წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

დანიელი 5:1—31

5  მეფე ბელშაცარმა*+ დიდი ნადიმი გაუმართა ათას დიდგვაროვანს და ამ ათასის თვალწინ სვამდა ღვინოს.+  ღვინით დამთვრალმა ბელშაცარმა+ ბრძანა, მოეტანათ მამამისის, ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის ტაძრიდან წამოღებული ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი,+ რათა მეფესა და მის დიდგვაროვნებს, მის ცოლებსა და ხარჭებს იქიდან ესვათ.+  მაშინ მოიტანეს იერუსალიმის ტაძრიდან, ღვთის სახლიდან, წამოღებული ოქროს ჭურჭელი და სვამდნენ იქიდან მეფე და მისი დიდგვაროვნები, მისი ცოლები და ხარჭები.  სვამდნენ ღვინოს და ხოტბას ასხამდნენ ოქროსა და ვერცხლის, სპილენძის, რკინის, ხისა და ქვის ღმერთებს.+  სწორედ მაშინ გამოჩნდა კაცის ხელის თითები და დაიწყო წერა სალამპრის წინ მეფის სასახლის კედლის ბათქაშზე.+ მეფე ხედავდა ხელის მტევანს, რომელიც წერდა.  სახე ეცვალა მეფეს, თავისივე ფიქრებმა შეაშინა,+ თეძოს სახსრები მოუდუნდა+ და მუხლები აუკანკალდა.+  იყვირა და ბრძანა მეფემ, რომ მოეყვანათ შემლოცველები, ქალდეველები და ასტროლოგები.+ უთხრა მეფემ ბაბილონის ბრძენკაცებს: „ვინც წაიკითხავს და ამიხსნის ამ წარწერას, ძოწისფერი სამოსლით შემოსავენ,+ ოქროს ყელსაბამს ჩამოჰკიდებენ და სამეფოში მესამე კაცი იქნება ის“.+  მოდიოდნენ მეფის ბრძენკაცები, მაგრამ ვერც კითხულობდნენ წარწერას და ვერც უხსნიდნენ მეფეს.+  ძალიან შეეშინდა მეფე ბელშაცარს და სახე ეცვალა, მისი დიდგვაროვნებიც საგონებელში ჩაცვივდნენ.+ 10  მეფისა და მისი დიდგვაროვნების სიტყვების გაგონებაზე სანადიმო დარბაზში დედოფალი შევიდა და უთხრა: „მარადიულად იცოცხლე, მეფეო,+ ნუ შეგაშინებს შენი ფიქრები და ნუ შეგეცვლება სახე. 11  არის შენს სამეფოში კაცი, რომელშიც წმინდა ღმერთების სულია;+ ნათელი გონება, წვდომის უნარი და ღმერთების სიბრძნის მსგავსი სიბრძნე ჰქონდა მას მამაშენის დროს; მამაშენმა, მეფე ნაბუქოდონოსორმა, იგი გრძნეული ქურუმების, შემლოცველების, ქალდეველებისა და ასტროლოგების უფროსად+ დააყენა, მეფეო, თვით მამაშენმა; 12  საკვირველი სული, ცოდნა, სიზმრების წვდომის,+ გამოცანების ახსნისა და კვანძების გახსნის უნარი იყო მასში,+ დანიელში, რომელსაც მეფემ ბელტეშაცარი+ უწოდა. მოუხმონ დანიელს, რომ აგიხსნას“. 13  მოუყვანეს მეფეს დანიელი და ჰკითხა მეფემ დანიელს: „შენა ხარ დანიელი, იუდადან გადმოსახლებულთაგანი,+ მამაჩემმა, მეფემ, იუდადან რომ წამოიყვანა?+ 14  შენზე გავიგე, რომ ღმერთების სულია შენში,+ რომ ნათელი გონება, წვდომის უნარი და საკვირველი სიბრძნე+ გაქვს. 