წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

გამოსვლა 10:1—29

10  იეჰოვამ უთხრა მოსეს: „შედი ფარაონთან, რადგან მე დავუშვი, რომ გაჯიუტებოდათ გული+ მას და მის მსახურებს, რათა მოვახდინო ეს ჩემი ნიშნები მის წინაშე+  და შენ აუწყო შენს ვაჟებსა და შენი ვაჟების შვილებს, რა მკაცრად მოვექეცი ეგვიპტეს და რა ნიშნები მოვახდინე მათ შორის;+ და გეცოდინებათ, რომ მე ვარ იეჰოვა“.+  შევიდნენ მოსე და აარონი ფარაონთან და უთხრეს: «აი რა თქვა იეჰოვამ, ებრაელთა ღმერთმა: „როდემდე უნდა მეურჩებოდე?!+ გაუშვი ჩემი ხალხი, რომ მემსახურონ.  თუ არც ამჯერად გაუშვებ ჩემს ხალხს, ხვალ კალიებს მოვავლენ შენს საზღვრებში;+  დაფარავენ მიწის პირს და მიწა აღარ გამოჩნდება. გადაჭამენ ყველაფერს, რაც შემოგრჩათ, რაც სეტყვას გადაურჩა, და შეგიჭამენ მინდორში აყვავებულ ყველა ხეს.+  აივსება შენი, შენი მსახურებისა და მთელი ეგვიპტის სახლები; შენს მამა-პაპას გაჩენიდან დღემდე არ უნახავს მსგავსი რამ ამ მიწაზე“».+ შებრუნდა იგი და გავიდა ფარაონისგან.+  უთხრეს ფარაონს თავისმა მსახურებმა: „როდემდე უნდა იყოს ეს კაცი ჩვენთვის მახე?!+ გაუშვი კაცები, რომ ემსახურონ იეჰოვას, თავიანთ ღმერთს. რით ვერ გაიგე, რომ იღუპება ეგვიპტე?!“+  დააბრუნეს ფარაონთან მოსე და აარონი და მან უთხრა მათ: „წადით, ემსახურეთ იეჰოვას, თქვენს ღმერთს,+ მაგრამ ვინ და ვინ წახვალთ?“  მოსემ მიუგო: „ახალგაზრდებსაც წავიყვანთ და მოხუცებსაც, ჩვენს ვაჟებსაც და ასულებსაც.+ თან წავიყვანთ ჩვენს ცხვარ-ძროხასაც,+ რომ დღესასწაული გავუმართოთ იეჰოვას“.+ 10  მან მიუგო: „ისე იეჰოვა იყოს თქვენთან, როგორც მე თქვენ ბავშვებიანად გაგიშვათ!+ იცოდეთ, რაღაც ბოროტი გაქვთ განზრახული.+ 11  ასე არ გამოვა! წადით კაცები და ემსახურეთ იეჰოვას, თუკი ასე გინდათ“. გაყარეს ისინი ფარაონისგან.+ 12  უთხრა იეჰოვამ მოსეს: „გაიწოდე+ ხელი ეგვიპტის მიწისკენ კალიების მოსავლენად, რომ შეესიონ ეგვიპტის მიწას და გადაჭამონ იქ მთელი მცენარეულობა და ყველაფერი, რაც სეტყვას გადაურჩა“.+ 13  მაშინვე გაიწოდა მოსემ ჯოხი ეგვიპტის მიწისკენ და მოავლინა იეჰოვამ აღმოსავლეთის ქარი*,+ რომელიც მთელი დღე და ღამე ქროდა იმ მიწაზე. გათენდა დილა და მორეკა აღმოსავლეთის ქარმა კალიები. 14  მთელი ეგვიპტის მიწას შეესივნენ კალიები, მოეფინენ მთელ ეგვიპტეს.+ აუტანელი იყო მათი შემოსევა.+ არც მანამდე და არც მას შემდეგ არ გამოჩენილან ასეთი კალიები. 15  დაფარეს მთელი იმ მიწის პირი+ და ჩააბნელეს ის მიწა.+ გადაჭამეს მთელი მცენარეულობა და ყველა ხის ნაყოფი, რაც სეტყვას გადაურჩა.+ ხეებსა თუ მინდვრის მცენარეებს მწვანე არაფერი შერჩენია მთელი ეგვიპტის მიწაზე.+ 16  საჩქაროდ მოუხმო ფარაონმა მოსესა და აარონს და უთხრა: „შევცოდე იეჰოვას, თქვენი ღვთისა და თქვენ წინაშე.+ 17  ამჯერადაც მაპატიეთ+ ჩემი ცოდვა და შეევედრეთ+ იეჰოვას, თქვენს ღმერთს, რომ მომაშოროს ეს სიკვდილი“. 18  გავიდა იგი ფარაონისგან და შეევედრა იეჰოვას.+ 19  მოავლინა იეჰოვამ დასავლეთიდან ძალიან ძლიერი ქარი, რამაც წაიღო კალიები და წითელ ზღვაში ჩაყარა. არც ერთი კალია არ დარჩენილა მთელ ეგვიპტეში. 20  მაგრამ დაუშვა იეჰოვამ, რომ გაჯიუტებოდა გული+ ფარაონს, და არ გაუშვა მან ისრაელის ძეები. 21  უთხრა იეჰოვამ მოსეს: „ცისკენ აღაპყარი ხელი,+ რომ სიბნელე ჩამოწვეს ეგვიპტის მიწაზე, უკუნი სიბნელე“. 22  მოსემაც მაშინვე აღაპყრო ხელი ცისკენ და სამი დღით უკუნი სიბნელე ჩამოწვა მთელი ეგვიპტის მიწაზე.+ 23  ერთმანეთს ვერ ხედავდნენ. სამ დღეს არავინ ამდგარა თავისი ადგილიდან, ისრაელის ძეების საცხოვრებლებში კი არ ჩამოწოლილა სიბნელე.+ 24  მოუხმო ფარაონმა მოსეს და უთხრა: „წადით, ემსახურეთ იეჰოვას,+ ოღონდ თქვენი ცხვარ-ძროხა აქ დარჩება. შეგიძლიათ ბავშვებიც თან წაიყვანოთ“.+ 25  მოსემ მიუგო: „შენ თვითონ მოგვცემ მსხვერპლსაც და დასაწვავ შესაწირავსაც, რადგან უნდა აღვუვლინოთ ისინი იეჰოვას, ჩვენს ღმერთს.+ 26  ჩვენს ცხვარ-ძროხასაც წავიყვანთ.+ არც ერთი ჩლიქოსანი არ დარჩება, რადგან სწორედ მათგან გამოვარჩევთ შესაწირავს იეჰოვას, ჩვენი ღვთის თაყვანსაცემად,+ და სანამ იქ არ მივალთ, არ გვეცოდინება, რომელი უნდა შევწიროთ იეჰოვას თაყვანსაცემად“.+ 27  დაუშვა იეჰოვამ, რომ გაჯიუტებოდა ფარაონს გული, და არ დათანხმდა მათ გაშვებაზე.+ 28  უთხრა მას ფარაონმა: „გაეთრიე აქედან!+ მიფრთხილდი! მეტად აღარ იხილო ჩემი სახე, რადგან რა დღესაც იხილავ ჩემს სახეს, მოკვდები“.+ 29  მოსემ მიუგო: „ისე იქნება, როგორც ამბობ. მეტად აღარ ვიხილავ შენს სახეს“.+

სქოლიოები

ებრაულად რუახ. იხილეთ დანართი 2ბ.