არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ლუკა 8:1—56

8  ამის შემდეგ ის დადიოდა ქალაქიდან ქალაქში, სოფლიდან სოფელში, ქადაგებდა და სასიხარულო ცნობას ამცნობდა ღვთის სამეფოს შესახებ.+ მას თან ახლდა თორმეტიც,  აგრეთვე რამდენიმე ქალი,+ რომლებიც ბოროტი სულებისგან გათავისუფლდნენ და სნეულებებისგან განიკურნენ: მაგდალელად წოდებული მარიამი, რომლისგანაც შვიდი დემონი გამოვიდა,+  იოანა,+ ჰეროდეს სახლთუხუცესის, ქუზას ცოლი, სუსანა და სხვა ქალები, რომლებიც მათ თავიანთი ქონებით ემსახურებოდნენ.  როცა დიდძალმა ხალხმა მოიყარა თავი მათთან ერთად, ვინც ქალაქიდან ქალაქში დაჰყვებოდა იესოს, მან მაგალითი მოუყვანა მათ:+  „გამოვიდა მთესველი თესლის დასათესად. თესვისას ზოგი გზის პირას დავარდა, გაითელა და ცის ფრინველებმა აკენკეს.+  ზოგი კლდოვან ადგილზე დავარდა, აღმოცენდა და გახმა, რადგან სინოტივე არ ჰქონდა;+  ზოგი ეკლებში ჩავარდა, ეკლები მათთან ერთად გაიზარდა და მოაშთო ისინი;+  ზოგიც კარგ ნიადაგზე დავარდა, აღმოცენდა და ასმაგად გამოიღო ნაყოფი“.+ შემდეგ ხმამაღლა თქვა: „ვისაც ყური აქვს მოსასმენად, მოისმინოს!“+  მოწაფეებმა ჰკითხეს მას, რას ნიშნავსო ეს მაგალითი.+ 10  მან უთხრა: „თქვენ მოცემული გაქვთ ნება, გაიგოთ ღვთის სამეფოს წმინდა საიდუმლოები, დანარჩენებს კი მაგალითებით ველაპარაკები,+ რათა, თუმცა იყურებიან, ვერ დაინახონ და, თუმცა ისმენენ, ვერ მიხვდნენ.+ 11  აი, რას ნიშნავს ეს მაგალითი:+ თესლი ღვთის სიტყვაა.+ 12  გზის პირას დაცვენილები ისინი არიან, ვინც ისმენს,+ მაგრამ შემდეგ მოდის ეშმაკი+ და მიაქვს სიტყვა მათი გულიდან, რათა არ ირწმუნონ და არ გადარჩნენ.+ 13  კლდოვან ადგილზე დაცვენილები ისინი არიან, რომლებიც სიტყვას მოსმენისთანავე სიხარულით იღებენ, მაგრამ ფესვი არა აქვთ; ცოტა ხნით სწამთ, გამოცდის დროს კი განდგებიან.+ 14  ეკლებში ჩაცვენილები კი ისინი არიან, ვინც მოისმინეს, მაგრამ ამ ცხოვრების საზრუნავმა, სიმდიდრემ და განცხრომამ გაიტაცა.+ ისინი სრულიად არიან მოშთობილნი და ბოლომდე არაფერი მიჰყავთ.+ 15  ხოლო კარგ ნიადაგზე დაცვენილები ისინი არიან, ვინც კარგი და კეთილი გულით მოისმინა სიტყვა,+ იცავს მას და მოთმინებით გამოაქვს ნაყოფი.+ 16  ანთებულ ლამპარს არავინ აფარებს ჭურჭელს და არავინ დგამს საწოლის ქვეშ, არამედ სალამპრეზე დგამენ, რომ შემომსვლელებმა სინათლე დაინახონ.+ 17  არაფერია დაფარული,+ რომ არ გაცხადდეს, და არც საგულდაგულოდ დამალული, რომ არ გაიგონ და არ გამოაშკარავდეს.