15  მომიყვანეს ბრძენკაცები და შემლოცველები, რომ ეს წარწერა წაეკითხათ და აეხსნათ ჩემთვის, მაგრამ მათ ვერ შეძლეს ამ სიტყვის ახსნა;+ 16  შენზე კი გავიგე, რომ შეგიძლია ახსნა+ და კვანძების გახსნა. ახლა, თუ წაიკითხავ წარწერას და ამიხსნი, ძოწისფერი სამოსლით შეგმოსავენ, ოქროს ყელსაბამს ჩამოგკიდებენ და სამეფოში მესამე კაცი იქნები“.+ 17  მაშინ დანიელმა მიუგო მეფეს: «შენი საჩუქრები შენვე გქონდეს და შენი ძღვენი სხვებს მიეცი.+ წავუკითხავ წარწერას მეფეს და ავუხსნი.+ 18  მეფეო, უზენაესმა ღმერთმა+ მამაშენს, ნაბუქოდონოსორს+ სამეფო, სიდიადე, დიდება და დიდებულება მისცა.+ 19  იმ სიდიადის გამო, რომელიც მან მისცა, ყველა ხალხი, ერი და ენა ცახცახებდნენ მის წინაშე და ეშინოდათ მისი.+ ვისაც უნდოდა, კლავდა; ვისაც უნდოდა, სპობდა; ვისაც უნდოდა, განადიდებდა და ვისაც უნდოდა, დაამდაბლებდა.+ 20  მაგრამ როცა გადიდგულდა, სული გაუჯიუტდა და გაკადნიერდა,+ ჩამოაგდეს სამეფო ტახტიდან და დიდება წაერთვა.+ 21  გარიყული იყო ადამიანთაგან, მისი გული მხეცისას დაემსგავსა და გარეულ ვირებთან ცხოვრობდა.+ ბალახს აძლევდნენ, რომ ხარივით ეჭამა, და ცის ნამი უსველებდა სხეულს,+ სანამ არ გაიგო, რომ უზენაესი ღმერთი მმართველობს კაცთა სამეფოზე და ვისაც უნდა, იმას აყენებს მის მმართველად.+ 22  შენ კი, მისმა ძემ, ბელშაცარმა,+ არ დაიმდაბლე გული,+ თუმცა იცოდი ეს ყველაფერი.+ 23  ზეციერი უფლის წინააღმდეგ აღიმაღლე თავი,+ მოგიტანეს ჭურჭელი მისი სახლიდან+ და შენ, შენი დიდგვაროვნები, ცოლები და ხარჭები სვამდით იქიდან ღვინოს და ხოტბას ასხამდით ვერცხლის, ოქროს, სპილენძის, რკინის, ხისა და ქვის ღმერთებს,+ რომლებიც ვერაფერს ხედავენ, რომლებსაც არაფერი ესმით და რომლებმაც არაფერი იციან;+ ღმერთი კი, რომლის ხელთაა შენი სუნთქვა,+ და რომელსაც ეკუთვნის ყველა შენი გზა,+ არ განგიდიდებია.+ 24  ამიტომ გამოგზავნა მან ხელის მტევანი და ეს წარწერაც დაიწერა.+ 25  აი რა წარწერა დაიწერა: „მენე, მენე, თეკელ და ფარსინ*“. 26  აი ამ სიტყვების ახსნა: „მენე“ — ღმერთმა დათვალა შენი სამეფოს დღეები და ბოლო მოუღო მას.+ 27  „თეკელ“ — სასწორზე აიწონე და მსუბუქი აღმოჩნდი.+ 28  „ფერეს“ — გაიყო შენი სამეფო და მიდიელებსა და სპარსელებს მიეცა».+ 29  მაშინ ბელშაცარის ბრძანებით დანიელი ძოწისფერი სამოსლით შემოსეს, ოქროს ყელსაბამი ჩამოჰკიდეს და სამეფოში მესამე კაცად გამოაცხადეს.+ 30  იმავე ღამეს მოკლეს ბელშაცარი, ქალდეველთა მეფე.+ 31  სამეფო სამოცდაორი წლის დარიოს+ მიდიელს გადაეცა.

სქოლიოები

იგივე ბალთაზარი.
სიტყვასიტყვით — მინა, მინა, შეკელი და ნახევარი შეკელი. არამეულად — მენე, მენე, თეკელ უფარსინ. „ფარსინ“ „ფერესის“ (ნახევარი შეკელის) მრავლობითი რიცხვია.