ სახელით.