+ 18  ამიტომ დაუკვირდით, როგორ ისმენთ, რადგან ვისაც აქვს, მეტი მიეცემა,+ ხოლო ვისაც არა აქვს, ისიც წაერთმევა, რაც ჰგონია, რომ აქვს“.+ 19  იმ დროს დედამისი და მისი ძმები+ მივიდნენ მასთან, მაგრამ ხალხმრავლობის გამო ვერ შეძლეს ახლოს მისვლა.+ 20  შეატყობინეს მას, დედაშენი და შენი ძმები გარეთ დგანან, შენი ნახვა უნდათო.+ 21  მან მიუგო: „დედაჩემი და ჩემი ძმები ისინი არიან, ვინც ისმენს და ასრულებს ღვთის სიტყვას“.+ 22  ერთ დღესაც ის მოწაფეებთან ერთად ნავში ჩაჯდა და უთხრა მათ: „ტბის გაღმა გავიდეთ“, და გაცურეს.+ 23  როცა მიცურავდნენ, იესოს ჩაეძინა. ტბაზე საშინელი ქარიშხალი ამოვარდა, ნავი წყლით ივსებოდა, საფრთხე ემუქრებოდათ.+ 24  ბოლოს მივიდნენ მასთან, აღვიძებდნენ და ეუბნებოდნენ: „მოძღვარო, მოძღვარო, ვიღუპებით!“+ მან გამოიღვიძა და ქარი და აბობოქრებული წყალი შერისხა.+ დაცხრა ქარი და წყალი და სიწყნარე ჩამოვარდა. 25  შემდეგ უთხრა მათ: „სად არის თქვენი რწმენა?“ ისინი კი, შიშით შეპყრობილნი და გაოცებულნი, ერთმანეთს ეუბნებოდნენ: „ნეტავ ეს ვინ არის, რომ ქარიცა და წყალიც მის ბრძანებას ემორჩილება?“+ 26  მიადგნენ ნაპირს გერასელთა მხარეში, რომელიც გალილეის პირდაპირ მდებარეობს.+ 27  როცა ნაპირზე გადავიდა, შეხვდა ახლომდებარე ქალაქის მკვიდრი კაცი, დემონებით შეპყრობილი. მას დიდი ხნის მანძილზე ტანსაცმელი არ სცმოდა და სახლის ნაცვლად სამარხებს შორის ცხოვრობდა.+ 28  იესოს დანახვაზე დაიყვირა, მის წინაშე დაემხო და ხმამაღლა უთხრა: „რა მაქვს შენთან საერთო,+ იესო, უზენაესის ძეო? გევედრები, ნუ მტანჯავ!“+ 29  (ვინაიდან მან უწმინდურ სულს უბრძანა, გამოსულიყო იმ კაცისგან. სული უკვე დიდი ხნის მანძილზე აწვალებდა მას.+ მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავდათ და არაერთხელ შეუბორკავთ ჯაჭვებითა და ბორკილებით, მაგრამ ის წყვეტდა ბორკილებს და დემონს მივარდნილ ადგილებში მიჰყავდა). 30  იესომ ჰკითხა მას: „რა გქვია?“ მან უპასუხა: „ლეგიონი“, რადგან მრავალი დემონი ჰყავდა.+ 31  ისინი ეხვეწებოდნენ+ მას, უფსკრულში წასვლა არ გვიბრძანოო.+ 32  იქვე მთაზე ღორების+ დიდი კოლტი ბალახს ჭამდა. დემონები შეეხვეწნენ იესოს, ღორებში შევალთო.+ მანაც დართო ნება. 33  გამოვიდნენ დემონები იმ კაცისგან და ღორებში შევიდნენ. კოლტი კბოდედან ტბაში გადაეშვა და დაიხრჩო.+ 34  ეს რომ მწყემსებმა დაინახეს, გაიქცნენ და ქალაქსა და სოფლებს შეატყობინეს.+ 35  ხალხი მომხდარის სანახავად წავიდა, იესოსთან მივიდნენ და ნახეს კაცი, რომლისგანაც დემონები გამოვიდნენ. ის ჩაცმული იყო, საღი აზროვნება დაბრუნებოდა და იესოს ფერხთით იჯდა. ხალხს შეეშინდა.+ 36  თვითმხილველებმა უამბეს მათ, როგორ გამოჯანმრთელდა დემონებით შეპყრობილი კაცი.+ 37  გერასელთა მხარის შემოგარენიდან დიდძალი ხალხი სთხოვდა იესოს, გასცლოდა იქაურობას, რადგან ძლიერმა შიშმა შეიპყრო ისინი.+ ისიც ჩაჯდა ნავში და უკან გაბრუნდა. 38  ის კაცი კი, რომლისგანაც დემონები გამოვიდნენ, სთხოვდა იესოს, შენთან დავრჩებიო, მაგრამ იესომ გაუშვა ის და უთხრა:+ 39  „სახლში დაბრუნდი და ყველას მოუყევი, რა გაგიკეთა ღმერთმა“.+ ისიც წავიდა და მთელ ქალაქში ყველას ელაპარაკებოდა იმის შესახებ, რაც იესომ გაუკეთა.+ 40  დაბრუნებული იესო ხალხმა გულთბილად მიიღო, რადგან ყველა ელოდებოდა.+ 41  და, აი, მოვიდა სინაგოგის წინამძღვარი იაიროსი, ფეხებში ჩაუვარდა იესოს და ხვეწნა დაუწყო, ჩემს სახლში შემოდიო,+ 42  რადგან ერთადერთი, თორმეტიოდე წლის ასული ჰყავდა და ისიც უკვდებოდა.+ მიმავალ იესოს ხალხი ზედ აწყდებოდა.+ 43  ერთი ქალი, რომელიც თორმეტი წელი სისხლდენით იტანჯებოდა+ და რომლის განკურნებაც ვერავინ შეძლო,+ 44  უკნიდან მიუახლოვდა მას, ტანსაცმლის+ ფოჩზე+ შეეხო და სისხლდენა მაშინვე შეუწყდა.+ 45  იესომ იკითხა: „ვინ შემეხო?“+ როცა ყველამ იუარა, პეტრემ თქვა: „მოძღვარო, ხალხი გარს გახვევია და ზედ გაწყდება“.+ 46  იესომ თქვა: „ვიღაც შემეხო, რადგან ვიგრძენი, რომ ძალა+ გავიდა ჩემგან“.+ 47  როცა ქალმა დაინახა, რომ შეუმჩნეველი არ დარჩა, კანკალით მივიდა, დაემხო მის წინაშე და ყველას განუცხადა, რატომ შეეხო მას და როგორ განიკურნა მაშინვე.+ 48  იესომ უთხრა მას: „შვილო, შენმა რწმენამ გამოგაჯანმრთელა,+ წადი მშვიდობით“.+ 49  ჯერ ლაპარაკი არ დაემთავრებინა, რომ მოვიდა ერთი კაცი სინაგოგის წინამძღვრის სახლიდან და უთხრა: „შენი ასული მოკვდა, ნუღარ შეაწუხებ მოძღვარს“.+ 50  ეს რომ მოისმინა, იესომ უთხრა მას: „ნუ გეშინია, მხოლოდ ირწმუნე+ და გადარჩება“. 51  როცა მის სახლში მივიდა, არავის დართო ნება, შესულიყო მასთან ერთად, პეტრეს, იოანეს, იაკობისა და გოგონას დედ-მამის გარდა.+ 52  ხალხი კი ტიროდა და მწუხარებისგან მკერდში იცემდა. მან უთხრა მათ: „ნუღარ ტირით,+ არ მომკვდარა, მხოლოდ სძინავს“.+ 53  მათ ეს სიცილად არ ეყოთ, რადგან იცოდნენ, რომ გოგონა მკვდარი იყო.+ 54  იესომ ხელი მოჰკიდა მას და ხმამაღლა უთხრა: „გოგონა, ადექი!“+ 55  მას სული*+ დაუბრუნდა და მაშინვე წამოდგა.+ იესომ ბრძანა, საჭმელი მიეცათ მისთვის.+ 56  მშობლების აღტაცებას საზღვარი არ ჰქონდა. მან უბრძანა მათ, არავისთვის მოეყოლათ, რაც მოხდა.+

სქოლიოები

ბერძნულად პნევმა. იხილეთ დანართი 2ბ.